არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 2

შესაძლებელია ღმერთთან დაახლოება?

შესაძლებელია ღმერთთან დაახლოება?

1, 2. ა) რა მიაჩნია ბევრს წარმოუდგენლად, მაგრამ რაში გვარწმუნებს ბიბლია? ბ) როგორი ურთიერთობის უფლება ჰქონდა აბრაამს და რატომ?

 ᲠᲐᲡ იგრძნობდი, ცისა და მიწის შემოქმედს რომ ეთქვა შენზე: „ეს ჩემი მეგობარია“? ასეთი რამ ბევრისთვის წარმოუდგენელია, რადგან ფიქრობს, რომ ადამიანისთვის შეუძლებელია ღმერთთან დამეგობრება. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთთან დაახლოება სავსებით შესაძლებელია.

2 აბრაამს, რომელიც ძველად ცხოვრობდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. იეჰოვამ მას მეგობარი უწოდა (ესაია 41:8). დიახ, ღმერთი აბრაამს ახლო მეგობრად მიიჩნევდა. იგი „ერწმუნა იეჰოვას“ და ამიტომ მიეცა ასეთი ახლო ურთიერთობის უფლება (იაკობი 2:23). იეჰოვას დღესაც უყვარს თავისი ერთგული მსახურები და უახლოვდება მათ (კანონი 10:15). მისი სიტყვა მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). ეს სიტყვები ჩვენთვის მოწვევაც არის და დაპირებაც.

3. რა მოწვევას ვიღებთ იეჰოვასგან და რას გვპირდება?

3 იეჰოვა გვიწვევს, დავუახლოვდეთ მას. ღმერთს სურს, მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და დავუმეგობრდეთ. ის მზადაა, საუკეთესო მეგობრობა გაგვიწიოს და გვპირდება, რომ, თუ დავუახლოვდებით, თვითონაც დაგვიახლოვდება. ამგვარად, ღვთის მეგობრები გავხდებით, რაც ჩვენთვის ფასდაუდებელი ძღვენია (ფსალმუნი 25:14). ღმერთთან მეგობრობა მასთან გულახდილად საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს.

4. როგორ დაახასიათებდი ახლო მეგობარს და როგორ ამტკიცებს იეჰოვა, რომ ასეთივე მეგობარია მათთვის, ვინც უახლოვდება?

4 გყავს ახლო მეგობარი, ვისაც გულს უშლი? ასეთი მეგობარი ზრუნავს შენზე. შენ კი ენდობი, რადგან ერთგულება დაგიმტკიცა. სიხარული გიასმაგდება, როცა მასთან ერთად ხარობ. მის მიერ თანაგრძნობით გამოვლენილი ყურადღება დარდსა და წუხილს გიმსუბუქებს. მაშინაც კი, როდესაც ფიქრობ, რომ ვერავინ გიგებს, მას ესმის შენი. ასევეა, როცა უახლოვდები ღმერთს — განსაკუთრებულ მეგობარს იძენ, რომელიც მართლა გაფასებს, ყოველმხრივ ზრუნავს შენზე და ბოლომდე გიგებს (ფსალმუნი 103:14; 1 პეტრე 5:7). მხოლოდ მას ანდობ იდუმალ გრძნობებს, რადგან იცი, რომ ერთგულია ერთგულთა მიმართ (ფსალმუნი 18:25). მაგრამ ღმერთთან მეგობრობა მხოლოდ და მხოლოდ მისივე წყალობით არის შესაძლებელი.

იეჰოვამ გზა გაგვიხსნა

5. რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენ დასაახლოებლად?

5 ჩვენ ცოდვილები ვართ და მისი დახმარების გარეშე ვერასოდეს დავუახლოვდებოდით ღმერთს (ფსალმუნი 5:4). „ღმერთმა სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ ქრისტე მაშინ მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ — წერდა პავლე მოციქული (რომაელები 5:8). დიახ, იეჰოვამ თავისი ძის სიცოცხლე გაწირა მრავალთა გამოსასყიდად (მათე 20:28). სწორედ გამოსასყიდისადმი რწმენა გვაძლევს ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობას. „ჯერ მან შეგვიყვარა“ და დასაახლოებლად გზა მოგვიმზადა (1 იოანე 4:19).

