არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 23

რატომ ვხდებით ავად?

რატომ ვხდებით ავად?

იცნობ ვინმეს, ვინც ავად არის? ~ ავად ალბათ ხანდახან შენც ხდები. შესაძლოა სურდო გაქვს ხოლმე ან მუცელი გტკივა. ზოგს კი სერიოზული ავადმყოფობა სჭირს. მათ სხვისი დახმარების გარეშე ადგომაც კი არ შეუძლიათ. ასეთი რამ ხშირად მოხუცებს ემართებათ.

დროდადრო ყველა ხდება ავად. იცი, ადამიანი რატომ ხდება ავად, ბერდება და კვდება? ~ ერთხელ ერთი კაცი, რომელიც ვერ დადიოდა, იესოსთან მიიყვანეს. მაშინ იესომ აუხსნა ხალხს, რატომ ხდებოდნენ ავად და კვდებოდნენ. მოდი ჩვენც გავიგოთ ამის შესახებ.

იესო რამდენიმე ხანს გალილეის ზღვისპირა ქალაქში დაყოვნდა. მის სანახავად ბევრნი მივიდნენ და იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ სახლში ადგილი აღარ დარჩა. კართან მისვლაც კი შეუძლებელი იყო. ხალხი მაინც მიდიოდა! ოთხმა კაცმა სახლთან საკაცით მიიყვანა დამბლადაცემული მამაკაცი, რომელსაც სიარული არ შეეძლო.

იცი, რატომ უნდოდათ ავადმყოფის იესოსთან მიყვანა? ~ მათ სწამდათ, რომ იესოს შეეძლო დახმარება და ავადმყოფის განკურნება. იცი, როგორ მიიყვანეს ეს კაცი იესომდე ხალხით გადაჭედილ ოთახში? ~

სურათიდან კარგად ჩანს, როგორ აკეთებენ ამას. მათ კაცი ჯერ ბანზე აიყვანეს. ბანი ბრტყელი სახურავია. შემდეგ მასზე დიდი ხვრელი ამოჭრეს. ბოლოს კი საკაცეზე მწოლიარე ავადმყოფი ხვრელიდან თოკებით ჩაუშვეს ოთახში. მათ ნამდვილად ძლიერი რწმენა ჰქონდათ!

სახლში ყველა გაკვირვებული იყო, როდესაც დაინახეს, რაც მოხდა. დამბლადაცემული კაცი, რომელიც საკაცეზე იწვა, პირდაპირ მათ შუა მოექცა. გაბრაზდა იესო, როდესაც დაინახა, რა გააკეთეს ამ კაცებმა? ~ სრულებითაც არა. პირიქით, გაუხარდა, რომ რწმენა ჰქონდათ. მან დამბლადაცემულ კაცს უთხრა: „გეპატია ცოდვები“.

რა უთხრა იესომ დამბლადაცემულ კაცს?

ზოგიერთი იქ მყოფი ფიქრობდა, რომ იესოს ამის თქმის უფლება არ ჰქონდა. მათ არ ეგონათ, რომ იესოს ცოდვების მიტევება შეეძლო. ამიტომ, იესომ იმის საჩვენებლად, რომ მას ნამდვილად შეეძლო ამის გაკეთება, ავადმყოფს უთხრა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი სახლში“.

ამ სიტყვების თქმისთანავე კაცი განიკურნა! ის უკვე აღარ იყო დამბლადაცემული. ახლა მას შეეძლო სხვების დახმარების გარეშე წამომდგარიყო და გაევლო. ყველა, ვინც ეს სასწაული დაინახა, გაოცებული იყო. ასეთი საოცრება არასდროს ენახათ! ისინი აქებდნენ იეჰოვას დიდებული მასწავლებლის გამოგზავნისთვის, რომელსაც ადამიანების განკურნებაც კი შეეძლო (მარკოზი 2:1—12).

რას ვსწავლობთ ამ სასწაულიდან?

რას ვსწავლობთ ამ სასწაულიდან? ~ იმას, რომ იესოს ცოდვების მიტევებისა და ავადმყოფების განკურნების ძალა აქვს. მაგრამ აქედან კიდევ რაღაც მნიშვნელოვანს ვსწავლობთ. კერძოდ იმას, რომ ადამიანები ცოდვის გამო ხდებიან ავად.

