არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 13

„იეჰოვას კანონი სრულყოფილია“

„იეჰოვას კანონი სრულყოფილია“

1, 2. რატომ იმსახურებს კანონი უმეტესობის უპატივცემულობას, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გავიღვივოთ სიყვარული ღვთის კანონების მიმართ?

 „ᲙᲐᲜᲝᲜᲘ უფსკრულია . . . ყველაფერს შთანთქავს“. ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ 1712 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წიგნში, რომლის ავტორმა დაუფარავად დაგმო კანონმდებლობა. მიზეზი ისაა, რომ საჩივრების განხილვა ზოგჯერ წლობით ჯანჯლდება და სამართლის მძებნელთ აღატაკებს. მრავალ ქვეყანაში საკანონმდებლო და სასამართლო სისტემა იმდენად რთული, უსამართლობით სავსე და წინააღმდეგობრივია, რომ უმეტესობის უპატივცემულობას იწვევს.

2 მაგრამ დაუკვირდი ზემოხსენებული სიტყვების საპირისპირო აზრს, რომელიც დაახლოებით 2 700 წლის წინათ დაიწერა: „როგორ მიყვარს შენი კანონი!“ (ფსალმუნი 119:97). რატომ გრძნობდა ფსალმუნმომღერალი ესოდენ ძლიერ სიყვარულს? იმიტომ რომ კანონი, რომელსაც ხოტბას ასხამდა, იყო არა რომელიმე მთავრობის, არამედ იეჰოვა ღმერთის მიერ შექმნილი. ამიტომ, თუ უფრო მეტად გამოიკვლევ იეჰოვას კანონს, ალბათ, ფსალმუნმომღერლის მსგავსად, უფრო მეტად გაგიღვივდება ამგვარი გრძნობა. ასეთი გამოკვლევით სამყაროში უდიდებულეს მოსამართლეს გაეცნობი.

უზენაესი კანონმდებელი

3, 4. როგორ დაამტკიცა იეჰოვამ, რომ კანონმდებელია?

3 „ერთია კანონმდებელი და მოსამართლე“, — ნათქვამია ბიბლიაში (იაკობი 4:12). დიახ, მხოლოდ იეჰოვაა ნამდვილი კანონმდებელი. ციური სხეულებიც კი მის მიერ დადგენილი კანონების მიხედვით მოძრაობენ (იობი 38:33). იეჰოვას უთვალავი წმინდა ანგელოზიც მის კანონს ემორჩილება. სხვადასხვა რანგის ანგელოზები ორგანიზებულად ემსახურებიან მას (ფსალმუნი 104:4; ებრაელები 1:7, 14).

4 იეჰოვამ კანონები ადამიანებსაც მისცა. ყოველ ჩვენგანს აქვს სინდისი, რომელიც იეჰოვას სამართლიანობის შეგრძნების ერთგვარ გამოხატულებას წარმოადგენს. ამგვარი შინაგანი კანონი ანუ სინდისი სწორისა და არასწორის გარჩევაში გვეხმარება (რომაელები 2:14). ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, ღმერთმა სრულყოფილი სინდისი მისცა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე კანონი ესაჭიროებოდათ (დაბადება 2:15—17). არასრულყოფილ ადამიანს კი ღვთის ნების შესასრულებლად გაცილებით მეტი კანონი ესაჭიროება. მაგალითად, ნოეს, აბრაამსა და იაკობს იეჰოვა ღმერთი აძლევდა კანონებს, რომელთაც ისინი თავიანთ ოჯახებს გადასცემდნენ (დაბადება 6:22; 9:3—6; 18:19; 26:4, 5). მოგვიანებით უბადლო კანონმდებელმა ისრაელ ერს მოსეს მეშვეობით მისცა კანონი. ეს კანონთა კრებული ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვას სამართლიანობაზე.

მოსეს კანონის მოკლე მიმოხილვა

5. შეიცავდა თუ არა მოსეს კანონი დამამძიმებელ, გართულებულ კანონებს? რატომ პასუხობ ასე?

