არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 4

„იეჰოვა . . . ძლევამოსილია“

„იეჰოვა . . . ძლევამოსილია“

1, 2. რომელი საოცრებები ჰქონდა უკვე ნანახი ელიას, მაგრამ რომელი შთამბეჭდავი მოვლენების შემსწრე გახდა ხორების მთაზე გამოქვაბულთან?

 ᲔᲚᲘᲐᲡ უკვე ნანახი ჰქონდა სხვადასხვა საოცრება; მაგალითად, როგორ კვებავდნენ ყორნები დღეში ორჯერ, სანამ სამალავს აფარებდა თავს; როგორ არ ილეოდა ჭურჭელში ფქვილი და ზეთი; როგორ გადმოეშვა ზეციდან ცეცხლი მისი ლოცვის პასუხად (1 მეფეები, თავები 17, 18). მაგრამ ელიას წინ უფრო დიდი საოცრების ხილვა ელოდა.

2 ხორების მთის გამოქვაბულთან რამდენიმე შთამბეჭდავ მოვლენას შეესწრო. ჯერ ქარიშხალი ამოვარდა. გამაყრუებელი გუგუნით აიკლო იქაურობა; თანაც იმდენად ძლიერი იყო, რომ მთები დახეთქა და კლდეებს ბზარები გაუჩინა. შემდეგ ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ მიწას ლამის ნაპრალები გაუჩინა. მერე ცეცხლიც აბრიალდა და შესაძლოა ელიას გვერდით მხურვალე ჰაერის ნაკადმაც ჩაუქროლა (1 მეფეები 19:8—12).

3. ღვთის რომელი თვისების გამოვლენის მოწმე გახდა ელია და ჩვენ რომელ მოვლენებში ვხედავთ ღვთის ძლიერების გამოვლინებას?

3 ყველა ამ მოვლენას, რომლებიც ელიამ საკუთარი თვალით იხილა, ერთი რამ აერთიანებდა — ეს იყო იეჰოვა ღმერთის უდიდესი ძლიერების გამოვლინება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება სასწაულის მოშველიება იმის დასანახვებლად, რომ ღმერთი ამ თვისებას ფლობს. ეს ისედაც აშკარაა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქმნილებები იეჰოვას „მარადიულ ძლიერებასა და ღვთაებრიობას“ ადასტურებენ (რომაელები 1:20). წარმოიდგინე თვალისმომჭრელი ელვა ან ჭექა-ქუხილი, წყალუხვი ჩანჩქერი, დიდებულად რომ ეშვება, ვარსკვლავებით მოჭედილი უკიდეგანო ცა! განა ღვთის ძლიერებას არ ვხედავთ ამ დიდებულ მოვლენებში? თუმცა შეიმჩნევა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არც ისე ბევრი აღიარებს ღვთის ძალას და კიდევ უფრო ცოტას აქვს მასზე სწორი წარმოდგენა. მაგრამ რაც უფრო უკეთ გავეცნობით ღვთის ამ თვისებას, მით უფრო მოგვინდება იეჰოვასთან დაახლოება. ამ მონაკვეთში იეჰოვას უბადლო ძლიერების დაწვრილებით შესწავლას შევუდგებით.

„აი, ჩაიარა იეჰოვამ“.

იეჰოვას გამორჩეული თვისება

4, 5. ა) როგორაა აღწერილი ღვთის სახელი? ბ) რატომ არის მართებული, რომ იეჰოვამ ხარი გამოიყენა თავისი ძალის სიმბოლოდ?

4 იეჰოვა განუმეორებელ ძალას ფლობს. იერემიას 10:6-ში ნათქვამია: „შენი სადარი არავინაა, იეჰოვა! დიდებული ხარ, დიდებული და ძლევამოსილია შენი სახელი!“. როგორც ვხედავთ, ღვთის სახელი „დიდებული და ძლევამოსილია“. გავიხსენოთ, რომ ეს სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“. რა აძლევს იეჰოვას საშუალებას, რომ იქცეს იმად, რადაც უნდა? ცხადია, ძალა. დიახ, იეჰოვას შესწევს ძალა, ისე იმოქმედოს, რომ შეუზღუდავად განახორციელოს თავისი სურვილი. ამგვარი ძლიერება მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა.

