არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 107

სტეფანეს ჩაქოლვა

სტეფანეს ჩაქოლვა

მიწაზე დაჩოქილი კაცი იესოს ერთგული მოწაფე სტეფანეა. შეხედე, რა საშინელ დღეშია ის! ეს კაცები მას ქვებს ესვრიან. რატომ სძულთ ის და რატომ ექცევიან ასე სასტიკად? მოდი გავიგოთ.

ღვთის დახმარებით სტეფანე სასწაულებს ახდენდა. ამ კაცებს არ მოსწონდათ ეს და ედავებოდნენ, რადგან სტეფანე ხალხს ჭეშმარიტებას ასწავლიდა. ღმერთმა სტეფანეს დიდი სიბრძნე მისცა და მან ამხილა მათი ცრუ სწავლებები. ამან კაცები განარისხა. შეიპყრეს ის და ცრუ მოწმეები მოიყვანეს.

მღვდელმთავარმა ჰკითხა სტეფანეს: ‘მართალია, რასაც შენზე ამბობენ?’ სტეფანემ შესანიშნავად დაუმოწმა ბიბლიიდან, ბოლოს კი თქვა, რომ წარსულში ბოროტ ხალხს სძულდა იეჰოვას წინასწარმეტყველები. ‘თქვენ იმ ხალხს ჰგავხართ. თქვენ მოკალით ღვთის მსახური იესო და არ დაემორჩილეთ ღვთის კანონებს’, — დასძინა მან.

ამან ძალიან განარისხა რელიგიური წინამძღოლები! ისინი კბილებს აღრჭიალებდნენ. სტეფანემ თავი ასწია და თქვა: ‘აი, ვხედავ ზეცაში იესოს ღვთის მარჯვნივ მდგომს’. ამის გაგონებაზე კაცებმა ყურებზე ხელები აიფარეს და მისკენ გაექანნენ. მათ შეიპყრეს ის და ქალაქგარეთ გაათრიეს.

კაცებმა მოსასხამები გაიხადეს და ახალგაზრდა სავლეს ჩააბარეს. ხედავ სურათზე სავლეს? შემდეგ მათ ქვების სროლა დაუწყეს სტეფანეს. როგორც სურათზე ხედავ, ის მუხლებზე დაეცა და სანამ მოკლავდნენ, ღმერთს ლოცვით მიმართა: ‘იეჰოვა, ნუ დასჯი მათ ამ ბოროტებისთვის’. მან იცოდა, რომ ზოგიერთი მათგანი რელიგიურმა წინამძღოლებმა შეიყვანეს შეცდომაში.

როცა ვინმე ცუდს გიკეთებს, სამაგიეროს გადახდას ხომ არ ცდილობ? ხომ არ სთხოვ ღმერთს, რომ დასაჯოს? ეს არც სტეფანეს გაუკეთებია და არც იესოს. ისინი მათაც კი კეთილად ექცეოდნენ, ვინც მათ მიმართ ბოროტი იყო. მოდი ვეცადოთ, რომ მივბაძოთ სტეფანესა და იესოს.