5 ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ მოსეს კანონი დამამძიმებელ და გართულებულ კანონებს შეიცავს. ასეთ შეხედულებას საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტებასთან. ის მთლიანობაში 600-ზე მეტ კანონს შეიცავს, რაც შეიძლება ბევრად მოგეჩვენოს, მაგრამ თავად განსაჯე: მე-20 საუკუნის დასასრულისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ კანონებს იურიდიული ტომების 150 000 გვერდზე მეტი დაემატა. ესე იგი, ყოველ ორ წელიწადში დაახლოებით 600 კანონი ემატებოდა! გამოდის, რომ მსოფლიოს კანონებთან შედარებით მოსეს კანონი, რაოდენობის თვალსაზრისით, ზღვაში წვეთია. მიუხედავად ამისა, ღვთის კანონი ისრაელთა ცხოვრების ისეთი სფეროებს აწესრიგებდა, რომელთა შესახებაც თანამედროვე კანონებში სიტყვაც კი არაა ნათქვამი. ჩავატაროთ მოკლე მიმოხილვა.

6, 7. ა) რით განსხვავდება მოსეს კანონი სხვა ნებისმიერი კანონმდებლობისგან და რომელია კანონის უდიდესი მცნება? ბ) რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელებს, რომ იეჰოვას უზენაესობა ეღიარებინათ?

6 კანონი იეჰოვას უზენაესობას აღიარებდა. ამიტომ, მოსეს კანონს ვერცერთი სხვა კანონთა კრებული ვერ შეედრება. აი, კანონის უდიდესი მცნება: „ისმინე, ისრაელო! ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი ძალით“. როგორ უნდა გამოეხატა ღვთის ხალხს სიყვარული მის მიმართ? უნდა ემსახურათ ღვთისთვის და დამორჩილებოდნენ მის უზენაეს ხელისუფლებას (კანონი 6:4, 5; 11:13).

7 იეჰოვას მიერ უფლებამოსილ პირებს ყოველი ისრაელი ემორჩილებოდა და ამგვარად აღიარებდნენ მის უზენაესობას. მშობლები, მთავრები, მსაჯულები, მღვდლები და, მოგვიანებით, მეფეები — ყველა ღვთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. იეჰოვა უფლებამოსილთა მიმართ ნებისმიერ ურჩობას თავის მიმართ ურჩობად მიიჩნევდა. მეორე მხრივ, უფლებამოსილებით აღჭურვილებს იეჰოვას რისხვა არ ასცდებოდათ, თუ ხალხს უსამართლოდ ან ქედმაღლურად მოექცეოდნენ (გამოსვლა 20:12; 22:28; კანონი 1:16, 17; 17:8—20; 19:16, 17). ორივე მხარეს მოეთხოვებოდა, მხარი დაეჭირათ ღვთის უზენაესი ხელისუფლებისთვის.

8. როგორ ემსახურებოდა კანონი იეჰოვას სიწმინდის ნორმების დაცვას?

8 კანონი იეჰოვას სიწმინდის ნორმების დაცვას ემსახურებოდა. სიტყვები „წმინდა“ და „სიწმინდე“ დედნისეულ ენაზე 280-ზე მეტჯერ გვხვდება მოსეს კანონში. კანონი ეხმარებოდა ღვთის ხალხს იმის გარჩევაში, თუ რა იყო სუფთა და რა უსუფთაო, წმინდა და უწმინდური. გარდა ამისა, მასში მოხსენიებულია დაახლოებით 70 კანონი, რომელიც ისრაელებს შეახსენებდა, რა და რა შემთხვევაში გახდებოდნენ უწმინდურები. აღნიშნული კანონები ეხებოდა როგორც ჰიგიენისა და კვების, ისე ნარჩენების მოცილების საკითხებს. ამგვარი კანონები ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურებოდა. a მაგრამ მათი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულება ის იყო, რომ ხალხს იეჰოვას კეთილგანწყობა არ მოჰკლებოდა და თავი შორს დაეჭირა მეზობელი გახრწნილი ერების უწმინდური ჩვეულებებისგან. განვიხილოთ მაგალითი.

9, 10. რა არის ნათქვამი კანონში სქესობრივი კავშირისა და მშობიარობის თაობაზე და რა სარგებლობა მოჰქონდა ასეთ კანონებს?

