არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 18

ხომ არ გავიწყდება მადლობის თქმა?

ხომ არ გავიწყდება მადლობის თქმა?

ისადილე დღეს? ~ იცი, ვინ მოამზადა სადილი? ~ შეიძლება დედამ ან ბებიამ, მაგრამ რატომ უნდა ვუთხრათ ღმერთს ამისთვის მადლობა? ~ იმიტომ, რომ ღვთის წყალობით იზრდება ბოსტნეული და ხილი. მადლობა იმასაც უნდა ვუთხრათ, ვინც საჭმელი მოამზადა ან მაგიდა გააწყო.

ხომ არ გვავიწყდება ხანდახან, რომ მადლობა ვუთხრათ იმას, ვინც სიკეთეს გვიკეთებს? როდესაც დიდებული მასწავლებელი დედამიწაზე იყო, რამდენიმე კეთროვანს დაავიწყდა მისთვის მადლობის თქმა.

იცი, ვის უწოდებენ კეთროვანს? ~ კეთროვანი იმ ადამიანს ჰქვია, რომელიც კეთრით არის დაავადებული. ამ დაავადებამ შეიძლება სხეულის ლპობაც კი გამოიწვიოს. იესოს დედამიწაზე ყოფნისას კეთროვნებს განცალკევებით უნდა ეცხოვრათ. კეთროვანი თუ დაინახავდა, რომ მასთან ვინმე მიდიოდა, ხმამაღლა უნდა დაეყვირა და გაეფრთხილებინა, რომ არ მიახლოებოდა. ასე იმიტომ უნდა მოქცეულიყო, რომ კეთრი სხვებსაც არ გადასდებოდა.

იესოს ძალიან ეცოდებოდა კეთროვნები. ერთხელ, როცა იერუსალიმში მიდიოდა, გზად პატარა ქალაქი უნდა გაევლო. როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, დაინახა, რომ მის სანახავად ათი კეთროვანი მოდიოდა. მათ გაგებული ჰქონდათ, რომ იესოს ღვთისგან ყველანაირი დაავადების განკურნების ძალა ჰქონდა მიცემული.

კეთროვნები ახლოს არ მივიდნენ იესოსთან. ისინი მოშორებით დადგნენ. თუმცა დარწმუნებულები იყვნენ, რომ იესოს შეეძლო კეთრისგან მათი განკურნება. ამიტომ, როდესაც დიდებული მასწავლებელი დაინახეს, ხმამაღლა შესძახეს: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“

გეცოდება ის, ვინც ავად არის? ავადმყოფები იესოსაც ეცოდებოდა. მან იცოდა, რა საშინელი დაავადება იყო კეთრი. ამიტომ უთხრა: „წადით, მღვდლებს ეჩვენეთ“ (ლუკა 17:11—14).

რას ეუბნება იესო კეთროვნებს?

რატომ უთხრა იესომ მათ, მღვდლებთან წასულიყვნენ? იმიტომ, რომ იეჰოვამ თავის ხალხს კეთრთან დაკავშირებით კანონი მისცა. კანონში ეწერა, რომ მღვდელს კეთროვნის კანი უნდა შეემოწმებინა და ავადმყოფისთვის ეთქვა, ბოლომდე იყო განკურნებული თუ არა. გამოჯანმრთელებულ კეთროვანს კვლავ შეეძლო ხალხთან ცხოვრება (ლევიანები 13:16, 17).

ამ კეთროვნებს ჯერ კიდევ ჰქონდათ კეთრი. წავიდნენ ისინი მღვდელთან, როგორც იესომ უთხრა? ~ დიახ, ისინი მაშინვე წავიდნენ. როგორც ჩანს, ეს კაცები დარწმუნებულები იყვნენ, რომ იესო განკურნავდა მათ კეთრისგან. გაინტერესებს, რა მოხდა შემდეგ?

მღვდელთან სანამ მივიდოდნენ, გზაში გამოჯანმრთელდნენ. მათი სხეული განიკურნა! იესოს ძალისადმი მათი რწმენა დაჯილდოვდა! რა ბედნიერები იქნებოდნენ! მაგრამ რა უნდა გაეკეთებინათ, რომ იესოსადმი მადლიერება გამოევლინათ? შენ რას იზამდი? ~

რა არ დაავიწყდა ამ კეთროვანს?

