არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 5

შემოქმედებითი ძალა — ზეცისა და დედამიწის შემოქმედი

შემოქმედებითი ძალა — ზეცისა და დედამიწის შემოქმედი

1, 2. როგორ ვლინდება მზეში იეჰოვას შემოქმედებითი ძალა?

 ᲧᲝᲤᲘᲚᲮᲐᲠ ცეცხლთან ახლოს ცივ ღამეში? ალბათ, ხელებს ზუსტად იმ მანძილიდან უშვერდი კოცონს, რომ გასათბობად სასიამოვნო და საკმარისი ყოფილიყო. თუ ძალიან ახლოდან ეფიცხებოდი, აუტანელ სიცხეს გრძნობდი, ხოლო, თუ მოშორდებოდი, სიცივე ძვალ-რბილში გატანდა.

2 არსებობს ისეთი „ცეცხლი“, რომელიც ყოველდღე გვათბობს. ის დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრითაა ჩვენგან დაშორებული! a მართლაც, რამდენად დიდი ძალა უნდა ჰქონდეს მზეს, რომ ასეთი შორი მანძილიდან ვიგრძნოთ მისი სითბო! საინტერესოა, რომ დედამიწის ორბიტა ამ გამაოგნებელი თერმობირთვული „ღუმლისგან“ ზუსტად საჭირო მანძილით არის დაშორებული. ორბიტა მზესთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, დედამიწაზე მთელი წყალი აორთქლდებოდა, ხოლო უფრო შორს რომ ყოფილიყო — მთლიანად გაიყინებოდა. ფაქტია, ორივე შემთხვევაში ჩვენი პლანეტა უსიცოცხლო იქნებოდა. დედამიწაზე სასიცოცხლოდ ასე საჭირო მზის სინათლე დიდ სამსახურს გვიწევს, თანაც არაფერს აბინძურებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სიამოვნების მონიჭებაზე (ეკლესიასტე 11:7).

3. რა მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ადასტურებს მზე?

3 მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობა საერთოდ არ უფიქრდება, რა მნიშვნელობა აქვს მზეს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა მათი სიცოცხლე მასზეა დამოკიდებული. ამიტომაც არ ესმით ის, რაზეც მზე მოწმობს. ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია: „შენ შექმენი მზე და ნათელი“ (ფსალმუნი 74:16). დიახ, მზეს დიდება მოაქვს იეჰოვასთვის, ზეცისა და დედამიწის შემოქმედისთვის (ფსალმუნი 19:1; 146:6). ის ერთ-ერთია იმ უთვალავ ციურ სხეულთა შორის, რომლებიც იეჰოვას უსაზღვრო შემოქმედებით ძალაზე მიუთითებენ. უფრო დაწვრილებით გამოვიკვლიოთ ზოგიერთი ციური სხეული, შემდეგ კი დედამიწასა და მასზე არსებული სიცოცხლის შესახებ ვისაუბროთ.

იეჰოვამ შექმნა მზე და ნათელი.

„ზეცად აღაპყარით თვალები და შეხედეთ“

4, 5. რამდენად ძლიერი და დიდია მზე, თუმცა როგორია ის სხვა ვარსკვლავებთან შედარებით?

4 ალბათ გეცოდინება, რომ მზე ვარსკვლავია. სხვა ვარსკვლავებზე უფრო დიდი კი იმიტომ ჩანს, რომ მათთან შედარებით ახლოსაა დედამიწასთან. მაგრამ, რამდენად მძლავრია იგი? მის წიაღში ტემპერატურა 15 მილიონ გრადუსს აღწევს. მზის წიაღის ხორბლის მარცვლისოდენა ნაწილი დედამიწაზე რომ დაგვედო, 140 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში უვნებელი არაფერი დარჩებოდა! ყოველ წამში მზე ასობით მილიონი ბირთვული ბომბის აფეთქების ტოლფას ენერგიას გამოსცემს.

