არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 106

საპყრობილიდან გათავისუფლება

საპყრობილიდან გათავისუფლება

შეხედე, ანგელოზმა საპყრობილის კარი გააღო. ეს კაცები, რომლებსაც ის ათავისუფლებს, იესოს მოციქულები არიან. მოდი გავიგოთ, რატომ მოხვდნენ ისინი საპყრობილეში.

ეს მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც იესოს მოწაფეებს წმინდა სული მოეფინათ. ნაშუადღევს პეტრე და იოანე იერუსალიმის ტაძარში წავიდნენ. ტაძრის კართან დაბადებიდან ხეიბარი კაცი იჯდა. ხალხს ის ყოველდღე მიჰყავდა იქ, რომ შემსვლელებისგან ფული ეთხოვა. მან პეტრესა და იოანესაც სთხოვა, რამე მიეცათ. როგორ მოიქცნენ მოციქულები?

ისინი შეჩერდნენ და შეხედეს ამ საწყალ კაცს. ‘ფული არა მაქვს, — უთხრა მას პეტრემ. — მაგრამ იმას მოგცემ, რაც მაქვს. იესოს სახელით წამოდექი და გაიარე!’ პეტრემ მარჯვენა ხელზე ხელი მოჰკიდა, ისიც წამოხტა და გაიარა. გაოცებულ ხალხს უხაროდა, რომ ასეთი სასწაული მოხდა.

‘ეს სასწაული მოვახდინეთ ღვთის ძალით, რომელმაც იესო აღადგინა მკვდრეთით’, — თქვა პეტრემ. როცა ის და იოანე ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ, ზოგი რელიგიური წინამძღოლი მივიდა მათთან. ისინი გაბრაზებულები იყვნენ, რადგან პეტრე და იოანე ხალხს იესოს მკვდრეთით აღდგომაზე ელაპარაკებოდნენ. ამიტომ შეიპყრეს მოციქულები და საპყრობილეში ჩასვეს.

მეორე დღეს რელიგიურმა წინამძღოლებმა დიდი კრებული მოიწვიეს. პეტრე, იოანე და განკურნებული კაციც იქ მიიყვანეს. ‘რომელი ძალით მოახდინეთ ეს სასწაული?’ — ჰკითხეს მათ რელიგიურმა წინამძღოლებმა.

პეტრემ უპასუხა, რომ მათ ეს ღვთის ძალით გააკეთეს, რომელმაც იესო მკვდრეთით აღადგინა. მღვდლებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, რადგან ვერ უარყოფდნენ იმას, რომ სასწაული ნამდვილად მოხდა. ამიტომ მათ გააფრთხილეს მოციქულები, აღარ ელაპარაკათ იესოზე და გაუშვეს.

მოციქულები კვლავაც ქადაგებდნენ იესოს შესახებ და კურნავდნენ ავადმყოფებს. ამ სასწაულებზე ყველგან ლაპარაკობდნენ. ამიტომ იერუსალიმის მიდამოებში მცხოვრებთ თავიანთი ავადმყოფები მიჰყავდათ მოციქულებთან. შურით აღვსილმა რელიგიურმა წინამძღოლებმა შეიპყრეს მოციქულები და საპყრობილეში ჩასვეს. თუმცა მათ დიდხანს არ მოუწიათ იქ ყოფნა.

ღამით ღვთის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, როგორც ეს სურათზე ჩანს. მან უთხრა მოციქულებს: ‘წადით ტაძარში და კვლავაც უქადაგეთ ხალხს’. მეორე დილით რელიგიურმა წინამძღოლებმა კაცები გაგზავნეს საპყრობილეში მათ წასაყვანად, მაგრამ ისინი იქ აღარ დახვდნენ. მოგვიანებით ამ კაცებმა ტაძარში ნახეს მოციქულები, რომლებიც ხალხს ასწავლიდნენ, და სინედრიონის დარბაზში წაიყვანეს.

‘ჩვენ მკაცრად გაგაფრთხილეთ, აღარ გესწავლებინათ იესოს შესახებ, — უთხრეს მათ რელიგიურმა წინამძღოლებმა. — თქვენ კი იერუსალიმი თქვენი სწავლებით აავსეთ’. მოციქულებმა მიუგეს: ‘ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს’. ასე რომ, ისინი კვლავ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას. მათ მართლაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს!