არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 19

ღვთის სიბრძნე, რომელიც წმინდა საიდუმლოშია

ღვთის სიბრძნე, რომელიც წმინდა საიდუმლოშია

1, 2. რა „წმინდა საიდუმლომ“ უნდა დაგვაინტერესოს და რატომ?

 ᲡᲐᲘᲓᲣᲛᲚᲝ! ადამიანებს ხშირად უჭირთ საიდუმლოს შენახვა, რადგან მასში დაფარულია რაღაც მიმზიდველი, ინტერესის აღმძვრელი და თავბრუდამხვევი. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ „ღვთის დიდება საქმის გაუმჟღავნებლობაა“ (იგავები 25:2). დიახ, როგორც უზენაესი მმართველი და შემოქმედი, იეჰოვა უფლებამოსილია, საიდუმლოდ შეინახოს ზოგი რამ და მანამ არ გაუმხილოს ადამიანებს, ვიდრე ამის დრო არ დადგება.

2 და მაინც, იეჰოვამ თავის სიტყვაში მიმზიდველი და ინტერესის აღმძვრელი საიდუმლო გაგვიმჟღავნა. მას ღვთის „ნების წმინდა საიდუმლო“ ეწოდება (ეფესოელები 1:9). მისი გაგება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ამ საიდუმლოს ცოდნას შეუძლია გადარჩენის გზა მიგითითოს და იეჰოვას უსაზღვრო სიბრძნეზეც შეგიქმნას წარმოდგენა.

საიდუმლოს თანდათანობით გამჟღავნება

3, 4. რა იმედის მომცემი წინასწარმეტყველება იყო ჩაწერილი დაბადების 3:15-ში და რა „წმინდა საიდუმლო“ იყო ეს?

3 ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იეჰოვას არ გამოუვიდა თავისი განზრახვის შესრულება, კერძოდ კი მთელი დედამიწის სრულყოფილი ადამიანებით დასახლება. მაგრამ ღმერთი სასწრაფოდ შეუდგა პრობლემის გადაწყვეტას. მან თქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავალსა და მის შთამომავალს შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ!“ (დაბადება 3:15).

4 ეს რაღაც თავსატეხი და ბინდით მოცული სიტყვები იყო. ვინ იყო ქალი? ვინ იყო გველი? ვინ იყო „შთამომავალი“, რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავდა? ადამსა და ევას ვერც კი წარმოედგინათ ამ კითხვებზე პასუხი. მიუხედავად ამისა, ღვთის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები იმედს უსახავდა ამ ორგული წყვილის ყველა ერთგულ შთამომავალს. სიმართლე გაიმარჯვებდა და იეჰოვას განზრახვაც განხორციელდებოდა. მაგრამ როგორ? ეს საიდუმლო იყო! ბიბლია მასზე საუბრობს, როგორც „წმინდა საიდუმლოზე . . . რომელშიც ღვთის სიბრძნეა დაფარული“ (1 კორინთელები 2:7).

5. მაგალითით ახსენი, რატომ გაამჟღავნა იეჰოვამ თავისი საიდუმლო თანდათანობით.

5 როგორც „საიდუმლოთა განმცხადებელი“, იეჰოვა საბოლოოდ ცნობილს გახდიდა ამ საიდუმლოსთან დაკავშირებულ დეტალებს (დანიელი 2:28). მაგრამ ამას თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთებდა. თვალსაჩინოებისთვის, შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უპასუხებდა მოსიყვარულე მამა შვილის მიერ დასმულ შეკითხვას: „მამიკო, როგორ გავჩნდი?“. გონიერი მშობელი მხოლოდ იმას ეტყოდა, რაც პატარისთვის იქნებოდა გასაგები. ხოლო როდესაც წამოიზრდებოდა, მამამისი უფრო მეტს აუხსნიდა. ასევე იეჰოვამ ზუსტად იცის, როდის არის მისი ხალხი მზად იმისათვის, რომ გაუმჟღავნოს თავისი ნება და განზრახვა (იგავები 4:18; დანიელი 12:4).

6. ა) რა მიზანს ემსახურება შეთანხმება ანუ ხელშეკრულება? ბ) რით არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ იეჰოვა მაინც უდებს შეთანხმებებს ადამიანებს?

