არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 111

ბიჭი, რომელსაც ჩაეძინა

ბიჭი, რომელსაც ჩაეძინა

ვაიმე, რა ხდება?! ცუდად ხომ არ გახდა ეს ბიჭი? შეხედე, პავლეც გამოდის სახლიდან! ხედავ ტიმოთესაც? ნეტავ ფანჯრიდან ხომ არ გადმოვარდა ეს ბიჭი?!

ზუსტად ასე მოხდა. პავლემ ტროაში მცხოვრებ მოწაფეებს მოხსენება წაუკითხა. მეორე დღეს ის გემით სხვაგან მიემგზავრებოდა. და რადგან იცოდა, რომ მალე ვეღარ ნახავდა მათ, სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა.

ამ ბიჭს, ევტიქეს, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა, ჩაეძინა და მესამე სართულიდან გადმოვარდა! ასე რომ, გასაკვირი არ არის, რატომ აქვს ყველას შეწუხებული სახე. როცა ბიჭი ხელში აიყვანეს, მათი შიში გამართლდა — ის მკვდარი იყო!

როცა პავლემ დაინახა, რომ ბიჭი მკვდარი იყო, ზედ დაემხო და მოეხვია. შემდეგ ხალხს უთხრა: ‘ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგადაა!’ და ეს მართლაც ასე იყო. პავლემ სასწაული მოახდინა — მან მკვდრეთით აღადგინა ევტიქე! ყველას ძალიან გაუხარდა.

შემდეგ ისინი სახლში შებრუნდნენ და ივახშმეს. პავლე მათ გათენებამდე ელაპარაკებოდა. მაგრამ ახლა ევტიქეს აღარ ჩასძინებია! შემდეგ პავლე, ტიმოთე და მათი თანამგზავრები გემზე ავიდნენ. იცი, სად გაემგზავრნენ ისინი?

პავლემ დაასრულა მესამე სამქადაგებლო მოგზაურობა, ამიტომ სახლში წავიდა. ამ მოგზაურობის დროს ის მხოლოდ ეფესოში სამი წელი დარჩა, ასე რომ, ეს მეორე მოგზაურობაზე ხანგრძლივი იყო.

ტროას შემდეგ გემი ცოტა ხნით მილეტში შეჩერდა. რადგან ეფესო ახლოს იყო მილეტთან, პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს შეუთვალა, ჩასულიყვნენ მილეტში, რომ საბოლოოდ ენახა. წასვლის დრო რომ დადგა, მათ გაუჭირდათ პავლესთან განშორება.

ბოლოს გემი კესარეაში ჩავიდა. როცა პავლე მოწაფე ფილიპეს სახლში იმყოფებოდა, წინასწარმეტყველმა აგაბემ გააფრთხილა ის. მან თქვა, რომ პავლეს იერუსალიმში დააპატიმრებდნენ. და ეს ასეც მოხდა. კესარეაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ პავლე რომში გაგზავნეს, რომ რომის მმართველის, კეისრის წინაშე წარმდგარიყო. ვნახოთ, რა შეემთხვა მას გზაში.