არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 29

„ქრისტეს სიყვარულის“ შეცნობა

„ქრისტეს სიყვარულის“ შეცნობა

1—3. ა) რამ აღძრა იესო, მამისთვის მიებაძა? ბ) იესოს მიერ გამოვლენილი სიყვარულის რა მხარეებს განვიხილავთ?

 ᲒᲘᲜᲐᲮᲐᲕᲡ, როგორ ჰბაძავს მამას პატარა ბიჭუნა? ის ცდილობს, მამასავით იაროს, ილაპარაკოს და მოიქცეს. თანდათანობით მას, შეიძლება, ზნეობრივ ნორმებსა და სულიერ ღირებულებებთან დაკავშირებითაც კი სწორედ ისეთი თვალსაზრისი ჩამოუყალიბდეს, როგორიც მშობელს აქვს. დიახ, სიყვარული და პატივისცემის გრძნობა ბიჭუნას აღძრავს, თავის მზრუნველ მამას დაემსგავსოს.

2 რა ურთიერთობა აქვს, ამ მხრივ, იესოს თავის ზეციერ მამასთან? „მამა მიყვარს“, — თქვა მან ერთხელ (იოანე 14:31). ალბათ, ვერავინ შეიყვარებდა იეჰოვას უფრო მეტად, ვიდრე უყვარს ძეს, რომელიც ყველა სხვა ქმნილების გაჩენამდე იცნობს ზეციერ მამას. სწორედ მამის სიყვარულმა აღძრა იესო, მისთვის მიებაძა (იოანე 14:9).

3 ამ წიგნის წინა თავებში განვიხილეთ, რა ზუსტად ჰბაძავდა იესო თავის მამას ძალის, სამართლიანობისა და სიბრძნის გამოვლენაში. მაგრამ როგორ ირეკლავდა ის იეჰოვას სიყვარულს? განვიხილოთ იესოს მიერ გამოვლენილი სიყვარულის სამი მხარე — თავგანწირვის სული, თანაგრძნობა და მიმტევებლობა.

ამაზე „დიდი სიყვარული არ არსებობს“

4. როგორ მოგვცა იესომ თავგანწირვის სულის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი?

4 იესომ თავგანწირვის სულის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი მოგვცა. თავგანწირვა უანგარობასა და საკუთარ ინტერესებზე წინ სხვების ინტერესების დაყენებას მოიცავს. როგორ გამოავლინა იესომ თავგანწირვის სული? მან თავად აგვიხსნა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13). იესომ საკუთარი ნებით გაიღო ჩვენთვის თავისი სრულყოფილი სიცოცხლე. ეს უდიდესი სიყვარული იყო, რომელიც კი ოდესმე ადამიანებს გამოუვლენიათ. გარდა ამისა, იესომ სხვაგვარადაც ცხადყო, რომ თავგანწირვის სულით ავლენდა სიყვარულს.

5. რატომ იყო სიყვარულით გაღებული მსხვერპლი ის, რომ ღვთის მხოლოდშობილმა ძემ ზეცა დატოვა?

5 დედამიწაზე მოსვლამდე ღვთის მხოლოდშობილ ძეს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა ზეცაში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან და უამრავ სულიერ ქმნილებასთან. მიუხედავად ამისა, ღვთის ამ საყვარელმა ძემ „მონის სახე მიიღო და ადამიანად მოგვევლინა“ (ფილიპელები 2:7). ის მზად იყო, ცოდვილ ადამიანებს შორის ეცხოვრა ქვეყნიერებაში, რომელიც „ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). განა ეს მის მიერ სიყვარულით გაღებული მსხვერპლი არ იყო?!

6, 7. ა) როგორ გამოავლინა იესომ თავგანწირვის სული დედამიწაზე მსახურებისას? ბ) უანგარო სიყვარულის რა შთამბეჭდავი მაგალითია ჩაწერილი იოანეს 19:25—27-ში?