ვინაიდან დროდადრო ავად ყველა ვხდებით, ნიშნავს ეს, რომ ყველანი ცოდვილები ვართ? ~ დიახ, ბიბლია ამბობს, რომ ყველანი ცოდვილები დავიბადეთ. იცი, რას ნიშნავს ეს? ~ იმას, რომ არასრულყოფილები დავიბადეთ. ხანდახან არ გვინდა, მაგრამ მაინც ცუდს ვაკეთებთ. იცი, რატომ ვიბადებით ცოდვილები? ~

პირველი ადამიანი, ადამი, ღმერთს არ დაემორჩილა. მან დაარღვია ღვთის კანონი, რითაც ცოდვა ჩაიდინა. ამიტომ, ყველამ ცოდვა მივიღეთ ადამისგან. იცი, როგორ მივიღეთ მისგან ცოდვა? შევეცდები ეს უფრო მარტივად და გასაგებად აგიხსნა.

როგორ გავხდით ყველანი ცოდვილები?

შეიძლება გინახავს, როგორ აცხობენ პურს ყალიბში. რა მოხდება, თუ ყალიბი შეზნექილია? ~ განა ყველა პური, რომელსაც ამ ყალიბში გამოაცხობენ, შეზნექილი არ იქნება? ~

ადამი შეიძლება ამ ყალიბს შევადაროთ, დანარჩენი ადამიანები კი — პურებს. ღვთის კანონის დარღვევით ადამი არასრულყოფილი გახდა. ეს იმის მსგავსი იყო, თითქოს მას შეზნექილი ყალიბის, ანუ არასრულყოფილების ნიშანი დააჩნდა. ამიტომ, რა მოხდებოდა, როცა ადამს შვილები ეყოლებოდა? ~ ყველა მის შვილს არასრულყოფილების იგივე კვალი დაეტყობოდა.

როგორც იცი, ბავშვების უმეტესობა აშკარა ფიზიკური ნაკლით არ იბადება. მათ არ აკლიათ ხელი ან ფეხი. თუმცა ის არასრულყოფილება, რაც მათ აქვთ, საკმარისია იმისათვის, რომ ავად გახდნენ და გარკვეული დროის შემდეგ მოკვდნენ.

ცხადია, ზოგიერთი სხვებთან შედარებით უფრო ხშირად ხდება ავად. რატომ? ნუთუ ისინი უფრო ცოდვილები დაიბადნენ? ~ არა, ყველა ერთნაირად ცოდვილები ვართ. ჩვენ ყველანი არასრულყოფილები დავიბადეთ. ასე რომ, ადრე თუ გვიან ავად ყველა გახდება. ავად ისინიც კი ხდებიან, რომლებიც ცდილობენ, ღმერთს ყველაფერში დაემორჩილონ და სწორად მოიქცნენ.

როგორი ჯანმრთელობა გვექნება, როდესაც ცოდვა მოგვშორდება?

მაშ, ზოგიერთი სხვებზე ხშირად რატომ ხდება ავად? ~ მიზეზი მართლაც მრავალია. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ არა აქვთ საკმარისი საკვები ან არასწორად იკვებებიან. შესაძლოა ძალიან ბევრ კანფეტსა და ნამცხვარს ჭამენ. შეიძლება ძალიან გვიან წვებიან და ცოტა სძინავთ; ან როცა ცივა, თბილად არ იცვამენ. ზოგი ადამიანი ძალიან სუსტია და მის ორგანიზმს ავადმყოფობასთან ბრძოლა არ შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ის თავს კარგად უვლის.

დადგება ისეთი დრო, როდესაც ავად აღარ გავხდებით? მოვიშორებთ ოდესმე ცოდვას? ~ გახსოვს, რა გაუკეთა იესომ დამბლადაცემულ კაცს? ~ ცოდვები აპატია და განკურნა. ამით იესომ აჩვენა, რომ ერთ მშვენიერ დღეს განკურნავს ყველას, ვინც ცდილობს, აკეთოს ის, რაც სწორია.

თუ ჩვენი საქმეებით ვაჩვენებთ, რომ არ გვინდა ცოდვის ჩადენა და გვძულს ის, რაც ცუდია, იესო განგვკურნავს. მომავალში იესო მოგვაშორებს იმ არასრულყოფილებას, რაც ახლა გვაქვს. იესო ღვთის სამეფოს მეფეა და შეუძლია ამის გაკეთება. ცოდვისგან უცბად არ გავთავისუფლდებით. ეს თანდათანობით მოხდება. ბოლოს კი, როდესაც ცოდვა მთლიანად მოგვშორდება, ავად აღარასოდეს გავხდებით. ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა გვექნება. ეს მართლაც უდიდესი ბედნიერება იქნება!

უფრო მეტი რომ გავიგოთ, როგორ მოქმედებს ცოდვა ჩვენზე, წავიკითხოთ იობის 14:4; ფსალმუნების 50:7; რომაელების 3:23; 5:12 და 6:23.