არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 3

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“

1, 2. რა ხილვა ჰქონდა ესაია წინასწარმეტყველს და რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ?

 ᲔᲡᲐᲘᲐ ღვთისადმი შიშნარევი მოკრძალებითა და მოწიწებით აღივსო, როდესაც ხილვა უჩვენა ღმერთმა. მას თითქოს თვალწინ ჩაუარა ამ ყველაფერმა! ამიტომაც დაწერა, რომ ნამდვილად „იხილა“ თავის ამაღლებულ ტახტზე მჯდომარე იეჰოვა, რომლის სამოსის კალთებიც იერუსალიმში აღმართულ უზარმაზარ ტაძარს ავსებდა (ესაია 6:1, 2).

2 ესაიას შიში და მოწიწება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მჭექარე სიმღერა შემოესმა და ტაძარი საძირკვლიანად შეიძრა. მაღალი წოდების სულიერი ქმნილებები, სერაფიმები შეხმატკბილებულად მღეროდნენ და უბრალო, მაგრამ ღრმა აზრის მქონე სიტყვებს წარმოთქვამდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი! ყველაფერი დედამიწაზე მის დიდებას ირეკლავს!“ (ესაია 6:3, 4). ამ სიმღერაში სიტყვა „წმინდა“ სამჯერ გვხვდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, და ეს სამართლიანიცაა, რადგან იეჰოვა მართლაც უბადლოდ წმინდაა (გამოცხადება 4:8). იეჰოვას სიწმინდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთელ ბიბლიაში. ასობით მუხლშია ნახსენები მისი სახელი ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა „წმინდა“ და „სიწმინდე“.

3. რა მცდარი შეხედულებები არსებობს ღვთის სიწმინდეზე და როგორ უშლის ეს ხელს ადამიანებს ღმერთთან დაახლოებაში?

3 მაშასადამე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც იეჰოვას შესახებ უნდა ვიცოდეთ, ისაა, რომ იგი წმინდაა. მაგრამ დღეს ბევრისთვის სულაც არ არის მიმზიდველი სიწმინდე. საამისოდ არაერთი მიზეზი არსებობს: ზოგს სხვების მოჩვენებითმა ღვთისმოსაობამ არასწორი წარმოდგენა შეუქმნა სიწმინდეზე. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც პირადი ღირსების გრძნობა შელახული აქვთ, ღვთის სიწმინდე შეიძლება უფრო აფრთხობდეს, ვიდრე იზიდავდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ ისინი შეიძლება შიშობდნენ, რომ წმინდა ღმერთთან დაახლოების ღირსი ვერასდროს გახდებიან. ბევრი ზურგს აქცევს ღმერთს მისი სიწმინდის გამო. სამწუხაროა, რომ ხალხში ასეთი ტენდენციაა; მაგრამ, ღმერთს სწორედ მისი სიწმინდის გამო უნდა დავუახლოვდეთ. სანამ გავიგებთ რატომ, განვიხილოთ, რა არის ჭეშმარიტი სიწმინდე.

რა არის სიწმინდე?

4, 5. ა) რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს სიწმინდე? ბ) რა გაგებით არის იეჰოვა „გამოცალკევებული“?

4 ღვთის სიწმინდე არ ნიშნავს იმას, რომ იგი თავმომწონე ან ქედმაღალია და სხვებს აბუჩად იგდებს. პირიქით, მას სძულს ასეთი თვისებები (იგავები 16:5; იაკობი 4:6). მაშ, რა არის სიტყვა „წმინდის“ ნამდვილი მნიშვნელობა? ძველებრაულ ენაში ეს სიტყვა მომდინარეობს გამოთქმიდან, რომელსაც „გამოცალკევების“ მნიშვნელობა აქვს. ის, რაც „წმინდად“ ითვლებოდა თაყვანისმცემლობაში, გამოცალკევებული იყო და სხვა ნივთებთან ერთად არ გამოიყენებოდა. სიწმინდე სისუფთავისა და სისპეტაკის მნიშვნელობასაც მოიცავს. როგორ გამოიყენება ეს სიტყვა იეჰოვასთან მიმართებით? ხომ არ ნიშნავს სიტყვა „გამოცალკევება“, რომ ღმერთი მეტისმეტად შორს არის არასრულყოფილი ადამიანებისგან?