5 იეჰოვამ იცის, რომ შეზღუდული უნარი გვაქვს და ამიტომ მაგალითებით გვანახვებს, თუ რა ძალას ფლობს. როგორც ვიცით, თავისი ძალის სიმბოლოდ მან ხარი გამოიყენა (ეზეკიელი 1:4—10). ეს მართლაც რომ შესაფერისი შედარებაა, რადგან მოშინაურებული ხარიც კი ვეება და ძლიერია. ბიბლიური დროის პალესტინელები ხარს თითქმის ყველაზე ძლიერ ცხოველად თვლიდნენ. თუმცა მათ ისიც იცოდნენ, რომ არსებობდა კიდევ უფრო საშიში სახეობის გარეული ხარი ანუ ტური, რომელიც მერე გადაშენდა (იობი 39:9—12). რომის მმართველმა იულიუს კეისარმა ერთხელ აღნიშნა, რომ ამ სახეობის ხარი ლამის სპილოს უტოლდებოდა. „ის ძალიან ძლიერი და სწრაფი ცხოველია“, — წერდა იგი. წარმოიდგინე, რა პაწაწინა და უმწეო გამოჩნდებოდი ამისთანა არსების გვერდით!

6. მხოლოდ იეჰოვას რატომ ეწოდება „ყოვლისშემძლე“?

6 ადამიანი იეჰოვასთან, ძლევამოსილ ღმერთთან, შედარებითაც ასევე პატარა და უძლურია. მის წინაშე ძლევამოსილი ერებიც კი „სასწორის პინებზე დაფენილ მტვერივით არიან“ (ესაია 40:15). უსაზღვრო ძალა მხოლოდ იეჰოვას აქვს და ამიტომაც მხოლოდ მას ეწოდება „ყოვლისშემძლე“ a (გამოცხადება 15:3). იეჰოვა „განუზომელი ძლიერებისა და შიშის მომგვრელი ძალის“ პატრონია (ესაია 40:26). ის ძლიერების უხვი, უშრეტი სათავეა და არავითარ გარეშე ძალაზე არაა დამოკიდებული, რადგანაც „ღვთისგანაა ძალა“ (ფსალმუნი 62:11). მაგრამ, როგორ იყენებს იეჰოვა ძალას?

როგორ იყენებს იეჰოვა ძალას

7. რა არის იეჰოვას წმინდა სული და რას ნიშნავს ბიბლიის დედნისეულ ენებზე მოცემული სიტყვები, რომლებიც „სულად“ ითარგმნა?

7 წმინდა სული იეჰოვასგან უშრეტად მოედინება. ის არის ღვთის მოქმედი ძალა. დაბადების 1:2-ში მას „ღვთის სული“ ეწოდება. დედნისეულ ებრაულსა და ბერძნულ ენებზე მოცემული სიტყვები, რომლებიც „სულად“ ითარგმნა, შეიძლება სხვა კონტექსტებში ითარგმნოს როგორც „ქარი“, „სუნთქვა“ და „ქროლა“. ლექსიკოგრაფების აზრით, დედნის ენაზე ეს სიტყვები უხილავ მოქმედ ძალას უნდა ნიშნავდეს. ღვთის სული თვალისთვის ქარივით უხილავია, მაგრამ მისი მოქმედების შედეგები — რეალური და ხილული.

8. რასთანაა შედარებული ბიბლიაში ღვთის სული და რატომაა ეს შედარება მართებული?

8 წმინდა სულით ღმერთს ნებისმიერი განზრახვის შესრულება შეუძლია. ამიტომ უადგილო როდია, რომ ბიბლიაში წმინდა სული ღვთის „თითთან“, „ძლიერ ხელთან“ და „გაწვდილ მკლავთან“ არის შედარებული (ლუკა 11:20; კანონი 5:15; ფსალმუნი 8:3). ადამიანის ხელს შეუძლია როგორც ფაქიზად შესასრულებელი სამუშაოს შესრულება, ისე ისეთი საქმის კეთება, რაც ძალას მოითხოვს. მსგავსად, ღმერთი თავის სულს ნებისმიერი განზრახვის შესასრულებლად იყენებს. ავიღოთ თუნდაც თვალისთვის უხილავი ატომის შექმნის, მეწამული ზღვის გაყოფის ან პირველ საუკუნეში სხვადასხვა ენაზე ქრისტიანების ამეტყველების მაგალითი.