6 დედამიწაზე ცხოვრებისას იესო სხვაგვარადაც ავლენდა თავგანწირვის სულს. ის სრულიად უანგარო იყო. იესომ ყველაფერი მსახურებას მიუძღვნა და ჩვეულებრივი საცხოვრებელი პირობებიც კი გაიღო მსხვერპლად. „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“, — თქვა მან (მათე 8:20). იესო კარგი დურგალი იყო, ამიტომაც შეეძლო დრო გამოეყო და თავისთვის კარგი სახლი აეშენებინა ან კარგი ავეჯი გაეკეთებინა და გაეყიდა. მაგრამ იესოს საკუთარი უნარი ქონების შესაძენად არ გამოუყენებია.

7 იესოს მიერ თავგანწირვის სულით გამოვლენილი სიყვარულის შესანიშნავი მაგალითია ჩაწერილი იოანეს 19:25—27-ში. წარმოიდგინე, სიკვდილის წინ იესოს რამდენი რამ უნდა ჰქონოდა გულსა და გონებაში. ძელზე გაკრულ იესოს მოწაფეები და სამქადაგებლო საქმე აფიქრებდა. თუმცა მისი უმთავრესი საფიქრალი ერთგულების შენარჩუნება იყო, რაც ზეციერი მამის სახელთან იყო დაკავშირებული. იმ წუთებში იესოზე იყო დამოკიდებული მთელი კაცობრიობის მომავალი! მიუხედავად ამისა, სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე იესომ მზრუნველობა გამოავლინა საკუთარი დედის მიმართ, რომელიც იმ დროს, როგორც ჩანს, ქვრივი იყო. მან მოციქულ იოანეს სთხოვა, დედასავით მიეხედა მარიამისთვის. ამის შემდეგ მოციქულმა მარიამი თავისთან წაიყვანა. ამგვარად, იესომ დედის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე იზრუნა. უანგარო სიყვარულის რა შთამბეჭდავი მაგალითია!

იესოს „გული დაეწვა მათ გამო“

8. რას ნიშნავს ბერძნული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში იესოს მიერ გამოვლენილი თანაგრძნობის აღსაწერად გამოიყენება?

8 იესო მამის მსგავსად თანამგრძნობი იყო. წმინდა წერილებში აღწერილია, როგორ ეხმარებოდა იესო გასაჭირში მყოფთ, რომელთაც გულით თანაუგრძნობდა. იესოს თანაგრძნობის აღსაწერად, ბიბლიაში გამოყენებულია ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „გული დაეწვა“. ერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ „ის აღწერს. . . გრძნობას, რომელმაც სულით შეძრა ადამიანი. ბერძნულში ეს ძლიერი სიტყვაა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს თანაგრძნობას“. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც იესოს გული სიბრალულით აევსო, რამაც სათანადო მოქმედებისკენ აღძრა.

9, 10. ა) რატომ სურდათ განმარტოება იესოსა და მოციქულებს? ბ) რა რეაქცია ჰქონდა იესოს, როდესაც ხალხმა განმარტოების საშუალება არ მისცა და რა იყო ამის მიზეზი?

9 სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აღძრული. მარკოზის 6:30—34-ში ნაჩვენებია, თუ ძირითადად რა იწვევდა იესოში სიბრალულის გრძნობას. წარმოიდგინე შემდეგი სურათი: შთაბეჭდილებებით დატვირთული მოციქულები ეს-ეს იყო სამქადაგებლო მოგზაურობიდან დაბრუნებულიყვნენ. ისინი იესოსთან შეკრებილიყვნენ და ყველაფერს უყვებოდნენ, რაც კი ენახათ და გაეგონათ. ამ დროს მათ გარშემო უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი; იესომ და მოციქულებმა ჭამაც კი ვერ მოასწრეს. იესოს დაკვირვებულმა თვალმა შენიშნა, რომ მოციქულები დაღლილები იყვნენ. „მოდი სადმე წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ“, — უთხრა მათ. იესო და მოციქულები ნავში ჩასხდნენ და გალილეის ზღვის ჩრდილოეთით გაცურეს. ხალხმა დაინახა, საით წავიდნენ ისინი. სხვებსაც შეატყობინეს ამის შესახებ და ჩრდილოეთ სანაპიროთი უფრო ადრე მიირბინეს იმ ადგილამდე, ვიდრე ნავი ნაპირს მიადგებოდა!

