არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 101

იესოს სიკვდილი

იესოს სიკვდილი

შეხედე, რა საშინელება ხდება! იესო კვდება. ის ბოძზე გააკრეს. ხელებსა და ფეხებზე ლურსმნები ჩააჭედეს. რატომ მოექცნენ იესოს ასე სასტიკად?

იმიტომ, რომ ზოგს სძულდა ის. იცი, ვის? ერთ-ერთი იყო ბოროტი ანგელოზი სატანა ეშმაკი. მან უბიძგა ადამსა და ევას, იეჰოვას წინააღმდეგ წასულიყვნენ. იესოს მტრებიც სატანამ აღძრა ამ საშინელი დანაშაულისკენ.

ბოძზე გაკვრამდე მტრები სასტიკად ეპყრობოდნენ იესოს. გახსოვს, როგორ მივიდნენ ისინი იესოს შესაპყრობად გეთსემანეს ბაღში? ვინ იყვნენ ეს მტრები? მართალი ხარ, ისინი რელიგიური წინამძღოლები იყვნენ. მოდი გავიგოთ, რა მოხდა შემდეგ.

იესოს შეპყრობის შემდეგ მოციქულები გაიფანტნენ. მათ შეეშინდათ და იესო მიატოვეს. თუმცა პეტრე და იოანე შორიახლო მიჰყვებოდნენ, რომ დაენახათ, რას უპირებდა ბრბო იესოს.

მღვდლებმა იესო წაიყვანეს ანასთან, რომელიც ერთ დროს მღვდელმთავარი იყო. ბრბო დიდხანს არ გაჩერდა იქ. იქიდან იესო კაიაფასთან წაიყვანეს, რომელიც იმ დროს იყო მღვდელმთავარი. მის სახლში ბევრ რელიგიურ წინამძღოლს მოეყარა თავი.

კაიაფას სახლში მას სასამართლო მოუწყვეს და ცრუმოწმეები მიიყვანეს. რელიგიური წინამძღოლები ერთხმად ამბობდნენ: ‘იესო უნდა მოკვდეს!’ მას სახეში აფურთხებდნენ და მუშტებს ურტყამდნენ.

ამ დროს პეტრე ეზოში იყო. ციოდა და ხალხმა კოცონი დაანთო. როცა ისინი თბებოდნენ, ერთმა მოსამსახურე გოგომ შეხედა პეტრეს და თქვა: ‘ეს კაციც იესოსთან იყო’.

‘არა, არ ვყოფილვარ!’ — წამოიძახა პეტრემ.

ხალხმა სამჯერ უთხრა მას, რომ იესოსთან იყო, მაგრამ პეტრემ სამჯერვე უარყო. როცა პეტრემ მესამედ უარყო, იესო შემობრუნდა და პეტრეს შეხედა. პეტრემ ძალიან ინანა, რომ იცრუა; წავიდა იქიდან და მწარედ ატირდა.

პარასკევს, გამთენიისას მღვდლებმა იესო შეკრების ადგილას, სინედრიონის დარბაზში წაიყვანეს. იქ მოითათბირეს, რა ექნათ მისთვის. შემდეგ იუდეის გამგებელ პონტიუს პილატესთან მიიყვანეს.

‘ეს ბოროტი კაცია, — უთხრეს მას მღვდლებმა. — სიკვდილს იმსახურებს’. პილატემ რამდენიმე კითხვა დაუსვა იესოს და თქვა: ‘ამ კაცს არაფერი დაუშავებია’. პილატემ ის ჰეროდე ანტიპასთან გაგზავნა. ჰეროდე გალილეის მმართველი იყო, თუმცა ამ დროს იერუსალიმში იმყოფებოდა. ვერც ჰეროდემ უპოვა დანაშაული იესოს და ისევ პილატესთან გაუშვა.

პილატეს იესოს გათავისუფლება უნდოდა, იესოს მტრები კი სხვა პატიმრის, ბარაბას გათავისუფლებას ითხოვდნენ. ის ყაჩაღი იყო. დაახლოებით შუადღისას პილატემ იესო გარეთ გაიყვანა და ხალხს უთხრა: ‘აი თქვენი მეფე!’ მაგრამ უფროსმა მღვდლებმა დაიყვირეს: ‘გაიყვანე! მოკალი! მოკალი!’ პილატემ ბარაბა გაათავისუფლა და იესო მოსაკლავად გადასცა ხალხს.

პარასკევს, ნაშუადღევს იესო ბოძზე გააკრეს. თუმცა სურათზე არა ჩანს, იესოს გვერდით ორი ბოროტმოქმედიც გააკრეს ბოძებზე. სანამ იესო მოკვდებოდა, ერთ-ერთმა უთხრა: ‘გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები’. იესომ მიუგო: ‘გპირდები, რომ ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში’.

ეს მართლაც შესანიშნავი დანაპირები იყო! იცი, რომელ სამოთხეს გულისხმობდა იესო? გახსოვს, თავდაპირველად სად შექმნა ღმერთმა სამოთხე? დიახ, დედამიწაზე. როცა იესო ზეციდან იმეფებს, იმ კაცს მკვდრეთით აღადგენს, რომ დედამიწაზე სამოთხეში იცხოვროს. რა სასიხარულოა, არა?!