5 სულაც არა. იეჰოვამ, როგორც „ისრაელის წმინდამ“, დაარწმუნა თავისი ხალხი, რომ მათ შორის იყო მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილები იყვნენ (ესაია 12:6; ოსია 11:9). ასე რომ, ის სიწმინდის გამო შორს არ იჭერს თავს ჩვენგან. მაშ, რა გაგებით არის „გამოცალკევებული“? პირველი, იგი ყველა ქმნილებისგან იმ გაგებითაა გამოცალკევებული, რომ მხოლოდ ის არის უზენაესი ღმერთი, სპეტაკი, სუფთა და მარადიული (ფსალმუნი 40:5; 83:18). მეორე, იეჰოვა გამოცალკევებული იმ გაგებით არის, რომ ცოდვასთან არაფერი აქვს საერთო, რაც მანუგეშებელია ჩვენთვის. რატომ?

6. რატომ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ცოდვასთან საერთო არაფერი აქვს?

6 ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ნამდვილი სიწმინდე სანთლით საძებარია. ღვთისგან განმდგარი საზოგადოება ცოდვითა და არასრულყოფილებითაა შებღალული. ყოველ ჩვენგანს გვიწევს საკუთარ თავში ცოდვასთან ბრძოლა. და თითოეული ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ, თუ სიფხიზლეს მოვადუნებთ, ცოდვა დაგვჯაბნის (რომაელები 7:15—25; 1 კორინთელები 10:12). იეჰოვას კი სულაც არ ემუქრება ასეთი საშიშროება, ვინაიდან საერთო არაფერი აქვს ცოდვასთან და ოდნავადაც კი არ არის მისით შებღალული, რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია სრულად მივენდოთ მას, როგორც საუკეთესო მამას. ცოდვილი ადამიანისგან განსხვავებით იეჰოვა არასოდეს გახდება უზნეო, თავაშვებული ან შეურაცხმყოფელი. მისი სიწმინდე სრულად გამორიცხავს ნებისმიერ უხამსობას. ზოგჯერ ის თავის სიწმინდესაც კი იფიცებდა და ასე აჩვენებდა, რომ მისი სიტყვა უტყუარი იყო (ამოსი 4:2). განა არ გვამხნევებს ასეთ ღმერთთან დაახლოება?!

7. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიწმინდე იეჰოვას ბუნების განუყოფელი ნაწილია?

7 სიწმინდე იეჰოვას ბუნების განუყოფელი ნაწილია. რას ნიშნავს ეს? მაგალითისთვის განვიხილოთ სიტყვები: „ადამიანი“ და „არასრულყოფილება“. პირველის დახასიათებისას მეორის გაუთვალისწინებლობა შეუძლებელია. არასრულყოფილება სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი და ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, თავისი „წვლილი“ შეაქვს. ახლა განვიხილოთ წინა ორისგან სავსებით განსხვავებული სიტყვები — „იეჰოვა“ და „სიწმინდე“. იეჰოვა მთლიანად არის აღსავსე სიწმინდით. მის გარშემო ყველაფერი სპეტაკი, სუფთა და უმანკოა. ვერასოდეს აღვიქვამთ იეჰოვას ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, თუ არ ჩავუღრმავდებით და არ ვეცდებით, ჩავწვდეთ ამ დიდებულ სიტყვას — „სიწმინდე“.

სიწმინდე იეჰოვასია

8, 9. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა ეხმარება არასრულყოფილ ადამიანებს, განიწმინდონ?

8 ვინაიდან იეჰოვაში მთელი სისავსით ჩანს სიწმინდე, სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ის არის ყველანაირი სიწმინდის დასაბამი. თანაც ეგოისტურად კი არ ჩქმალავს ამ ძვირფას თვისებას, არამედ ყველას დიდსულოვნად უმჟღავნებს. ის კი არადა, როდესაც ღმერთი ანგელოზის პირით ესაუბრებოდა მოსეს ცეცხლმოდებულ ბუჩქთან, მიწაც კი წმინდად იქცა! (გამოსვლა 3:5).