9. რაში ვლინდება იეჰოვას ძალა?

9 იეჰოვას ძალაუფლება იქიდანაც ჩანს, რომ ის სამყაროს უზენაესი მმართველია. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ გყავს მილიონობით უნარიანი, თავისი საქმის კარგად მცოდნე ქვეშევრდომი, რომლებიც დიდი მონდომებით გისრულებენ ბრძანებებს? იეჰოვა სწორედ ასეთ ურიცხვ მსახურს მმართველობს. წმინდა წერილებში მისი მსახურები ხშირად ლაშქართან არიან შედარებული (ფსალმუნი 68:11; 110:3). ანგელოზთან შედარებით ადამიანი გაცილებით სუსტი არსებაა. მაგალითად, როცა ასურელთა ლაშქარი ღვთის ხალხს უტევდა, მარტოოდენ ერთმა ანგელოზმა 185 000 მეომარი მოსპო ერთ ღამეში! (2 მეფეები 19:35). ღვთის ანგელოზები ძლევამოსილნი არიან (ფსალმუნი 103:19, 20).

10. ა) რატომ ეწოდება ყოვლისშემძლეს „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“? ბ) ვინ არის იეჰოვას ქმნილებათა შორის უძლიერესი?

10 საერთოდ, რამდენი ანგელოზი არსებობს? ერთხელ დანიელ წინასწარმეტყველმა ზეცა იხილა, სადაც 100 მილიონზე მეტ სულიერ ქმნილებას მოეყარა თავი იეჰოვას ტახტის წინაშე. თუმცა არ ვიცით ყველა ანგელოზი იხილა თუ არა ამ დროს (დანიელი 7:10). ასე რომ, შესაძლოა, ასობით მილიონი ანგელოზი არსებობდეს. ამიტომაც ეწოდება იეჰოვას „ლაშქართა ღმერთი“. ეს წოდება მის, როგორც დიდებული სარდლისა და ძლიერი ანგელოზების ორგანიზებული მმართველის, ძლევამოსილებაზე მიუთითებს. ამ ყველა სულიერ ქმნილებას მან ერთი ხელმძღვანელი დაუყენა — საყვარელი ძე, „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი“ (კოლოსელები 1:15). როგორც მთავარანგელოზი — ყველა ანგელოზის, სერაფიმებისა და ქერუბიმების მეთაური — იესო იეჰოვას ქმნილებათა შორის უძლიერესია.

11, 12. ა) რა გავლენას ახდენს ღვთის სიტყვა ადამიანზე? ბ) როგორ ადასტურებს იესო, რომ იეჰოვა ზღვარდაუდებელ ძალას ფლობს?

11 იეჰოვას ძლევამოსილება მის სიტყვაშიც ჩანს. ებრაელების 4:12-ში ნათქვამია: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“. იცი თუ არა, რომ ღვთის სიტყვას ანუ ღვთის სულით შთაგონებულ ცნობას, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი, საოცარი ძალა აქვს? მას შეუძლია გაგვაძლიეროს, რწმენა განგვიმტკიცოს და დაგვეხმაროს, რომ საკუთარ თავში დიდი ძვრები მოვახდინოთ. პავლე მოციქულმა გააფრთხილა თანამორწმუნეები, მორიდებოდნენ მათ, ვინც აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა. შემდეგ კი უთხრა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“ (1 კორინთელები 6:9—11). დიახ, ისინი ღვთის სიტყვამ გამოასწორა.

12 იეჰოვა ზღვარდაუდებელ ძალას ფლობს და მისი საშუალებით იმდენად ეფექტურად მოქმედებს, რომ წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება. იესომ თქვა: „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26). რა განზრახვების შესასრულებლად იყენებს იეჰოვა ძალას?

მიზანმიმართული ძლიერება

13, 14. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა არ არის რაღაც უპიროვნო ძალა? ბ) რისთვის იყენებს იეჰოვა ძალას?

