არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 1

რატომ იყო იესო დიდებული მასწავლებელი?

რატომ იყო იესო დიდებული მასწავლებელი?

ორი ათასზე მეტი წლის წინათ განსაკუთრებული ბავშვი დაიბადა. ის ყველაზე დიდებული ადამიანი უნდა გამხდარიყო. იმ დროს არ არსებობდა თვითმფრინავი ან ავტომობილი. მაშინ არც ტელევიზორი და კომპიუტერი ჰქონდა ვინმეს.

ბავშვს იესო დაარქვეს. ის ყველაზე ბრძენი ადამიანი გახდა, მისი მსგავსი არავინ ყოფილა დედამიწაზე. იესო საუკეთესო მასწავლებელიც იყო და რთულ საკითხებს ყველასთვის გასაგები სიტყვებით ხსნიდა.

იესო ყველგან ასწავლიდა: მაგალითად, ზღვის ნაპირზე, ნავში, სახლებში თუ მგზავრობისას. მას მანქანა არ ჰყოლია. იესოს დროს არც ავტობუსი იყო და არც მატარებელი. ის ფეხით დადიოდა და ხალხს ასწავლიდა.

ჩვენ სხვებისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გაგება მხოლოდ უდიდესი მასწავლებლისგან, იესოსგან, შეგვიძლია. მისი სიტყვები ბიბლიაშია ჩაწერილი. ამ სიტყვების მოსმენისას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თვითონ იესო გვესაუბრება.

რატომ იყო იესო დიდებული მასწავლებელი? პირველ რიგში იმიტომ, რომ მასწავლებელი მასაც ჰყავდა და კარგად ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მოსმენა. ვის უსმენდა იესო? ვინ იყო მისი მასწავლებელი? ~ მამამისი. მისი მამა კი ღმერთია.

დედამიწაზე მოსვლამდე იესო ღმერთთან ცხოვრობდა. ასე რომ, ის განსხვავდებოდა სხვა ადამიანებისგან, რადგან ზეცაში მის გარდა არავის უცხოვრია. ზეცაში იესო დამჯერი შვილი იყო და მამას ყოველთვის უსმენდა. ამიტომაც შეეძლო იესოს ის ესწავლებინა ხალხისთვის, რაც ღვთისგან ისწავლა. შენც შეგიძლია მიჰბაძო იესოს და მოუსმინო დედასა და მამას.

გარდა ამისა, იესო იმიტომაც იყო დიდებული მასწავლებელი, რომ ადამიანები უყვარდა. მას უნდოდა მათ ღვთის გაცნობაში დახმარებოდა. იესოს უყვარდა დიდები, მაგრამ არანაკლებ უყვარდა პატარებიც. ბავშვებსაც უყვარდათ მასთან ყოფნა, რადგან იესოს არა მარტო კარგად საუბარი შეეძლო, არამედ კარგად მოსმენაც.

რატომ უხაროდათ ბავშვებს იესოსთან ყოფნა?

ერთხელ, რამდენიმე მშობელმა შვილები იესოსთან მიიყვანა. იესოს მეგობრები ფიქრობდნენ, რომ ის ძალიან დაკავებული იყო და ბავშვებთან სასაუბროდ ვერ მოიცლიდა. ამიტომ, მშობლებს უთხრეს, ბავშვები სახლში წაეყვანათ. როგორ მოიქცა იესო? ~ მან თქვა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ“. დიახ, იესოს სურდა, რომ ბავშვები მისულიყვნენ მასთან. თუმცა იესო ბრძენი და ცნობილი პიროვნება იყო, მან მაინც გამონახა დრო, რათა ბავშვებისთვის ესწავლებინა (მარკოზი 10:13, 14).

იცი, რატომ ასწავლიდა და უსმენდა იესო ბავშვებს? მან იცოდა, რომ ბავშვებს ძალიან გაახარებდა, თუ მათ თავისი ზეციერი მამის შესახებ მოუყვებოდა. შენ როგორ შეგიძლია ადამიანს სიხარული მიანიჭო? ~ ღვთის შესახებ იმის მოყოლით, რაც ისწავლე.

ერთხელ იესომ ერთ ბიჭს ხელი მოჰკიდა და მოწაფეების შუაში ჩააყენა, რათა მათთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინა. შემდეგ კი ამ უფროს მამაკაცებს უთხრა, რომ აზროვნება შეეცვალათ და ისეთები გამხდარიყვნენ, როგორიც ის ბავშვი იყო.

რისი სწავლა შეუძლიათ მოზარდებსა და უფროსებს ბავშვებისგან?

რას გულისხმობდა იესო ამ სიტყვებში? იცი, როგორ შეიძლება დიდი ადამიანი ან თუნდაც მოზარდი ბავშვს დაემსგავსოს? ~ ბავშვმა არ იცის იმდენი, რამდენიც დიდმა ადამიანმა და სურს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს. აქედან გამომდინარე, იესო გულისხმობდა, რომ მისი მოწაფეები ბავშვებივით თავმდაბლები უნდა გამხდარიყვნენ. დიახ, ყველას შეგვიძლია სხვებისგან ბევრის სწავლა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც იესო ასწავლიდა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი საკუთარი აზრები (მათე 18:1—5).

