არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 14

იეჰოვამ მრავალი გამოისყიდა

იეჰოვამ მრავალი გამოისყიდა

1, 2. როგორ არის ბიბლიაში კაცობრიობის მდგომარეობა აღწერილი და რა არის ერთადერთი გამოსავალი?

 „ᲛᲗᲔᲚᲘ ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). ამ სიტყვებით პავლე მოციქული ჩვენს დღევანდელ სავალალო მდგომარეობას აღწერს. კაცობრიობის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ტანჯვის, სიკვდილისა და ცოდვისაგან ხსნა თითქოს არსაიდან ჩანს. მაგრამ იეჰოვა ადამიანი არ არის, რომ ზღვარდადებული შესაძლებლობები ჰქონდეს (რიცხვები 23:19). სამართლიანმა ღმერთმა, გასაჭირიდან რომ დავეხსენით, გამოსავალი მოგვიძებნა. ეს გამოსავალი გამოსასყიდია.

2 გამოსასყიდი იეჰოვას მიერ გაღებული უდიდესი ძღვენია. მის საფუძველზე ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან შეგვიძლია გავთავისუფლდეთ (ეფესოელები 1:7). სწორედ იგი გვისახავს მარადიული სიცოცხლის იმედს, ზეცაში იქნება ეს თუ დედამიწაზე სამოთხეში (ლუკა 23:43; იოანე 3:16; 1 პეტრე 1:4). მაინც რა არის გამოსასყიდი და რას გვასწავლის იეჰოვას უბადლო სამართლიანობის შესახებ?

რატომ გახდა გამოსასყიდი საჭირო

3. ა) რატომ გახდა გამოსასყიდი საჭირო? ბ) რატომ ვერ გაუუქმებდა ღმერთი ადამის შთამომავლებს სასიკვდილო სასჯელს?

3 გამოსასყიდის გაღება ადამის ცოდვის გამო გახდა საჭირო, რომელიც ეურჩა ღმერთს და მემკვიდრეობად შთამომავლებს სნეულება, წუხილი, ტკივილი და სიკვდილი დაუტოვა (დაბადება 2:17; რომაელები 8:20). მომხდარის გამო ღმერთი სიბრალულის გრძნობას ვერ აჰყვებოდა და ადამის შთამომავლებს სასიკვდილო სასჯელს უბრალოდ ვერ გაუუქმებდა. ამით თავისივე კანონს დაარღვევდა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). და თუ დათმობაზე წავიდოდა და არ გამოიტანდა სამართლიან გადაწყვეტილებას, მთელ სამყაროში ქაოსი და უკანონობა მოიკიდებდა ფეხს.

4, 5. ა) როგორ დასწამა ცილი სატანამ იეჰოვას და რატომ თვლიდა თავს ვალდებულად ღმერთი, უპასუხოდ არ დაეტოვებინა წაყენებული ბრალდებები? ბ) რაში დასწამა ცილი სატანამ ღვთის ერთგულ მსახურებს?

4 როგორც მე-12 თავში დავინახეთ, ედემის ბაღში მომხდარი ურჩობის გამო მეტად საჭირბოროტო საკითხები წამოიჭრა. ღვთის სახელს სატანამ ჩრდილი მიაყენა. უფრო მეტიც, სიცრუესა და დიქტატორობაში დასდო იეჰოვას ბრალი, თითქოს თავის ქმნილებებს თავისუფლებას არ აძლევდა (დაბადება 3:1—5). სატანა შეეცადა, ხელი შეეშალა ღვთისთვის მართალი ადამიანებით დედამიწის დასახლებაში, რითაც მას საკუთარი განზრახვების შესრულების უუნარობაც დააბრალა (დაბადება 1:28; ესაია 55:10, 11). იეჰოვას რომ წაყენებული ბრალდებები უპასუხოდ დაეტოვებინა, მის გონიერ ქმნილებებს შეიძლება მისი მმართველობის მიმართ ასე თუ ისე ნდობა დაჰკარგოდათ.