5 მზე იმდენად უზარმაზარია, რომ დედამიწის ზომის 1 300 000 პლანეტას ჩაიტევდა. არის თუ არა მზე ყველაზე დიდი ვარსკვლავი? არა, ასტრონომები მას „ყვითელ ჯუჯას“ უწოდებენ. პავლე მოციქული წერდა, რომ „ვარსკვლავებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან დიდებულებით“ (1 კორინთელები 15:41). პავლემ შეიძლება არც კი იცოდა, რამდენად ჭეშმარიტ სიტყვებს წარმოთქვამდა ღვთის შთაგონებით. მაგალითად, არსებობს მართლაც რომ გიგანტური ვარსკვლავი, რომელსაც ზუსტად მზის ადგილმდებარეობა რომ ჰქონოდა, დედამიწას გადაფარავდა. ან კიდევ, ავიღოთ მეორე „გოლიათი“ ვარსკვლავი, რომელიც მზის ადგილას რომ ყოფილიყო, სატურნამდე მიაღწევდა. თუმცა ეს პლანეტა იმდენად შორსაა დედამიწისგან, რომ კოსმოსური ხომალდით იქამდე მისაღწევად ოთხი წელი დაგვჭირდებოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილ ტყვიაზე 40-ჯერ უფრო სწრაფად ვიმოძრავებდით!

6. როგორც ბიბლიიდან ჩანს, რატომ არის ადამიანისთვის ვარსკვლავთა რაოდენობა უთვალავი?

6 ამ ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტ მოწიწებას გვინერგავს, ვიდრე მათი ზომები. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ვარსკვლავთა რაოდენობა მართლაც განუსაზღვრელია და მათი აღრიცხვა ისევე რთულია, როგორც ზღვის ქვიშის დათვლა (იერემია 33:22). ესე იგი, იმაზე უფრო მეტი ვარსკვლავი არსებობს, ვიდრე შეუიარაღებელი თვალი ხედავს. ბიბლიის დამწერ იერემიას ღამით ცისთვის რომ აეხედა და ვარსკვლავების დათვლა ეცადა, მხოლოდ სამი ათასამდე მათგანს თუ დაითვლიდა, ვინაიდან ადამიანს შეუიარაღებელი თვალით მოწმენდილ ცაზე მეტის დანახვა არ შეუძლია. ეს რიცხვი შეიძლება მხოლოდ ერთი მუჭა ქვიშის მარცვლების რაოდენობას შევადაროთ. ვარსკვლავთა რიცხვი კი, ზღვის ქვიშასავით უთვალავია. b ვის შეუძლია მათი დათვლა?

„სახელით უხმობს თითოეულ მათგანს“.

7. რას იტყოდი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების სიმრავლეზე?

7 პასუხს ესაიას 40:26-ში ვკითხულობთ: „ზეცად აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით უხმობს თითოეულ მათგანს“. 147-ე ფსალმუნის მე-4 მუხლში კი ნათქვამია: „ის თვლის ვარსკვლავებს“. რამდენი ვარსკვლავი არსებობს? ეს არც ისე იოლი კითხვაა. ზოგი ასტრონომი ვარაუდობს, რომ მარტო ჩვენს გალაქტიკაში — ირმის ნახტომში — 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია, c ზოგი კი თვლის, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია. მაგრამ ირმის ნახტომი ერთ-ერთია უამრავ გალაქტიკას შორის და მრავალ მათგანში კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავია თავმოყრილი. საერთო ჯამში, რამდენი გალაქტიკა არსებობს? ზოგი ასტრონომის ვარაუდით, ასობით მილიარდი ან ტრილიონობით გალაქტიკა. ასე რომ, ადამიანი გალაქტიკების რაოდენობას ვერ ადგენს; მილიარდობით ვარსკვლავის ზუსტი რიცხვის ცოდნაზე ხომ საუბარი ზედმეტია. იეჰოვამ კი იცის ეს რიცხვი. უფრო მეტიც, თითოეული ვარსკვლავისთვის სახელი აქვს დარქმეული!

8. ა) რას იტყოდი გალაქტიკა ირმის ნახტომის ზომის შესახებ? ბ) რის საშუალებით განაგებს იეჰოვა ციური სხეულების მოძრაობას?