6 როგორ ამჟღავნებდა იეჰოვა საიდუმლოს თანდათანობით? უმეტესწილად, ეს შეთანხმებების, იგივე ხელშეკრულების მეშვეობით გააკეთა. ალბათ, ხელშეკრულება შენც დაგიდია; შესაძლებელია ბინის ყიდვისას ან ფულის სესხება-გასესხებისას. ასეთი დოკუმენტი იმის კანონიერ გარანტიას იძლევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულდება. მაგრამ რისთვის დასჭირდებოდა იეჰოვას ოფიციალური შეთანხმების ანუ ხელშეკრულების დადება ადამიანებთან? ღვთის სიტყვა ხომ მისი დანაპირების შესრულების ისედაც საკმარისი გარანტიაა. ეს მართალია, და მაინც, ზოგ შემთხვევაში ღმერთმა სიყვარულიდან გამომდინარე თავისი სიტყვა კანონიერი შეთანხმებებით გაამყარა. ასეთი შეთანხმებები ჩვენ — არასრულყოფილ ადამიანებს — კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს იეჰოვას დაპირებების შესრულებაში (ებრაელები 6:16—18).

აბრაამთან დადებული შეთანხმება

7, 8. ა) რა შეთანხმება დადო იეჰოვამ აბრაამთან, რომელიც წმინდა საიდუმლოს ჰფენდა ნათელს? ბ) თანდათანობით როგორ დააკონკრეტა იეჰოვამ აღთქმული „შთამომავლის“ საგვარეულო ხაზი?

7 ადამიანის სამოთხიდან გაძევებიდან ორი ათასი წლის შემდეგ იეჰოვამ თავის ერთგულ აბრაამს უთხრა: „გაკურთხებ, ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს . . . შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან დამემორჩილე“ (დაბადება 22:17, 18). ეს დანაპირებზე მეტს ნიშნავდა. იეჰოვამ ის კანონიერ შეთანხმებასავით ჩამოაყალიბა და ფიცით განამტკიცა (დაბადება 17:1, 2; ებრაელები 6:13—15). რა საოცარია, რომ უზენაესმა უფალმა, ფაქტობრივად, ოფიციალური შეთანხმება დადო, რომ აკურთხებდა კაცობრიობას!

„ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ შენს შთამომავალს“.

8 აბრაამთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ აღთქმული შთამომავალი ადამიანის მოდგმიდან მოვიდოდა, რადგან ის აბრაამის შთამომავალი იქნებოდა. მაგრამ ვინ იქნებოდა ეს აღთქმული „შთამომავალი“? გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ განაცხადა, რომ აბრაამის ვაჟებიდან ისაკი იქნებოდა აღთქმული შთამომავლის წინაპარი. ხოლო ისაკის ორი ვაჟიდან იაკობი იქნა ამორჩეული (დაბადება 21:12; 28:13, 14). მოგვიანებით, იაკობმა თავისი 12 ვაჟიდან ერთ-ერთის მიმართ ეს წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა: „არ მოსცილდება იუდას სამეფო კვერთხი და მთავრის კვერთხი, სანამ არ მოვა შილო; [ვისაც ის ეკუთვნის] მას დაემორჩილებიან ხალხები“ (დაბადება 49:10, სქოლიო). ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ აღთქმული „შთამომავალი“ იუდას საგვარეულო ხაზში მოვიდოდა და მეფე იქნებოდა!

ისრაელთან დადებული შეთანხმება

9, 10. ა) რა შეთანხმება დადო იეჰოვამ ისრაელთან და რა მხრივ დაიცვა ამ შეთანხმებამ ერი? ბ) როგორ გამოააშკარავა კანონმა, რომ კაცობრიობა გამოსყიდვას საჭიროებდა?

9 ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვას მიერ წამოწყებულმა საქმემ წმინდა საიდუმლოს შემდგომ გამჟღავნებას შეუწყო ხელი. ღმერთმა აბრაამის შთამომავლებთან, ისრაელ ერთან, დადო შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოსეს კანონი ძალაში აღარ არის, სწორედ კანონის შეთანხმებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა იეჰოვას განზრახვის განხორციელებაში, რომელიც აღთქმული „შთამომავლის“ მოსვლას ეხებოდა. როგორ? მოდი განვიხილოთ, რა სამ მიზანს ემსახურებოდა კანონი ამ მხრივ. პირველი, კანონი დამცავი კედლის როლს ასრულებდა (ეფესოელები 2:14). მისი სამართლიანი კანონები კედელივით იყო აღმართული ებრაელებსა და არაებრაელებს შორის. ამით კანონმა აღთქმული „შთამომავლის“ საგვარეულო ხაზის დაცვას შეუწყო ხელი. მნიშვნელოვანწილად ასეთი დაცვის წყალობით იყო, რომ ებრაელი ერი არსებობდა, როდესაც ღვთის დანიშნულ დროს იუდას ტომში მესია უნდა დაბადებულიყო.

