არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 27

ვინ არის შენი ღმერთი?

ვინ არის შენი ღმერთი?

ვინ არის შენი ღმერთი?“ რატომ არის ეს კითხვა ასე მნიშვნელოვანი? ~ იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში მრავალ ღმერთს ეთაყვანებიან (1 კორინთელები 8:5). როდესაც მოციქულმა პავლემ იეჰოვასგან ძალა მიიღო, განეკურნა კაცი, რომელსაც არასოდეს გაევლო, ხალხი აყვირდა: „ღმერთებს ადამიანების სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულან!“ ხალხს უნდოდა პავლესა და მისი მეგობარი ბარნაბასთვის თაყვანი ეცათ. მათ პავლეს ჰერმესი დაარქვეს, ხოლო ბარნაბას — ზევსი, რომლებიც ცრუ ღმერთების სახელები იყო.

პავლემ და ბარნაბამ ხალხს ნება არ დართეს, მათთვის თაყვანი ეცათ. ისინი ხალხში შეცვივდნენ და თქვეს: ‘მიატოვეთ ეს ამაოება და მიუბრუნდით ცოცხალ ღმერთს’ (საქმეები 14:8—15). ვინ არის „ცოცხალი ღმერთი“, რომელმაც ყოველივე შექმნა? ~ დიახ, იეჰოვა. ის არის „უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე“. იესომ იეჰოვას „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ უწოდა. მაშ, მხოლოდ ვინ იმსახურებს თაყვანისცემას? ~ მხოლოდ იეჰოვა! (ფსალმუნები 82:19; იოანე 17:3; გამოცხადება 4:11).

რატომ არ დართეს ნება პავლემ და ბარნაბამ ხალხს, რომ მათ წინაშე მუხლი მოეყარათ?

„ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის“ ნაცვლად, ბევრი სხვა ღმერთებს სცემს თაყვანს. ისინი ხშირად ხის, ქვის ან მეტალისგან გაკეთებულ საგნებს ეთაყვანებიან (გამოსვლა 32:4—7; ლევიანები 26:1; ესაია 44:14—17). ზოგჯერ ცნობილ ადამიანებსაც კი უწოდებენ ღმერთებს, ვარსკვლავებს ან კერპებს. სწორი იქნება, მათ თუ განვადიდებთ? ~

იმის შემდეგ, რაც სავლე მოციქული პავლე გახდა, დაწერა: ‘ამ სისტემის ღმერთმა ურწმუნოებს გონება დაუბრმავა’ (2 კორინთელები 4:4). ვინ არის ამ სისტემის ღმერთი? ~ დიახ, სატანა ეშმაკი! სატანამ მიაღწია იმას, რომ ხალხი თაყვანს სცემს ადამიანებსა და საგნებს.

როდესაც სატანა ცდილობდა, იესოს მუხლი მოეყარა და თაყვანი ეცა მისთვის, რა უპასუხა იესომ? ~ „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათე 4:10). ამგვარად, იესომ ნათლად განმარტა, რომ თაყვანისცემა მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის. მოდი წავიკითხოთ იმ სამი ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომლებსაც ეს კარგად ესმოდათ. მათი სახელებია: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო.

ეს ახალგაზრდა ებრაელები ღვთის ერის, ისრაელის, შვილები იყვნენ და ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს. ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, უზარმაზარი ოქროს კერპი აღმართა. ერთ დღეს კი ბრძანება გასცა, რომ მუსიკის ხმაზე ყველას მუხლი მოეყარა კერპის წინაშე. მას, ვინც მუხლს არ მოიყრიდა და თაყვანს არ სცემდა კერპს, გახურებულ ღუმელში ჩააგდებდნენ. რას იზამდი, შენ რომ იქ ყოფილიყავი? ~

რატომ არ ეთაყვანებიან ეს კაცები კერპს?

შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ყოველთვის ემორჩილებოდნენ მეფის ბრძანებას. ამჯერად მათ უარი თქვეს მეფის მორჩილებაზე და კერპს თაყვანი არ სცეს. იცი, რატომ? ~ იმიტომ, რომ ღვთის კანონში ნათქვამი იყო: ‘არ უნდა გყავდეს სხვა ღმერთი ჩემ გარდა. არ უნდა გაიკეთო კერპი და თაყვანი არ უნდა სცე მას’ (გამოსვლა 20:3—5). ამიტომ, შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო იეჰოვას კანონს დაემორჩილნენ და არა მეფის ბრძანებას.