6, 7. ა) საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა არ არის ფარული და შეუცნობელი ღმერთი? ბ) როგორ მოგვითხრობს იეჰოვა საკუთარ თავზე?

6 იეჰოვამ სხვა ნაბიჯიც გადადგა: მან თავი გაგვაცნო. მეგობრობის საფუძველი ხომ სწორედ პიროვნების გაცნობა და მისი თვისებებისა და საქმეების დაფასებაა. იეჰოვა რომ ფარული, შეუცნობელი ღმერთი ყოფილიყო, ვერასოდეს დავუახლოვდებოდით. იგი არ გვემალება, პირიქით, სურს, რომ გავეცნოთ (ესაია 45:19). გარდა ამისა, რასაც ის საკუთარი თავის შესახებ მოგვითხრობს, ყველას შეუძლია გაიგოს, მათაც კი, ვინც ქვეყნიერების თვალსაზრისით მდაბიოებად ითვლებიან (მათე 11:25).

იეჰოვამ საკუთარი თავი შემოქმედებითი საქმეებითა და წერილობითი სიტყვით გაგვაცნო.

7 როგორ მოგვითხრობს იეჰოვა საკუთარი თავის შესახებ? მისმა შემოქმედებამ დაგვანახვა მისი პიროვნება — იგი ყოვლადძლიერი, ყოვლადბრძენი და დიდად მოსიყვარულეა (რომაელები 1:20). მაგრამ იეჰოვა ამით არ შემოიფარგლა. უკეთ რომ გაგვეცნო იგი, თავისი სიტყვა, ბიბლია, გვიბოძა.

როგორ გვაცნობს იეჰოვა საკუთარ თავს ბიბლიის მეშვეობით

8. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია ჩვენდამი იეჰოვას სიყვარულის მოწმობაა?

8 ბიბლია ჩვენდამი იეჰოვას სიყვარულის მოწმობაა. ღმერთი თავის სიტყვაში ჩვენთვის გასაგები ენით გვესაუბრება; და არა მარტო იმას გვანახვებს, რომ ვუყვარვართ, არამედ იმასაც, რომ სურს, გავიცნოთ და შევიყვაროთ იგი. ეს უძვირფასესი წიგნი გვეხმარება, დავუახლოვდეთ მას (ფსალმუნი 1:1—3). მოდი განვიხილოთ, როგორ გვაცნობს იეჰოვა თავს ბიბლიის მეშვეობით.

9. რა არის პირდაპირ გაცხადებული ბიბლიაში ღვთის თვისებების შესახებ?

9 წმინდა წერილებში ბევრჯერ პირდაპირ არის დასახელებული ღვთის თვისებები. აი, ამის რამდენიმე მაგალითი: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმუნი 37:28). ღმერთი ძლევამოსილია (იობი 37:23). „ერთგული ვარ, — ამბობს იეჰოვა“ (იერემია 3:12). ღმერთი ბრძენია (იობი 9:4). „იეჰოვა გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამოსვლა 34:6). „კარგი და მიმტევებელი ხარ“ (ფსალმუნი 86:5). და როგორც წინა თავში იყო მოხსენიებული, ერთი თვისება უმთავრესია: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). როცა ამ მიმზიდველ თვისებებზე ფიქრობ, ნუთუ არ გიზიდავს ეს უბადლო ღმერთი?

10, 11. ა) რა მოგვითხრო იეჰოვამ თავისი სიტყვის მეშვეობით, რათა უკეთ გავცნობოდით მას? ბ) რომელმა ბიბლიურმა მაგალითებმა დაგვანახვა, თუ რამდენად ძლევამოსილია ღმერთი?

10 იეჰოვა არა მარტო გვისახელებს თავის თვისებებს, არამედ მათი გამოვლენის კონკრეტულ მაგალითებსაც მოგვითხრობს თავის წიგნში. ასეთი მონათხრობი გონებაში ცოცხალ სურათს წარმოგვისახავს, ხელს გვიწყობს მისი პიროვნების სხვადასხვა მხარის საუკეთესოდ დანახვაში და გვეხმარება მასთან დაახლოებაში. განვიხილოთ ერთი მაგალითი.

