არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 28

ვის უნდა დავემორჩილოთ?

ვის უნდა დავემორჩილოთ?

ხანდახან ძნელია, განსაზღვრო, ვის უნდა დაემორჩილო. შეიძლება მშობლები ერთ რამეს გეუბნებიან, მასწავლებელი ან პოლიციელი კი — მეორეს. ვის უნდა დაუჯერო ასეთ დროს? ~

ამ წიგნის მე-7 თავის განხილვისას ბიბლიიდან ეფესოელების 6:1—3 წავიკითხეთ. იქ ნათქვამია, რომ ბავშვებმა მშობლებს უნდა დაუჯერონ: „ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფალში“. იცი, რას ნიშნავს, დაემორჩილო მშობლებს „უფალში“~ ეს იმას ნიშნავს, რომ შვილებმა უნდა დაუჯერონ მშობლებს, როცა ისინი ღვთის კანონებისადმი მორჩილებას ასწავლიან.

უფროსი ასაკის ადამიანებიდან ყველას როდი სწამს იეჰოვა. მაშ, როგორ უნდა მოიქცე, როდესაც რომელიმე მათგანი გეტყვის, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუ გამოცდაზე შპარგალკას გამოიყენებ ან მაღაზიიდან ფულის გადაუხდელად წამოიღებ რამეს? განა სწორია, ბავშვი შპარგალკას იყენებდეს ან ქურდობდეს? ~

გახსოვს, ერთხელ მეფე ნაბუქოდონოსორმა ბრძანა, რომ ყველას მის მიერ დადგმული ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი. მაგრამ შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ თაყვანი არ სცეს კერპს. იცი, რატომ? ~ იმიტომ, რომ ბიბლია ამბობს, თაყვანი მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ (გამოსვლა 20:3; მათე 4:10).

რას ეუბნება პეტრე კაიაფას?

იესოს სიკვდილის შემდეგ მოციქულები დაიჭირეს და სინედრიონის წინაშე წარადგინეს. სინედრიონი იუდეველთა მთავარი რელიგიური სასამართლო იყო. მღვდელმთავარმა კაიაფამ მოციქულებს უთხრა: „ჩვენ სასტიკად აგიკრძალეთ, აღარ გესწავლებინათ ამ [იესოს] სახელით, თქვენ კი თქვენი სწავლებით იერუსალიმი აავსეთ“. რატომ არ დაემორჩილნენ მოციქულები სინედრიონის გადაწყვეტილებას? ~ პეტრემ ყველა მოციქულის მაგივრად უპასუხა: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:27—29).

იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს იმ დროს ხალხზე დიდი გავლენა ჰქონდათ, თუმცა მათ ქვეყანას რომის მთავრობა განაგებდა. რომის მმართველს კეისარს უწოდებდნენ. მართალია იუდეველებს არ უნდოდათ, მათი მმართველი კეისარი ყოფილიყო, მაგრამ რომის მთავრობა ხალხს ბევრ სასიკეთო საქმეს უკეთებდა. დღევანდელი მთავრობებიც ბევრ კარგ რამეს უკეთებენ თავის მოქალაქეებს. იცი, მაგალითად, რას? ~

მთავრობას გზები გაჰყავს. ის ფულს უხდის პოლიციელებსა და მეხანძრეებს, რათა დაგვიცვან. მთავრობა ზრუნავს ბავშვების განათლებაზე, მოხუცების ჯანმრთელობაზე. ამ ყველაფრისთვის კი ფულს ხარჯავს. იცი, საიდან ღებულობს მთავრობა ფულს? ~ ხალხისგან. ფულს, რომელსაც ხალხი მთავრობას უხდის, გადასახადი ჰქვია.

დიდებული მასწავლებლის დედამიწაზე ყოფნისას, ბევრ იუდეველს არ უნდოდა, რომის მთავრობისთვის გადასახადები გადაეხადა. ამიტომ, ერთხელ მღვდლებმა რამდენიმე კაცი მოისყიდეს, რათა იესოსთვის ჩამჭრელი კითხვა დაესვათ. კითხვა ასეთი იყო: ‘უნდა გადავუხადოთ გადასახადი კეისარს თუ არა?’ ეს მზაკვრული შეკითხვა იყო. თუ იესო იტყოდა, ‘დიახ, უნდა გადაუხადოთო’, ეს ბევრ იუდეველს არ მოეწონებოდა. მაგრამ იესო ვერც იმას იტყოდა, ‘არა, არ უნდა გადაუხადოთო’. ამისი თქმა არასწორი იქნებოდა.