მეფე ძალიან გაბრაზდა და ბრძანა, სამივე ებრაელი მასთან მიეყვანათ. მან ჰკითხა: ‘მართალია, რომ ჩემს ღმერთებს არ ემსახურებით? ერთ შესაძლებლობას კიდევ მოგცემთ. მუსიკის გაგონებაზე დაემხვეთ და თაყვანი ეცით კერპს, მე რომ აღვმართე; თუ არადა, გახურებულ ღუმელში ჩაგყრით. მაშინ რომელი ღმერთი დაგიხსნით ჩემი ხელიდან?’

როგორ მოიქცევიან ეს ახალგაზრდები? შენ როგორ მოიქცეოდი? ~ მათ მეფეს უპასუხეს: ‘ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ჩვენი ხსნა. მაგრამ ამას თუ არ გააკეთებს, მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს. ჩვენ თაყვანს არ ვცემთ შენს ოქროს კერპს’.

მეფე უფრო მეტად გაბრაზდა და ბრძანა: ‘ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაახურეთ ღუმელი!’ შემდეგ ძლიერ ვაჟკაცებს უბრძანა, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და ღუმელში ჩაეყარათ. ღუმელი ისე იყო გახურებული, რომ მეფის კაცები ცეცხლის ალმა დაწვა. რა მოუვიდა სამ ებრაელს?

შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო პირდაპირ შუაგულ ცეცხლში ჩაყარეს. მაგრამ ისინი არ დაიწვნენ და აღარც შებოჭილები იყვნენ. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ~ მეფემ ღუმელში შეიხედა და ძალიან შეაშინა იმან, რაც იქ დაინახა. ‘განა ჩვენ სამი კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში?’ — იკითხა მან. მსახურებმა მიუგეს: ‘ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო’.

როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი მსახურები გავარვარებული ღუმლიდან?

შემდეგ მეფემ თქვა: ‘შეხედეთ! ცეცხლში ოთხნი მიმოდიან და არ იწვიან’. იცი, მეოთხე ვინ იყო? ~ იეჰოვას ანგელოზი. მან დაიცვა სამი ებრაელი, რომ არ დამწვარიყვნენ.

ამის დანახვაზე მეფე ღუმელის კართან მივიდა და დაიყვირა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით!“ როცა ისინი გამოვიდნენ, ყველამ დაინახა, რომ უვნებლები იყვნენ. მათ კვამლის სუნიც კი არ ასდიოდათ. შემდეგ მეფემ თქვა: ‘კურთხეულია შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთი, რომელმაც ანგელოზი გამოგზავნა თავისი მსახურების გადასარჩენად, რადგან ისინი მის გარდა სხვა ღმერთს არ სცემენ თაყვანს’ (დანიელი, თავი 3).

დღეს რომელ კერპებს განადიდებს ხალხი?

ჩვენც შეგვიძლია აქედან რაღაცა ვისწავლოთ. დღესაც ეთაყვანებიან კერპებს ანუ გამოსახულებებს. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „დროშა ისევე წმინდაა, როგორც ჯვარი“. გამოსახულება შეიძლება გაკეთებული იყოს ხისგან, ქვისგან, მეტალისგან ან ქსოვილისგან. იესოს პირველი მოწაფეები არ მონაწილეობდნენ რომის იმპერატორისადმი თაყვანისცემაში, რაც ისტორიკოს დანიელ მანიქსის თქმით, შეიძლება „დროშისთვის სალმის მიცემაზე ან ერთგულების დაფიცებაზე უარის თქმის მსგავსი ყოფილიყო“.

შენი აზრით, აქვს ღმერთისთვის მნიშვნელობა იმას, კერპი ქსოვილისგან იქნება გაკეთებული, ხისგან, ქვისგან თუ მეტალისგან? ~ განა სწორი იქნება იეჰოვას მსახურმა ასეთ გამოსახულებებს სცეს თაყვანი? ~ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო თაყვანს არ სცემდნენ კერპებს და იეჰოვა კმაყოფილი იყო მათით. შენ როგორ შეგიძლია მათ მიჰბაძო? ~

იეჰოვას მსახურებმა თაყვანი არ უნდა სცენ ღვთის გარდა ვინმეს ან რამეს. წაიკითხე, რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია: იესო ნავეს ძის 24:14, 15, 19—22; ესაიას 42:8; 1 იოანეს 5:21 და გამოცხადების 19:10.