არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 6

დიდებული მასწავლებელი სხვებს ემსახურებოდა

დიდებული მასწავლებელი სხვებს ემსახურებოდა

მოგწონს, როდესაც კარგად გექცევიან? ~ სხვებსაც მოსწონთ, როდესაც კარგად ექცევიან. ეს ყველას მოგვწონს. დიდებულმა მასწავლებელმა ეს კარგად იცოდა და ადამიანებს ყოველთვის კარგად ექცეოდა. მან თქვა: ‘იმისთვის კი არ მოვედი, რომ მემსახურონ, არამედ თვითონ მოვემსახურო სხვებს’ (მათე 20:28).

რაზე კამათობდნენ იესოს მოწაფეები?

რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ დიდებულ მასწავლებელს მივბაძოთ? ~ სხვებს უნდა მოვემსახუროთ. მათ სიკეთე უნდა გავუკეთოთ. დღეს ბევრი არ იქცევა ასე. სინამდვილეში, უმრავლესობას ის უნდა, რომ ყველა მას ემსახურებოდეს. ერთ დროს იესოს მოწაფეებიც ასე ფიქრობდნენ. თითოეულს უნდოდა, ყველაზე დიდებული და გავლენიანი ყოფილიყო.

ერთხელ იესო თავის მოწაფეებთან ერთად ჩავიდა ქალაქ კაპერნაუმში, რომელიც გალილეის ზღვასთან მდებარეობდა. ისინი ერთ სახლში შეჩერდნენ. იესომ მოწაფეებს ჰკითხა: „რაზე კამათობდით გზაში?“ მოწაფეებმა ხმა ვერ ამოიღეს, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო (მარკოზი 9:33, 34).

იესომ იცოდა, რომ სწორი არ იქნებოდა, თუ მის რომელიმე მოწაფეს თავი სხვაზე მეტი ეგონებოდა. როგორც ამ წიგნის პირველი თავიდან გავიგეთ, იესომ მოწაფეების შუაში პატარა ბავშვი ჩააყენა და უთხრა მათ, რომ ამ ბავშვივით თავმდაბლები ყოფილიყვნენ. როგორც ჩანს, ამ მაგალითიდან მათ მაინც ვერაფერი ისწავლეს. ამიტომ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ მათ მისცა კარგი მაგალითი, რის დავიწყებაც შეუძლებელი იქნებოდა. იცი, რა გააკეთა იესომ? ~

როდესაც ყველა ერთად ვახშმობდა, იესო სუფრიდან წამოდგა და მოსასხამი მოიხსნა. შემდეგ პირსახოცი აიღო, წელზე შემოირტყა და ტაშტში წყალი ჩაასხა. ალბათ, მის მოწაფეებს აინტერესებდათ, რას გააკეთებდა იესო. ის მათთან მივიდა, დაიხარა, რიგრიგობით ყველას ფეხები დაჰბანა და პირსახოცით შეუმშრალა. წარმოგიდგენია, რა გააკეთა იესომ! შენ რას იზამდი, იქ რომ ყოფილიყავი? რა გრძნობა დაგეუფლებოდა? ~

რა ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს?

იესოს მოწაფეებმა თავი უხერხულად იგრძნეს იმის გამო, რომ დიდებული მასწავლებელი მათ ასე მოემსახურა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო არასწორად მოიქცა. პეტრე იმასაც კი შეეცადა, რომ იესოსთვის არ მიეცა საშუალება, ასე თავმდაბლურად მომსახურებოდა და მისთვის ფეხები დაებანა; მაგრამ იესომ აუხსნა, რომ ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

დღეს, ჩვეულებრივ, ერთმანეთს ფეხებს არ ვბანთ, მაგრამ იესოს დედამიწაზე ყოფნისას ეს მიღებული იყო. იცი, რატომ? ~ იმ ქვეყანაში, სადაც იესო და მისი მოწაფეები ცხოვრობდნენ, ხალხი შიშველ ფეხებზე იცვამდა სანდლებს. ამიტომ, როდესაც მტვრიან გზებზე დადიოდნენ, ფეხები მტვრით ევსებოდათ. იმ დროს სიკეთედ ითვლებოდა, თუ მასპინძელი მასთან მისულ სტუმარს ფეხებს დაჰბანდა.

იესოს არც ერთ მოწაფეს თავში აზრადაც კი არ მოსვლია სხვებისთვის ფეხების დაბანა. ამიტომ, ყველას მაგივრად ეს იესომ გააკეთა. ამით მან მნიშვნელოვანი რამ ასწავლა თავის მიმდევრებს. მათ ნამდვილად სჭირდებოდათ ამის სწავლა. ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.