ბიბლია გვეხმარება იეჰოვასთან დაახლოებაში.

11 ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთს განუზომელი ძლიერება და შიშის მომგვრელი ძალა აქვს (ესაია 40:26). მაგრამ სულ სხვაა, როდესაც იმ შემთხვევის შესახებ ვკითხულობთ, როცა მან ისრაელი გაათავისუფლა, წითელი ზღვა გაატარა და შემდეგ უდაბნოში მთელი 40 წლის მანძილზე ზრუნავდა მათზე. წარმოიდგინე, რომ წყალუხვი, ვეებერთელა ტალღები გამაყრუებელი გრუხუნით იხლიჩება და ერთმანეთის პირისპირ კედლებად აღიმართება; ხალხი კი, რომელთა რაოდენობაც შესაძლოა 3 000 000 იყო, ფეხით მიუყვება მშრალ ფსკერს (გამოსვლა 14:21; 15:8). ნახე, როგორი მფარველია ღმერთი, როგორ ზრუნავდა თავის ხალხზე უდაბნოში: კლდიდან წყალი მოჩქეფდა და თეთრი, თესლის მარცვლის მსგავსი საზრდო მიწას ეფინებოდა (გამოსვლა 16:31; რიცხვები 20:11). მაშინ იეჰოვამ მხოლოდ საკუთარი ძლევამოსილება კი არ გამოაჩინა, არამედ ისიც, რომ ძალას თავისი ხალხის საკეთილდღეოდ იყენებს. განა დამამშვიდებელი არაა იმის ცოდნა, რომ ჩვენს ლოცვებს ყოვლადძლიერი ღმერთი ისმენს, რომელიც არის „ჩვენი თავშესაფარი და ძალა, შემწე, რომელიც უსათუოდ შეგვეწევა გაჭირვების ჟამს“?! (ფსალმუნი 46:1).

12. როგორ გვეხმარება იეჰოვა, ჩვენი გაგების შესაძლებლობისამებრ, „დავინახოთ“ იგი?

12 იეჰოვამ, რომელიც სულია, უფრო მეტიც გააკეთა იმისათვის, რომ უკეთ გაგვეცნო იგი. ჩვენ, ადამიანები, მხოლოდ იმას ვხედავთ, რასაც თვალი აღიქვამს, რადგან ხედვის უნარი შეზღუდული გვაქვს. ამიტომაც ვერ ვიხედებით სულიერ სამყაროში. ღმერთს, როგორც სულს, თავისი თავი რომ აღეწერა, ეს იმის მსგავსი იქნებოდა, ბრმადშობილისთვის რომ აგეხსნა, როგორ გამოიყურები და რა ფერის თვალები გაქვს, ან ხარ თუ არა ჭორფლიანი. რა თქმა უნდა, იეჰოვა, ჩვენი გაგების შესაძლებლობისამებრ, გულთბილად გვეხმარება, „დავინახოთ“ იგი, როცა საკუთარ თავს ჩვენთვის ცნობილ სხვადასხვა რამეს ან ვინმეს ადარებს. ის კი არადა, ლამის ადამიანივითაც კი აღგვიწერს საკუთარ თავს. a

13. რა ბუნებრივ სურათს გვიხატავს ესაიას 40:11 და როგორ მოქმედებს ეს შენზე?

13 აი, როგორ არის აღწერილი იეჰოვას მზრუნველობა ესაიას 40:11-ში: „მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას. თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ“. აქ იეჰოვა შედარებულია მწყემსთან, რომელიც „თავისი მკლავით“ იყვანს ხელში ბატკნებს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს შეუძლია დაიფაროს და მხარში ამოუდგეს თავის ხალხს, და უფრო მეტადაც კი იზრუნოს მათზე, ვისაც განსაკუთრებით უჭირს. შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი მის ძლიერ მკლავებში, რადგან არასოდეს მიგვატოვებს, თუ მისი ერთგულნი ვიქნებით (რომაელები 8:38, 39). როგორც მწყემსი ატარებს ხოლმე უბით ახალშობილ ბატკანს, ასევე დაატარებს დიდებული მწყემსი უბით ბატკნებს. დიახ, ეს იოტისოდენა ეჭვსაც კი არ გვიტოვებს, რომ იეჰოვა გვაფასებს და სათუთად ზრუნავს ჩვენზე. მართლაც, სრულიად ბუნებრივია, მასთან დაახლოება გვსურდეს.