13 ღვთის სული ბევრად აღემატება ნებისმიერ ფიზიკურ ძალას; იეჰოვა სულაც არ არის რაღაც უპიროვნო ძალა. იგი პიროვნებაა, რომელიც სურვილისამებრ იყენებს საკუთარ ძალას. რით ხელმძღვანელობს იეჰოვა ძალის გამოყენებისას?

14 როგორც დავინახავთ, ღმერთი ძალას საიმისოდ იყენებს, რომ შექმნას, გაანადგუროს, დაიცვას, აღადგინოს — ერთი სიტყვით, გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ბრწყინვალე განზრახვებს შეესაბამება (ესაია 46:10). ზოგჯერ იეჰოვა ძალას იმ მიზნითაც იყენებს, რომ საკუთარი პიროვნებისა და ნორმების მნიშვნელოვანი მხარეები დაგვანახვოს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ძალას უშუალოდ თავისი ნების შესრულებას ახმარს. მისი ნება კი ისაა, რომ მესიანური სამეფოს მეშვეობით განწმინდოს თავისი წმინდა სახელი და ცხადი გახადოს, რომ მისი მმართველობა საუკეთესოა. ამ განზრახვის შესრულებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება.

15. რა მიზნით იყენებს იეჰოვა საკუთარ ძალას მაშინ, როცა საქმე თავის მსახურებს ეხება, და ამ ძალის როგორი გამოვლინება იხილა ელიამ?

15 იეჰოვა ძალას თითოეული ჩვენგანის სასარგებლოდაც იყენებს. აი, რა არის ნათქვამი 2 მატიანის 16:9-ში: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება“. დასაწყისში მოხსენიებულმა ელიამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. რატომ ახილვინა იეჰოვამ მას ძალის საოცარი გამოვლინება? ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ბოროტმა დედოფალმა, იზებელმა შეუთვალა ელიას, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო. წინასწარმეტყველმა გაქცევით უშველა თავს. მერე მარტოობასა და უმწეობას გრძნობდა, შეშინებული და თავგზააბნეული იყო — თითქოს ყველაფერი, რაც კი გულმოდგინედ გაეკეთებინა, ამაოებად ექცა. ეს დამწუხრებული კაცი რომ ენუგეშებინა, იეჰოვამ თავისი ძლევამოსილება უჩვენა — ქარი, მიწისძვრა და ცეცხლი მოუვლინა და დაანახვა, რომ სამყაროში უძლიერესი პიროვნება ედგა მხარში. რატომ შეუშინდა ელია იზებელს, განა ყოვლისშემძლე ღმერთი არ ეხმარებოდა?! (1 მეფეები 19:1—12). b

16. რატომ გვანუგეშებს იეჰოვას უსაზღვრო ძლიერებაზე ფიქრი?

16 თუმცა ამჟამად სასწაულებს არ ახდენს, ელიას დროიდან მოყოლებული, იეჰოვა დღემდე არ შეცვლილა (1 კორინთელები 13:8). მას კვლავაც ძალიან სურს, რომ ძალა თავის მოყვარულთა სასარგებლოდ მიმართოს. თუმცა სამყოფელი უმაღლეს სულიერ სამყაროში აქვს, თვითონ შორს როდია ჩვენგან; თანაც უსაზღვრო ძალას ფლობს. ასე რომ, მანძილი, რომელიც მისგან გვაშორებს, სულაც არ არის ხელის შემშლელი. „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“ (ფსალმუნი 145:18). ერთხელ დანიელ წინასწარმეტყველი საშველად უხმობდა იეჰოვას და ლოცვაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ანგელოზი მოევლინა! (დანიელი 9:20—23). იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს თავის მოყვარულთა დახმარებასა და განმტკიცებაში (ფსალმუნი 118:6).

ძლიერება მიუწვდომელს ხდის ღმერთს?

17. როგორ შიშს გვგვრის იეჰოვას ძლიერება, მაგრამ როგორს — არა?

