არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 112

გემის მსხვრევა კუნძულთან

გემის მსხვრევა კუნძულთან

შეხედე, გემი დაიმსხვრა! გემიდან ხალხი წყალში გადახტა. ზოგი უკვე ნაპირზეა გასული. ხედავ პავლეს? მოდი გავიგოთ, რა მოხდა.

გახსოვს, პავლემ კესარეაში ორი წელი გაატარა პატიმრობაში. შემდეგ ის და სხვა პატიმრები გემზე აიყვანეს და რომში გაგზავნეს. კუნძულ კრეტასთან ახლოს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზღვაურები ვერ მართავდნენ გემს; დღისით მზეს ვერ ხედავდნენ, ღამით კი — ვარსკვლავებს. ბოლოს, მრავალი დღის შემდეგ, გემზე მყოფებმა გადარჩენის იმედი დაკარგეს.

პავლე წამოდგა და ყველას მიმართა: ‘ყველა გადარჩებით, მხოლოდ გემი დაიღუპება. ღამით ღვთის ანგელოზი გამომეცხადა და მითხრა: ნუ გეშინიაო, პავლე! რომის მმართველის, კეისრის წინაშე წარდგებიო. ღმერთი გემზე მყოფთ გადაარჩენსო’.

ქარიშხლის დაწყებიდან მე-14 დღეს, შუაღამისას, მეზღვაურებმა ნახეს, რომ წყალი ძალიან ღრმა აღარ იყო. მათ ეშინოდათ სიბნელეში კლდეს არ შეჯახებოდნენ, ამიტომ ღუზები ჩაუშვეს. მეორე დილას მათ ყურე დაინახეს და გადაწყვიტეს გემი ნაპირთან მიეყვანათ.

როცა ნაპირს მიუახლოვდნენ, გემი მეჩეჩზე დაჯდა და გაჩერდა. ტალღები გემს ეხეთქებოდა და ამსხვრევდა. ასისთავმა თქვა: ‘ვინც ცურვა იცის, პირველები გადახტით და გაცურეთ ნაპირზე. დანარჩენებიც მათ მიჰყევით და გემის ნამსხვრევებს მოეჭიდეთ’. ისინი ასეც მოიქცნენ. გემზე მყოფი 276-ვე ადამიანი გადარჩა, როგორც ეს ანგელოზმა თქვა.

კუნძულს მალტა ერქვა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კეთილი იყო და გადარჩენილებს დაეხმარნენ. როცა ამინდი გამოკეთდა, პავლე სხვა გემით გაემგზავრა რომისკენ.