8 გალაქტიკების მასშტაბებს როცა ვუფიქრდებით, შიშნარევი მოწიწება კიდევ უფრო მეტად გვეუფლება. როგორც ვარაუდობენ, გალაქტიკა ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელს უდრის. ესე იგი, სინათლის სხივიც კი, რომელიც წამში 300 000 კილომეტრი სიჩქარით ვრცელდება, ჩვენი გალაქტიკის გადაკვეთას 100 000 წელს მოანდომებდა! ზოგი გალაქტიკა კი ზომით ჩვენსაზე ბევრად უფრო დიდია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვამ ქსოვილივით გადაჭიმა უკიდეგანო ცა (ფსალმუნი 104:2). იგი ამ ქმნილებების მოძრაობასაც განაგებს. ვარსკვლავთშორისი მტვრის პატარა ნაწილაკიდან უზარმაზარ გალაქტიკებამდე, ყველაფერი ურთიერთშეწყობილად მოძრაობს და იმართება ღვთის მიერ დადგენილი ფიზიკური კანონების მიხედვით (იობი 38:31—33). ამიტომაც, მეცნიერები ციურ სხეულთა დახვეწილ მოძრაობას საგულდაგულოდ დადგმულ ცეკვას ადარებენ. წარმოიდგინე ის ერთადერთი პიროვნება, რომელმაც ეს ყოველივე შექმნა. მართლაც რომ შიშითა და მოკრძალებით უნდა ვიმსჭვალებოდეთ ღვთის მიმართ, რომელიც ასეთ შემოქმედებით ძალას ფლობს!

„თავისი ძალით შექმნა დედამიწა“

9, 10. როგორ მეტყველებს იეჰოვას ძალაზე მზის სისტემის, იუპიტერის, დედამიწისა და მთვარის მდებარეობა?

9 იეჰოვას შემოქმედებით ძალაზე მოწმობს ჩვენი პლანეტა დედამიწაც. ღმერთმა სწორედ რომ ზუსტი ადგილი მიუჩინა მას უკიდეგანო სამყაროში. ზოგი მეცნიერის აზრით, მრავალი გალაქტიკა შესაძლოა, „არასტუმართმოყვარე“ ყოფილიყო სიცოცხლისათვის. როგორც ჩანს, არც მთელი ჩვენი გალაქტიკა იყო სასიცოცხლოდ შექმნილი. მის ცენტრში თავმოყრილია ვარსკვლავთა დიდი რაოდენობა. რადიაციის დონე მაღალია და ვარსკვლავთა შეჯახებაც ჩვეულებრივი მოვლენაა. გალაქტიკის გარე საზღვრებში სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტები ნაკლებადაა. ჩვენს მზის სისტემას კი შესანიშნავი მდებარეობა აქვს.

10 დედამიწას დიდ სამსახურს უწევს შორეული, მაგრამ „გოლიათი მფარველი“ — პლანეტა იუპიტერი. ის დედამიწას ათასჯერ აღემატება ზომით და მასზე გაცილებით დიდი მიზიდულობის ძალა აქვს. რა არის ამის შედეგი? იგი თავისკენ იზიდავს ან მიმართულებას უცვლის სივრცეში მოძრავ უსწრაფეს სხეულებს. მეცნიერთა აზრით, რომ არა იუპიტერი, დედამიწა 10 000-ჯერ უფრო მეტი მასიური სხეულის სამიზნე გახდებოდა. ჩვენს მშობლიურ პლანეტას შედარებით ახლოს ჰყავს ერთი სასარგებლო და არაჩვეულებრივი თანამგზავრი — მთვარე. გარდა იმისა, რომ ეს მშვენიერი მნათობი „ღამის ლამპარია“, მთვარის გამოა, რომ დედამიწას დახრილობა არ ეცვლება. დახრილობა კი, თავის მხრივ, წელიწადის დროთა მონაცვლეობას უწყობს ხელს. ეს ხომ კიდევ ერთი სასიკეთო პირობაა სიცოცხლისათვის.

11. როგორ იცავს ატმოსფერო დედამიწას?

11 იმაში, თუ როგორ არის ჩაფიქრებული და მოწყობილი დედამიწა, იეჰოვას შემოქმედებითი ძალა გამოსჭვივის. განვიხილოთ ატმოსფერო, რომელიც ფარივით გვიცავს. მზე გამოსცემს როგორც სასარგებლო, ისე მომაკვდინებელ სხივებს. როცა მომაკვდინებელი სხივები დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში ხვდება, ჟანგბადს ოზონად აქცევს. ოზონის ფენა კი, თავის მხრივ, შთანთქავს ამ სხივების უმეტესობას. გამოდის, რომ ჩვენს პლანეტას თავისებური „დამცავი ქოლგა“ აქვს!

12. როგორ ვლინდება იეჰოვას შემოქმედებითი ძალა წყლის წრებრუნვაში?