9 კანონის მიხედვით სქესობრივ კავშირს — თუნდაც ეს დაქორწინებულთა შორის ყოფილიყო — და მშობიარობას უწმინდურების პერიოდი მოჰყვებოდა (ლევიანები 12:2—4; 15:16—18). ეს კანონი იმას არ ნიშნავდა, რომ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი და ბავშვის გაჩენა იეჰოვას თვალში უწმინდურება იყო. პირიქით, ეს მისგან ბოძებული ძღვენი იყო (დაბადება 1:28; 2:18—25). აღნიშნული კანონები იეჰოვას სიწმინდეს განადიდებდა და მის თაყვანისმცემლებს ყოველგვარი სიბილწისგან იცავდა. ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ისრაელის მეზობელ ერებში ღვთის თაყვანისმცემლობა სექსთან და ნაყოფიერების რიტუალებთან იყო შერეული. ქანაანელთა რელიგიაში გავრცელებული იყო მამაკაცებისა და ქალების პროსტიტუცია. ირგვლივ უსაშინლესი გახრწნილება იყო მოდებული. კანონი კი იეჰოვასადმი თაყვანისცემასა და სქესობრივ კავშირს საერთოდ აცალკევებდა ერთმანეთისგან. b ამას სხვა დადებითი მხარეებიც ჰქონდა.

10 კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ასწავლიდა ხალხს. c როგორ გადაეცემა თაობიდან თაობას ადამის ცოდვა? განა ეს სქესობრივი კავშირისა და მშობიარობის მეშვეობით არ ხდება? (რომაელები 5:12). დიახ, კანონი ღვთის ხალხს ცოდვის რეალობას შეახსენებდა. მართლაც, ყოველი ჩვენგანი დაბადებისთანავე ცოდვილია (ფსალმუნი 51:5). ამიტომ ჩვენს წმინდა ღმერთს რომ დავუახლოვდეთ, ყველას გვესაჭიროება მიტევება და გამოსყიდვა.

11, 12. ა) კანონის წყალობით სამართლიანობის რომელი მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვა იყო უზრუნველყოფილი? ბ) რა გარანტიებს შეიცავდა კანონი იმისათვის, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყვეტილიყო?

11 კანონი იეჰოვას სრულყოფილ სამართლიანობას ირეკლავდა. მასში ტოლფასობის ანუ შესაბამისობის პრინციპი იყო ჩადებული. კანონში ნათქვამი იყო: „სიცოცხლე სიცოცხლით უნდა ზღოთ, თვალი — თვალით, კბილი — კბილით, ხელი — ხელით, ფეხი — ფეხით“ (კანონი 19:21). ესე იგი, ბოროტმოქმედების ჩადენის შემთხვევაში სასჯელი დანაშაულის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ღვთის სამართლიანობის ეს ასპექტი წითელ ზოლად გასდევდა მთელ კანონს და ქრისტე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის არსის გასაგებად დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, როგორც ამას მე-14 თავიდან შევიტყობთ (1 ტიმოთე 2:5, 6).

12 კანონი იმის გარანტიებსაც შეიცავდა, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყვეტილიყო. მაგალითად, ბრალდება რომ საფუძვლიანად ჩათვლილიყო, სულ მცირე, ორი მოწმის წარდგენა იყო საჭირო. თანაც ცრუმოწმეობის შემთხვევაში მკაცრი სასჯელი იყო განსაზღვრული (კანონი 19:15, 18, 19). მექრთამეობაც სასტიკად იკრძალებოდა (გამოსვლა 23:8; კანონი 27:25). ღვთის ხალხს სავაჭრო გარიგებებშიც კი იეჰოვას სამართლიანობის ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა (ლევიანები 19:35, 36; კანონი 23:19, 20). ასეთი კეთილშობილური და სამართლიანი კანონთა კრებული დიდი კურთხევა იყო ისრაელისთვის!

კანონმდებლობა, რომელშიც შეწყალება და სამართლიანობა მნიშვნელოვანი იყო

13, 14. როგორ გვარდებოდა კანონში ქურდისა და დაზარალებულის მიმართ სამართლიანი მოპყრობის საკითხი?

13 იყო თუ არა მოსეს კანონი მკაცრი, უმოწყალო კანონების კრებული? სრულებითაც არა! მეფე დავითმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „იეჰოვას კანონი სრულყოფილია“ (ფსალმუნი 19:7). დიახ, დავითმა კარგად იცოდა, რომ კანონში შეწყალებასა და სამართლიანობას დიდი ყურადღება ექცეოდა. როგორ ხდებოდა ეს?

