არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 4

ღმერთს სახელი აქვს

ღმერთს სახელი აქვს

როდესაც ადამიანს ეცნობი, პირველად რას ეკითხები? ~ დიახ, სახელს. ჩვენ ყველას გვაქვს სახელი. როდესაც ღმერთმა პირველი ადამიანი შექმნა, მას სახელი დაარქვა. მისი სახელი ადამი იყო. ადამის ცოლს კი ევა ერქვა.

სახელები მარტო ადამიანებს როდი აქვთ. აბა, გაიხსენე, კიდევ რას აქვს სახელი. როდესაც ვინმე თოჯინას ან შინაურ ცხოველს გჩუქნის, განა მას მაშინვე სახელს არ არქმევ? ~ სახელი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის ხომ შეგიხედავს? შენი აზრით, აქვთ ვარსკვლავებს სახელები? ~ დიახ, ღმერთმა თითოეულ ვარსკვლავს დაარქვა სახელი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იგი თვლის ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს“ (ფსალმუნები 146:4).

იცოდი, რომ ყველა ვარსკვლავს აქვს სახელი?

შენი აზრით, ვინ არის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება? ~ დიახ, ღმერთი. როგორ ფიქრობ, აქვს ღმერთს სახელი? ~ იესომ თქვა, რომ აქვს. ერთხელ, როდესაც ლოცულობდა, იესომ თქვა: ‘შენი სახელი ვამცნე ჩემს მიმდევრებს’ (იოანე 17:26). იცი, ღმერთს რა ჰქვია? ~ ღმერთმა თვითონ გვითხრა თავისი სახელი. მან თქვა: „მე იეჰოვა ვარ. ეს არის ჩემი სახელი“. ასე რომ, ღვთის სახელია იეჰოვა (ესაია 42:8, აქ).

ხომ გსიამოვნებს, როდესაც ვინმეს ახსოვს შენი სახელი? ~ იეჰოვასაც სურს, რომ ადამიანებმა იცოდნენ მისი სახელი. ამიტომ, როდესაც ღმერთზე ვლაპარაკობთ, ის სახელით უნდა მოვიხსენიოთ. დიდებული მასწავლებელი იყენებდა ღვთის სახელს, იეჰოვას, როდესაც ადამიანებს ელაპარაკებოდა. ერთხელ იესომ თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით“ (მარკოზი 12:30).

იესომ იცოდა, რომ „იეჰოვა“ ძალიან მნიშვნელოვანი სახელია. ამიტომ, თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ღმერთი სახელით მოეხსენიებინათ. იესო მათ იმასაც ეუბნებოდა, რომ ლოცვებში ღვთისთვის სახელით მიემართათ. მან იცოდა ერთი რამ: ღმერთს სურდა ადამიანებს სცოდნოდათ, რომ მას იეჰოვა ერქვა.

დიდი ხნის წინათ ღმერთმა მოსეს, რომელიც წარმოშობით ისრაელი იყო, დაანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი სახელი. ისრაელი ერი მაშინ ეგვიპტეში ცხოვრობდა. ეგვიპტელებმა ისრაელები მონებად გაიხადეს. ისინი ძალიან ჩაგრავდნენ მათ. როდესაც მოსე გაიზარდა, ერთ თავის მოძმეს გამოექომაგა. ამან ძალიან განარისხა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, და მოსეს მოკვლა ბრძანა. ამის გამო მოსე ეგვიპტიდან გაიქცა.

მოსე სხვა ქვეყანაში დასახლდა. მას მიდიანი ერქვა. მიდიანში მოსე დაქორწინდა. იქ მას ბავშვებიც შეეძინა. მოსე მწყემსი იყო. ერთხელ, როდესაც ერთ მთასთან ახლოს ცხვარს მწყემსავდა, საოცარი რამ შენიშნა. ეკლიან ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა! მოსე ბუჩქთან ახლოს მივიდა, რომ კარგად დაენახა, რა ხდებოდა.

იცი, მერე რა მოხდა? ~ ცეცხლმოდებული ბუჩქიდან მოსეს ხმა შემოესმა: „მოსე! მოსე!“ ნეტა ვინ ეძახდა მოსეს? ~ ღმერთი! ღმერთს მოსესთვის მნიშვნელოვანი დავალება უნდა მიეცა. მან უთხრა: ‘წადი ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან და გამოიყვანე ეგვიპტიდან ჩემი ხალხი, ისრაელები’. ღმერთი შეჰპირდა მოსეს, რომ დაეხმარებოდა ამ დავალების შესრულებაში.

რა მნიშვნელოვანი რამ გაიგო მოსემ ცეცხლმოდებულ ეკლიან ბუჩქთან?

მოსემ ღმერთს უთხრა: ‘აჰა, მე მივალ ისრაელის ძეებთან ეგვიპტეში და ვეტყვი, რომ ღმერთმა გამომგზავნა. როგორ მოვიქცე, თუ მკითხეს, რა არის მისი სახელიო, რა ვუთხრა მათ?’ ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ ისრაელებისთვის ეთქვა: ‘იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან და მითხრა, რომ იეჰოვაა მისი სახელი მარადიულად’ (გამოსვლა 3:1—15, აქ). ეს კი იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას სურს, ყოველთვის ეს სახელი ერქვას. ის არასოდეს შეიცვლის სახელს. მას სურს, ყოველთვის ამ სახელით იყოს ცნობილი.

როგორ გახადა ღმერთმა ცნობილი თავისი სახელი წითელ ზღვასთან?

