არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 7

მორჩილება დაგიცავს

მორჩილება დაგიცავს

გინდა აკეთო ის, რაც მოგესურვება? იქნებ ხანდახან გინდა, რომ აღარასოდეს გითხრან, როგორ უნდა მოიქცე? გულწრფელად მითხარი, ასეა? ~

რატომ უნდა მოუსმინო უფროსებს?

კარგად დაფიქრდი, რომელია უკეთესი: აკეთო ის, რასაც მოისურვებ თუ დედ-მამას დაუჯერო? ~ ღმერთი ამბობს, რომ მშობლებს უნდა დაუჯერო. საამისოდ კი სერიოზული მიზეზი არსებობს. მოდი ვნახოთ, რა მიზეზი.

რამდენი წლისა ხარ? ~ იცი, რამდენი წლისაა მამაშენი? ~ დედაშენი? ბებია და პაპა? ~ ისინი, შენთან შედარებით, დიდი ხნით ადრე დაიბადნენ. ადამიანი რაც დიდხანს ცოცხლობს, მით უფრო მეტი იცის. ყოველ წელს ის უფრო მეტს იგებს, მეტს ხედავს და მეტს აკეთებს. ამიტომ, ახალგაზრდებს უფროსებისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.

შენზე პატარას თუ იცნობ ვინმეს? ~ როგორ ფიქრობ, შენ უფრო მეტი იცი თუ იმან? ~ რატომ? ~ იმიტომ, რომ მასზე უფროსი ხარ. შენ უფრო მეტი დრო გქონდა, ბევრი გესწავლა, ვიდრე შენზე უმცროსს.

ვინ არის ის, ვინც შენზე, ჩემზე და ყველაზე ადრე იყო? ~ იეჰოვა ღმერთი. მან შენზეც ბევრი იცის და ჩემზეც. როცა იეჰოვა გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ, რასაც ის გვეუბნება, სწორია მაშინაც კი, თუ ასე მოქცევა რთულია. იცოდი, რომ ერთხელ დიდებულ მასწავლებელსაც კი გაუჭირდა მორჩილება? ~

ერთხელ ღმერთმა იესოს ძალიან რთული დავალება მისცა. იესო ლოცულობდა, რომ მის შესრულებაში ღმერთი დახმარებოდა. ეს მომენტი ამ სურათზეა ასახული. იესო ლოცულობდა: ‘თუ გსურს, დამიცავი ამ სირთულისგან’. ამით იესომ აჩვენა, რომ ყოველთვის იოლი არ იყო ღვთის ნების შესრულება. მაგრამ იცი, რა თქვა იესომ ლოცვის დასასრულს? ~

რას ვსწავლობთ იესოს ლოცვიდან?

მან თქვა: „მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკა 22:41, 42). დიახ, მას უნდოდა, ღვთის ნება შესრულებულიყო და არა თავისი. ამიტომ, მან ის გააკეთა, რაც ღმერთს უნდოდა და არა ის, რაც მისთვის იქნებოდა უკეთესი.

რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? ~ იმის, რომ ყოველთვის სწორია ის, რასაც ღმერთი გვეუბნება, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება ხანდახან რთულია. ამას გარდა, სხვა რამესაც ვსწავლობთ. იცი, რას? ~ იმას, რომ ღმერთი და იესო ერთი და იგივე პიროვნება არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს. იეჰოვა ღმერთი უფროსია და უფრო მეტი იცის, ვიდრე მისმა ძემ — იესომ.

ღმერთს თუ ვემორჩილებით, ვადასტურებთ, რომ გვიყვარს ის. ბიბლია ამბობს: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3). ამიტომ, როგორც ხედავ, ღმერთს ყველა უნდა დავემორჩილოთ. შენც ხომ გინდა ღმერთს დაემორჩილო? ~

მოდი გადავშალოთ ბიბლია და ვნახოთ, რას ეუბნება ღმერთი ბავშვებს. წავიკითხოთ ეფესოელების მე-6 თავის 1-ლი, მე-2 და მე-3 მუხლები, სადაც წერია: «ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს არის მართალი საქციელი: „პატივი ეცი მამას და დედას, — ეს არის პირველი მცნება დანაპირებით, — რომ კარგად წაგივიდეს საქმე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“».

ხედავ, თვითონ იეჰოვა ღმერთი გეუბნება, დედ-მამას დაუჯერეო. რას ნიშნავს „პატივი ეცი“ მშობლებს? იმას, რომ დააფასო მშობლები და ყურადღებით უსმინო მათ. ღმერთი გპირდება, რომ მშობლებს თუ დაუჯერებ, ‘საქმე კარგად წაგივა’.