10 მეორე, კანონმა თვალნათლივ აჩვენა, რომ კაცობრიობა გამოსყიდვას საჭიროებდა. სრულყოფილი კანონით გამოაშკარავდა, რომ ცოდვილი კაცობრიობა ვერასოდეს შეძლებდა მის სრულად დაცვას. ამგვარად, კანონის მიზანი იყო ცოდვების გამოაშკარავება, „სანამ მოვიდოდა შთამომავალი, რომელსაც მიეცა დაპირება“ (გალატელები 3:19). ცხოველური შესაწირავების მეშვეობით, კანონით დროებით ხდებოდა ცოდვების მიტევება. მაგრამ, როგორც პავლემ დაწერა, „მოზვრებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვის აღმოფხვრა“. ამიტომ ეს შესაწირავები გამოსასყიდის საჭიროებაზე მიუთითებდა (ებრაელები 10:1—4). ერთგული ებრაელებისთვის ეს შეთანხმება გახდა „ქრისტემდე მიმყვანი“ (გალატელები 3:24).

11. რა საუცხოო პერსპექტივას სთავაზობდა კანონის შეთანხმება ისრაელს და, მთლიანობაში, რატომ დაკარგა ამ ერმა ის?

11 მესამე, შეთანხმება ისრაელ ერს საუცხოო პერსპექტივას სთავაზობდა. იეჰოვამ მათ უთხრა, რომ, თუ შეთანხმების ერთგული დარჩებოდნენ, „მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად“ აქცევდა (გამოსვლა 19:5, 6). ზეციერი სამეფო სამღვდელოების პირველი წევრები მიწიერი ისრაელები გახდნენ. მაგრამ მთლიანობაში, ისრაელმა ერმა დაარღვია კანონის შეთანხმება, უარყო მესია — „შთამომავალი“ — და დაკარგა ეს პერსპექტივა. მაშ, ვინ დაიკავებდა სამეფო სამღვდელოების დარჩენილ ადგილს? რა კავშირი ექნებოდა ამ კურთხეულ ერს აღთქმულ „შთამომავალთან“? წმინდა საიდუმლოს ეს მხარეები ღვთის დანიშნულ დროს გამჟღავნდებოდა.

სამეფოს შესახებ დავითთან დადებული შეთანხმება

12. რა შეთანხმება დადო იეჰოვამ დავითთან და რა მხრივ მოეფინა წმინდა საიდუმლოს ნათელი?

12 ძვ. წ. მე-11 საუკუნეში იეჰოვამ კიდევ ერთი შეთანხმება დადო, რითაც წმინდა საიდუმლოს კიდევ უფრო მოეფინა ნათელი. ის თავის ერთგულ მეფე დავითს შეჰპირდა: „შენს შთამომავალს, შენს ვაჟს, გავამეფებ და განვუმტკიცებ მეფობას . . . მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს“ (2 სამუელი 7:12, 13; ფსალმუნი 89:3). ახლა აღთქმული „შთამომავლის“ საგვარეულო ხაზი დავითის ოჯახამდე მივიდა. მაგრამ შეძლებდა კი ჩვეულებრივი ადამიანი მარადიულად მმართველობას? (ფსალმუნი 89:20, 29, 34—36). ან იხსნიდა მიწიერი მეფე კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან?

13, 14. ა) 110-ე ფსალმუნის თანახმად, რა აღუთქვა იეჰოვამ ცხებულ მეფეს? ბ) იეჰოვას წინასწარმეტყველების მეშვეობით რა შემდგომ ფაქტებს მოეფინა ნათელი აღთქმულ „შთამომავალთან“ დაკავშირებით?