მაშ, როგორ მოიქცა იესო? მან თქვა: ‘მიჩვენეთ მონეტა’. როცა მონეტა მიუტანეს, იესომ იკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. მაშინ იესომ უთხრა: „ამიტომ, კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (ლუკა 20:19—26).

როგორ უპასუხა იესომ ამ კაცების მზაკვრულ შეკითხვას?

ვერავინ შეძლო შეწინააღმდეგება. რადგან კეისარი ზრუნავს ხალხისთვის, სამართლიანიცაა, რომ მის მიერ გამოშვებული ფული მასვე მივცეთ ზრუნვის საფასურად. ამით იესომ აჩვენა, რომ მთავრობას ჩვენთვის გაკეთებული საქმეებისთვის გადასახადი უნდა გადავუხადოთ.

შეიძლება ჯერ პატარა ხარ და გადასახადების გადახდა არ მოგეთხოვება. მაგრამ არის რაღაცა, რასაც მთავრობა შენგან თხოულობს. იცი, რას? ~ კანონებისადმი მორჩილებას. ბიბლია ამბობს: ‘დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფლებებს’. ეს ხელისუფალნი ისინი არიან, ვისაც მმართველობის ძალაუფლება აქვს. მაშასადამე, თავად ღმერთი გვეუბნება, რომ მთავრობის კანონებს უნდა დავემორჩილოთ (რომაელები 13:1, 2).

შეიძლება არსებობს კანონი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დავყაროთ ქუჩაში ქაღალდები ან ნაგავი. დაემორჩილები ასეთ კანონს? ~ დიახ, ღმერთს უნდა, რომ დაემორჩილო. პოლიციელებსაც უნდა დავემორჩილოთ? ~ მთავრობა პოლიციელებს ფულს უხდის, რომ ხალხი დაიცვან. მათდამი მორჩილება მთავრობისადმი მორჩილებას ნიშნავს.

გზაზე გადასვლას თუ აპირებ და პოლიციელი გეუბნება: „მოიცადე, არ გადახვიდე!“ რა უნდა გააკეთო? ~ თუ სხვები გადაირბენენ ქუჩას, შენც მსგავსად უნდა მოიქცე? ~ უნდა მოიცადო მაშინაც კი, თუ შენ გარდა არავინ იცდის. ღმერთი გვეუბნება, რომ მორჩილები უნდა ვიყოთ.

შეიძლება შენს სახლთან ახლოს ცუდი ამბავი ხდება და პოლიციელი გეუბნება: „სახლში შედი. ქუჩაში არ გახვიდე!“ მაგრამ, თუ ყვირილი გესმის და გინდა გაიგო, რა ხდება, უნდა გახვიდე გარეთ? ~ იქნება ეს „უმაღლეს ხელისუფალთა“ მორჩილება? ~

ბევრ ქვეყანაში მთავრობა სკოლებს აშენებს და მასწავლებლებს ფულს უხდის, რომ ბავშვებს ასწავლონ. შენი აზრით, უნდა ღმერთს, რომ მასწავლებელს დაემორჩილო? ~ დაფიქრდი. მთავრობა მასწავლებელს ფულს უხდის, ისევე როგორც პოლიციელს, რომელიც გვიცავს. მაშასადამე, თუ პოლიციელსა და მასწავლებელს დაუჯერებ, ამით მთავრობასაც დაემორჩილები.

რატომ უნდა დავემორჩილოთ პოლიციელს?

მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ მასწავლებელი გეუბნება, გამოსახულებას ეცი თაყვანიო? შენ რას გააკეთებდი? ~ მაშინაც კი, როცა მეფე ნაბუქოდონოსორმა ამის გაკეთება ბრძანა, სამმა ებრაელმა კერპს არ სცა თაყვანი. გახსოვს, რატომ? ~ იმიტომ, რომ მათ უნდოდათ ღმერთს დამორჩილებოდნენ.

ისტორიკოსმა უილ დიურანტმა პირველი ქრისტიანების შესახებ დაწერა, რომ მათი ‘ერთგულება კეისარს არ ეკუთვნოდა’. ის იეჰოვას ეკუთვნოდა! ამიტომ, გახსოვდეს, რომ ცხოვრებაში ყველაზე წინ ღმერთი უნდა დავაყენოთ.

მთავრობას იმიტომ ვემორჩილებით, რომ ამას ღმერთი გვეუბნება. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ იმის გაკეთებას გვავალებენ, რასაც ღმერთი გვიკრძალავს? ~ ის უნდა ვთქვათ, რაც მოციქულებმა მღვდელმთავარს უთხრეს: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).

ბიბლია კანონის პატივისცემას გვასწავლის. ამასთან დაკავშირებით წაიკითხე მათეს 5:41; ტიტეს 3:1; 1 პეტრეს 2:12—14.