არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 29

ყველა წვეულება მოსწონს ღმერთს?

ყველა წვეულება მოსწონს ღმერთს?

რატომ იყო ღმერთი კმაყოფილი ამ წვეულებით?

გიყვარს წვეულებები? ~ წვეულებებზე სასიამოვნოდ ვატარებთ დროს. შენი აზრით, უნდა დიდებულ მასწავლებელს, რომ წვეულებებზე ვიაროთ? ~ ერთხელ იესო თავის რამდენიმე მოწაფესთან ერთად ქორწილში წავიდა. იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ და ამიტომ, უხარია, როდესაც კარგ წვეულებებზე მივდივართ (1 ტიმოთე 1:11; იოანე 2:1—11).

ამ წიგნის 29-ე გვერდზე ნათქვამია, რომ იეჰოვამ წითელი ზღვა გაყო, რათა ისრაელებს მასზე გაევლოთ. გახსოვს ეს შემთხვევა? ~ ამის შემდეგ ხალხი მღეროდა, ცეკვავდა და იეჰოვას მადლობას ეუბნებოდა. ეს ყველაფერი ზეიმს ჰგავდა. ხალხს ძალიან უხაროდა და, რასაკვირველია, ღმერთსაც (გამოსვლა 15:1, 20, 21).

დაახლოებით 40 წლის შემდეგ ისრაელები დიდ წვეულებაზე წავიდნენ. ისინი, ვინც ისრაელები წვეულებაზე დაპატიჟა, იეჰოვას არ სცემდნენ თაყვანს და სხვა ღმერთებს ემსახურებოდნენ და ჩვევად ჰქონდათ იმ ადამიანებთან სქესობრივი კავშირის დამყარება, რომლებზეც დაქორწინებულები არ იყვნენ. შენი აზრით, სწორი იყო ასეთ წვეულებაზე წასვლა? ~ იეჰოვას არ მოეწონა ეს და დასაჯა ისრაელები (რიცხვნი 25:1—9; 1 კორინთელები 10:8).

ბიბლიაში აგრეთვე მოთხრობილია ორ დაბადების დღეზე. დიდებული მასწავლებლის დაბადების დღეზე ხომ არა? ~ არა. ორივე დაბადების დღის წვეულება იმათ გამართეს, ვინც იეჰოვას არ ემსახურებოდა. ამათგან ერთი მეფე ჰეროდე აგრიპას დაბადების დღე იყო. ჰეროდე იესოს დროს გალილეის მხარის განმგებელი იყო.

მეფე ჰეროდე ბევრ ცუდ საქმეს აკეთებდა. მან ცოლად თავისი ძმის ცოლი მოიყვანა. მას ჰეროდია ერქვა. ღვთის მსახურმა, იოანე ნათლისმცემელმა, მეფეს უთხრა, რომ ჰეროდია ცოლად არ უნდა შეერთო. ჰეროდეს არ მოეწონა მისი ნათქვამი. ამიტომ, მან იოანე ციხეში ჩაასმევინა (ლუკა 3:19, 20).

იოანე ციხეში იჯდა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად დიდი წვეულება გამართა. ზეიმზე ბევრი გამოჩენილი ადამიანი დაპატიჟა. მათ კარგად მოილხინეს, ჭამეს და სვეს. შემდეგ ჰეროდიას ქალიშვილი შემოვიდა და იცეკვა. ყველა ისეთი კმაყოფილი იყო მისი ცეკვით, რომ მეფეს უნდოდა, მისთვის რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი მიერთმია. მან უთხრა: „რასაც მთხოვ, მოგცემ, თუნდაც ჩემი სამეფოს ნახევარს“.

რას სთხოვს ჰეროდიას ქალიშვილი?  ფულს? ლამაზ ტანსაცმელს? საკუთარ სასახლეს? გოგონამ არ იცოდა, რა ეთხოვა. ამიტომ, დედამისთან წავიდა და ჰკითხა: „რა ვთხოვო?“

ჰეროდიას ძალიან სძულდა იოანე ნათლისმცემელი. ამიტომ უთხრა თავის ქალიშვილს, მისი თავი მოეთხოვა. გოგონა მეფესთან დაბრუნდა და უთხრა: „მსურს ახლავე მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი, ლანგარზე დადებული“.

მეფე ჰეროდეს არ უნდოდა იოანეს მოკვლა, რადგან იცოდა, რომ ის კარგი კაცი იყო. მაგრამ პირობა ჰქონდა მიცემული და აღელვებდა, რას იტყოდნენ სტუმრები, თუ სიტყვას გატეხდა. ამიტომ, ციხეში კაცი გაგზავნა, რომ იოანესთვის თავი მოეკვეთათ. კაცი მალე დაბრუნდა. ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც იოანეს თავი იდო. ლანგარი გოგონას მიართვა; მან კი დედას მიუტანა (მარკოზი 6:17—29).