9 შეუძლიათ თუ არა არასრულყოფილ ადამიანებს, განიწმინდონ იეჰოვას დახმარებით? შეუძლიათ, მაგრამ პირობითად. ღმერთმა ისრაელ ხალხს წმინდა, სუფთა და უბიწო თაყვანისმცემლობით „წმიდა ერად“ გახდომის შესაძლებლობა მისცა (გამოსვლა 19:6). ამიტომაც არის, რომ მოსეს კანონში სიწმინდის შესახებ არაერთხელაა საუბარი. გარდა ამისა, მღვდელმთავარს თავზე შემოხვეული ჰქონდა საბურველი ანუ ჩალმა, რომლის წინა ნაწილსაც განიერი, სინათლეზე თვალისმომჭრელად მოკაშკაშე ოქროს ფირფიტა ამშვენებდა. ფირფიტაზე ასეთი სიტყვები იყო ამოტვიფრული: „წმინდაა იეჰოვა“ (გამოსვლა 28:36). ასე რომ, ისრაელების თაყვანისმცემლობა და ცხადია, ცხოვრების წესიც, სისპეტაკითა და სისუფთავით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. იეჰოვამ უთხრა მათ: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (ლევიანები 19:2). არასრულყოფილების მიუხედავად, სანამ ისრაელები ღვთის რჩევა-დარიგების მიხედვით ცხოვრობდნენ, განწმენდილები იყვნენ.

10. რით განსხვავდებოდა განწმენდილი ძველი ისრაელი მეზობელი ხალხებისგან?

10 განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სიწმინდეს, რომელიც ძირფესვიანად განსხვავდებოდა ისრაელის მეზობელი ხალხების თაყვანისმცემლობისგან. ეს წარმართი ხალხები თაყვანს სცემდნენ ცრუ, გამოგონილ და არარსებულ ღმერთებს, რომლებსაც მძვინვარე, ხარბ და უწესო ღვთაებებად გამოსახავდნენ. თვალისთვის არც მათი უწმინდურება რჩებოდა შეუმჩნეველი. ასეთი ღმერთებისადმი თაყვანისცემას ხალხის გახრწნის მეტი არაფერი მოჰქონდა. ამიტომაც აფრთხილებდა იეჰოვა თავის მსახურებს, თავი შორს დაეჭირათ წარმართი თაყვანისმცემლებისგან და მათი უწმინდური რელიგიური ჩვეულებებისგან (ლევიანები 18:24—28; 1 მეფეები 11:1, 2).

11. როგორ ცხადყოფენ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციის სიწმინდეს: ა) ანგელოზები? ბ) სერაფიმები? გ) იესო?

11 და მაინც, ძველი ისრაელი, როგორც იეჰოვას რჩეული ხალხი, სიწმინდით ბევრად ჩამოუვარდებოდა ღვთის ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს. მილიონობით სულიერი ქმნილება, რომელიც ერთგულად ემსახურება ღმერთს, ბიბლიაში მოხსენიებულია, როგორც „უთვალავი წმინდა“ (კანონი 33:2; იუდა 14). ისინი ღვთის სიწმინდის ბრწყინვალებასა და სისპეტაკის მშვენიერებასაც შესანიშნავად ირეკლავენ. გავიხსენოთ სერაფიმები, ესაიამ რომ იხილა. მათი სიმღერის შინაარსიდან ჩანს, რომ ეს ძლევამოსილი სულიერი ქმნილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რათა იეჰოვას სიწმინდე ცნობილი გახდეს მთელი სამყაროსთვის. მაგრამ ერთ-ერთი სულიერი ქმნილება ყოველ მათგანს აღემატება — ეს არის ღვთის მხოლოდშობილი ძე. იესო იეჰოვას სიწმინდის საუკეთესო ანარეკლია. მას სამართლიანად ეწოდება „ღვთის წმინდა“ (იოანე 6:68, 69).

წმინდა სახელი და წმინდა სული

12, 13. ა) რატომ ეწოდება ღვთის სახელს წმინდა? ბ) რატომ საჭიროებს ღვთის სახელი განწმენდას?

12 რა შეიძლება ითქვას ღვთის სახელზე? როგორც პირველ თავში ვნახეთ, იგი, უბრალოდ, ტიტული ან წოდება როდია. ღვთის სახელი წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვასა და მის პიროვნებაზე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთის სახელი წმინდაა (ესაია 57:15). მოსეს კანონის თანახმად, ღვთის სახელის შეურაცხმყოფელი სიკვდილით ისჯებოდა (ლევიანები 24:16). საყურადღებოა ისიც, რომ იესოს ლოცვაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ღვთის სახელს აქვს მინიჭებული: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). რაიმე რომ განწმინდო, უნდა განაცალკეო და გაასპეტაკო, პატივი მიაგო და წმინდად შერაცხო. მაგრამ, ღვთის სახელი ხომ ისედაც წმინდაა და რატომღა უნდა სჭირდებოდეს განწმენდა?