იცი, რა გვასწავლა იესომ? ~ როდესაც ყველას დაჰბანა ფეხები, მოსასხამი მოისხა და კვლავ მაგიდას მიუჯდა. შემდეგ კი თქვა: „იცით, რა გაგიკეთეთ? თქვენ მოძღვარს [მასწავლებელს] და უფალს [ბატონს] მიწოდებთ და სწორად ამბობთ, რადგან ასეც არის. ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები“ (იოანე 13:2—14).

რისი გაკეთება შეგიძლია სხვების დასახმარებლად?

ამით დიდებულმა მასწავლებელმა აჩვენა, რომ მისი მიმდევრები ერთმანეთს უნდა მომსახურებოდნენ. იესოს არ უნდოდა, რომ მათ მხოლოდ საკუთარ თავზე ეფიქრათ. მას არ სურდა, მათ დიდი წარმოდგენა ჰქონოდათ თავიანთ თავზე და ეფიქრათ, რომ ყოველთვის სხვები უნდა მომსახურებოდნენ. მას უნდოდა, რომ ისინი მზად ყოფილიყვნენ სხვების დასახმარებლად.

განა ეს კარგი გაკვეთილი არ იყო? ~ მიჰბაძავ დიდებულ მასწავლებელს და მოემსახურები სხვებს? ~ ჩვენ ყველას შეგვიძლია სხვებისთვის კარგის გაკეთება. ეს მათ ძალიან გაახარებთ. ყველაზე მეტად კი ამით იესოსა და მამამისს გავახარებთ.

ძნელი არ არის სხვებს მოემსახურო. თუ ყურადღებიანი იქნები, დაინახავ, რომ ბევრ რამეში შეგიძლია სხვებს დაეხმარო. აბა, დაფიქრდი, რით დაეხმარებოდი დედას? შენ ხომ იცი, რომ ის ბევრს აკეთებს შენთვისაც და ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც. მიეხმარები დედას? ~ ჰკითხე, რაში შეგიძლია მიეხმარო.

იქნებ სადილამდე მაგიდა გაგეწყო? ან სადილის შემდეგ მაგიდიდან დასარეცხი ჭურჭელი აგელაგებინა? ზოგ ბავშვს ყოველდღე ნაგავი გააქვს გადასაყრელად და ამით ეხმარება დედას. ნებისმიერი საქმით, რასაც სხვებისთვის გააკეთებ, იესოს მიჰბაძავ.

გყავს უმცროსი და ან ძმა? გახსოვდეს, რომ იესო, დიდებული მასწავლებელი, თავის მიმდევრებსაც ემსახურებოდა. თუ შენს უმცროს დას ან ძმას მოემსახურები, ამით იესოს მიჰბაძავ. რისი გაკეთება შეგიძლია მათთვის? ~ იქნებ გესწავლებინა, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ სათამაშოები თავ-თავის ადგილას დაელაგებინათ. ან იქნებ ჩაცმაში, ან ლოგინის ალაგებაში მიხმარებოდი. აბა, კარგად დაფიქრდი, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია მათთვის? ~ როდესაც ასე მოიქცევი, ისინი უფრო მეტად შეგიყვარებენ; ზუსტად ისე, როგორც იესო უყვარდათ მის მიმდევრებს.

სკოლაშიც შეგიძლია დაეხმარო სხვებს, მაგალითად თანაკლასელებს ან მასწავლებელს. თუ ვინმეს წიგნები დაუცვივდება, შენი მხრიდან სიკეთის გამოვლენა იქნება, თუ აკრეფაში მიეხმარები. შეგიძლია მასწავლებელს უთხრა, რომ დაფას გაწმენდ ან სხვა რამეს გააკეთებ. თუ ვინმეს კარს გაუღებ, ესეც სიკეთე იქნება.

ხანდახან შეიძლება ისე მოხდეს, რომ სიკეთისთვის მადლობა არ გითხრან. როგორ ფიქრობ, უნდა შეწყვიტო კარგი საქმეების კეთება? ~ არავითარ შემთხვევაში! ბევრი მადლობას იესოსაც არ ეუბნებოდა კარგი საქმეებისთვის. მიუხედავად ამისა, იესოს არ შეუწყვეტია სიკეთის კეთება.

ამიტომ, მოდი ნურასოდეს დავიზარებთ, რომ სხვებს მოვემსახუროთ. ყოველთვის გვახსოვდეს დიდებული მასწავლებელი, იესო, და ვეცადოთ, მის მაგალითს მივყვეთ.

უფრო მეტი რომ გავიგოთ, რატომ უნდა დავეხმაროთ სხვებს, წავიკითხოთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: იგავების 3:27, 28; რომაელების 15:1, 2 და გალატელების 6:2.