მოსე ეგვიპტეში ჩავიდა. ეგვიპტელებს არ ეგონათ, რომ ისრაელების ღმერთი, იეჰოვა, ძლიერი იყო. მათ არ იცოდნენ, რომ ის მთელი ქვეყნიერების ღმერთი იყო. ამიტომ, იეჰოვამ ეგვიპტის მეფეს უთხრა: ‘მთელ ქვეყნიერებას ვამცნობ ჩემს სახელს’ (გამოსვლა 9:16). იეჰოვამ, მართლაც, მთელ ქვეყნიერებას ამცნო თავისი სახელი. იცი, როგორ გააკეთა ეს? ~

იეჰოვამ მოსეს დაავალა, რომ ისრაელები ეგვიპტიდან გამოეყვანა. როდესაც ისინი წითელ ზღვას მიუახლოვდნენ, იეჰოვამ წყალი გაყო და ზღვის ფსკერი გამოაჩინა. ისრაელები უსაფრთხოდ გავიდნენ მშრალ ფსკერზე. ფარაონი და მისი ჯარი ისრაელებს დაედევნენ, მაგრამ ამ დროს წყალი, რომელიც ორ კედლად იყო აღმართული, ჩამოიქცა. ყველა ეგვიპტელი დაიხრჩო.

მალე დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრებმა გაიგო ის, რაც იეჰოვამ წითელ ზღვასთან მოახდინა. საიდან ვიცით, რომ მათ გაიგეს ეს ამბავი? ~ დაახლოებით 40 წლის შემდეგ ისრაელები ქანაანის მიწას მიადგნენ. იეჰოვა დიდი ხნის წინათ დაჰპირდა მათ, რომ ამ ადგილს მისცემდა. აქ ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც რახაბი ერქვა, ორ ისრაელ მამაკაცს უთხრა: „გვსმენია, თუ როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენს წინაშე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით“ (იესო ნავეს ძე 2:10).

დღეს ბევრი ადამიანი ჰგავს იმ ეგვიპტელებს. მათ არა სწამთ, რომ იეჰოვა მთელი ქვეყნიერების ღმერთია. ამიტომ, იეჰოვას სურს, რომ მისმა ხალხმა სხვებს გააგებინოს ამის შესახებ. იესო სწორედ ამას აკეთებდა. დედამიწაზე თავისი სიცოცხლის დასასრულს, მან იეჰოვას უთხრა: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოანე 17:26).

იესომ ხალხს ღვთის სახელი ამცნო. შეგიძლია ღვთის სახელი ბიბლიაში მოძებნო?

გინდა, შენც ის გააკეთო, რასაც იესო აკეთებდა? თუ ასეა, უთხარი სხვებს, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. ასე თუ მოიქცევი, დაინახავ, რომ ბევრმა არ იცის მისი სახელი. შენ შეგიძლია ბიბლიაში აჩვენო გამოცხადების 4:11. მოდი, ახლა გადავშალოთ ბიბლია და ერთად მოვძებნოთ ეს მუხლი. აბა, წაიკითხე: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ *.

რას ვიგებთ ამ სიტყვებიდან? ~ დიახ, იმას, რომ იეჰოვა ყველა სახელზე მნიშვნელოვანი სახელია. ის ყოვლისშემძლე ღმერთის, ანუ იესოს მამის სახელია და ყველაფერი მან შექმნა. გახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთი მთელი გულით უნდა შევიყვაროთ. ამისკენ იესო მოგვიწოდებდა. გიყვარს იეჰოვა? ~

რით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს იეჰოვა? ~ პირველ რიგში იმით, თუ კარგად გავიცნობთ მას, როგორც ჩვენს მეგობარს. აგრეთვე იმით, თუ მის სახელს სხვებსაც გავაგებინებთ. შეგვიძლია პირდაპირ ბიბლიიდან ვაჩვენოთ, რომ მისი სახელი იეჰოვაა. შეგვიძლია მათ იეჰოვას მშვენიერ ქმნილებებზე და მის მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებზეც მოვუყვეთ. თუ ასე მოვიქცევით, ძალიან გავახარებთ იეჰოვას, რადგან მას სურს, რომ ადამიანებმა იცოდნენ მის შესახებ. ჩვენ შეგვიძლია სხვებს იეჰოვას შესახებ მოვუყვეთ, ასე არ არის? ~

როდესაც იეჰოვას შესახებ დავიწყებთ ლაპარაკს, ყველა არ მოგვისმენს. ბევრი არც დიდებულ მასწავლებელს, იესოს, უსმენდა, როდესაც ღმერთზე ყვებოდა. მიუხედავად ამისა, იესო მაინც განაგრძობდა ამის კეთებას.

მოდი იესოს მივბაძოთ და ვილაპარაკოთ იეჰოვას შესახებ. თუ ამას გავაკეთებთ, იეჰოვა ღმერთს ძალიან გავახარებთ. ამით დავამტკიცებთ, რომ გვიყვარს მისი სახელი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 17 იმისათვის, თუ ქართული ბიბლიის უმეტეს თარგმანებში რატომ არ გამოიყენება ღვთის სახელი, იეჰოვა, იხილეთ ბროშურა „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ“, გვერდი 4, 5 და ბროშურა „იეჰოვას მოწმეები საქართველოში“, გვერდი 4.

ახლა, მოდი ერთად წავიკითხოთ ბიბლიიდან კიდევ რამდენიმე მუხლი. ეს მუხლები გვიჩვენებს, რომ ღვთის სახელის მოხსენიება მნიშვნელოვანია: ესაიას 12:4, 5; მათეს 6:9; იოანეს 17:6 და რომაელების 10:13.