„ძეს სურს, რომ მამის შესახებ გაუმჟღავნოს“

14. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა საკუთარ თავს ყველაზე უკეთ იესოს მეშვეობით გვაცნობს?

14 თავის სიტყვაში იეჰოვა საკუთარ თავს ყველაზე უკეთ საყვარელი ძის, იესოს, მეშვეობით გვაცნობს. იესოზე კარგად ვერავინ აირეკლავდა ღვთის აზროვნებასა და გრძნობებს და მასზე უკეთ ვერავინ მოგვითხრობდა ღვთის შესახებ. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდშობილი ძე ხომ თავისი მამის გვერდით იყო სხვა სულიერი ქმნილებებისა და მატერიალური სამყაროს შექმნამდე (კოლოსელები 1:15). იესო კარგად იცნობდა იეჰოვას, ამიტომაც თქვა: „ძეს ისე არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს, რომ მამის შესახებ გაუმჟღავნოს“ (ლუკა 10:22). დედამიწაზე ცხოვრებისას იესო ხალხს არა მარტო მამას აცნობდა, არამედ მის მნიშვნელოვან მცნებებსაც.

15, 16. რომელი ორი საშუალებით გაგვაცნო იესომ ზეციერი მამა?

15 პირველი, იესოს სწავლება მის მამასთან დაახლოებაში გვეხმარება. იესო გულში ჩამწვდომად აღგვიწერს იეჰოვას პიროვნებას. მაგალითად, იმის ახსნისას, თუ როგორ იღებს გულმოწყალე ღმერთი სიხარულით მომნანიებელ ცოდვილს, იესომ იეჰოვა შეადარა იმ გულმოწყალე მამას, რომელიც შინ დაბრუნებული გზასაცდენილი შვილის დანახვისთანავე მისკენ გაექანა, გულში ჩაიკრა და დაკოცნა (ლუკა 15:11—24). იესო აგრეთვე გასაგებად გვიხასიათებს იეჰოვას ისეთ ღმერთად, რომელიც იზიდავს გულმართალ ადამიანებს, რადგან უყვარს თითოეული მათგანი (იოანე 6:44). მას პაწაწინა ბეღურის მიწაზე დაცემაც კი არ რჩება შეუმჩნეველი. ამიტომაც თქვა იესომ: „ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29, 31). შეუძლებელია, რომ ასეთ მზრუნველ ღმერთთან დაახლოების სურვილი არ გაგვიჩნდეს.

16 მეორე, იესოს ცხოვრება გვიჩვენებს, თუ როგორი ღმერთია იეჰოვა. იესო მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო, ამიტომ შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). აქედან გამომდინარე, როცა სახარებებში ვკითხულობთ, რას გრძნობდა იესო და როგორ ეპყრობოდა სხვებს, ცოცხლად წარმოგვიდგება იეჰოვას პიროვნება. ძნელი წარმოსადგენია, იეჰოვას ჩვენთვის ამაზე უკეთ გაეცნო თავისი თვისებები. რატომ?

17. ახსენი, როგორ დაგვეხმარა იეჰოვა იმის გაგებაში, თუ როგორი ღმერთია.

17 მაგალითად, როგორ ახსნიდი, რა არის სიკეთე? შეიძლება რაიმე განმარტება ჩამოგეყალიბებინა. მაგრამ ეს სიტყვა უფრო ღრმა შინაარს შეიძენდა და გაცილებით ადვილი გასაგები გახდებოდა, თუ ისეთ ადამიანზე მიუთითებდი, ვინც ამ თვისებით გამოირჩევა. იეჰოვაც ასე მოიქცა, რომ დაგვხმარებოდა იმის გაგებაში, თუ როგორი ღმერთია. მან საკუთარი თავი არა მხოლოდ სიტყვების, არამედ თავისი ძის ცოცხალი მაგალითის მეშვეობითაც აღგვიწერა. ღვთის თვისებები ცხადად აისახა იესოს ქცევებსა და მოქმედებებში. იეჰოვა კი, იმის მიხედვით, თუ როგორაა იესო სახარებებში აღწერილი, გვეუბნება: „აი, როგორი ვარ მე“. მაგრამ როგორი იყო იესო დედამიწაზე ცხოვრებისას ღვთის შთაგონებით შექმნილი ჩანაწერების თანახმად?