13 ღვთის შთაგონებით დავითმა დაწერა: «იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევ“. იეჰოვამ დაიფიცა და არ გადათქვამს: „მარადიულად შენ ხარ მღვდელი, მელქისედეკის მსგავსი!“» (ფსალმუნი 110:1, 4). დავითის სიტყვები აღთქმულ შთამომავალს, ანუ მესიას, ეხებოდა (საქმეები 2:35, 36). ეს მეფე იერუსალიმიდან კი არ იმეფებდა, არამედ ზეციდან, იეჰოვას „მარჯვნივ“ იჯდებოდა. მას მიცემული ექნებოდა ძალაუფლება არა მხოლოდ იერუსალიმზე, არამედ მთელ დედამიწაზე (ფსალმუნი 2:6—8). კიდევ უფრო მეტი რამ გამოაშკარავდა. ყურადღება მიაქციე, იეჰოვამ დაიფიცა, რომ მესია იქნებოდა „მღვდელი, მელქისედეკის მსგავსი!“, რომელიც აბრაამის დღეებში მეფედ და მღვდლად მსახურობდა. აღთქმული „შთამომავალიც“ ღვთის დანიშნულებისამებრ მეფედ და მღვდლად იმსახურებდა (დაბადება 14:17—20).

14 იეჰოვა წლების მანძილზე თავის წინასწარმეტყველებს იყენებდა, რათა წმინდა საიდუმლო კიდევ უფრო გამჟღავნებულიყო. მაგალითად, ესაიამ თქვა, რომ „შთამომავალი“ მსხვერპლად შეეწირებოდა (ესაია 53:3—12). მიქამ მესიის დაბადების ადგილი დაასახელა წინასწარ (მიქა 5:2). დანიელმა კი „შთამომავლის“ გამოჩენისა და სიკვდილის ზუსტი დროც კი იწინასწარმეტყველა (დანიელი 9:24—27).

წმინდა საიდუმლოს გამჟღავნება!

15, 16. ა) როგორ იშვა იეჰოვას ძე ქალისგან? ბ) რა მიიღო იესომ მემკვიდრეობით მიწიერი მშობლებისგან და როდის გახდა აღთქმული „შთამომავალი“?

15 ის, თუ როგორ შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება, მაინც საიდუმლოდ რჩებოდა, სანამ შთამომავალი, უშუალოდ, არ გამოჩნდა. გალატელების 4:4 ამბობს: „როცა დანიშნული დრო მოვიდა, ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელიც ქალმა შვა“. ძვ. წ. 2 წელს ანგელოზმა ებრაელ ქალწულს, სახელად მარიამს, უთხრა: „დაორსულდები და ვაჟს გააჩენ, რომელსაც იესო უნდა დაარქვა. დიდებული იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, თავისი წინაპრის, ტახტს მისცემს . . . წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიცავს. ამიტომ ის, ვინც დაიბადება, წმინდად, ღვთის ძედ, იქნება წოდებული“ (ლუკა 1:31, 32, 35).

16 მოგვიანებით, იეჰოვამ თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა, რათა ქალისგან შობილიყო. მარიამი არასრულყოფილი იყო. მიუხედავად ამისა, იესოს მისგან არასრულყოფილება მემკვიდრეობით არ მიუღია, რადგან ის ღვთის ძე იყო. ამავე დროს, რადგან იესოს მიწიერი მშობლები დავითის შთამომავლები იყვნენ, იგი წარმოშობითაც და კანონიერადაც დავითის მემკვიდრედ ითვლებოდა (საქმეები 13:22, 23). ახ. წ. 29 წელს იესოს ნათლობისას იეჰოვამ წმინდა სული სცხო მას და თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე“ (მათე 3:16, 17). და აი, დაპირებისამებრ, „შთამომავალი“ მოევლინა ქვეყნიერებას! (გალატელები 3:16). დადგა დრო, წმინდა საიდუმლო კიდევ უფრო გამხელილიყო (2 ტიმოთე 1:10).

17. როგორ მოეფინა ნათელი დაბადების 3:15-ის მნიშვნელობას?