ახლა, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცოცხლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ღმერთს დაუჯერეს. ისინი ძალიან დიდი ხნის წინათ ერთ დიდ ქალაქში, იერუსალიმში, ცხოვრობდნენ. მოსახლეობის უმრავლესობა არ უსმენდა ღმერთს. ამიტომ, იესომ გააფრთხილა ისინი, რომ ღმერთი ამ ქალაქის განადგურებას აპირებდა. იესომ ისიც კი თქვა, როგორ გადარჩებოდნენ, თუ მიჰყვებოდნენ მის მითითებებს. მან თქვა: ‘როცა დაინახავთ, რომ იერუსალიმს ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ სასწრაფოდ დატოვეთ იერუსალიმი და მთებში გაიქეცით’ (ლუკა 21:20—22).

როგორ გადაარჩინა ეს ხალხი იესოს მითითებისადმი მორჩილებამ?

მართლაც, როგორც იესომ თქვა, იერუსალიმს რომაელი ჯარისკაცები მოადგნენ. მათ ქალაქი ალყაში მოაქციეს. შემდეგ, რატომღაც, ჯარისკაცები უკან გაბრუნდნენ. ხალხის უმრავლესობა ფიქრობდა, რომ საშიშროება აღარ ელოდათ. ამიტომ, ისინი ქალაქში დარჩნენ. მაგრამ რა თქვა იესომ, რა გააკეთეთო? ~ შენ როგორ მოიქცეოდი, მაშინ რომ იერუსალიმში გეცხოვრა? ~ მათ, ვისაც ნამდვილად სჯეროდა იესოსი, დატოვეს თავიანთი სახლები და იერუსალიმისგან შორს, მთებში გაიქცნენ.

მთელი წლის განმავლობაში იერუსალიმში ცუდი არაფერი მომხდარა. არც მეორე წელს შეიცვალა რამე და არც მესამე წელს. ზოგიერთი შეიძლება სულელებად თვლიდა მათ, ვინც ქალაქი დატოვა. მაგრამ მეოთხე წელს რომაელი ჯარისკაცები დაბრუნდნენ და ხელახლა შემოარტყეს იერუსალიმს ალყა. ახლა გაქცევას უკვე ვერავინ მოასწრებდა. ამჯერად ჯარისკაცებმა მთელი ქალაქი გაანადგურეს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოკლეს, ზოგი კი ტყვედ წაიყვანეს.

მათ რაღა დაემართათ, ვინც იესოს დაუჯერა? ~ სიკვდილს გადაურჩნენ. ისინი იერუსალიმიდან ძალიან შორს იყვნენ. ამიტომაც, ცუდი არაფერი მოსვლიათ. ისინი მორჩილებამ დაიცვა.

დაგიცავს შენც მორჩილება, თუ დამჯერი იქნები? ~ შეიძლება მშობლები გეუბნებიან, რომ ქუჩაში არ უნდა ითამაშო. იცი, რატომ გეუბნებიან ამას? ~ იმიტომ, რომ ქუჩაში შეიძლება მანქანა დაგეჯახოს. ზოგჯერ შეიძლება იფიქრო: ახლა ქუჩაში მანქანები არ არიან. არაფერი მომივა. სხვა ბავშვებიც ხომ თამაშობენ ხოლმე ქუჩაში, მაგრამ მანქანა არასოდეს დაჯახებიათ.

რატომ უნდა იყო დამჯერი მაშინაც კი, როცა საფრთხეს ვერ ხედავ?

ბევრი ასე ფიქრობდა იერუსალიმში. როდესაც რომაელი ჯარისკაცები უკან გაბრუნდნენ, თითქოს საფრთხე აღარ არსებობდა. ხალხმა ერთმანეთს დაუწყო ყურება და ქალაქში დარჩა. ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, მაგრამ არ დაუჯერეს იესოს. ამიტომაც დაიხოცნენ.

მოდი კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ. გითამაშია ასანთით? ~ შეიძლება კარგი გასართობი ჩანდეს ანთებული ასანთის ყურება. მაგრამ ასანთით თამაში სახიფათოა. შეიძლება ხანძარი გაჩნდეს, მთელი სახლი დაიწვას და შენც დაიღუპო!

გახსოვდეს: მხოლოდ მაშინ დამორჩილება, როცა შენ გინდა, საკმარისი არ არის. თუ ყოველთვის დამჯერი იქნები, ეს ნამდვილად დაგიცავს ხიფათისგან. გახსოვს, ვინ თქვა: „ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“? ~ დიახ, ღმერთმა. ამას კი იმიტომ ამბობს, რომ ძალიან უყვარხარ.

ახლა წაიკითხე შემდეგი მუხლები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მორჩილება ნამდვილად აუცილებელია: იგავების 23:22; ეკლესიასტეს 12:13; ესაიას 48:17, 18 და კოლოსელების 3:20.