14 დღესდღეობით ზოგ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ კანონმა დაზარალებულების უფლებები დაიცვას, გამოდის, რომ უფრო ბოროტმოქმედებზე ზრუნავს. მაგალითად, იმ დროს, როცა ქურდები შეიძლება ციხეში იყვნენ, დაზარალებულებმა, თუმცა შეიძლება არც აღარაფერი შერჩენიათ, მაინც უნდა გადაიხადონ გადასახადი, რომ სახელმწიფომ ციხეებში ბოროტმოქმედები შეინახოს. ძველ ისრაელში არ იყო ისეთი საპატიმროები, როგორიც ახლაა. თანაც სასჯელის სიმკაცრისთვის შეზღუდვები იყო დაწესებული (კანონი 25:1—3). ქურდს მიყენებული ზარალი უნდა აენაზღაურებინა. გარდა ამისა, ამაზე მეტიც უნდა გადაეხადა. რამდენი? სხვადასხვა შემთხვევაში საქმე სხვადასხვაგვარად შეიძლება გადაწყვეტილიყო. როგორც ჩანს, მოსამართლეს შეეძლო აეწონ-დაეწონა არაერთი ფაქტორი, მაგალითად, ინანიებდა თუ არა ცოდვის ჩამდენი. ამით აიხსნება, თუ ქურდის მიერ ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა რატომაა ლევიანების 6:1—7-ში გაცილებით ცოტა, ვიდრე გამოსვლის 22:7-ში.

15. მოწყალებისა და სამართლიანობის რა გარანტიას იძლეოდა კანონი იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ვინმე უნებურად შემოაკვდებოდა?

15 მოწყალებაზე მეტყველებს ისიც, რომ კანონში ყველა დანაშაული არ ითვლებოდა განზრახ დანაშაულად. მაგალითად, როდესაც ადამიანს ვინმე უნებურად შემოაკვდებოდა, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ისრაელის რომელიმე თავშესაფარ ქალაქში გაიქცეოდა, არ მოეთხოვებოდა, რომ სიცოცხლე სიცოცხლით ეზღო. ქალაქის მოსამართლეების მიერ საქმის განხილვის შემდეგ დამნაშავე მღვდელმთავრის სიკვდილამდე იქ უნდა დარჩენილიყო. მერე კი შეეძლო, იქ ეცხოვრა, სადაც მოისურვებდა. ამგვარად ვლინდებოდა იეჰოვას გულმოწყალება. ამავე დროს ეს კანონი ხაზს უსვამდა იმასაც, თუ რამდენად ფასდაუდებელი იყო ადამიანის სიცოცხლე (რიცხვები 15:30, 31; 35:12—25).

16. როგორ იცავდა კანონი ადამიანის უფლებებს?

16 კანონში ადამიანის უფლებების დაცვაც იყო გათვალისწინებული. ვნახოთ, როგორ იყვნენ დაცული მოვალეები. კანონის თანახმად, მევალეს ეკრძალებოდა მოვალის სახლში შეჭრა და სესხის გირაოდ რაიმეს აღება. იგი გარეთ უნდა დარჩენილიყო და მოვალეს გირაო თავად უნდა გამოეტანა. ასე რომ, ადამიანთა სახლები ხელშეუხებელი რჩებოდა. თუ მევალე გირაოდ ტანსაცმელს გამოართმევდა მოვალეს, დაბინდებისას უნდა დაებრუნებინა, ალბათ იმიტომ, რომ მოვალეს ღამე არ შესცივნოდა (კანონი 24:10—14).

17, 18. ომის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებში როგორ და რატომ განსხვავდებოდნენ ისრაელები სხვა ერებისგან?

17 კანონი ომის საკითხებსაც აწესრიგებდა. ღვთის ხალხი ტერიტორიების ხელში ჩაგდებისა თუ დაპყრობის ჟინის დასაკმაყოფილებლად არ აწარმოებდა ბრძოლებს. ამას ღვთის დავალებით აკეთებდა, რასაც „იეჰოვას ომები“ ეწოდებოდა (რიცხვები 21:14). უმრავლეს შემთხვევაში, ისრაელები მოწინააღმდეგე ქალაქს ჯერ დანებებას სთავაზობდნენ. თუ უარზე დადგებოდნენ, მაშინ ისრაელები ალყაში მოაქცევდნენ ქალაქს, მაგრამ ღვთის მიერ დადგენილი წესების თანახმად. მრავალი მეომრისგან განსხვავებით, ისრაელებს ქალების გაუპატიურების ან ხალხის ხელაღებით ხოცვა-ჟლეტის უფლება არ ჰქონდათ. ეს კი არადა, გარემოსაც კი პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ: არ უნდა გაეჩეხათ მოწინააღმდეგეთა ხეხილი. d სხვა ხალხთა ჯარებს არ ჰქონიათ ასეთი შეზღუდვები (კანონი 20:10—15, 19, 20; 21:10—13).

