არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 25

შეიძლება შეიცვალონ ცუდი ადამიანები?

შეიძლება შეიცვალონ ცუდი ადამიანები?

განა ჩინებული არ იქნებოდა, ყველა კარგად რომ იქცეოდეს? ~ მაგრამ ყოველთვის კარგად ვერავინ იქცევა. იცი, ხანდახან რატომ ვაკეთებთ ცუდს, მაშინაც კი, როცა არ გვინდა ამის გაკეთება? ~ იმიტომ, რომ ყველანი ცოდვილებად დავიბადეთ. მაგრამ ზოგი ძალიან ბევრ ცუდ საქმეს აკეთებს. მათ სძულთ სხვები და შეგნებულად აყენებენ ფიზიკურ ტკივილს. შენი აზრით, შეიძლება ისინი შეიცვალონ და კარგი ადამიანები გახდნენ? ~

შეხედე ამ ახალგაზრდას. ის იმ კაცების მოსასხამებს დარაჯობს, რომლებიც სტეფანეს ქვებს ესვრიან. მისი ებრაული სახელია სავლე, რომაული კი — პავლე. მას უხარია, რომ სტეფანეს — დიდებული მასწავლებლის მოწაფეს — კლავენ. რატომ იქცევა სავლე ასე ცუდად?

სავლე იმ რელიგიური ჯგუფის წევრია, რომელსაც ფარისევლებს უწოდებენ. ფარისევლებს აქვთ ღვთის სიტყვა, მაგრამ ისინი უფრო მეტ ყურადღებას თავიანთი რელიგიური წინამძღოლების სწავლებებს აქცევენ. აი, ამიტომ იქცევა სავლე ცუდად.

როდესაც იერუსალიმში სტეფანეს აპატიმრებენ, სავლეც იქ არის. სტეფანე სასამართლოში მიჰყავთ, სადაც რამდენიმე მოსამართლე ფარისეველია. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ცუდს ლაპარაკობენ, სტეფანეს არ ეშინია. ის გაბედულად ლაპარაკობს და მოსამართლეებთან იეჰოვა ღმერთსა და იესოზე ქადაგებს.

მოსამართლეებს არ მოსწონთ სტეფანეს სიტყვები. მათ ბევრი იციან იესოს შესახებ. გაიხსენე, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ მათ იესო მოაკვლევინეს, მაგრამ იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო და ზეცად აამაღლა. ახლა იმის ნაცვლად, რომ გამოსწორდნენ, მოსამართლეები იესოს მოწაფეებსაც სდევნიან.

მოსამართლეები ხელს სტაცებენ სტეფანეს და ქალაქიდან გაჰყავთ. იქ ისე სცემენ, რომ სტეფანე მიწაზე ვარდება. შემდეგ კი ქვებს უშენენ. როგორც ამ სურათზე ხედავ, სავლეც იქ არის და ყველაფერს უყურებს. მისი აზრით, ხალხი სწორად იქცევა, სტეფანეს რომ კლავს.

რატომ ფიქრობს სავლე, რომ სტეფანეს მოკვლა სწორია?

იცი, რატომ ფიქრობდა სავლე ასე? ~ მთელი ცხოვრება სავლე ფარისეველი იყო და სჯეროდა, რომ ფარისევლები სწორს ასწავლიდნენ; ისინი მისთვის მისაბაძი ადამიანები იყვნენ და ისიც ჰბაძავდა მათ (საქმეები 7:54—60).

რას აკეთებს სავლე სტეფანეს სიკვდილის შემდეგ? ~ ის ცდილობს, იესოს დანარჩენი მოწაფეებიც მოსპოს! ამიტომ, მათ სახლებში შედის, ძალით გამოჰყავს კაცები და ქალები და საპყრობილეში ყრის. იესოს ბევრი მოწაფე იძულებულია, იერუსალიმიდან გაიქცეს, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობენ იესოს შესახებ ქადაგებას (საქმეები 8:1—4).

ამის გამო სავლეს უფრო მეტად შესძულდა იესოს მოწაფეები. ის მღვდელმთავარ კაიაფასთან მიდის და ნებართვას იღებს, რომ დააპატიმროს ქრისტიანები დამასკოში, შემდეგ კი იერუსალიმში დასაჯოს. მაგრამ მას დამასკოს გზაზე საოცარი რამ გადახდა.

ვინ ელაპარაკება სავლეს და რის გასაკეთებლად აგზავნის მას?

უცბად ციდან სინათლე გამობრწყინდა და ხმა გაისმა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი?“ ზეციდან იესო ლაპარაკობდა! სინათლე ისეთი კაშკაშა იყო, რომ სავლე დაბრმავდა. ამიტომ, სავლემ მხოლოდ თანმხლებთა დახმარებით შეძლო დამასკოში ჩასვლა.

სამი დღის შემდეგ იესო დამასკოში თავის ერთ-ერთ მოწაფეს, ანანიას, ეცხადება და ეუბნება, სავლესთან წავიდეს, თვალები აუხილოს და ელაპარაკოს. ანანიასთან საუბრისას სავლე იღებს იესოს შესახებ ჭეშმარიტებას. მას უბრუნდება მხედველობა, მთლიანად იცვლება და ღვთის ერთგული მსახური ხდება (საქმეები 9:1—22).

