არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 13

იესოს მოწაფეები

იესოს მოწაფეები

ვინ არის ეს კაცი და როგორ გახდა ის იესოს მოწაფე?

ვინ არის ღვთის ყველაზე შესანიშნავი მსახური? ~ დიახ, იესო ქრისტე. როგორ ფიქრობ, შეგვიძლია მას მივბაძოთ? ~ ბიბლია ამბობს, რომ მან მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. ის გვიწვევს, მისი მოწაფეები გავხდეთ.

იცი, რას ნიშნავს, იყო იესოს მოწაფე? ~ იმას, რომ ჩვენ მისგან უნდა ვისწავლოთ. ამასთანავე, ნამდვილად უნდა გვჯეროდეს, რასაც იესო გვეუბნება. თუ გვჯერა, იმასაც გავაკეთებთ, რასაც ის გვეუბნება.

ბევრი ამბობს, რომ სწამს იესო. როგორ ფიქრობ, მართლა ყველა მისი მოწაფეა? ~ არა, უმრავლესობა არ არის მისი მოწაფე. შეიძლება ისინი ეკლესიაში დადიან, მაგრამ ბევრი არასდროს დაინტერესებულა, გაეგო, რას ასწავლიდა იესო. სინამდვილეში, იესოს მოწაფეები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც მას მიჰყვებიან.

მოდი იესოს ზოგ მოწაფეზე ვისაუბროთ. ფილიპე ერთ-ერთი პირველი გახდა იესოს მოწაფე. ის თავისი მეგობრის, ნათანაელის (მას ბართლომეც ერქვა), საძებნელად გაემართა. ხედავ სურათზე ხის ქვეშ მჯდომ ნათანაელს? როდესაც ნათანაელი იესოსთან მივიდა, იესომ თქვა: „აი ნამდვილი ისრაელი“. გაოცებულმა ნათანაელმა ჰკითხა: „საიდან მიცნობ?“

ვის უხმობს იესო, რომ მისი მოწაფე გახდეს?

„როცა ლეღვის ქვეშ იყავი, სანამ ფილიპე დაგიძახებდა, დაგინახე“, — მიუგო იესომ. ნათანაელი განცვიფრდა იმით, რომ იესომ ზუსტად იცოდა, თუ სად იყო ის და უთხრა: „შენ ღვთის ძე ხარ, შენ ისრაელის მეფე ხარ“ (იოანე 1:49).

იუდა ისკარიოტელი, იუდა (მას თადეოზიც ერქვა) და სიმონი

სხვები კი ფილიპესა და ნათანაელზე ერთი დღით ადრე გახდნენ იესოს მოწაფეები. ესენი არიან ანდრია და მისი ძმა პეტრე, იოანე და, შესაძლოა, იოანეს ძმა იაკობი (იოანე 1:35—51). მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ოთხივე კვლავ თავის საქმიანობას, მეთევზეობას, დაუბრუნდა. ერთხელ, როდესაც იესო გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, დაინახა, რომ პეტრე და ანდრია ზღვაში ბადეს ისროდნენ და დაუძახა: „გამომყევით“.

იაკობი (ალფეს ვაჟი), თომა და მათე

ცოტა რომ გაიარა, იაკობი და იოანეც დაინახა. ისინი თავიანთ მამასთან ერთად ნავში ისხდნენ და ბადეებს აკერებდნენ. იესომ მათაც დაუძახა, რომ გაჰყოლოდნენ. იესოს რომ შენთვის დაეძახა, რას იზამდი? მაშინვე გაჰყვებოდი? ~ ამ კაცებმა იცოდნენ, ვინ იყო იესო. მათ იცოდნენ, რომ იესო ღმერთმა გამოგზავნა. ამიტომაც, მაშინვე მიატოვეს თევზაობა და მას გაჰყვნენ (მათე 4:18—22).

ნათანაელი, ფილიპე და იოანე

ყოველთვის სწორად იქცეოდნენ ეს მამაკაცები მას შემდეგ, რაც იესოს მიმდევრები გახდნენ? ~ არა. ალბათ გახსოვს, რომ ისინი ერთმანეთში იმაზეც კი კამათობდნენ, ვინ იყო მათ შორის უდიდესი. თუმცა ისინი უსმენდნენ კიდეც იესოს და მზად იყვნენ, შეცვლილიყვნენ. თუ მზად ვართ, შევიცვალოთ, ჩვენც შეგვიძლია იესოს მოწაფეები გავხდეთ.