18 უსიამოვნო და მწვავე გრძნობას ხომ არ გიჩენს, ზოგ ქვეყანაში ბავშვებს ჯარისკაცებად რომ ამზადებენ? ძველ ისრაელში ვერავინ წავიდოდა ომში, სანამ 20 წელი არ შეუსრულდებოდა (რიცხვები 1:2, 3). ის კი არადა, იმ სრულწლოვანსაც კი ათავისუფლებდნენ, ვინც ძალიან მშიშარა იყო. ახალდაქორწინებული მამაკაციც მთელი წლით თავისუფლდებოდა ასეთი სარისკო სამსახურისგან, რომ შესძლებოდა მემკვიდრის ნახვა. კანონის თანახმად, ახალდაქორწინებულ მამაკაცს შეეძლო სახლში დარჩენილიყო და ცოლი გაეხარებინა (კანონი 20:5, 6, 8; 24:5).

19. როგორ იცავდა კანონი ქალებს, ბავშვებს, ოჯახებსა და ქვრივ-ობლებს?

19 კანონში ქალების, ბავშვებისა და ოჯახების დაცვა და შენახვაც იყო გათვალისწინებული. მის მიხედვით მშობლებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, რომ შვილებისთვის ყოველთვის ყურადღება მიექციათ და სულიერი საკითხები ესწავლებინათ (კანონი 6:6, 7). კანონის თანახმად, იკრძალებოდა და სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი ფორმის სისხლის აღრევის შემთხვევა (ლევიანები, თავი 18). იგი მრუშობასაც კრძალავდა, რაც ასე ხშირად ანგრევს და სიმშვიდესა და ღირსებას უკარგავს ოჯახებს. კანონი უზრუნველყოფდა ქვრივ-ობლებს და სასტიკად კრძალავდა მათდამი ცუდ მოპყრობას (გამოსვლა 20:14; 22:22—24).

20, 21. ა) მოსეს კანონის თანახმად, რატომ იყო ნებადართული მრავალცოლიანობა ისრაელთა შორის? ბ) რატომ განსხვავდება განქორწინების საკითხი კანონში იმ ნორმისგან, რომელიც იესომ მოგვიანებით აღადგინა?

20 თუ ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, შეიძლება ზოგს კითხვა გაუჩნდეს, თუ რატომ იყო კანონით ნებადართული მრავალცოლიანობა (კანონი 21:15—17). პასუხის მისაღებად კანონს იმდროინდელი ეპოქის თვალით უნდა შევხედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ, თუ მოსეს კანონზე დღევანდელი გადასახედიდან ვიმსჯელებთ, მცდარ დასკვნამდე მივალთ (იგავები 18:13). იეჰოვამ დიდი ხნის წინათ დააწესა ედემში ერთი ქმრისა და ერთი ცოლის ქორწინების მტკიცე კავშირი (დაბადება 2:18, 20—24). მაგრამ იმ დროისათვის, როცა კანონი მისცა ისრაელს, მრავალცოლიანობა ხალხში უკვე ღრმად იყო ფესვგადგმული საუკუნეთა მანძილზე. იეჰოვამ კარგად იცოდა, რომ ჯიუტი ხალხი ხშირად ისეთ ძირითად მოთხოვნებსაც კი ვერ იცავდა, როგორიცაა, მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობისგან განრიდება (გამოსვლა 32:9). ამიტომ გონივრული იყო ის, რომ იეჰოვამ ცოლქმრულ წეს-ჩვეულებათა რეფორმისთვის იმდროინდელი ეპოქა არ აირჩია. ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ მრავალცოლიანობა იეჰოვას მიერ არ იყო დაწესებული. იეჰოვა იყენებდა მოსეს კანონს, რათა თავის ხალხს შორის მრავალცოლიანობის საკითხი მოეწესრიგებინა და არავისთვის მიეცა მისი ბოროტად გამოყენების საშუალება.

21 ასევე მოსეს კანონის თანახმად, მამაკაცს უფლება ჰქონდა, გაჰყროდა თავის ცოლს მთელი რიგი სერიოზული მიზეზების გამო (კანონი 24:1—4). როგორც იესომ თქვა, იუდეველთა „სიჯიუტის გამო“ წავიდა ღმერთი ამ დათმობაზე. მაგრამ ეს დროებით იყო დაშვებული. ქორწინების შესახებ იეჰოვას თავდაპირველი ნორმა იესომ აღუდგინა თავის მიმდევრებს (მათე 19:8).