ხვდები, რატომ აკეთებდა სავლე ცუდ საქმეებს? ~ იმიტომ, რომ მას ასე ასწავლეს. ის იმ კაცებს ჰბაძავდა, რომლებიც არ იყვნენ ღვთის ერთგულები და იმ ჯგუფის წევრი იყო, ადამიანის იდეებს ღვთის სიტყვაზე წინ რომ აყენებდნენ. მაგრამ, რატომ შეიცვალა სავლე და რატომ დაიწყო კარგი საქმეების კეთება, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფარისევლები უწინდებურად განაგრძობდნენ ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას? ~ იმიტომ, რომ სავლეს არ სძულდა ჭეშმარიტება. როცა უჩვენეს, რა იყო სწორი, ის მზად იყო, შეცვლილიყო.

იცი, ვინ გახდა სავლე მოგვიანებით? ~ დიახ, იესოს მოციქული, რომელიც პავლეს სახელით არის ცნობილი. გაიხსენე, ბიბლიაში ყველაზე მეტი წერილი პავლემ დაწერა.

დღეს სავლეს მსგავსად შეიძლება ბევრი ადამიანი შეიცვალოს. თუმცა ეს იოლი არ არის, რადგან ერთი პიროვნება ძალიან ცდილობს, ადამიანებს ცუდი საქმეები აკეთებინოს. იცი, ვინ? ~ იესომ მოიხსენია ის, როდესაც სავლეს დამასკოსკენ მიმავალ გზაზე გამოეცხადა. იესო ზეციდან ელაპარაკა სავლეს და უთხრა: ‘იმისთვის გგზავნი ხალხთან, რომ მათ თვალები აუხილო, სიბნელიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებისგან ღვთისკენ მოაქციო’ (საქმეები 26:17, 18).

დიახ, სატანა ეშმაკს სურს, რომ ყველამ ცუდი საქმეები აკეთოს. გიჭირს ხანდახან იმის კეთება, რაც სწორია? ~ ეს ყველას გვიჭირს იმიტომ, რომ სატანა გვეწინააღმდეგება. სხვა მიზეზიც არსებობს, რის გამოც ყოველთვის იოლი არ არის იმის კეთება, რაც სწორია. იცი, რა არის ეს? ~ ცოდვა, რითაც დავიბადეთ.

სწორედ ცოდვის გამოა, რომ ხშირად იმას ვაკეთებთ, რაც არასწორია. მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ? ~ დიახ, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ის ვაკეთოთ, რაც სწორია. როცა ასე ვიქცევით, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იესო, რომელსაც ვუყვარვართ, დაგვეხმარება.

დედამიწაზე ყოფნისას იესომ აჩვენა, რომ ის ადამიანებიც უყვარდა, რომლებიც ადრე ცუდს აკეთებდნენ, მაგრამ შემდეგ შეიცვალნენ. მან იცოდა, რომ ძალიან ძნელი იყო ასეთი ცვლილებების მოხდენა. მაგალითად, ერთ ქალს მრავალ მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ცხადია, ეს ძალიან ცუდი იყო. ბიბლია ასეთ ქალს მეძავს უწოდებს.

რატომ მიუტევა იესომ ამ ქალს, რომელსაც ცუდი საქმეები ჰქონდა ჩადენილი?

როცა ამ ქალმა იესოს შესახებ მოისმინა, მის სანახავად წავიდა. იესო ამ დროს სტუმრად იყო ერთ-ერთი ფარისევლის სახლში. მან იესოს ცრემლებით დაჰბანა ფეხები და თავისივე თმებით გაუმშრალა. ბოლოს ფეხებზე ნელსაცხებელი დაასხა. ის თავის ცოდვებს ინანიებდა, ამიტომაც აპატია იესომ. ფარისეველი კი თვლიდა, რომ ქალი არ იყო პატიების ღირსი (ლუკა 7:36—50).

იცი, რა უთხრა იესომ ზოგიერთ ფარისეველს? ~ მან თქვა: „მეძავები თქვენზე წინ მიდიან ღვთის სამეფოში“ (მათე 21:31). ეს იმიტომ თქვა, რომ მეძავებმა იწამეს იესო და შეიცვალეს ცხოვრება. ფარისევლები კი კვლავაც ცუდად ეპყრობოდნენ იესოს მოწაფეებს.

მაშასადამე, თუ ბიბლია გვეუბნება, რომ რასაც ვაკეთებთ, ცუდია, მზად უნდა ვიყოთ, შევიცვალოთ. მთელი გულით უნდა ვეცადოთ, ვაკეთოთ ის, რასაც იეჰოვა ითხოვს ჩვენგან. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას მოსაწონები ვიქნებით და ის მარადიულ სიცოცხლეს მოგვცემს.

მოდი ერთად წავიკითხოთ შემდეგი ბიბლიური მუხლები, რომლებიც დაგვეხმარება, თავიდან მოვიშოროთ ის, რაც ცუდია: ფსალმუნების 118:9—11; იგავების 3:5—7 და 12:15.