არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 14

რატომ უნდა ვაპატიოთ?

რატომ უნდა ვაპატიოთ?

მოგქცევია ვინმე ოდესმე ცუდად? ~ მოუყენებია შენთვის ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი? ~ შენც ისევე უნდა მოექცე, როგორც ის მოგექცა? ~

ხშირად ისე ხდება, რომ ვინმეს თუ აწყენინებენ, ისიც სამაგიეროს უხდის. იესომ კი გვასწავლა, რომ უნდა მივუტევოთ მათ, ვინც ცუდად გვექცევა (მათე 6:12). მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ პატიების მიუხედავად, ის მაინც ცუდად გვექცევა? რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ? ~

ამის გაგება პეტრესაც უნდოდა. ამიტომ, ერთხელ იესოს ჰკითხა: ‘შვიდჯერ უნდა ვაპატიო?’ შვიდჯერ პატიება საკმარისი არ არის. იესომ უთხრა: ‘სამოცდაჩვიდმეტჯერ უნდა აპატიო’, ესე იგი იმდენჯერ, რამდენჯერაც შესცოდავს ვინმე შენ წინააღმდეგ.

რისი გაგება უნდოდა პეტრეს პატიებაზე?

ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრჯერ უნდა ვაპატიოთ. ჩვენ ვერც კი დავიმახსოვრებთ ამდენ წყენას, ხომ ასეა? იესოც სწორედ ამას გვეუბნება, რომ არასოდეს დავიმახსოვროთ, თუ რამდენჯერ გვაწყენინეს. თუ პატიებას გვთხოვენ, უნდა ვაპატიოთ.

იესოს უნდოდა თავისი მოწაფეებისთვის ეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პატიება. ამიტომ, როდესაც პეტრეს შეკითხვას უპასუხა, მოწაფეებს ერთი ამბავი მოუყვა. გინდა, მოგიყვე ეს ამბავი? ~

ოდესღაც ქვეყანაზე ერთი კეთილი მეფე ცხოვრობდა. ის თავის მონებს ფულსაც კი აძლევდა სესხად. ერთხელაც მოვალეებს ვალი უნდა დაებრუნებინათ. მეფის წინაშე მიიყვანეს ერთი მონა, რომელსაც 60 მილიონი მონეტა ემართა. ეს ძალიან დიდი თანხა იყო!

რა მოხდა, როცა მონა შეეხვეწა მეფეს, დრო მიეცა ვალის გადასახდელად?

მონას არ შეეძლო ვალის გადახდა, რადგან მეფის ფული მთლიანად დახარჯული ჰქონდა. ამიტომ, მეფემ ბრძანა, გაეყიდათ მონა, მისი ცოლ-შვილი და ყველაფერი, რაც მას ებადა. აღებული თანხით კი მეფისთვის ვალი დაებრუნებინათ. შენი აზრით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მონა? ~

ის მეფის წინაშე დაემხო და შეევედრა, ცოტა დამაცადე და ყველაფერს გადაგიხდიო. შენ რომ მეფე ყოფილიყავი, რას იზამდი? ~ მეფეს შეეცოდა თავისი მონა, აპატია ვალი და უთხრა, რომ მას აღარაფერი ემართა. რა ბედნიერი იქნებოდა მონა!

როგორ მოიქცა ამის შემდეგ ეს მონა? გავიდა, მოძებნა სხვა მონა, რომელსაც მისი მცირე თანხა — სულ რაღაც 100 მონეტა — ემართა, დაიჭირა, ახრჩობდა და ეუბნებოდა, გადამიხადე ჩემი ასი მონეტაო! წარმოგიდგენია, ამას ის კაცი აკეთებდა, რომელსაც მეფემ დიდი თანხა აპატია! ~

როგორ მოექცა მონა სხვა მონას, რომელმაც ვერ შეძლო მისთვის ვალის დაბრუნება?