10 გაღიზიანდა იესო იმის გამო, რომ განმარტოების საშუალება არ მისცეს? სრულიადაც არა! იესოს სიბრალულის გრძნობა დაეუფლა ნაპირზე ათასობით ადამიანის დანახვაზე! მარკოზი წერს: „უამრავი ხალხი რომ დაინახა, გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“. იესომ მათში სულიერი წყურვილი დაინახა. ისინი უმწყემსო ცხვრებივით გზააბნეული და დაუცველი იყვნენ. იესომ იცოდა, რომ უბრალო ხალხს არაფრად აგდებდნენ გულცივი რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც მოსიყვარულე მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ (იოანე 7:47—49). მას გული სიბრალულით აევსო და ხალხთან ლაპარაკი დაიწყო „ღვთის სამეფოზე“ (ლუკა 9:11). ყურადღება მიაქციე, რომ იესოს ხალხი მანამდე შეებრალა, ვიდრე დაინახავდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდათ მის სიტყვებზე. ანუ იესო მათ მიმართ თანაგრძნობით სწავლების შემდეგ კი არ განიმსჭვალა, არამედ მანამდე. სწორედ თანაგრძნობამ აღძრა, რომ ესწავლებინა მათთვის.

„ხელი გაიწოდა, შეეხო მას“.

11, 12. ა) როგორ ეპყრობოდნენ კეთროვნებს ბიბლიურ დროში, მაგრამ როგორ მოეპყრო იესო კეთროვანს, რომელიც მას მიუახლოვდა? ბ) როგორ იმოქმედებდა კეთროვანზე იესოს შეხება და როგორ გვეხმარება მისი რეაქციის აღქმაში ერთი ექიმის შემთხვევა?

11 ტანჯვის შესამსუბუქებლად აღძრული. სხვადასხვა დაავადებით დატანჯული ადამიანები ხედავდნენ, რომ იესო თანაუგრძნობდა მათ, ამიტომაც არ უჭირდათ მასთან მისვლა. ეს შესანიშნავად ცხადყო ერთმა შემთხვევამ. ერთხელ იესოსთან, რომლის გარშემოც უამრავი ხალხი შეკრებილიყო, კაცი მივიდა „რომელსაც კეთრი მთელ სხეულზე მოსდებოდა“ (ლუკა 5:12). ბიბლიურ დროში კეთროვნები იზოლირებული ჰყავდათ იმისათვის, რომ სხვებიც არ დაავადებულიყვნენ (რიცხვები 5:1—4). დროთა განმავლობაში კი რაბინებმა ხელი შეუწყვეს კეთროვნების შესახებ სასტიკი თვალსაზრისის გავრცელებას და დაუნდობელი კანონები ჩამოაყალიბეს. a მაგრამ ყურადღება მიაქციე, როგორ მოექცა კეთროვანს იესო: «მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა და შეევედრა: „თუკი მოისურვებ, შეძლებ ჩემს განკურნებას“. იესოს გული დაეწვა, ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიკურნე!“ მას მაშინვე გაუქრა კეთრი და განიკურნა» (მარკოზი 1:40—42). იესომ იცოდა, რომ კეთროვანს, კანონით, იქ ყოფნაც კი ეკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, მას კეთროვანი თავიდან არ მოუშორებია. სულით შეძრულმა იესომ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ის კეთროვანს შეეხო!