5 სატანას არც იეჰოვას ერთგული მსახურები დაუტოვებია ცილისწამების გარეშე. ბრალი დასდო მათ, რომ მხოლოდ გამორჩენის მიზნით ემსახურებოდნენ ღმერთს და საკმარისი იყო გასაჭირში აღმოჩენილიყვნენ, რომ არცერთი აღარ დარჩებოდა ღვთის მხარეს (იობი 1:9—11). როგორც ვხედავთ, ზემოხსენებული საკამათო საკითხების გადაწყვეტა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი იყო, ვიდრე ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდებოდა. იეჰოვა თავს ვალდებულად თვლიდა, უპასუხოდ არ დაეტოვებინა სატანის ცილისმწამებლური ბრალდებები. მაშ, როგორ უნდა გადაეწყვიტა საკამათო საკითხები ისე, რომ ხალხიც გადაერჩინა?

გამოსყიდვა ტოლფასობის პრინციპით

6. რომელი გამოთქმებით აღიწერება ბიბლიაში გამოსავალი, რომელიც ღმერთმა ხალხის გადასარჩენად გამოძებნა?

6 იეჰოვას მიერ მოფიქრებული გამოსავალი დიდებული მოწყალებისა და უნაკლო სამართლიანობის გამოხატულებას წარმოადგენს, რომლის გამონახვა კაცისთვის შეუძლებელია, თუმცა გამოსავალი უაღრესად მარტივია. ის გულისხმობს შემორიგებას, შეწყნარებას, გამოსყიდვას და დაფარვას (ფსალმუნი 49:8; დანიელი 9:24; გალატელები 3:13; კოლოსელები 1:20; ებრაელები 2:17). მაგრამ გამოთქმა, რომელიც ყველაზე უკეთ გვარკვევს საქმის ვითარებაში, თავად იესომ გამოიყენა, როცა თქვა: «არც კაცის ძე მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე გაწიროს მრავალთა გამოსასყიდად [ბერძნულად ლიტრონ]» (მათე 20:28).

7, 8. ა) რა გაგებითაა გამოყენებული სიტყვა „გამოსასყიდი“ წმინდა წერილებში? ბ) რას ნიშნავს, რომ გამოსასყიდში იგულისხმება ტოლფასობა?

7 რა არის გამოსასყიდი? ზემოხსენებული ბერძნული სიტყვა წარმოდგება ზმნისგან და ნიშნავს „გაშვებას, გათავისუფლებას“. იგი იმ თანხაზე მიანიშნებდა, რომელიც ომში დატყვევებული პატიმრების გასათავისუფლებლად იყო საჭირო. მაშასადამე, გამოსასყიდი მიუთითებს ისეთ რაღაცაზე, რაც რაიმეს გამოსახსნელად, უკან დასაბრუნებლად უნდა იქნეს გაღებული. ებრაულ წერილებში კი სიტყვა, რომელიც „გამოსასყიდს“ ნიშნავს (კოფერ), წარმოდგება ზმნის საწყისი ფორმისგან — „დაფარვა“. მაგალითად, ღმერთმა უთხრა ნოეს, კიდობანი ფისით დაეფარა (იგივე სიტყვის ერთ-ერთი ფორმა) (დაბადება 6:14). ეს ნიუანსი გვაგებინებს, რომ გამოსყიდვა აგრეთვე ცოდვების დაფარვას ნიშნავს (ფსალმუნი 65:3).

8 საგულისხმოა „ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ გაკეთებული შენიშვნა, რომ ეს სიტყვა (კოფერ) „ყოველთვის მიუთითებს ტოლფასობაზე“ ანუ შესაბამისობაზე. მსგავსად ამისა, ცოდვა რომ გამოისყიდო, ანუ დაფარო, ისეთი ოდენობის საფასური უნდა გადაიხადო, რომელიც სრულად შეესაბამება, ანუ ფარავს, ცოდვით გამოწვეულ ზარალს. ისრაელი ერისთვის მიცემულ ღვთის კანონშიც ამაზე იყო საუბარი: „სიცოცხლე სიცოცხლით უნდა ზღოთ, თვალი — თვალით, კბილი — კბილით, ხელი — ხელით, ფეხი — ფეხით“ (კანონი 19:21).

9. რატომ სწირავდნენ ცხოველებს მორწმუნე მამაკაცები და რა დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას ასეთი შესაწირავების მიმართ?