17 შიშს ხომ არ უნდა გვგვრიდეს ღვთის ძლიერება? ამ კითხვას ორი პასუხი აქვს: „დიახ“ და „არა“. „დიახ“ იმიტომ, რომ ეს თვისება შიშნარევი მოწიწების, დიდი მოკრძალებისა და პატივისცემის საკმარის მიზეზს გვაძლევს, რაზეც მოკლედ უკვე ვიმსჯელეთ წინა თავში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამგვარი შიში „სიბრძნის სათავეა“ (ფსალმუნი 111:10). „არა“ კი იმიტომ, რომ, მიუხედავად ღვთის სიძლიერისა, არ უნდა ვგრძნობდეთ მის მიმართ ავადმყოფურ, თავზარდამცემ შიშს და არ უნდა ვერიდებოდეთ მასთან დაახლოებას.

18. ა) რატომ არ ენდობა ბევრი ძალაუფლების მქონეთ? ბ) საიდან ვიცით, რომ იეჰოვაზე უარყოფითად არ მოქმედებს ძალაუფლება?

18 „ძალაუფლება რყვნის ადამიანს; აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის“, — დაწერა ინგლისელმა ისტორიკოსმა ლორდ აკტონმა 1887 წელს. მის აზრს ბევრი იზიარებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან არასრულყოფილი ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას, რაც ისტორიამაც დაადასტურა (ეკლესიასტე 4:1; 8:9). ამის გამო ძალაუფლების მქონეთ ბევრი არ ენდობა, ახლოსაც არ ეკარება. იეჰოვას კი ხელთ უდიდესი ძალაუფლება უპყრია. უარყოფითად ხომ არ იმოქმედა იეჰოვაზე ძალაუფლებამ? არავითარ შემთხვევაში! როგორც დავინახეთ, იგი წმინდა და სრულიად შეუბღალავია. იეჰოვასა და „ამა ქვეყნის ძლიერთა“ შორის განსხვავება დღესავით ნათელია. ძალაუფლება მას ბოროტად არასოდეს გამოუყენებია და არც არასოდეს გააკეთებს ამას.

19, 20. ა) რომელი თვისებები ერწყმის ჰარმონიულად იეჰოვას ძლიერებას და რატომ არის ეს დამაიმედებელი? ბ) როგორ მაგალითს მოიყვანდი იეჰოვას თავშეკავების დასახასიათებლად და რატომ მოგწონს ეს თვისება?

19 გავიხსენოთ, რომ ძლიერება არ არის იეჰოვას ერთადერთი თვისება. ჩვენ კიდევ ბევრს გავიგებთ მისი სამართლიანობის, სიბრძნისა და სიყვარულის შესახებ. მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ იეჰოვას თვისებები თითქოს მექანიკურად და ავტომატურად ვლინდება ერთიმეორის მიყოლებით. პირიქით, მომდევნო თავებში დავინახავთ, რომ იეჰოვას ძლიერება ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმის სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს. გარდა ამისა, ღმერთი ისეთ თვისებასაც ფლობს, რომელსაც „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ იშვიათად ავლენენ — ეს არის თავშეკავება.

20 წარმოიდგინე, რომ ზორბა და მკლავმაგარ კაცს გადაეყარე, რომელმაც თავზარი დაგცა თავისი აღნაგობით. მაგრამ ამჩნევ, რომ ლმობიერი ყოფილა. თანაც ყოველთვის მზად არის და მოწადინებულია, ძალა განსაკუთრებით იმ ადამიანთა დასახმარებლად და დასაცავად გამოიყენოს, რომლებიც უმწეონი არიან და რომელთაც სხვები ადვილად აყენებენ ზიანს. ძალას ბოროტად არასოდეს იყენებს. თანაც ხედავ, რომ თუმცა ცილს სრულიად უსაფუძვლოდ სწამებენ, მაინც თავშეკავებული, მშვიდი, ღირსეული და კეთილია. შენ კი დგახარ და ფიქრობ: ნეტავ მის ადგილას მე თუ ვიქნებოდი ასეთი ლმობიერი და თავშეკავებული?! თანდათან რომ ეცნობი, გიჩნდება სურვილი, დაუახლოვდე მას. განა უფრო მეტად არ უნდა გვინდოდეს ყოვლისშემძლე ღმერთთან დაახლოება?! მოდი მთლიანად წავიკითხოთ ის მუხლი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ თავის სათაურს: „იეჰოვა სულგრძელი და ძლევამოსილია“ (ნაუმი 1:3). იეჰოვა ძალას ადამიანთა, თუნდაც ბოროტთა, საწინააღმდეგოდ დაუყოვნებლივ არ იყენებს. იგი რბილად და კეთილად ეპყრობა ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ჰქონდა განრისხების საფუძვლიანი მიზეზი, მაინც სულგრძელობას ავლენდა (ფსალმუნი 78:37—41).