17 თავისი მსახურების განმავლობაში იესომ განმარტა, რომ დაბადების 3:15-ში მოხსენიებული გველი სატანა იყო, ხოლო გველის „შთამომავალი“ — სატანის მიმდევრები (მათე 23:33; იოანე 8:44). მოგვიანებით ცნობილი გახდა, თუ საბოლოოდ როგორ განადგურდებოდნენ სატანა და მისი „შთამომავალი“ (გამოცხადება 20:1—3, 10, 15). ისიც განიმარტა, რომ „ქალში“ იგულისხმებოდა „ზედა იერუსალიმი“, ღვთის სიმბოლური ცოლი — იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი, რომელიც სულიერი ქმნილებებისგან შედგება a (გალატელები 4:26; გამოცხადება 12:1—6).

„ახალი შეთანხმება“

18. რა მიზანს ემსახურება „ახალი შეთანხმება“?

18 იესოს სიკვდილის წინა ღამეს, ალბათ, ყველაზე საოცარ ფაქტს მოეფინა ნათელი, როდესაც მან თავის ერთგულ მოწაფეებს „ახალი შეთანხმება“ დაუდო (ლუკა 22:20). მოსეს კანონის შეთანხმების მსგავსად, ახალი შეთანხმების შედეგადაც „მღვდლების სამეფო“ უნდა წარმოშობილიყო (გამოსვლა 19:6; 1 პეტრე 2:9). მაგრამ ეს შეთანხმება ხორციელ ერთან კი არა, სულიერ ისრაელთან, „ღვთის ისრაელთან“ დაიდებოდა, რომელშიც მხოლოდ იესოს ერთგული ცხებული მიმდევრები შევიდოდნენ (გალატელები 6:16). „ახალი შეთანხმება“ ვისთანაც დაიდებოდა, ისინიც მიიღებდნენ მონაწილეობას იესოსთან ერთად კაცობრიობის კურთხევაში!

19. ა) როგორ გახდა შესაძლებელი „მღვდლების სამეფოს“ შექმნა ახალი შეთანხმების საფუძველზე? ბ) რატომ ეწოდებათ ცხებულ ქრისტიანებს „ახალი ქმნილება“ და რამდენი იმსახურებს ქრისტესთან ერთად ზეცაში?

19 მაგრამ როგორ გახდა შესაძლებელი ახალი შეთანხმების საფუძველზე „მღვდლების სამეფოს“ შექმნა, რომელიც კაცობრიობას კურთხევებს მოუტანს? ნაცვლად იმისა, რომ ქრისტეს მოწაფეების ცოდვილი მდგომარეობა გამოეკვეთა, ახალმა შეთანხმებამ შესაძლებელი გახადა მათი ცოდვების მიტევება, იესოს მსხვერპლშეწირვის საფუძველზე (იერემია 31:31—34). და როგორც კი იეჰოვას წინაშე მართლებად ცხადდებიან, ღმერთი შვილებად იღებს მათ თავის ზეციერ ოჯახში და წმინდა სულით სცხებს (რომაელები 8:15—17; 2 კორინთელები 1:21). ამიტომ, ისინი ხელახლა იშვნენ ზეცაში შენახული უტყუარი იმედისთვის (1 პეტრე 1:3, 4). რადგან ადამიანებისთვის ასეთი ამაღლებული მდგომარეობა სრულებით ახალია, სულითცხებულ ქრისტიანებს „ახალი ქმნილება“ ეწოდებათ (2 კორინთელები 5:17). ბიბლია გვიხსნის, რომ გამოსყიდულ კაცობრიობას, საბოლოოდ, 144 000 სულითცხებული გაუწევს ზეციდან მმართველობას (გამოცხადება 5:9, 10; 14:1—4).

20. ა) წმინდა საიდუმლოს რომელი საკითხი გაირკვა ახ. წ. 36 წელს? ბ) ვინ მიიღებს აბრაამისთვის აღთქმულ კურთხევებს?

20 ეს ცხებულები ქრისტესთან ერთად „აბრაამის შთამომავლებს“ მიეკუთვნებიან b (გალატელები 3:29). უპირველესად, იუდეველები იყვნენ არჩეული. მაგრამ ახ. წ. 36 წელს წმინდა საიდუმლოს კიდევ ერთ მხარეს აეხადა ფარდა — ზეციური იმედი არაიუდეველებსაც ანუ სხვა ხალხებსაც ექნებოდათ (რომაელები 9:6—8; 11:25, 26; ეფესოელები 3:5, 6). მხოლოდ ცხებული ქრისტიანები მიიღებენ იმ კურთხევებს, რომლებიც ღმერთმა აბრაამს აღუთქვა? არა, იესოს მსხვერპლშეწირვის საფუძველზე კურთხევები მთელ მსოფლიოზე ვრცელდება (1 იოანე 2:2). თანდათანობით, იეჰოვამ გაგვიმჟღავნა, რომ სატანის წუთისოფლის აღსასრულისას „უამრავი ხალხი“ გადარჩება (გამოცხადება 7:9, 14). და ამის გარდა, მრავალი მიცვალებული აღდგება სამოთხეში მარადიულად საცხოვრებლად! (ლუკა 23:43; იოანე 5:28, 29; გამოცხადება 20:11—15; 21:3, 4).