9 აბელიდან დაწყებული ყველა მორწმუნე კაცი სწირავდა ღმერთს ცხოველებს მსხვერპლად. ეს ნიშნავდა, რომ არ ავიწყდებოდათ თავიანთი ცოდვილი მდგომარეობა და რომ გამოსასყიდს საჭიროებდნენ; ისინი ამით აგრეთვე რწმენას ავლენდნენ, რომ ღმერთი აღთქმული შთამომავლის მეშვეობით იხსნიდა (დაბადება 3:15; 4:1—4; ლევიანები 17:11; ებრაელები 11:4). იეჰოვა იწონებდა ასეთ მსხვერპლს და მათ შემწირველებს. მაგრამ ცხოველთა შესაწირავს ერთგვარი მინიშნების გარდა სხვა დანიშნულება არ გააჩნდა. ცხოველები ადამიანებს ბევრად ჩამოუვარდებიან და თავისთავად ცხადია, რომ მათ ცოდვებს ვერ დაფარავდნენ (ფსალმუნი 8:4—8). ბიბლია შენიშნავს, რომ „მოზვრებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვის აღმოფხვრა“ (ებრაელები 10:1—4). ასეთი მსხვერპლშესაწირავები მხოლოდ სიმბოლოს წარმოადგენდა იმ ნამდვილი გამოსასყიდისა, რომელიც ხალხის სასარგებლოდ გაიღებოდა.

„შესაბამისი გამოსასყიდი“

10. ა) ვისი შესაბამისი უნდა ყოფილიყო გამომსყიდველი და რატომ? ბ) რატომ იყო საკმარისი მხოლოდ ერთი ადამიანის შეწირვა?

10 „ადამის გამო კვდება ყველა“, — თქვა პავლე მოციქულმა (1 კორინთელები 15:22). მაშასადამე, გამოსასყიდი რომ გაღებულიყო, უნდა მომკვდარიყო ვინმე, ადამის აბსოლუტური თანასწორი — სრულყოფილი ადამიანი (რომაელები 5:14). წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლის პინები ერთიმეორეს ვერ გაუტოლდებოდა. ესე იგი, შესაბამის გამოსასყიდს მხოლოდ ის სრულყოფილი ადამიანი თუ გაიღებდა, რომელიც ადამის აბსოლუტურად თანასწორი იქნებოდა, მაგრამ საერთო არაფერი ექნებოდა ადამისგან წამოსულ სასიკვდილო ცოდვასთან (1 ტიმოთე 2:6). ამავე დროს, არ იყო საჭირო, ასობით მილიონი სრულყოფილი ადამიანი შეწირულიყო ადამის თითოეული შთამომავლის გამოსასყიდად. მოციქულმა პავლემ საკითხი ასე ახსნა: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“ (რომაელები 5:12). და რადგან „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა“, ღმერთმა ხალხის გამოსყიდვა ერთი ადამიანის მიერვე გადაწყვიტა (1 კორინთელები 15:21). როგორ?

„შესაბამისი გამოსასყიდი . . . ყველასათვის“.

11. ა) როგორ უნდა მომკვდარიყო გამომსყიდველი ყველას გულისთვის? ბ) რატომ ვერ გავრცელდებოდა ადამსა და ევაზე გამოსყიდვა? (იხილე სქოლიო).

11 იეჰოვამ ყველაფერი ისე მოაგვარა, რომ სრულყოფილ კაცს ნებაყოფლობით შეეწირა საკუთარი სიცოცხლე. რომაელების 6:23-დან ჩანს, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. მაშასადამე, სიცოცხლე რომ შეეწირა, გამომსყიდველი „ყველას გულისთვის [უნდა] მომკვდარიყო“. მას, ასე ვთქვათ, ადამის ცოდვის საზღაური უნდა გადაეხადა (ებრაელები 2:9; 2 კორინთელები 5:21; 1 პეტრე 2:24). ამ გადადგმულ ნაბიჯს კი სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვებოდა. ადამის შთამომავალთათვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს გამოსასყიდის წყალობით ძალა დაეკარგებოდა და ამით ცოდვის მომაკვდინებელი ძალა სათავეშივე მოისპობოდა a (რომაელები 5:16).

12. მოიყვანე მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ვალის გადახდას შვება მოუტანოს უამრავ ხალხს.