12 შეგიძლია წარმოიდგინო, რას ნიშნავდა ეს შეხება კეთროვნისთვის? მაგალითად მოვიყვანოთ ერთი შემთხვევა. დოქტორი პაულ ბრანდი, რომელიც კეთრით დაავადებულ პაციენტს მკურნალობდა, მოგვითხრობს, რომ პაციენტის გასინჯვის შემდეგ მას ხელი მხარზე დაადო და თარჯიმნის დახმარებით აუხსნა, თუ როგორ ჩაუტარებდა მკურნალობას. მოულოდნელად კეთროვანი აქვითინდა. „რამე ხომ არ გაწყენინე?“ — ჰკითხა მას ექიმმა. თარჯიმანი ავადმყოფს თავის ენაზე დაელაპარაკა და შემდეგ ექიმს უპასუხა: „არა, ექიმო. ავადმყოფი თურმე იმის გამო ტირის, რომ ხელი მოხვიეთ. აქ მოხვედრის შემდეგ უკვე რამდენიმე წელია, რაც არავინ მიჰკარებია“. იმ კეთროვანსაც ჩაეღვარა გულში სითბო, რომელსაც იესო შეეხო, მაგრამ ეს შეხება მისთვის ბევრად მეტს ნიშნავდა — ავადმყოფობა, რომლის გამოც საზოგადოებისგან მოკვეთილი იყო, უკვალოდ გაქრა!

13, 14. ა) რა დაინახა იესომ, როდესაც ქალაქ ნაინს მიუახლოვდა და რატომ იყო მდგომარეობა უკიდურესად დამამწუხრებელი? ბ) რისკენ აღძრა თანაგრძნობამ იესო?

13 მწუხარების გასაქარწყლებლად აღძრული. იესო სულით იყო შეძრული, როდესაც ხედავდა, რომ ვინმე მწუხარებას მოეცვა. განვიხილოთ ერთი მაგალითი, რომელიც ლუკას 7:11—15-შია ჩაწერილი. აქ მოთხრობილი ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც მსახურებისას იესო გალილეის ქალაქ ნაინის შემოგარენს მიადგა. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, იესომ დაინახა, რომ მიცვალებულს მოასვენებდნენ. მდგომარეობა უზომოდ დამამწუხრებელი იყო. ქვრივ დედას ერთადერთი ახალგაზრდა ვაჟი უნდა დაეკრძალა. ქვრივს, ალბათ, ასეთივე გლოვით ეყოლებოდა დაკრძალული თავისი ქმარი. ახლა კი შვილს, თავის ერთადერთ იმედს, მოასვენებდა. დედასთან ერთად, ალბათ, სხვა მგლოვიარენი და დამკვრელებიც მოჰყვებოდნენ მიცვალებულს (იერემია 9:17, 18; მათე 9:23). მაგრამ იესომ მზერა შეაჩერა მხოლოდ დარდით გულმოკლულ დედაზე, რომელიც, უეჭველად, ახლოს მოჰყვებოდა ცხედარს.

14 იესოს გული დაეწვა ქვრივი დედის გამო და დამამშვიდებელი ტონით უთხრა: „ნუ ტირი“. ის საკუთარი ინიციატივით მიუახლოვდა ცხედარს და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. იესომ ძლიერი ხმით უთხრა უსულო სხეულს: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“. რა მოხდა ამის შემდეგ? „მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო“, თითქოს ეძინა და გაიღვიძა! შემდეგ კი ვკითხულობთ ყველაზე მეტად გულში ჩამწვდომ ფრაზას: „იესომ ის დედამისს ჩააბარა“.

15. ა) რა კავშირს ვხედავთ თანაგრძნობასა და მოქმედებას შორის, როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესოს გული ეწვოდა ადამიანების გამო? ბ) როგორ უნდა მივბაძოთ იესოს?

15 რას ვიგებთ ამ შემთხვევებიდან? დაუკვირდი, რომ თითოეულ შემთხვევაში თანაგრძნობას კონკრეტული მოქმედება მოჰყვა. შეუძლებელი იყო, იესოს ვინმე გასაჭირში ენახა და გული სიბრალულით არ ავსებოდა; სიბრალული და თანაგრძნობა კი აუცილებლად აღძრავდა მოქმედებისკენ. რა უნდა ვისწავლოთ ამ მაგალითებიდან? ჩვენ, ქრისტიანებს, სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება გვევალება. ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად, ძირითადად, ღვთის სიყვარული აღგვძრავს. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანაგრძნობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ ხალხს იესოს მსგავსად თანავუგრძნობთ, მათთვის სასიხარულო ცნობის გადაცემის სურვილი გაგვიჩნდება (მათე 22:37—39). მაგრამ როგორ უნდა თანავუგრძნოთ თანამორწმუნეებს, რომლებიც გლოვობენ ან რაღაცის გამო წუხან? ცხადია, ძალა არ შეგვწევს, სასწაულით განვკურნოთ დაავადება ან ვინმე მკვდრეთით აღვადგინოთ. ის კი შეგვიძლია, რომ საქმით გამოვავლინოთ თანაგრძნობა  გამოვხატოთ გულისტკივილი და, თუ საჭიროა, საკუთარი ინიციატივით დავეხმაროთ (ეფესოელები 4:32).

