არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 103

ჩაკეტილ ოთახში

ჩაკეტილ ოთახში

პეტრესა და იოანეს წასვლის შემდეგ მარიამი მარტო დარჩა იესოს სამარხთან. ის ტიროდა. როგორც წინა სურათზე ნახე, ის დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა. იქ მან ორი ანგელოზი დაინახა! ‘რატომ ტირი?’ — ჰკითხეს მათ.

მარიამმა მიუგო: ‘ჩემი უფლის ცხედარი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს’. შემდეგ მარიამი შებრუნდა და კაცი დაინახა. კაცმა ჰკითხა: ‘ვის ეძებ?’

მარიამს ეგონა, რომ ეს კაცი მებაღე იყო და მან წაიღო იესოს ცხედარი. ამიტომ უთხრა: ‘თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე’. სინამდვილეში ის იესო იყო და მარიამმა ამ სხეულში ვერ იცნო. მაგრამ, როცა სახელით მიმართა, მარიამი მიხვდა, რომ ეს კაცი იესო იყო. ის გაიქცა და მოწაფეებს შეატყობინა: ‘უფალი ვნახე’.

იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, როცა ორი მოწაფე სოფელ ემაუსის გზაზე მიდიოდა, ერთი კაცი დაემგზავრა მათ. მოწაფეები ძალიან დამწუხრებული იყვნენ იესოს სიკვდილის გამო. გზად ამ კაცმა ბევრი რამ აუხსნა მათ ბიბლიიდან, რამაც გაამხნევა ისინი. ბოლოს, როცა დასანაყრებლად შეჩერდნენ, მოწაფეები მიხვდნენ, რომ ის იესო იყო. შემდეგ იესო გაუჩინარდა, მოწაფეები კი სასწრაფოდ დაბრუნდნენ იერუსალიმში, რომ მოციქულებისთვის ეამბოთ ყველაფერი.

ამასობაში იესო პეტრესაც ეჩვენა. სხვა მოწაფეებს ძალიან გაუხარდათ ამის გაგება. იერუსალიმში მოციქულებთან ორი მოწაფეც ჩავიდა. მათ უამბეს, რომ იესო გზაზე ეჩვენა მათ. ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ, რომ სასწაული მოხდა! იცი, რა მოხდა?

შეხედე სურათს. თუმცა კარი ჩაკეტილია, იესო შუა ოთახში გაჩნდა. მოწაფეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! მართლაც სასიხარულო დღე იყო, არა? შეგიძლია დაითვალო, უკვე რამდენჯერ ეჩვენა იესო თავის მოწაფეებს? გამოგივიდა ხუთი შემთხვევა?

მოციქული თომა იქ არ იყო, როცა იესო მოწაფეებს გამოეცხადა. ამიტომ, როცა უთხრეს, ‘უფალი ვნახეთო’, თომამ თქვა, რომ მხოლოდ მაშინ დაიჯერებდა, როცა საკუთარი თვალით ნახავდა იესოს. რვა დღის შემდეგ მოწაფეები ისევ ერთად იყვნენ ჩაკეტილ ოთახში და თომაც მათთან ერთად იყო. მოულოდნელად ოთახში იესო გაჩნდა. ამჯერად თომამ ირწმუნა.