კანონი ხელს უწყობდა სიყვარულის განვითარებას

22. როგორ და ვის მიმართ უწყობდა ხელს სიყვარულის განვითარებას მოსეს კანონი?

22 შენი აზრით, არსებობს დღეისათვის ისეთი კანონმდებლობა, ხელს რომ უწყობდეს სიყვარულის განვითარებას? მოსეს კანონში უმთავრესი მნიშვნელობა სწორედ ამას ენიჭებოდა. ჯერ მარტო კანონში „სიყვარულად“ ნათარგმნი სიტყვა სხვადასხვა სახით 20-ჯერ გვხვდება. „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“, — ეს იყო მეორე უდიდესი მცნება მთელ კანონში (ლევიანები 19:18; მათე 22:37—40). ღვთის ხალხს სიყვარული არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ მათ შორის მცხოვრები უცხოტომელების მიმართაც უნდა გამოეხატათ, რადგან ახსოვდათ, რომ ერთ დროს თვითონაც უცხონი იყვნენ სხვის მიწა-წყალზე. სიყვარული ასევე ღარიბთა და გულგატეხილთა მიმართაც უნდა გამოევლინათ, ხელი გაემართათ და მათი დუხჭირი ცხოვრებით არ ესარგებლათ. ის კი არადა, საპალნე ცხოველებსაც კეთილად და ყურადღებიანად უნდა მოჰქცეოდნენ (გამოსვლა 23:6; ლევიანები 19:14, 33, 34; კანონი 22:4, 10; 24:17, 18).

23. რის საკეთებლად იყო აღძრული 119-ე ფსალმუნის დამწერი და, მის მსგავსად, რის გაკეთება გვმართებს?

23 განა სხვა რომელი ერი იყო ასეთი კანონმდებლობით კურთხეული? გასაკვირი არ არის, თუ რატომ წერდა ფსალმუნმომღერალი: „როგორ მიყვარს შენი კანონი!“. მაგრამ მისი სიყვარული ზედაპირული გრძნობა როდი იყო. ის აღძრავდა, დამორჩილებოდა კანონს და მის თანახმად ეცხოვრა. მან დასძინა: „მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნი 119:11, 97). დიახ, ფსალმუნმომღერალი რეგულარულად უთმობდა დროს იეჰოვას კანონის შესწავლას და ამიტომ უძლიერდებოდა სიყვარული მისი კანონების მიმართ, და არა მხოლოდ კანონების, არამედ იეჰოვა ღმერთის მიმართაც. შენც განაგრძე ღვთის კანონების შესწავლა, რათა უფრო დაუახლოვდე იეჰოვას, დიდებულ კანონმდებელსა და სამართლიანობის ღმერთს.

a მაგალითად, კანონები, რომლებიც მოითხოვდა, რომ ჩამარხულიყო ადამიანის ექსკრემენტები, კარანტინში ჰყოლოდათ სნეულები და დაბანილიყო ყველა, ვინც მკვდარს შეეხებოდა, საუკუნეებით უსწრებდა მეცნიერულ აღმოჩენებს (ლევიანები 13:4—8; რიცხვები 19:11—13, 17—19; კანონი 23:13, 14).

b მაშინ, როცა ქანაანელთა ტაძრებში ოთახები იყო გამოყოფილი სქესობრივი კავშირისთვის, მოსეს კანონში აკრძალული იყო გაუწმინდურებულთა შესვლა ტაძარში. ასე რომ, ვინაიდან სქესობრივ კავშირს უწმინდურების პერიოდი მოჰყვებოდა, ვერავინ შეძლებდა სექსუალური გარყვნილების შემცველი რიტუალები იეჰოვას თაყვანისმცემლობაში დაეწესებინა.

c სწავლება კანონის მთავარი მიზანი იყო. „იუდაურ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია, რომ „კანონად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „თორა“ „დამოძღვრას“ ნიშნავს.

d კანონში საინტერესო კითხვაა დასმული: „მინდორში მდგარი ხე ადამიანი ხომ არ არის, რომ შეებრძოლოთ?!“ (კანონი 20:19). ფილო, პირველი საუკუნის ებრაელი სწავლული, ამ კანონის მოხსენიებისას ხსნიდა, რომ ღვთის აზრით, „უსამართლობა იყო, აღელვების გამო ჯავრი ეყარათ ან შური ეძიათ უსულო საგნებზე, რომლებსაც დანაშაულთან საერთო არაფერი ჰქონდათ“.