21. რატომ არ აიძულებს იეჰოვა ადამიანებს, მას ემსახურონ და რაზე მეტყველებს ეს?

21 მოდი სხვა კუთხით განვიხილოთ იეჰოვას თავშეკავება. უსაზღვრო ძალას რომ ფლობდე, ხანდახან მაინც ხომ არ დაუწყებდი ხალხს შენს ჭკუაზე ტარებას? თუმცა მთელი ძალა ხელთ უპყრია, იეჰოვა არავის აიძულებს, რომ ემსახუროს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმსახურება მარადიული სიცოცხლის ერთადერთი გზაა, იეჰოვა ძალას მაინც არავის ატანს. პირიქით, თითოეულ ჩვენგანს ანიჭებს არჩევანის თავისუფლებას. წინასწარ გვაფრთხილებს, რომ, თუ უგუნურ არჩევანს გავაკეთებთ, სიავეს გადავეყრებით, ხოლო კარგი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში სასიკეთო შედეგებს მოვიმკით. თუმცა არჩევანის უფლებას მაინც ჩვენ გვიტოვებს (კანონი 30:19, 20). იეჰოვას სულაც არ უნდა, რომ იძულებით ან მისი ძლიერების მიმართ ავადმყოფური შიშის გამო ვემსახუროთ. პირიქით, მისი სურვილია, რომ სიყვარულითა და სიხარულით ვცეთ თაყვანი (2 კორინთელები 9:7).

22, 23. ა) რა გვიჩვენებს, რომ იეჰოვა სიამოვნებით აძლევს სხვებს ძალას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?

22 ბოლოს ვიმსჯელოთ იმაზეც, თუ რატომ არ უნდა გავატაროთ ცხოვრება ყოვლისშემძლე ღვთისადმი ძრწოლაში. როგორც წესი, ძალაუფლების მქონენი შიშობენ, რომ ძალაუფლებაში ვინმე შეეცილება. მაგრამ იეჰოვა სიამოვნებით უწილადებს ძალას თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს. ის საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ანიჭებს სხვებს, მაგალითად თავის ძეს (მათე 28:18). იეჰოვა თავის მსახურებს სხვა მხრივაც აძლევს ძალას. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვა, დიადი, ძლევამოსილი, ბრწყინვალე, აღმატებული და დიდებული ხარ, რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე! . . ძლიერი და ძლევამოსილი ხარ, შენ ძალგიძს ყველას განდიდება და გაძლიერება“ (1 მატიანე 29:11, 12).

23 დიახ, იეჰოვა სიამოვნებით მოგცემს ძალას. იგი აღმატებულ ძალასაც კი ანიჭებს მათ, ვისაც მისი მსახურება სურს (2 კორინთელები 4:7). გრძნობ სიახლოვეს ძალამოსილ ღმერთთან, რომელიც ძალას სასიკეთოდ და მიზანდასახულად იყენებს? მომდევნო თავში ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ იყენებს იეჰოვა შემოქმედებით ძალას.

a ბერძნული სიტყვა, რომელიც „ყოვლისშემძლედ“ არის ნათარგმნი, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ყველაფრის მმართველს; მას, ვინც ყოველმხრივ ძლიერია“.

b ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ქარში არ იყო იეჰოვა . . . არც მიწისძვრაში . . . არც ცეცხლში“. ბუნების მითური ღმერთების თაყვანისმცემელთაგან განსხვავებით, იეჰოვას მსახურნი არ ფიქრობენ, რომ იგი ბუნების ძალებში მკვიდრობს. ის იმდენად ძლევამოსილია, რომ ვერცერთი მისი ქმნილება ვერ დაიტევს მას (1 მეფეები 8:27).