მეორე დაბადების დღე, რომელსაც ბიბლია მოიხსენიებს, არ იყო ამაზე უკეთესი. ეს იყო ეგვიპტის მეფის დაბადების დღე. ამ წვეულების დროსაც მეფის ბრძანებით ერთ კაცს თავი მოჰკვეთეს. შემდეგ კი მისი გვამი ფრინველების საჯიჯგნად ჩამოკიდეს! (დაბადება 40:19—22). როგორ ფიქრობ, მოიწონა ღმერთმა ეს ორი წვეულება? ~ გული ხომ არ გწყდება, იმ წვეულებებს რომ ვერ დაესწარი? ~

რა მოხდა ჰეროდეს დაბადების დღის წვეულებაზე?

როგორც ვიცით, ყველაფერი, რაც ბიბლიაში ჩაიწერა, რაღაც მიზანს ემსახურება. მასში მოხსენიებულია მხოლოდ ორი დაბადების დღე. ორივეს აღნიშვნისას ცუდი რამ მოხდა. მაშ, შენი აზრით, რისი თქმა უნდა ღმერთს დაბადების დღეზე? უნდა ღმერთს, რომ აღვნიშნოთ დაბადების დღეები? ~

მართალია, დღეს დაბადების დღეზე თავს არავის აჭრიან, მაგრამ დაბადების დღის აღნიშვნის აზრი პირველად იმ ხალხს მოუვიდა თავში, ვინც ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი არ იყო. ბიბლიაში მოხსენიებულ დაბადების დღეებზე „კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „მხოლოდ ცოდვილები აღნიშნავდნენ ზარ-ზეიმით თავიანთ დაბადების დღეს“. გვინდა, ჩვენც მათ დავემსგავსოთ? ~

დიდებულ მასწავლებელზე რაღას ვიტყვით? აღნიშნავდა ის თავის დაბადების დღეს? ~ არა, ბიბლიაში არსადაა ნათქვამი, რომ იესო დაბადების დღეს აღნიშნავდა. არც იესოს პირველი მიმდევრები აღნიშნავდნენ მის დაბადების დღეს. იცი, რატომ გადაწყვიტა მოგვიანებით ხალხმა იესოს დაბადების დღე 25 დეკემბერს ან ძველი სტილით 7 იანვარს აღენიშნათ? ~

ეს დღე იმიტომ შეარჩიეს, რომ, როგორც ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ ამბობს, „რომაელები ამ დღეს სატურნის დღესასწაულს ანუ მზის დაბადების დღეს ზეიმობდნენ“. მაშასადამე, ხალხმა გადაწყვიტა, იესოს დაბადება იმ დღეს აღენიშნათ, როდესაც წარმართები ზეიმობდნენ თავიანთ დღესასწაულს.

იცი, რატომ არ შეიძლებოდა, რომ იესო დეკემბერში ან იანვარში დაბადებულიყო? ~ იმიტომ, რომ, როგორც ბიბლია ამბობს, იესოს დაბადებისას მწყემსები ჯერ კიდევ ველად იყვნენ (ლუკა 2:8—12). დეკემბრის ან იანვრის ცივ და წვიმიან თვეში კი გარეთ ვერ იქნებოდნენ.

რატომ არის შეუძლებელი, იესო 25 დეკემბერს ან 7 იანვარს დაბადებულიყო?

ბევრმა იცის, რომ შობის დღესასწაული არ არის ქრისტეს დაბადების დღე. მათ ისიც იციან, რომ ამ დღეს წარმართები ღვთისთვის მიუღებელ დღესასწაულს ზეიმობდნენ. დღეს ბევრი მაინც ზეიმობს შობას. მათ გართობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, თუ რას ფიქრობს ღმერთი. მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, იეჰოვას ვასიამოვნოთ? ~

ასე რომ, როდესაც წვეულებას ვაწყობთ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის მოსწონს იეჰოვას. ასეთი წვეულებები წელიწადის ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ. საჭირო არ არის განსაკუთრებული დღისთვის ლოდინი. შეგვიძლია განსაკუთრებული საჭმელი მოვამზადოთ და რამე ვითამაშოთ. გინდა ასეთი წვეულების მოწყობა? ~ დაელაპარაკე მშობლებს და მათი დახმარებით წვეულება მოაწყვე. კარგი იქნებოდა, არა? ~ თუმცა სანამ რამეს დაგეგმავ, დარწმუნდი, რომ ეს ღმერთს მოეწონება.

რა უნდა ვაკეთოთ, რომ ჩვენი წვეულებები მოსწონდეს ღმერთს?

ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმას ვაკეთებდეთ, რაც ღმერთს მოსწონს. ამასთან დაკავშირებით წაიკითხე შემდეგი ბიბლიური მუხლები: იგავების 12:2; იოანეს 8:29; რომაელების 12:2 და 1 იოანეს 3:22.