„მამა, აპატიე“

16. საიდან ჩანს, რომ იესო მაშინაც კი მზად იყო პატიებისთვის, როდესაც ძელზე იყო გაკრული?

16 სიყვარულის გამოვლენაში იესო სხვა მხრივაც ჰბაძავდა თავის მამას და პატიობდა სხვებს (ფსალმუნი 86:5). მისი მიმტევებლობა იმ დროსაც კი გამოჩნდა, როდესაც ძელზე იყო გაკრული. რას ამბობდა იესო, როდესაც ხელფეხმილურსმული სამარცხვინო სიკვდილს ელოდა? შესთხოვდა იეჰოვას თავისი მტრების დასჯას? სიკვდილის წინ იესომ სრულიად საპირისპირო რამ თქვა: „მამა, აპატიე, არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34). b

17—19. როგორ ცხადყო იესომ, რომ პეტრეს აპატია სამჯერ უარყოფა?

17 იესოს მიმტევებლობის, ალბათ, უფრო შთამბეჭდავი მაგალითია ის, თუ როგორ მოეპყრო პეტრე მოციქულს. უეჭველია, პეტრეს ძლიერ უყვარდა იესო. 14 ნისანს, იესოს სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს, პეტრემ მას უთხრა: „უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და მოვკვდე კიდეც შენთან ერთად!“. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საათში პეტრემ ისიც კი უარყო სამჯერ, რომ იცნობდა იესოს! ბიბლიაში მოთხრობილია, თუ რა მოხდა მესამედ უარყოფის შემდეგ: „უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა“. ცოდვით დამძიმებული პეტრე „გარეთ გავიდა და მწარედ ატირდა“. იმავე დღეს, იესოს სიკვდილის შემდეგ, პეტრეს ალბათ კვლავ არ ასვენებდა იმაზე ფიქრი, აპატია თუ არა უფალმა (ლუკა 22:33, 61, 62).

18 პასუხის მისაღებად პეტრეს დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. 16 ნისანს, დილას, ღმერთმა იესო აღადგინა და, როგორც ჩანს, იესო იმავე დღეს ეჩვენა პირადად პეტრეს (ლუკა 24:34; 1 კორინთელები 15:4—8). რატომ მიაქცია მან განსაკუთრებული ყურადღება მოციქულს, რომელმაც სამჯერ უარყო? შესაძლებელია იესოს უნდოდა, ენუგეშებინა პეტრე, რომ მონანიების შემდეგ უფლისთვის კვლავაც საყვარელი და დასაფასებელი იყო. იესომ უფრო მეტიც კი გააკეთა პეტრეს სანუგეშებლად.

19 მოგვიანებით იესო გალილეის ზღვასთან ეჩვენა მოწაფეებს. ამ დროს მან სამჯერ ჰკითხა პეტრეს (რომელმაც სამჯერ უარყო უფალი): „გიყვარვარ?“. როდესაც იესომ მესამედ დაუსვა იგივე შეკითხვა, პეტრემ უპასუხა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“. დიახ, იესოს შეეძლო ადამიანის გულის დანახვა და კარგად იცოდა, რომ პეტრეს უყვარდა. მიუხედავად ამისა, მან შესაძლებლობა მისცა პეტრეს, სიტყვიერად დაედასტურებინა მისადმი სიყვარული. გარდა ამისა, იესომ პეტრეს თავისი „ბატკნების“ მწყემსვა და გამოკვება მიანდო (იოანე 21:15—17). ამ დროისათვის პეტრეს უკვე დავალებული ჰქონდა ქადაგება (ლუკა 5:10). მაგრამ ახლა იესომ მისადმი დიდი ნდობა გამოხატა და უფრო მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დააკისრა — მოციქულს უნდა ეზრუნა მათზე, ვინც ქრისტეს მიმდევარი გახდებოდა. მცირე ხანში იესომ მას შესაძლებლობა მისცა, მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა მოწაფეების საქმიანობაში (საქმეები 2:1—41). რა დიდი შვება იქნებოდა პეტრესთვის იმის ცოდნა, რომ მიტევებული იყო მისი დანაშაული და იესო კვლავაც ენდობოდა!