18. როგორ ავლენდა იესო ისეთ თვისებებს, როგორიცაა ძალა, სამართლიანობა და სიბრძნე?

18 ღვთის ოთხივე ძირითადი თვისება შესანიშნავად ვლინდება იესოში. მას ჰქონდა ძალა, განეკურნა დაავადებული, დაეპურებინა მშიერი და მკვდარიც კი აღედგინა. მაგრამ სულაც არ ჰგავდა იმ თავკერძა კაცს, რომელიც ბოროტად გამოიყენებდა ამ ძალას. მას არასოდეს უსარგებლია სასწაულმოქმედი ძალით თავის საკეთილდღეოდ ან სხვების საზიანოდ (მათე 4:2—4). იესოს სამართლიანობა უყვარდა. ალალი გული ჰქონდა და სამართლიანად აღშფოთდა, როცა დაინახა, რა უპატიოსნოდ ექცეოდნენ ვაჭრები ხალხს (მათე 21:12, 13). ათვალწუნებით არ დაჰყურებდა ღარიბებსა და ჩაგრულებს და ეხმარებოდა მათ, რომ გამოცოცხლებულიყვნენ (მათე 11:4, 5, 28—30). უბადლო სიბრძნით გამორჩეული სწავლებების გამო, იესო „სოლომონზე დიდი“ იყო (მათე 12:42). მაგრამ ასეთი სიბრძნით თავს როდი იწონებდა. მისი სიტყვები ხალხს გულზე მალამოდ ედებოდა, მისი სწავლებები კი ადვილი გასაგები და პრაქტიკული იყო.

19, 20. ა) რა მხრივ არის იესო სიყვარულის საუკეთესო მაგალითი? ბ) რა უნდა გვახსოვდეს იესოს ცხოვრებაზე კითხვისა და ფიქრის დროს?

19 იესომ სიყვარულის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. მსახურების განმავლობაში ის მრავალმხრივ ავლენდა სიყვარულს. მაგალითად, თანაგრძნობითა და სიბრალულით ეპყრობოდა სხვებს, რადგან არ შეეძლო მათი წუხილისთვის გულგრილად ედევნებინა თვალი. გული შესტკიოდა დატანჯულ ხალხზე და მათთვის არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი (მათე 14:14). თუმცა ავადმყოფებს კურნავდა და მშივრებს აპურებდა, იესო ამაზე მეტ თანაგრძნობასაც ავლენდა. სხვებს იმაშიც ეხმარებოდა, რომ სცოდნოდათ, მიეღოთ და შეჰყვარებოდათ ჭეშმარიტება ღვთის სამეფოზე, რომელიც მარადიულ ბედნიერებას მოუტანდა კაცობრიობას (მარკოზი 6:34; ლუკა 4:43). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იესომ თავგანწირული სიყვარული გამოავლინა, როცა ნებაყოფლობით გაიღო თავისი სიცოცხლე ჩვენთვის (იოანე 15:13).

20 განა გასაკვირია, რომ ნებისმიერი ასაკისა და წარმოშობის ადამიანებისთვის ეს კაცი მიმზიდველია თავისი სითბოთი, გულისხმიერებითა და სათუთი გრძნობებით? (მარკოზი 10:13—16). როდესაც ვკითხულობთ და ვფიქრობთ იესოს ცხოვრებაზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის ზეციერი მამის ანარეკლია (ებრაელები 1:3).

შესწავლა დამხმარეა

21, 22. რას ნიშნავს იეჰოვას ძიება და როგორ დაგვეხმარება ეს შესასწავლი დამხმარე საშუალება ამაში?