13 ღვთის წმინდა სახელს ჩრდილი მიაყენეს და შეურაცხყვეს ტყუილითა და ცილისწამებით. ედემში სატანამ იეჰოვას შესახებ იცრუა და, ფაქტობრივად, ბრალი დასდო, რომ იგი უსამართლო ხელისუფალია (დაბადება 3:1—5). იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, სატანა — უწმინდური მსოფლიო მმართველი — არაფერზე იხევს უკან, ოღონდაც ღმერთზე სიცრუე გაავრცელოს (იოანე 8:44; 12:31; გამოცხადება 12:9). ხშირად სხვადასხვა რელიგია ღმერთს ულმობელ, უკარება ან სასტიკ პიროვნებად გვისახავს. ზოგი არც იმის თქმას ერიდება, რომ სისხლისმღვრელ ომებში ღმერთი გვიჭერსო მხარს. ღვთის საოცარ შემოქმედებით საქმეებს კი, ხშირად, ბრმა შემთხვევითობას ან ევოლუციას მიაწერენ. დიახ, ღვთის სახელი შეურაცხყოფილია, ამიტომ განწმენდა და დამსახურებული დიდების დაბრუნება სჭირდება. მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც იეჰოვა ყველანაირ სირცხვილს ჩამორეცხავს თავის სახელს ღვთის სამეფოს მეშვეობით, რომლის მეფეც იესო ქრისტეა. ამ უმნიშვნელოვანესი საქმის მხარდაჭერა სიხარულით გვივსებს გულს.

14. რატომ ეწოდება ღვთის სულს წმინდა და რით განსხვავდება წმინდა სულის გმობა სხვა ცოდვისგან?

14 არის კიდევ ერთი რამ, რაც იეჰოვას უკავშირდება და რაც თითქმის ყოველთვის წმინდად არის წოდებული — ღვთის სული — წმინდა სული ანუ მოქმედი ძალა (დაბადება 1:2). იეჰოვა თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ამ უბადლო ძალას. მისი ყველა ნამოქმედარი წმინდა, სუფთა და სპეტაკია; ასე რომ, ღვთის მოქმედ ძალას მართებულად ეწოდა წმინდა სული (ლუკა 11:13; რომაელები 1:4). წმინდა სულის გმობა, რაც იეჰოვას განზრახვის წინააღმდეგ შეგნებულ მოქმედებას მოიცავს, მიუტევებელი ცოდვაა (მარკოზი 3:29).

რატომ გვიზიდავს იეჰოვას სიწმინდე

15. რატომ გვეუფლება ღვთისადმი შიში, როცა იეჰოვას სიწმინდეზე ვსაუბრობთ და როგორია ეს შიში?

15 არ არის ძნელი იმის დანახვა, თუ რატომ მოგვიწოდებს ბიბლია, რომ ღვთისმოშიშები ვიყოთ. მაგალითისთვის ფსალმუნის 99:3 წავიკითხოთ: „ხოტბა შეასხან შენს დიდებულ სახელს, რადგან შიშის მომგვრელი და წმინდაა!“. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავადმყოფური შიში უნდა გვქონდეს. ეს უფრო შიშნარევი მოწიწების ღრმა, კეთილშობილური გრძნობაა. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ ასეთი გრძნობა გვეუფლება, რადგან იეჰოვას სიწმინდე ბევრად აღმატებულია ადამიანურ სიწმინდეზე. თუმცა ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. პირიქით, საღი თვალით თუ შევხედავთ, ღმერთთან დაახლოებაში დაგვეხმარება. როგორ?

16. ა) როგორ უკავშირდება სიწმინდე სიდიადეს? მოიყვანე მაგალითი. ბ) როგორაა აღწერილი იეჰოვას სიწმინდე?