ღვთის სიბრძნე და წმინდა საიდუმლო

21, 22. რა მხრივ გამოჩნდა იეჰოვას სიბრძნე წმინდა საიდუმლოში?

21 წმინდა საიდუმლო ღვთის მრავალმხრივი სიბრძნის საოცარი დადასტურებაა (ეფესოელები 3:8—10). სიბრძნის როგორი გამოვლინებაა თვით ამ საიდუმლოს შედგენა და შემდეგ თანდათანობით მისი გამჟღავნება! მან ბრძნულად გაითვალისწინა ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობები და საშუალება მისცა მათ, გამოევლინათ გულის ნამდვილი მდგომარეობა (ფსალმუნი 103:14).

22 იეჰოვას შეუდარებელი სიბრძნე იმაშიც გამოვლინდა, რომ მან მეფედ იესო აირჩია. იეჰოვას ძე სამყაროში არსებულ ნებისმიერ ქმნილებაზე უფრო სანდოა. ადამიანად ცხოვრების პერიოდში იესომ მრავალი გაჭირვება გადაიტანა. მას სრულად ესმის ადამიანური პრობლემები (ებრაელები 5:7—9). მაგრამ რა შეიძლება ითქვას იესოს თანამმართველებზე? საუკუნეების განმავლობაში ზეციური ცხოვრებისთვის — რასის, ენისა და წარმოშობის განურჩევლად — ადამიანების ამორჩევა მიმდინარეობს. არ არსებობს განსაცდელი, მათგან რომელიმეს მაინც რომ არ გადაეტანა (ეფესოელები 4:22—24). ამ გულმოწყალე და ლმობიერი მეფეებისა და მღვდლების მმართველობის დროს ცხოვრება დიდად სასიამოვნო იქნება!

23. რატომ არის ჩვენთვის დიდი პატივი, რომ იეჰოვამ წმინდა საიდუმლო გაგვიმჟღავნა და რისკენ უნდა აღგვძრას ამან?

23 მოციქული პავლე წერდა: „წმინდა საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო წარსული ქვეყნიერებისა და თაობებისთვის . . . ცხადი გახდა მისი წმინდებისთვის“ (კოლოსელები 1:26). დიახ, იეჰოვას სულითცხებულებს წმინდა საიდუმლოს გაგების ბედნიერება ხვდათ წილად. ისინი ამ შემეცნებას მილიონებს უზიარებენ. რამხელა პატივია, რომ იეჰოვამ გაგვიცხადა „თავისი ნების წმინდა საიდუმლო“ (ეფესოელები 1:9). მოდი ეს საოცარი საიდუმლო სხვებსაც გავუზიაროთ და დავეხმაროთ, იეჰოვას განუზომელ სიბრძნეს ყურადღებით ჩაუკვირდნენ!

a იესომ იმასაც მოჰფინა ნათელი, რა არის „ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო“ (1 ტიმოთე 3:16). დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლო იყო, შეძლებდა თუ არა ვინმე იეჰოვას წინაშე ბოლომდე უმწიკვლობის შენარჩუნებას. თუმცა იესომ დაამტკიცა, რომ ეს სავსებით შესაძლებელი იყო! სატანის ყოველი გამოცდის დროს მან უმწიკვლობა შეინარჩუნა (მათე 4:1—11; 27:26—50).

b იესომაც დაუდო შეთანხმება სამეფოზე ამავე ჯგუფს (ლუკა 22:29, 30). ფაქტობრივად, იესომ ხელშეკრულება დადო „მცირე სამწყსოსთან“, რომ მასთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში, როგორც „აბრაამის შთამომავლის“ შემავსებელი ნაწილი (ლუკა 12:32).