12 უკეთ რომ გავიგოთ, რამდენად დიდი შვება მოაქვს ასეულობით მილიონი ადამიანისთვის ადამის ცოდვისგან გამოსყიდვას, მოვიყვანოთ მაგალითი. ვთქვათ, ცხოვრობ ქალაქში, რომლის მოსახლეობის უმეტესობაც დიდ ქარხანაში მუშაობთ. ყველას კარგ გასამრჯელოს გიხდიან. ერთი სიტყვით, მშვენივრად ცხოვრობ. უცბად ქარხანა დაიხურა. მიზეზი? მენეჯერმა ქრთამის აღებას მიჰყო ხელი და ქარხანა შეგნებულად გააკოტრა. შენ და შენი თანამშრომლები თვალსა და ხელს შუა უმუშევრებად დარჩით და ხარჯებს ვეღარ აუდიხართ. ყველას — მეუღლეებს, შვილებს, კრედიტორებს — იმ ერთი კაცის მექრთამეობამ გაუჩინა სატკივარი. მოიძებნებოდა გამოსავალი? დიახ, და მოიძებნა კიდეც! ერთმა მდიდარმა კეთილისმყოფელმა, რომელმაც კარგად იცოდა კომპანიის მდგომარეობა და, იმავდროულად, გულიც შესტკიოდა გასაჭირში ჩაცვენილ უამრავ მუშასა და მათ ოჯახებზე, გადაწყვიტა, საქმეში ჩარეულიყო. მან კომპანიის ვალი გადაიხადა და ქარხანა ხელახლა გახსნა. საბოლოოდ, საზღაურის გადახდამ შვება მოუტანა მუშებს, მათ ოჯახებსა და კრედიტორებს. ამის მსგავსად, ადამის „ვალის გასტუმრებასაც“ მილიონებისთვის მოაქვს შვება.

ვინ იზრუნა გამოსასყიდზე?

13, 14. ა) რა გააკეთა იეჰოვამ კაცობრიობის გამოსასყიდად? ბ) ვისთვის იქნა გადახდილი გამოსასყიდი და რატომ იყო ასეთი საზღაურის გადახდა აუცილებელი?

13 მხოლოდ იეჰოვას შეეძლო მოეცა „კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოანე 1:29). ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად არა ზერელედ ამორჩეული რომელიმე ანგელოზი გამოგზავნა, არამედ ის პიროვნება, ვინც იეჰოვას მსახურთა წინააღმდეგ სატანის ბრალდებას საბოლოოდ გააქარწყლებდა. დიახ, იეჰოვამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, თავისი მხოლოდშობილი ძე შემოგვწირა, რომლითაც „ყოველდღე ხარობდა“ (იგავები 8:30). ღვთის ძემ ნებაყოფლობით დათმო ზეციერი მდგომარეობა (ფილიპელები 2:7). იეჰოვამ მისი სიცოცხლე სასწაულებრივად გადაიტანა ებრაელი ქალწულის, მარიამის, საშვილოსნოში (ლუკა 1:27, 35). როგორც ადამიანს, მას იესო ერქვა, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით თუ ვიტყვით, რადგან ადამის თანასწორი იყო, მისთვის მეორე ადამიც შეგვეძლო გვეწოდებინა (1 კორინთელები 15:45, 47). ამიტომ იესოს შეეძლო საკუთარი სიცოცხლე ცოდვილი კაცობრიობის გამოსასყიდად გაეღო.

14 მაგრამ ვისთვის უნდა გადახდილიყო გამოსასყიდი? ფსალმუნის 49:7-ში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ღვთისთვის. კი მაგრამ, გამოსასყიდის გაღებაზე ხომ თვითონ იეჰოვამ იზრუნა? მართალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოსასყიდის გადახდა ყოველგვარ აზრს მოკლებული აღებ-მიცემაა, თითქოს ერთი ჯიბიდან იღებ და მეორეში იდებ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს გამოსასყიდის არა უბრალო გაცვლა-გამოცვლასთან, არამედ სამართლებრივ პროცესთან. თუმცა უდიდეს ფასად დაუჯდა, იეჰოვამ გამოსასყიდის საზღაურის გადახდაზე იზრუნა და ამრიგად თავის სრულყოფილ სამართლიანობას უერთგულა (დაბადება 22:7, 8, 11—13; ებრაელები 11:17; იაკობი 1:17).

15. რატომ იყო აუცილებელი, რომ იესო ტანჯულიყო და მომკვდარიყო?