16 დავიწყოთ იმით, რომ ბიბლია სიწმინდეს სიდიადეს უკავშირებს. ესაიას 63:15-ში ნათქვამია, რომ ზეცა „სიწმინდისა და სიდიადის ამაღლებული“ სამყოფელია. სიდიადე, ცხადია, ჩვენთვისაც მიმზიდველია. მაგალითად, იხილე სურათი 33-ე გვერდზე. ნუთუ არ გვრჩება თვალი ბუნების ამ სანახაობაზე? რის გამოა იგი ასეთი თვალწარმტაცი? დააკვირდი, როგორი ანკარა წყალი მოჩუხჩუხებს. ალბათ, ჰაერიც სუფთაა, ლაჟვარდოვანი ცა კი თითქოს ბრწყინავსო. ახლა, თუ ამავე პეიზაჟში რაღაცას შევცვლიდით — ნაკადულს მოვანაგვიანებდით, ხეებსა და რიყის ქვებს წარწერებით ავაჭრელებდით, ჰაერს კი გავჭვარტლავდით — რაღა თქმა უნდა, ასეთი სურათი აღარ მოგვხიბლავდა, გულიც არ მიგვივიდოდა. ასე რომ, სიდიადეზე როცა ვსაუბრობთ, რაღაც სუფთა, სპეტაკი, ნათელი გვაქვს მხედველობაში. ამ რამდენიმე სიტყვის გამოყენებით იეჰოვას სიწმინდის დახასიათება შეიძლებოდა. დიახაც რომ გვხიბლავს იეჰოვას წარმოსახვითი აღწერა! თვალს გვჭრის სინათლის სხივი, ისევე როგორც ძვირფასი მბზინავი ქვები, მოელვარე ცეცხლი ან კრიალა ძვირფასი ლითონები — ამგვარია ჩვენი წმინდა ღვთის სიდიადე (ეზეკიელი 1:25—28; გამოცხადება 4:2, 3).

როგორც სიდიადე გვიზიდავს, ისევე უნდა მიგვიზიდოს სიწმინდემ.

17, 18. ა) თავდაპირველად როგორ იმოქმედა ესაიაზე ხილვამ? ბ) როგორ ანუგეშა იეჰოვამ ესაია სერაფიმის მეშვეობით და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას?

17 და მაინც, უნდა გვიჩენდეს თუ არა ღვთის სიწმინდე ისეთ შეგრძნებას, რომ შედარებით დაბალ საფეხურზე ვდგავართ? რა თქმა უნდა! ეს ხომ ასეც უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, იეჰოვასთან შედარებით ჩვენ ხომ, მართლაც, თვალმიუწვდომლად დაბალ საფეხურზე ვდგავართ. განა ამის ცოდნამ უნდა ჩამოგვაცილოს მისგან? დავუფიქრდეთ, რა რეაქცია ჰქონდა ესაიას, როცა ესმოდა, თუ როგორ აცხადებდნენ სერაფიმები საჯაროდ იეჰოვას სიწმინდეს. «მაშინ ვთქვი: „ვაიმე! მკვდარს დავემსგავსე, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იხილა“» (ესაია 6:5). დიახ, იეჰოვას უსაზღვრო სიწმინდემ შეახსენა ესაიას, თუ რამდენად ცოდვილი და არასრულყოფილი იყო. თავდაპირველად, ეს ერთგული კაცი ძალიან დაითრგუნა. მაგრამ იეჰოვას იგი ამ მდგომარეობაში არ მიუტოვებია.

18 ერთ-ერთმა სერაფიმმა მაშინვე ანუგეშა წინასწარმეტყველი. როგორ? ეს ძლიერი სული სამსხვერპლოსთან მიფრინდა, იქიდან გავარვარებული ნაკვერჩხალი აიღო და ესაიას ბაგეზე შეახო. მაგრამ შეიძლება იფიქროთ, რომ ესაიასთვის ეს უფრო მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე მანუგეშებელი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ხილვას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ესაიას, როგორც ერთგულ იუდეველს, ეცოდინებოდა, რომ ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი ყოველდღიურად იწირებოდა ტაძრის სამსხვერპლოზე. ამიტომ სერაფიმმა შეახსენა წინასწარმეტყველს, რომ, თუმცა არასრულყოფილი და „ბაგეუწმიდური“ იყო, მაინც შეეძლო ღვთის წინაშე წმინდად წარმდგარიყო. a იეჰოვას მთელი გულით ეწადა, არასრულყოფილი, ცოდვილი კაცი განწმენდილი ეხილა — ყოველ შემთხვევაში, შედარებით მაინც (ესაია 6:6, 7).

19. თუმცა არასრულყოფილები ვართ, როგორ შეგვიძლია განვიწმინდოთ და ასეთებად წარვდგეთ ღვთის წინაშე?