21 ის ფაქტი, რომ იეჰოვა თავისი სიტყვით გვაცნობს საკუთარ თავს, იმაზე მეტყველებს, რომ სურს, დავუახლოვდეთ, თუმცა ის ძალას არ გვატანს. ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ, ვეძებოთ იეჰოვა „სანამ შეიძლება მისი პოვნა!“ (ესაია 55:6). იეჰოვას ძიება იმას ნიშნავს, რომ ბიბლიით გავეცნოთ მის თვისებებსა და საქმეებს. ეს შესასწავლი დამხმარე საშუალება, სწორედ ამ მიზნით დაიწერა.

22 ყურადღება მიაქციე, რომ ეს წიგნი დაყოფილია ოთხ მონაკვეთად, რომლებიც სათითაოდ განიხილავს იეჰოვას ოთხ ძირითად თვისებას: ძლიერებას, სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს. ყოველი მონაკვეთი ამ თვისების მიმოხილვით იწყება. მომდევნო თავებში განხილულია, როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას სხვადასხვაგვარად. ამასთანავე, თითოეული მონაკვეთი შეიცავს თავს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გამოავლინა ეს თვისება იესომ. შემდეგ თავში კი განხილულია, ჩვენ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

23, 24. ა) განმარტე, რა არის ჩარჩო „საფიქრებელი კითხვები“. ბ) როგორ გვეხმარება ფიქრი იეჰოვასთან დაახლოებაში?

23 ამ თავიდან მოყოლებული, ყოველ თავს დართული ექნება ჩარჩო, სათაურით „საფიქრებელი კითხვები“ (მაგალითისთვის იხილე  ჩარჩო 24-ე გვერდზე). წმინდა წერილებიდან მოყვანილი მუხლები და თანდართული კითხვები თავის მიმოხილვისთვის არ არის განკუთვნილი. ეს თემის სხვა მნიშვნელოვან მხარეებზე დაფიქრებაში დაგეხმარება. როგორ შეგიძლია საუკეთესოდ ისარგებლო ამ ჩარჩოთი? მოძებნე და ყურადღებით წაიკითხე ბიბლიური მუხლები. შემდეგ კი კითხვებზე მუხლების საფუძველზე იმსჯელე და პასუხები მოიფიქრე. შეგიძლია გარკვეული კვლევა-ძიებაც ჩაატარო. დაუსვი თავს რამდენიმე დამატებითი კითხვა: „რას ვიგებ აქედან იეჰოვას შესახებ? რამდენად გამომადგება ეს ცხოვრებაში? როგორ გამოვიყენებ სხვების დასახმარებლად?“.

24 ფიქრი დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ახლოს ვიყოთ იეჰოვასთან. რატომ? ბიბლია ფიქრს გულთან აკავშირებს (ფსალმუნი 19:14). თუ გულწრფელად მადლიერნი ვართ იმის გამო, რასაც ღვთის შესახებ ვსწავლობთ, ნასწავლი გულამდე აღწევს, აზროვნებაზე ახდენს გავლენას, გრძნობებს აღგვიძრავს და, საბოლოოდ, მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ღვთისადმი სიყვარული გვიძლიერდება და ეს სიყვარული თანდათან სურვილს გვიჩენს, რომ ვასიამოვნოთ მას, როგორც ჩვენს ძვირფას მეგობარს (1 იოანე 5:3). ასეთი ურთიერთობის დასამყარებლად საჭიროა, ვიცოდეთ, რა თვისებები აქვს იეჰოვას და როგორ მოქმედებს ის. მაშ, მოდი გავეცნოთ ღვთის პიროვნების ერთ-ერთ მახასიათებელს — სიწმინდეს, რომელიც მასთან დაახლოებისკენ გვიბიძგებს.

a მაგალითად, ბიბლიაში ნახსენებია ღვთის სახე, თვალები, ყურები, ნესტოები, პირი, მკლავები, და მისი ფეხსადგამი (ფსალმუნი 18:15; 27:8; 44:3; ესაია 60:13; მათე 4:4; 1 პეტრე 3:12). ეს ისეთივე გადატანითი მნიშვნელობით უნდა გვესმოდეს, როგორც ის, რომ იეჰოვა „კლდე“ და „ფარია“ (კანონი 32:4; ფსალმუნი 84:11).