იესოსთან ათი კეთროვნიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა. ის ადიდებდა და ხოტბას ასხამდა იეჰოვას. და სწორადაც იქცეოდა, რადგან განკურნების ძალა იესომ ღვთისგან მიიღო. განკურნებულმა კეთროვანმა დიდებული მასწავლებლის წინ მუხლებზე დაიჩოქა და მადლობა გადაუხადა. ის ძალიან მადლიერი იყო იმისათვის, რაც იესომ გაუკეთა.

როგორ მოიქცა დანარჩენი ცხრა? იესომ იკითხა: ‘განა ათივენი არ განიწმინდნენ? ცხრანი სადღა არიან? ნუთუ მხოლოდ ერთი დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?’

დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო. ათიდან მხოლოდ ერთმა განადიდა ღმერთი და იესოსთან მადლობის სათქმელად დაბრუნდა. ეს კაცი სხვა ქვეყნიდან — სამარიიდან იყო. დანარჩენმა ცხრამ არც ღმერთს გადაუხადა მადლობა და არც იესოს (ლუკა 17:15—19).

შენ რომელ მათგანს ჰგავხარ? ჩვენ ხომ გვინდა, რომ იმ სამარიელს ვგავდეთ? ~ მაშ, როდესაც ვინმე სიკეთეს გვიკეთებს, რისი თქმა არ უნდა დაგვავიწყდეს? ~ დიახ, მადლობის. ბევრს ხშირად ავიწყდება მადლობის თქმა, მაგრამ კარგია, თუ ჩვენ არ დაგვავიწყდება. იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესოს, ძალიან უხარიათ, როდესაც ასე ვიქცევით.

როგორ შეგიძლია მიჰბაძო იმ კეთროვანს, რომელიც იესოსთან დაბრუნდა?

ალბათ, შენთვისაც ბევრჯერ გაუკეთებიათ სიკეთე. მაგალითად, გამხდარხარ ოდესმე ავად? ~ შეიძლება ისეთი მძიმე დაავადება არ გქონია, როგორიც კეთროვნებს ჰქონდათ, მაგრამ სურდო ან მუცლის ტკივილი ხომ გამოგიცდია?! ზრუნავდა ამ დროს ვინმე შენზე? ~ ისინი, ალბათ, თავზე დაგფოფინებდნენ და წამლებს გასმევდნენ. გიხაროდა, როცა ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ კარგად გამხდარიყავი? ~

სამარიელმა კაცმა მადლობა გადაუხადა იესოს გამოჯანმრთელებისთვის, რამაც იესო ძალიან გაახარა. როგორ ფიქრობ, გაუხარდებათ მშობლებს, თუ მადლობას ეტყვი იმ სიკეთისთვის, რასაც ისინი შენთვის აკეთებენ? ~ მართალი ხარ, ძალიან გაუხარდებათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი, არ დაგვავიწყდეს მადლობის თქმა?

ზოგი ყოველდღე ან ყოველკვირა ავლენს სიკეთეს შენდამი. ეს შეიძლება მათი მოვალეობაც იყოს და უხაროდეთ კიდეც ამის კეთება. შენ კი შეიძლება დაგავიწყდეს მათთვის მადლობის თქმა. მასწავლებელი, შესაძლოა, ბევრს აკეთებს, რომ ცოდნის მიღებაში დაგეხმაროს. ეს მისი მოვალეობაა. თუმცა მას ძალიან გაუხარდება, თუ მადლობას ეტყვი იმისათვის, რასაც გასწავლის.

ხანდახან ზოგი უმნიშვნელო რამეს აკეთებს შენთვის. გაუღია ვინმეს შენთვის კარი? ან გადმოუწოდებია ჭამის დროს პური? კარგია, თუ ამ უმნიშვნელო სიკეთისთვისაც მადლობას ვამბობთ.

ადამიანებისთვის მადლობის თქმა თუ არ გვავიწყდება, მით უფრო უნდა გვახსოვდეს, რომ მადლობა ჩვენს ზეციერ მამასაც გადავუხადოთ. რამდენი რამეა ისეთი, რისთვისაც იეჰოვას მადლობა უნდა ვუთხრათ! მან მოგვცა სიცოცხლე და ყველაფერი ის, რაც ჩვენს ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის. ამიტომაც, ნამდვილად გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, რომ ყოველდღე კარგი ვილაპარაკოთ ღმერთზე და ამით განვადიდოთ ის.

მადლიერების გამოვლენასთან დაკავშირებით წაიკითხე ფსალმუნების 91:2; ეფესოელების 5:20; კოლოსელების 3:17 და 1 თესალონიკელების 5:18.