იესო სხვა მიზეზის გამოც იყო დიდებული მასწავლებელი. მან იცოდა, როგორ ელაპარაკა ხალხთან ისე, რომ მისთვის ინტერესით მოესმინათ. ის უბრალო და გასაგები ენით ლაპარაკობდა. იესოს ყოველდღიური ცხოვრებიდან მოჰყავდა მაგალითები. ხანდახან ფრინველებსა და ყვავილებსაც მოიხსენიებდა ხოლმე, რათა ადამიანებს ღვთის გაცნობაში დახმარებოდა.

ერთხელ, როდესაც იესო მთაზე იმყოფებოდა, მასთან მრავალი ადამიანი მივიდა. ის ჩამოჯდა და მათთან ლაპარაკი, ანუ ქადაგება, დაიწყო. ამ მომენტს სურათზეც ვხედავთ. ეს ქადაგება „მთაზე ქადაგების“ სახელით არის ცნობილი. იესომ მათ უთხრა: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?“

რას გვასწავლიდა იესო, როდესაც მაგალითებად ფრინველები და ყვავილები მოჰყავდა?

იესომ ასევე თქვა: ‘ისწავლეთ მინდვრის შროშანებისგან. ისინი არ შრომობენ, მაგრამ იზრდებიან. შეხედეთ, რა ლამაზები არიან! თვით მდიდარი მეფე სოლომონიც კი არ შემოსილა მინდვრის შროშანებზე ლამაზად. მაშ, თუკი ღმერთი ყვავილებზე ზრუნავს ასე, განა თქვენზეც არ იზრუნებს?’ (მათე 6:25—33).

ხვდები, რა უნდოდა იესოს ამით ესწავლებინა? ~ მას არ უნდოდა, რომ საჭმელზე ან ჩასაცმელზე გვენერვიულა. ღმერთმა იცის, რომ ეს ყველაფერი გვჭირდება. იესოს არ უთქვამს, რომ არ ვიმუშაოთ. მან ის თქვა, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე ღმერთი უნდა დავაყენოთ. თუ ასე მოვიქცევით, ღმერთი იზრუნებს იმაზე, რომ საჭმელიც გვქონდეს და ტანსაცმელიც. გჯერა, რომ ეს ასე იქნება? ~

მოეწონა ხალხს იესოს საუბარი? ~ ბიბლია ამბობს, რომ ისინი განცვიფრებულები იყვნენ იესოს სწავლებით. მისი მოსმენა ძალიან საინტერესო იყო. იესოს ნათქვამი ხალხს კარგი საქმეების კეთებაში ეხმარებოდა (მათე 7:28).

ასე რომ, იესოსგან სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. იცი, როგორ შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ? ~ რასაც იესო ამბობდა, წიგნში ჩაიწერა. იცი, რომელ წიგნში? ~ მართალია, ბიბლიაში. თუკი ბიბლიაში წაკითხულის თანახმად ვიცხოვრებთ, გამოდის, რომ იესოს ვუსმენთ. ბიბლიაში აღწერილია ერთი საინტერესო შემთხვევა, როდესაც თავად ღმერთმა გვითხრა, რომ იესოს უნდა მოვუსმინოთ. მოდი ვნახოთ, როგორ მოხდა ეს.

ერთხელ იესომ თავისი სამი მეგობარი მაღალ მთაზე აიყვანა. მათ ერქვათ: იაკობი, იოანე და პეტრე. მათ შესახებ მოგვიანებით უფრო მეტს გავიგებთ, რადგან ეს მამაკაცები იესოს ახლო მეგობრები იყვნენ. უცბად, იესოს მზესავით გაუბრწყინდა სახე. ტანსაცმელი კი ისე უკაშკაშებდა, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

„ეს არის ჩემი საყვარელი ძე... მას უსმინეთ“.

შემდეგ იესოსა და მის მეგობრებს ზეციდან ხმა მოესმათ: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ“ (მათე 17:1—5). იცი, ვისი ხმა იყო ეს? ~ ღმერთის! დიახ, ღმერთმა თქვა, რომ მათ მისი ძისთვის უნდა მოესმინათ.

ჩვენზე რაღას ვიტყოდით? დავუჯერებთ ღმერთს და მოვუსმენთ მის ძეს, დიდებულ მასწავლებელს? ~ ჩვენ ყველანი ასე უნდა მოვიქცეთ. გახსოვს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ~

დიახ, ღვთის ძეს მაშინ მოვუსმენთ, თუ ბიბლიაში მისი ცხოვრების შესახებ წავიკითხავთ. დიდებულ მასწავლებელს ბევრი კარგი რამ აქვს ჩვენთვის სათქმელი. შენ ძალიან მოგეწონება ამის გაგება. ამასთან, ძალიან გაიხარებ, თუ ამ კარგი რამეების შესახებ შენს მეგობრებსაც მოუყვები.

კიდევ ერთხელ რომ დარწმუნდე, რამდენად სასარგებლოა იესოს მოსმენა, გადაშალე ბიბლია და წაიკითხე იოანეს 3:16; 8:28—30 და საქმეების 4:12.