19 დღესაც ზუსტად იგივე მდგომარეობაა. იერუსალიმში შეწირული ყველა მსხვერპლი მხოლოდ აჩრდილი იყო რაღაც უფრო დიდებულის — ერთი სრულყოფილი მსხვერპლისა, რომელიც იესო ქრისტემ ახ. წ. 33 წელს ჩვენთვის შესწირა (ებრაელები 9:11—14). თუ ნამდვილად ვინანიებთ ცოდვებს, ცხოვრებას ვიწესრიგებთ და რწმენას ვავლენთ ამ მსხვერპლისადმი, შეწყალებული ვიქნებით (1 იოანე 2:2). ჩვენც შეგვიძლია განვიწმინდოთ და ასეთებად წარვდგეთ ღვთის წინაშე. პეტრე მოციქული სწორედ ამიტომ გვახსენებს: «ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“» (1 პეტრე 1:16). დაუკვირდი, იეჰოვა იმას არ გვეუბნება, რომ ჩვენც ისეთივე წმინდები უნდა ვიყოთ, როგორიც თვითონ არის. იგი არასოდეს მოელის ჩვენგან იმას, რაც არ შეგვიძლია (ფსალმუნი 103:13, 14). ის უფრო იმას შეგვაგონებს, რომ წმინდები იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ თვითონ არის წმინდა. თუმცა არასრულყოფილები ვართ, როგორც „საყვარელი შვილები“, ვცდილობთ, საუკეთესოდ მივბაძოთ იეჰოვას (ეფესოელები 5:1). ასე რომ, განწმენდა განუწყვეტელი პროცესია. რაც უფრო ვიზრდებით სულიერად, მით უფრო ვცდილობთ, „სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1).

20. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, გვესმოდეს, რომ შეგვიძლია განწმენდილი ვიყოთ ჩვენი წმინდა ღვთის თვალში? ბ) როგორ იმოქმედა ესაიაზე იმის გაგებამ, რომ ცოდვები მიეტევა?

20 იეჰოვას უყვარს სიმართლე და უმწიკვლობა, ცოდვა კი სძულს (აბაკუმი 1:13). მაგრამ ჩვენ როდი ვძულვართ. სანამ ღვთის თვალსაზრისს ვიზიარებთ ცოდვაზე — გვძულს ის, რაც ცუდია და გვიყვარს ის, რაც კარგია — და ფეხდაფეხ მივყვებით ქრისტე იესოს წუნდაუდებელ ნაკვალევს, იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს (ამოსი 5:15; 1 პეტრე 2:21). როცა გვესმის, რომ შეგვიძლია განწმენდილი ვიყოთ ჩვენი წმინდა ღვთის თვალში, ამას შესანიშნავი შედეგი მოჰყვება. გავიხსენოთ, რომ იეჰოვას სიწმინდემ ესაიას თავისი უწმინდურება შეახსენა და შესძახა: „ვაიმე!“, მაგრამ, როგორც კი მიხვდა, რომ ცოდვები მიეტევა, შეხედულება შეეცვალა. როცა იეჰოვამ იკითხა, თუ ვინ გაეგზავნებოდა დავალების შესასრულებლად, ესაია მაშინვე გამოეხმაურა, თუმცა არც კი იცოდა, რისთვის ეგზავნებოდა. მან წამოიძახა: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ესაია 6:5—8).

21. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია განვიწმინდოთ?

21 ღმერთმა თავის მსგავსად შეგვქმნა, ამიტომ გვაქვს უნარი, მივბაძოთ და ახლო ურთიერთობა გვქონდეს მასთან (დაბადება 1:26). ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, განვიწმინდოთ. თუ მცდელობას არ დავაკლებთ, იეჰოვა სიხარულით დაგვეხმარება. თუ ასე ვიმოქმედებთ, უფრო და უფრო დავუახლოვდებით ჩვენს წმინდა ღმერთს. ამ წიგნის მომდევნო თავები დაგვანახვებს, რომ მასთან დაახლოების კიდევ მრავალი მიზეზი არსებობს!

a გამოთქმა „ბაგეუწმიდური“ მართებულია, რადგან ბაგეები გადატანითი მნიშვნელობით ხშირად გამოიყენება ბიბლიაში მეტყველების ან ენის წარმოსადგენად. არასრულყოფილი ადამიანები სიტყვით ბევრს სცოდავენ (იგავები 10:19; იაკობი 3:2, 6).