არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 2

წერილი მოსიყვარულე ღმერთისგან

წერილი მოსიყვარულე ღმერთისგან

რომელია შენი საყვარელი წიგნი? ~ ზოგ ბავშვს ყველაზე მეტად ისეთი წიგნები მოსწონს, სადაც ცხოველებზეა ლაპარაკი. სხვები დასურათებულ წიგნებს ამჯობინებენ. მათი კითხვა მართლაც საინტერესოა.

მთელ მსოფლიოში საუკეთესო ის წიგნებია, რომლებიც ღვთის შესახებ სიმართლეს მოგვითხრობენ. მათგან ერთ-ერთი კი ყველაზე ძვირფასია. იცი, რომელი? ~ ბიბლია.

რატომ არის ბიბლია ასეთი ძვირფასი წიგნი? ~ იმიტომ, რომ ის ღმერთის მოცემულია. ბიბლია მოგვითხრობს ღვთისა და იმ კარგი საქმეების შესახებ, რომლებსაც ის ჩვენთვის გააკეთებს. მასში ნაჩვენებია, რა უნდა გავაკეთოთ, ღმერთს რომ ვასიამოვნოთ. ეს წიგნი შეიძლება შევადაროთ წერილს, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა.

ღმერთს შეეძლო მთელი ბიბლია ზეცაში დაეწერა და შემდეგ მიეცა ადამიანებისთვის, მაგრამ ის არ მოქცეულა ასე. მან თავისი აზრები დედამიწაზე მცხოვრებ თავის მსახურებს გადასცა, მათ კი ეს აზრები ბიბლიაში ჩაწერეს.

როგორ გააკეთა ეს ღმერთმა? ~ ეს რომ გავიგოთ, დავფიქრდეთ შემდეგ მაგალითებზე. როდესაც რადიოში ადამიანის ხმა გვესმის, ვიცით, რომ ის ჩვენგან შორს იმყოფება. ტელევიზორში იმ ადამიანების დანახვა და ლაპარაკის მოსმენაც კი შეგვიძლია, რომლებიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ.

ადამიანები კოსმოსური ხომალდის მეშვეობით მთვარეზეც კი მიფრინავენ. იქიდან მათ შეუძლიათ დედამიწაზე ინფორმაცია გამოგზავნონ. იცოდი ამის შესახებ? ~ თუ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, განა ღმერთისთვის შეუძლებელი იქნება ზეციდან ინფორმაციის გადმოცემა? ~ ცხადია, არა! ღმერთმა ეს გააკეთა კიდეც დიდი ხნის წინათ, როდესაც ადამიანს არც ტელევიზორი ჰქონდა და არც რადიო.

საიდან ვიცით, რომ ღმერთს შეუძლია შორი მანძილიდან გველაპარაკოს?

ღმერთი ელაპარაკა ერთ კაცს, რომელსაც მოსე ერქვა. მოსე ვერ ხედავდა ღმერთს, მაგრამ მისი ხმა ესმოდა. იმ დროს იქ მილიონობით ადამიანი იყო. მათ ესმოდათ ჭექა-ქუხილის ხმა, ისინი ხედავდნენ ელვას. იმ დღეს მთა შეიძრა. ხალხმა იცოდა, რომ ღმერთი ლაპარაკობდა და ძალიან შეშინდნენ. ამიტომ, მოსეს უთხრეს: „ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით“. მოგვიანებით, მოსემ ჩაიწერა ყველაფერი, რაც ღმერთმა უთხრა. ეს ჩანაწერები კი ბიბლიაში შევიდა (გამოსვლა 20:18—21).

მოსემ ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი დაწერა. მის გარდა სხვებიც წერდნენ ბიბლიას. ღმერთმა დაახლოებით 40 მამაკაცი გამოიყენა ბიბლიის დასაწერად. ისინი მრავალი წლის წინათ ცხოვრობდნენ. ბიბლიის ბოლომდე დაწერას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, დაახლოებით 1600 წელი! საოცარია, რომ ყველაფერი, რაც მათ დაწერეს, სავსებით ეთანხმება ერთმანეთს და ეს მაშინ, როცა ამ მამაკაცებიდან ზოგიერთს არასოდეს უნახავთ ერთმანეთი.

რა ჰქვიათ ბიბლიის ამ დამწერებს?

ზოგი მათგანი, ვინც ღმერთმა ბიბლიის დასაწერად გამოიყენა, გამოჩენილი პიროვნება იყო. თავიდან მოსე მწყემსი იყო, მაგრამ შემდეგ ისრაელი ერის წინამძღოლი გახდა. მეფე სოლომონი კი მთელ მსოფლიოში ყველაზე ბრძენი და მდიდარი კაცი იყო. ბიბლიის ყველა დამწერი არ ყოფილა ცნობილი ადამიანი. მაგალითად, ამოსი ლეღვის ბაღს უვლიდა.

ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი ექიმი იყო. იცი, რა ერქვა მას? ~ ლუკა. ერთიც გადასახადების ამკრეფი იყო; მას მათე ერქვა. სხვა კი კანონმცოდნე იყო და კარგად ერკვეოდა იუდაურ რელიგიურ კანონებში. ბიბლიის ყველაზე მეტი წიგნი მან დაწერა. გაინტერესებს მისი სახელი? ~ პავლე. ბიბლიას წერდნენ იესოს სხვა მოწაფეებიც — პეტრე და იოანე, რომლებიც მეთევზეები იყვნენ.