მონა, რომელსაც 100 მონეტა ემართა, ღარიბი იყო. მას არ შეეძლო ვალის მაშინვე გადახდა. ამიტომ, მუხლებში ჩაუვარდა მევალეს და შეეხვეწა: „ცოტა დამაცადე და გადაგიხდი“. უნდა მიეცა დრო მისთვის მევალეს? ~ შენ რას იზამდი მის ადგილას? ~

ეს კაცი არ იყო მეფესავით კეთილი. მას უნდოდა, რომ მოვალეს მისი ვალი მაშინვე დაებრუნებინა. იმის გამო, რომ მონამ ვერ შეძლო ვალის გადახდა, მან ის საპყრობილეში ჩაასმევინა. ეს ამბავი სხვა მონებმაც გაიგეს და არ მოეწონათ. მათ შეეცოდათ მონა, რომელიც საპყრობილეში იჯდა. ამიტომ, მეფესთან მივიდნენ და მოახსენეს, რაც მოხდა.

ეს ამბავი არც მეფეს მოეწონა. ის ძალიან გაბრაზდა, რომ მონამ მოვალეს ვალი არ აპატია. ამიტომ დაუძახა მას და უთხრა: ‘ბოროტო მონავ, განა არ გაპატიე, რაც ჩემი გემართა? განა შენც არ უნდა გეპატიებინა შენნაირივე მონისთვის?’

როგორ მოექცა მეფე ბოროტ მონას?

მონას, რომელსაც მეფემ ვალი აპატია, შეეძლო მიებაძა კეთილი მეფისთვის. მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ამიტომ, მეფემ ის საპყრობილეში ჩასვა, სანამ მთელ თავის ვალს, 60 მილიონ მონეტას არ გადაუხდიდა. რა თქმა უნდა, ის საპყრობილიდან ფულს ვერასდროს გადაიხდიდა. ამიტომაც, სიკვდილამდე იქ მოუწევდა ყოფნა.

იესომ ამბის თხრობა რომ დაასრულა, თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (მათე 18:21—35).

ალბათ, გესმის, რომ ღვთისგან ყველანი ძალიან დავალებულნი ვართ. ღმერთმა სიცოცხლე გვაჩუქა! ამიტომ, როდესაც ვფიქრობთ, თუ რამდენად მოვალენი ვართ ღვთის წინაშე, ვხვდებით, რომ სხვებს ჩვენი თითქმის არაფერი მართებთ. ის, რაც სხვებს ჩვენი მართებთ, შეიძლება შევადაროთ 100 მონეტას, რომელიც ერთ ღარიბ მონას ემართა, ხოლო ის, რაც ჩვენ ღვთისა გვმართებს — იმ 60 მილიონს, რომელიც უგულო მონას ემართა მეფისა.

ღმერთი ძალიან კეთილია. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ცუდად ვიქცეოდით, ის გვპატიობს. ღმერთი არ გვაიძულებს, ვალი გადავუხადოთ და ამის გამო არც სიცოცხლეს გვართმევს. მაგრამ ერთი რამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: ღმერთი მხოლოდ მაშინ გვპატიობს, თუ ჩვენც ვპატიობთ მათ, ვინც ცუდად გვექცევა. განა არა ღირს ამაზე სერიოზულად დაფიქრება? ~

როგორ მოიქცევი, თუ ვინმე პატიებას გთხოვს?

მაშ, თუ ვინმე გაწყენინებს, შემდეგ კი მოვა და ბოდიშს მოგიხდის, როგორ მოიქცევი, აპატიებ? ~ მაგრამ, თუ ეს ხშირად ხდება, მაინც აპატიებ? ~

ჩვენ როცა ვითხოვთ პატიებას, ხომ გვინდა, რომ გვაპატიონ? ~ ამიტომ, ჩვენც უნდა ვაპატიოთ სხვებს. მხოლოდ სიტყვით კი არ უნდა ვუთხრათ, რომ ვაპატიეთ, არამედ, მთელი გულით უნდა მივუტევოთ. თუ ასე ვიქცევით, ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად გვინდა დიდებული მასწავლებლის მიმდევრები ვიყოთ.

უფრო კარგად რომ გავიგოთ, რატომ არის პატიება მნიშვნელოვანი, წავიკითხოთ იგავების 19:11; მათეს 6:14, 15 და ლუკას 17:3, 4.