15 ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე იესომ ნებაყოფლობით აირჩია ურთულესი გზა, რომელიც გამოსასყიდის გაღებით დასრულდა. ის ბრალმდებლებს ნებით ჩაჰბარდა, უფლება მისცა, დამნაშავედ ეცნოთ და ძელზე გაკვრით დაესაჯათ. იყო კი აუცილებელი, რომ იესო ასე მწარედ დატანჯულიყო? დიახ, საქმე ღვთის მსახურთა ერთგულების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას ეხებოდა. საგულისხმოა, რომ ღმერთმა არ დაუშვა, ჩვილი იესო ჰეროდეს მოეკლა (მათე 2:13—18). ხოლო, როცა სრულასაკოვანი გახდა, საკითხის არსში სრულად გათვითცნობიერებულმა იესომ უკვე თავად შეძლო მედგრად დახვედროდა სატანის მწვავე შემოტევებს. b მიუხედავად ულმობელი მოპყრობისა, იგი დარჩა „ერთგული, უდანაშაულო, წაუბილწველი, ცოდვით დაულაქავებელი“ და ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურა, რომ იეჰოვას ნამდვილად ჰყავს მსახურები, რომლებიც განსაცდელისას ერთგულებას ინარჩუნებენ (ებრაელები 7:26). ასე რომ, გასაკვირი არ არის, რატომ შესძახა სიკვდილის წინ იესომ გამარჯვების ნიშნად: „აღსრულდა!“ (იოანე 19:30).

გამოსყიდვის დასრულება

16, 17. ა) როგორ განაგრძო იესომ გამოსყიდვა? ბ) რატომ იყო აუცილებელი, რომ იესო წარმდგარიყო ჩვენი გულისთვის ღვთის წინაშე?

16 იესოს ჯერ კიდევ ბოლომდე ჰქონდა მისაყვანი გამოსყიდვა. იგი სიკვდილიდან მესამე დღეს აღადგინა იეჰოვამ (საქმეები 3:15; 10:40). ამ ღირსშესანიშნავი მოვლენით ღმერთმა თავისი ძე არა მარტო დააჯილდოვა ერთგულად მსახურებისთვის, არამედ მღვდელმთავრად დანიშნა და გამოსყიდვის დასრულების შესაძლებლობაც მისცა (რომაელები 1:4; 1 კორინთელები 15:3—8). მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ „როცა ქრისტე მოვიდა, როგორც ახლანდელ კურთხევათა მღვდელმთავარი . . . ის თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდათაწმინდაში და მარადიული ხსნა მოგვიპოვა. ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდათაწმინდაში, რომელიც ნამდვილს განასახიერებდა, არამედ თვით ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის წინაშე წარდგეს“ (ებრაელები 9:11, 12, 24).

17 იესო თავის ფიზიკურ სისხლს ვერ აიტანდა ზეცაში (1 კორინთელები 15:50). მან აიტანა ის, რისი სიმბოლოც სისხლი იყო, კერძოდ მსხვერპლად შეწირული სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის სამართლებრივი საზღაური, და წარუდგინა ღმერთს, როგორც ცოდვილი ხალხის სახსნელად გაღებული გამოსასყიდი. მოიწონა იეჰოვამ შენაწირი? დიახ, და ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც ახ. წ. 33 წელს დაახლოებით 120 მოწაფე წმინდა სულით აღივსო იერუსალიმში (საქმეები 2:1—4). ამ მოვლენამ ენით აუწერელი სიხარული მოიტანა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ კურთხევებისა, რომლებიც გამოსყიდვამ მოუტანა კაცობრიობას.

კურთხევები გამოსყიდვის წყალობით

18, 19. ა) რომელი ორი ჯგუფი ღებულობს კურთხევებს გამოსყიდვიდან? ბ) ჩამოთვალე ის კურთხევები, რომლებიც გამოსასყიდის წყალობით აქვს „უამრავ ხალხს“ ახლა და ექნება მომავალში.

18 კოლოსელების მიმართ წერილში პავლე მოციქულმა ახსნა, რომ ღმერთმა მოისურვა, წამების ძელზე ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის მეშვეობით მშვიდობა დაემყარებინა და ქრისტეს მეშვეობითვე შემოერიგებინა ყოველივე არსებული. პავლემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ღმერთმა ადამიანთა ორი განსხვავებული ჯგუფი შემოირიგა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება „ყოველივე . . . ზეცაში“, ხოლო მეორეს — „ყოველივე დედამიწაზე“ (კოლოსელები 1:19, 20; ეფესოელები 1:10). პირველ ჯგუფში შედის 144 000 ქრისტიანი, რომლებიც ზეცაში მღვდლებად და მეფეებად იმსახურებენ. ისინი ქრისტესთან ერთად დედამიწაზე იმმართველებენ (გამოცხადება 5:9, 10; 7:4; 14:1—3). კურთხევები, რომლებიც გამოსყიდვას მოაქვს, მათი მეშვეობით თანდათანობით გავრცელდება მორჩილ ადამიანებზე ათასი წლის განმავლობაში (1 კორინთელები 15:24—26; გამოცხადება 20:6; 21:3, 4).