იაკობი (იოანეს ძმა), ანდრია და პეტრე

იესო ყველას იწვევს, რომ მისი მოწაფეები გახდნენ. ერთხელ მასთან მივიდა ახალგაზრდა მმართველი, რომელიც ძალიან მდიდარი იყო და ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა, რომ მარადიული სიცოცხლე მიეღო. მას შემდეგ, რაც მდიდარმა მმართველმა თქვა, რომ ღვთის მოთხოვნებს ბავშვობიდანვე იცავდა, იესომ მოუწოდა: „მოდი და გამომყევი“. მაგრამ იცი, რა მოხდა? ~

როცა ამ კაცმა გაიგო, რომ იესოს მოწაფეობა სიმდიდრეზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ძალიან დამწუხრდა. ის არ გახდა იესოს მოწაფე, რადგან ფული უფრო უყვარდა, ვიდრე ღმერთი (ლუკა 18:18—25).

ქადაგებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ იესომ თავისი მოწაფეებიდან თორმეტი მოციქული ამოარჩია. მოციქულები ისინი იყვნენ, რომლებსაც განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად აგზავნიდა. იცი მათი სახელები? ~ მოდი ვცადოთ და დავიმახსოვროთ ისინი. აბა, შეხედე ამ სურათს და წაიკითხე მათი სახელები. შემდეგ ეცადე, ზეპირად თქვა.

ვინ იყვნენ ეს ქალები, რომლებიც იესოს ეხმარებოდნენ, როდესაც ის საქადაგებლად დადიოდა?

თორმეტი მოციქულიდან ერთი ბოროტი გახდა. ის იუდა ისკარიოტელი იყო. იუდას ნაცვლად მოციქულად სხვა მოწაფე აირჩიეს. იცი, რა ერქვა მას? ~ მატთია. მოგვიანებით პავლე და ბარნაბაც მოციქულები გახდნენ, თუმცა ისინი 12 მოციქულისგან შემდგარ ჯგუფში არ შედიოდნენ (საქმეები 1:23—26; 14:14).

როგორც ამ წიგნის პირველი თავიდან გავიგეთ, იესო დიდ ინტერესს ავლენდა ბავშვებისადმი. რატომ? ~ მან იცოდა, რომ შეიძლებოდა მისი მოწაფეები ბავშვებიც გამხდარიყვნენ. ხშირად ბავშვებმა შეიძლება ისეთი რამ თქვან, რომ უფროსებიც კი დააინტერესონ და დიდებული მასწავლებლის შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილი აღუძრან.

იესოს მოწაფეები ქალებიც ხდებოდნენ. ზოგიერთი თან დაჰყვებოდა, როდესაც იესო საქადაგებლად ქალაქიდან ქალაქში დადიოდა. მაგალითად, მარიამ მაგდალელი, იოანა და სუსანა. ისინი, შესაძლებელია, იესოს საჭმლის მომზადებაშიც ეხმარებოდნენ და ტანსაცმელსაც ურეცხავდნენ (ლუკა 8:1—3).

გინდა იესოს მოწაფე იყო? ~ გახსოვდეს, მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ იესოს მოწაფეები ვართ, საკმარისი არ არის. ყოველთვის, სადაც უნდა ვიყოთ — და არა მხოლოდ ქრისტიანულ შეხვედრებზე — ისე უნდა ვიქცეოდეთ, როგორც მისი მოწაფე. შეგიძლია თქვა, სად და როდის უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იესოს მოწაფეს შეეფერება? ~

დიახ, სახლშიც და სკოლაშიც ისე უნდა ვიქცეოდეთ, როგორც იესოს მოწაფე. მე და შენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ გვინდა იესოს ნამდვილი მოწაფეები ვიყოთ, ყოველთვის, ნებისმიერ დროსა და ადგილას ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ის იქცეოდა.

სად და როდის უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იესოს მოწაფეს შეეფერება?

ახლა ერთად წავიკითხოთ, რას ამბობს ბიბლია იესოს მოწაფეების შესახებ: მათეს 28:19, 20; ლუკას 6:13—16; იოანეს 8:31, 32 და 1 პეტრეს 2:21.