შეიცანით „ქრისტეს სიყვარული“?

20, 21. როგორ შეგვიძლია ქრისტეს სიყვარულის სრულად შეცნობა?

20 ღვთის სიტყვაში ნამდვილად შესანიშნავად არის აღწერილი ქრისტეს სიყვარული. მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გამოვეხმაუროთ მის სიყვარულს? ბიბლია მოგვიწოდებს, რომ შევიცნოთ „ქრისტეს სიყვარული, რაც ცოდნას აღემატება“ (ეფესოელები 3:19). როგორც დავინახეთ, იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ სახარებებში მოცემული ინფორმაცია ბევრს გვასწავლის ქრისტეს სიყვარულზე. მაგრამ ქრისტეს სიყვარულის სრულად შეცნობაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე ვიცოდეთ, თუ რა არის ნათქვამი ბიბლიაში იესოს შესახებ.

21 ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია სიტყვით „შეცნობა“ ნიშნავს, პრაქტიკულად იცოდე და გამოცდილი გქონდეს რამე. როდესაც იესოს მსგავსად ვავლენთ სიყვარულს — უანგაროდ ვიღებთ მსხვერპლს სხვებისთვის, თანავუგრძნობთ და მთელი გულით ვპატიობთ მათ — მაშინ ნამდვილად გვესმის მისი გრძნობები. მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია გამოვცადოთ და შევიცნოთ „ქრისტეს სიყვარული, რაც ცოდნას აღემატება“. მოდი არასდროს დავივიწყოთ, რომ, რაც მეტად მივბაძავთ ქრისტეს, მით მეტად დავუახლოვდებით მას, ვისაც სრულყოფილად ჰბაძავდა იესო — ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას.

a რაბინებმა დააწესეს, რომ კეთროვანთან 4 წყრთაზე (1, 8 მეტრზე) ახლოს არავინ უნდა მისულიყო. მაგრამ, როდესაც ქარი უბერავდა, კეთროვანი ხალხს 100 წყრთით (45 მეტრით) უნდა დაშორებოდა. ებრაული ნაშრომი „მიდრაშ რაბა“ მოგვითხრობს ორი რაბინის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ემალებოდა კეთროვნებს; მეორე კი მათ ქვებით იგერიებდა. ამრიგად, კეთროვნებისთვის უცხო არ იყო უარყოფით, ზიზღითა და დამცირებით გამოწვეული გულისტკივილი.

b ლუკას 23:34-ის პირველი მონაკვეთი ზოგ ძველ ხელნაწერში არ გვხვდება. მაგრამ ამ სიტყვებს ბევრ სხვა აღიარებულ ხელნაწერში ვხვდებით, რის გამოც ჩართულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანსა“ და სხვა თარგმანებში. ამ სიტყვებით იესო, როგორც ჩანს, იმ რომაელ ჯარისკაცებს გულისხმობდა, რომლებმაც ძელზე გააკრეს. მათ არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ, რადგან მათთვის უცნობი იყო იესოს ნამდვილი ვინაობა. მას შესაძლოა მხედველობაში ის იუდეველებიც ჰყავდა, ვინც მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა, მაგრამ მოგვიანებით ირწმუნა იგი (საქმეები 2:36—38). ცხადია, პასუხი უფრო მეტად მოეთხოვებოდათ რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები იყვნენ იესოს დასჯაზე, რადგან ისინი შეგნებულად სჩადიოდნენ ბოროტებას. მათ უმრავლესობას არ ეპატიებოდა დანაშაული (იოანე 11:45—53).