12 ჩვენი ატმოსფერო, რომელიც იდეალურად უწყობს ხელს ცოცხალი არსებების სიცოცხლის შენარჩუნებას დედამიწის ზედაპირზე ან მის მახლობლად, აირების მხოლოდ რთული ნაზავი როდია. ატმოსფეროს კიდევ ერთი საოცრება წყლის წრებრუნვაა. ყოველწლიურად მზეს დედამიწის ოკეანეებიდან და ზღვებიდან 400 000 კუბურ კილომეტრზე მეტი წყალი ააქვს ზემოთ ორთქლის სახით. შედეგად, წარმოიქმნება ღრუბლები, რომლებიც ატმოსფერულ ქარს გადააქვს ყველგან. შემდეგ წყალი იფილტრება, იწმინდება და, კვლავ რომ შეავსოს წყლის მარაგი, წვიმის, თოვლისა და ყინულის სახით გვევლინება. ამის შესახებ ეკლესიასტეს 1:7-ში ნათქვამია: „ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება. მდინარეები სათავეებს უბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ“. მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ასეთი სისტემის შექმნა.

13. როგორ მოწმობს შემოქმედის ძალაზე მიწა და მცენარეულობა?

13 საითაც უნდა გავიხედოთ, ყველგან სიცოცხლე დუღს, რაც იეჰოვას შემოქმედებით ძალაზე მოწმობს. ფლორა სასუნთქი ჟანგბადის უდიდეს მოცულობას გვაძლევს; 30-სართულიან შენობაზე მაღლა ატყორცნილი მამონტის ხით დაწყებული, ოკეანეებში მიკროსკოპული მცენარეებით დამთავრებული. მიწა კი სიცოცხლით არის გაჯერებული — მატლები, სოკოები და მიკრობები რთულად ურთიერთქმედებენ ისე, რომ ხელს უწყობენ მცენარეთა ზრდას. ბიბლიიდანაც ვიგებთ, რომ მიწას ნაყოფის მოცემის ძალა აქვს (დაბადება 4:12).

14. რა ძალაა ჩადებული ნამცეცა ატომშიც კი?

14 უდავოდ, იეჰოვამ „თავისი ძალით შექმნა დედამიწა“ (იერემია 10:12). ღვთის ძალა მის უმცირეს ქმნილებებშიც კი აშკარად ვლინდება. მაგალითად, მიჯრით ჩამწკრივებული მილიონობით ატომი ადამიანის თმის ღერის სისქეც კი არ არის. თუკი ატომს 14-სართულიანი შენობის ზომამდე გავზრდით, მისი ბირთვის მდებარეობა მეშვიდე სართულის სიმაღლემდე მიაღწევს, მაგრამ მარილის კრისტალისოდენა იქნება. ბირთვული აფეთქებისას კი საშინელი ძალა სწორედ ამ უსაშველოდ ნამცეცა ბირთვიდან მოდის!

„ყოველი სულდგმული“

15. რა ასწავლა იეჰოვამ იობს სხვადასხვა გარეულ ცხოველზე ყურადღების გამახვილებით?

15 იეჰოვას შემოქმედებით ძალას აშკარად ადასტურებს ისიც, რომ დედამიწაზე მრავალი ცხოველი ბინადრობს. 148-ე ფსალმუნში ჩამოთვლილია მრავალი ისეთი რამ, რაც ხოტბას ასხამს იეჰოვას, მე-10 მუხლში კი ნადირი და პირუტყვია მოხსენიებული. იმის საჩვენებლად, თუ რატომ უნდა გამოავლინოს ადამიანმა შიშნარევი მოკრძალება შემოქმედისადმი, იეჰოვამ ერთხელ იობს ისეთ ცხოველებზე გაუმახვილა ყურადღება, როგორიცაა ლომი, გარეული ვირი, გარეული ხარი, ბეჰემოთი და ლევიათანი (როგორც ჩანს ნიანგი). რაზე გაამახვილა იეჰოვამ ყურადღება ამით? თუკი ადამიანს ამ ძლიერი და საშიში ქმნილებების წინაშე ეუფლება შიში, მათი შემოქმედისადმი როგორი გრძნობა უნდა დაეუფლოს?! (იობი, თავები 38—41).

16. რა გაოცებს იეჰოვას მიერ შექმნილ ფრინველებში?