ბიბლიის ბევრი დამწერი იმას წერდა, რასაც ღმერთი მომავალში გააკეთებდა. საიდან იცოდნენ მათ, რა მოხდებოდა მომავალში? ~ ღმერთმა ამ მამაკაცებს ინფორმაცია მიაწოდა. მან უთხრა მათ, რაც უნდა მომხდარიყო.

ბიბლიის დიდი ნაწილი იესოს, დიდებული მასწავლებლის, დედამიწაზე დაბადებამდე დაიწერა. გაიხსენე, რომ დიდებული მასწავლებელი ზეცაში ცხოვრობდა. მან ყველაფერი იცოდა, რაც ღმერთმა გააკეთა. სჯეროდა იესოს, რომ ბიბლია ღმერთისგან იყო? ~ რა თქმა უნდა.

იესო ბიბლიიდან უკითხავდა ხოლმე ხალხს იმ საქმეების შესახებ, რომლებიც ღმერთმა გააკეთა. ხანდახან ის ზეპირად ამბობდა იმას, რაც მასში ეწერა. ამის გარდა, იესო იმასაც უყვებოდა ხალხს, რაც მამას ჰქონდა ნათქვამი. მან თქვა: „რაც მისგან მომისმენია, ქვეყნიერებაშიც იმას ვლაპარაკობ“ (იოანე 8:26). იესოს მამისგან ბევრი რამ ჰქონდა მოსმენილი, რადგან მასთან ცხოვრობდა. სად შეიძლება იმის წაკითხვა, რაზეც იესო ლაპარაკობდა? ~ ბიბლიაში. ეს ყველაფერი ჩვენთვის დაიწერა.

რასაკვირველია, ადამიანები, რომლებიც ღმერთმა ბიბლიის დასაწერად გამოიყენა, იმ ენაზე წერდნენ, რომელზეც ყოველდღიურად ლაპარაკობდნენ. ბიბლიის დიდი ნაწილი დაიწერა ებრაულ ენაზე, ზოგი — არამეულზე, ხოლო ზოგიც — ბერძნულზე. რადგან დღეს ბევრმა არ იცის ეს ენები, ის სხვა ენებზეც გადათარგმნეს. დღეისათვის მთლიანი ბიბლიის ან მისი რომელიმე ნაწილის წაკითხვა 2260 ენაზე შეიძლება. იცოდი, რომ ბიბლია ამდენ ენაზე იყო ნათარგმნი? ის შეგვიძლია შევადაროთ წერილს, რომელიც ღმერთმა ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს მისწერა. თუმცა ბიბლია ბევრ ენაზეა ნათარგმნი, ის მაინც ღვთისგანაა.

ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დიდი ხნის წინათ დაიწერა. მიუხედავად ამისა, ბიბლია იმაზეც მოგვითხრობს, რაც დღეს ხდება. ის იმასაც გვიყვება, რასაც ღმერთი მალე გააკეთებს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა! ბიბლია საუცხოო იმედს გვაძლევს.

რას ისწავლი ბიბლიის კითხვით?

ბიბლია გვეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ღმერთი რომ გავახაროთ. ასევე გვეუბნება, რა არის სწორი და რა — არასწორი. ეს შენც უნდა იცოდე და მეც. ბიბლიაში იმ ადამიანების შესახებაც წერია, რომლებიც ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და იმაზეც, რაც მათ დაემართათ. ეს ყველაფერი იმიტომ დაიწერა, რომ ჩვენც მათსავით ცუდად არ მოვიქცეთ. ბიბლიაში იმ კარგ ადამიანებზეც წერია, რომლებიც სწორად იქცეოდნენ. ესეც ჩვენს სასარგებლოდ დაიწერა.

ბიბლიიდან დიდი სარგებლობა რომ მივიღოთ, კიდევ ერთ კითხვას უნდა ვუპასუხოთ. შენი აზრით, ვინ მოგვცა ბიბლია? ~ დიახ, მთელი ბიბლია ღმერთმა მოგვცა. მაშ, როგორ ვაჩვენებთ, რომ გონიერები ვართ? ~ თუ მოვუსმენთ ღმერთს და იმას გავაკეთებთ, რასაც ის გვეუბნება.

ამიტომ, დრო უნდა გამოვნახოთ იმისათვის, რომ ერთად ვიკითხოთ ბიბლია. იმ ადამიანის გამოგზავნილ წერილს, რომელიც ძალიან გვიყვარს, ვინახავთ ხოლმე და სხვა დროსაც ხშირად ვკითხულობთ. ასეთი წერილი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ბიბლიაც ასეთივე ძვირფასი უნდა იყოს ჩვენთვის, რადგან ეს წერილი იმან მოგვწერა, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ის მოსიყვარულე ღმერთმა გამოგვიგზავნა.

ახლა ეს ბიბლიური მუხლებიც წაიკითხე. ისინი აჩვენებენ, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა და ჩვენთვის დაიწერა: რომაელების 15:4; 2 ტიმოთეს 3:16, 17 და 2 პეტრეს 1:20, 21.