19 სიტყვებში „ყოველივე დედამიწაზე“ იგულისხმებიან ისინი, ვინც მარადიულ ცხოვრებას ელიან სამოთხეში დედამიწაზე. ამ ჯგუფს გამოცხადების 7:9—17-ში „უამრავი ხალხი“ ეწოდება, რომლებიც კარზე მომდგარ „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ. მაგრამ გამოსყიდვიდან კურთხევების მისაღებად სულაც არ არის საჭირო ლოდინი. მათ უკვე „გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს“. სიყვარულით გაღებული გამოსასყიდის მიმართ რწმენა გამოავლინეს და სულიერ კურთხევებს ღებულობენ. ღმერთმა ისინი მართლებად გამოაცხადა და მეგობრები უწოდა (იაკობი 2:23). იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე შეუძლიათ თამამად მიუახლოვდნენ „წყალობის ტახტს“ (ებრაელები 4:14—16). მათ ცოდვები მიეტევებათ (ეფესოელები 1:7). არასრულყოფილების მიუხედავად, სუფთა სინდისითაც გამოირჩევიან (ებრაელები 9:9; 10:22; 1 პეტრე 3:21). ამრიგად, ღმერთთან შერიგება არის არა ოცნება, რომელიც ან ახდება ან არა, არამედ რეალობა (2 კორინთელები 5:19, 20). ათასწლიანი დროის განმავლობაში ნელ-ნელა გათავისუფლდებიან „ხრწნის მონობისგან“ და ბოლოს „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ მიაღწევენ (რომაელები 8:21).

20. პირადად როგორ გეხმარება გამოსყიდვაზე ფიქრი?

20 ვმადლობთ ღმერთს, რომელმაც „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით“ გამოგვისყიდა (რომაელები 7:25). გამოსყიდვის არსი რთული გასაგები არაა, მაგრამ იმდენად დიდმნიშვნელოვანია, რომ შიშნარევი მოკრძალებით გვავსებს (რომაელები 11:33). მასზე მადლიერებით ფიქრი გულის სიღრმემდე შეგვძრავს და უფრო დაგვაახლოებს სამართლიან ღმერთთან. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, უსაფუძვლოდ როდი ვასხამთ იეჰოვას ხოტბა-დიდებას, რომელიც „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმუნი 33:5).

a ადამსა და ევაზე ვერ გავრცელდებოდა გამოსყიდვა. მოსეს კანონში ნათქვამი იყო, თუ რას დაიმსახურებდა განზრახ მკვლელობის ჩამდენი: „არ აიღოთ გამოსასყიდი კაცისმკვლელის სახსნელად, რომელიც სიკვდილს იმსახურებს; ის უნდა მოკვდეს“ (რიცხვები 35:31). ადამი და ევა შეგნებულად ეურჩნენ ღმერთს და ფაქტია, რომ სიკვდილი დაიმსახურეს და დაკარგეს მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა.

b ადამის ცოდვა რომ გაებათილებინა, იესო უნდა მომკვდარიყო არა როგორც სრულყოფილი ბავშვი, არამედ როგორც სრულყოფილი კაცი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამმა საკუთარი ნებით შესცოდა, თანაც იცოდა ცოდვის სერიოზულობა და შედეგები. აქედან გამომდინარე, „უკანასკნელი ადამი“ რომ გამხდარიყო და ცოდვა დაეფარა, იესო საქმეში მთლიანად უნდა ყოფილიყო ჩახედული და შეგნებულად უნდა გაეკეთებინა არჩევანი, კერძოდ კი იეჰოვასადმი უმწიკვლობა შეენარჩუნებინა (1 კორინთელები 15:45, 47). ამრიგად, იესოს ერთგულებით — მოწამებრივი სიკვდილის ჩათვლით — გამართლდა მრავალი (რომაელები 5:18, 19).