16 ფსალმუნის 148:10-ში ფრინველიც მოიხსენიება. წარმოიდგინე მათი მრავალფეროვნება! იეჰოვა ელაპარაკა იობს სირაქლემაზე, რომელიც „დასცინის ცხენსაც და მხედარსაც“. მართალია, არ დაფრინავს, მაგრამ ამ 2,5-მეტრის სიმაღლის ფრინველს შეუძლია საათში 65 კილომეტრი გაირბინოს დიდი ნაბიჯებით, თითოეული ნაბიჯის სიგრძე კი 4,5 მეტრია! (იობი 39:13, 18). მეორე მხრივ, ზღვის ზემოთ მოლივლივე ალბატროსი თავის სიცოცხლეს უმეტესად ჰაერში ატარებს. ამ ფრინველის, როგორც ბუნებრივი პლანერის, ფრთათშორისი განი 3 მეტრამდე აღწევს და გაშლილი ფრთებით საათობით შეუძლია იფრინოს. ამის საპირისპიროდ, კოლიბრი, რომლის სიგრძე, სულ რაღაც, 5 სანტიმეტრია, მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩიტია. მას წამში დაახლოებით 80-ჯერ შეუძლია ფრთების დაქნევა! პატარა, ძვირფას ქვასავით მბზინავ კოლიბრს შვეულმფრენივით შეუძლია მანევრირება და უკუფრენაც კი ეხერხება.

17. რა ზომისაა ლურჯი ვეშაპი და რა დასკვნას ვაკეთებთ მას შემდეგ, რაც იეჰოვას მიერ შექმნილ ცხოველებს გავეცანით?

17 ფსალმუნის 148:7-ში ნათქვამია, რომ „ზღვის დიდი ცხოველებიც“ კი ქება-დიდებას შეასხამენ იეჰოვას. ვნახოთ ლურჯი ვეშაპის მაგალითი, რომელიც პლანეტაზე უდიდეს ცხოველად ითვლება. ეს უზარმაზარი ქმნილება ოკეანის სიღრმეებში ბინადრობს და, შესაძლოა, სიგრძეში 30 მეტრს ან უფრო მეტსაც აღწევდეს. წონით კი 30 ზრდასრული სპილოს წონას უტოლდება. ჯერ მარტო სპილოს წონისა ენა აქვს. მისი გულის ზომა პატარა ავტომანქანას უტოლდება. ეს უზარმაზარი ორგანო წუთში მხოლოდ 9-ჯერ ფეთქავს, რაც კონტრასტულად განსხვავდება კოლიბრის გულისგან, რომელიც წუთში დაახლოებით 1 200-ჯერ ძგერს. ლურჯი ვეშაპის სისხლძარღვები იმსიგანეა, რომ შიგ ბავშვი თავისუფლად იცოცებდა. ყოველივე ამის შემხედვარეს მთელი გულით გვინდება, გამოვეხმაუროთ მოწოდებას, რომლითაც წიგნი „ფსალმუნები“ მთავრდება: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი“ (ფსალმუნი 150:6).

რას გვაგებინებს იეჰოვას შემოქმედებითი ძალა

18, 19. იეჰოვას მიერ შექმნილი რომელი სხვადასხვაგვარი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, და რას ვიგებთ ამ ქმნილებებიდან მისი უზენაესობის შესახებ?

18 რას ვიგებთ იქიდან, თუ როგორ იყენებს იეჰოვა თავის შემოქმედებით ძალას? ქმნილებათა მრავალფეროვნების გამო შიშითა და მოკრძალებით ვართ გამსჭვალული. ერთ-ერთმა ფსალმუნმომღერალმა შესძახა: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! . .  სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“ (ფსალმუნი 104:24). მართლაც რომ ასეა! როგორც ბიოლოგებმა დაადგინეს, მილიონზე მეტი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე; მაგრამ დავობენ იმაზე, რომ შეიძლება კიდევ მილიონობით სახეობა არსებობდეს. ხელოვანმა დროდადრო შეიძლება თავისი შემოქმედებითი უნარის სიმწირე იგრძნოს. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას შემოქმედებითი შესაძლებლობები — მისი ძალა, რომ შექმნას მრავალი ახალი და სხვადასხვა ქმნილება — აშკარად ამოუწურავია.

19 იეჰოვას შემოქმედებითი ძალა გვაგებინებს, რომ ისაა უზენაესი. სიტყვა „შემოქმედი“ გამოარჩევს იეჰოვას ყველაფრისგან, სამყაროს ყველა „ქმნილებისგან“. თვით იეჰოვას მხოლოდშობილი ძეც, რომელიც „ოსტატად“ მსახურობდა შემოქმედებითი დროის განმავლობაში, ბიბლიაში არსად მოიხსენიება შემოქმედად ან თანაშემოქმედად (იგავები 8:30; მათე 19:4). ის არის „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი“ (კოლოსელები 1:15). იეჰოვა შემოქმედია და ეს, როგორც უზენაეს მმართველს, სამყაროს მართვის სრულ უფლებას ანიჭებს (რომაელები 1:20; გამოცხადება 4:11).

20. რა იგულისხმება იეჰოვას დასვენებაში მას შემდეგ, რაც დაასრულა თავისი მიწიერი ქმნილებების შექმნა?

20 კვლავაც თუ ავლენს იეჰოვა თავის შემოქმედებით ძალას? როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, როცა იეჰოვამ მეექვსე შემოქმედებით დღეს დაასრულა თავისი შემოქმედებითი საქმიანობა, „მეშვიდე დღეს მან ყველა თავისი საქმისგან დაისვენა“ (დაბადება 2:2). პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ მეშვიდე „დღე“ ათასობით წელს მოიცავდა, რადგან ჯერ კიდევ გრძელდებოდა მის დროში (ებრაელები 4:3—6). მაგრამ ნიშნავს „დასვენება“ იმას, რომ იეჰოვა საერთოდ აღარაფერს აკეთებს? არა, იეჰოვას არასოდეს შეუწყვეტია შრომა (ფსალმუნი 92:4; იოანე 5:17). მისი დასვენება, უბრალოდ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ღმერთი აღარ ქმნის მიწიერ ქმნილებებს. განზრახვების ბოლომდე შესასრულებლად იგი განუწყვეტლივ შრომობს. ამაში წმინდა წერილების შთაგონებაც იგულისხმება; აგრეთვე „ახალი ქმნილების“ შექმნაც, რომელზეც მე-19 თავში ვიმსჯელებთ (2 კორინთელები 5:17).

21. რა გავლენას მოახდენს იეჰოვას შემოქმედებითი ძალა ერთგულ ადამიანებზე მთელი მარადიულობის განმავლობაში?

21 როცა იეჰოვას დასვენების დღე დასასრულს მიუახლოვდება, იგი დედამიწაზე ყველა თავისი ნამოქმედარის შესახებ იტყვის: ‘ძალიან კარგია’, ისევე, როგორც ეს მეექვსე შემოქმედებითი დღის დასასრულს თქვა (დაბადება 1:31). ამის შემდეგ როგორ გამოავლენს უსაზღვრო შემოქმედებით ძალას? ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ კვლავაც მოვიხიბლებით იმით, თუ როგორ გამოიყენებს იეჰოვა შემოქმედებით ძალას. მთელი მარადიულობის განმავლობაში უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვაზე მისი ქმნილებების საშუალებით (ეკლესიასტე 3:11). რაც უფრო მეტს ვისწავლით მის შესახებ, მით უფრო გაგვიღრმავდება შიში და მოწიწება ჩვენი დიდებული შემოქმედის მიმართ და უფრო მეტად დავუახლოვდებით მას.

a ეს ასტრონომიული ციფრები უფრო მეტის მთქმელი რომ იყოს, ასეთი შედარების მოყვანა შეიძლება: მანქანით იგივე მანძილის დაფარვას — თუნდაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში 160 კილომეტრი საათში სიჩქარით გვევლო — ას წელზე მეტს მოვანდომებდით!

b ზოგი ვარაუდობს, რომ ბიბლიურ დროში ტელესკოპისმაგვარ მარტივ ხელსაწყოებს იყენებდნენ. მათი აზრით, მაშინდელი ხალხი სხვაგვარად როგორ გაიგებდა, რომ ვარსკვლავთა რაოდენობა აურაცხელია? ასეთი დაუსაბუთებელი თეორიის მხარდამჭერებს ავიწყდებათ იეჰოვა, ბიბლიის ავტორი (2 ტიმოთე 3:16).

c რამდენ დროს მოანდომებდი 100 მილიარდი ვარსკვლავის დათვლას? ყოველ წამში ერთი მათგანი რომ აღგერიცხა და ასე გემოქმედა ყოველდღე 24 საათის განმავლობაში, 3 171 წელი დაგჭირდებოდა!