არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 36

ვინ აღდგება? სად იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილები?

ვინ აღდგება? სად იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილები?

რამდენი ადამიანის აღდგომის შესახებ წავიკითხეთ წინა ორ თავში? ~ ხუთი ადამიანის შესახებ. რამდენი იყო მათგან ბავშვი? ~ სამი. მეოთხეც ახალგაზრდა იყო, რადგან ბიბლიაში ის ჭაბუკად მოიხსენიება. შენი აზრით, რას გვიჩვენებს ეს მაგალითები? ~

ეს გვიჩვენებს, რომ ღმერთს უყვარს ბავშვები და ახალგაზრდები. მაგრამ ღმერთი სხვა ასაკის ადამიანებსაც აღადგენს. მხოლოდ იმათ დაუბრუნებს ღმერთი სიცოცხლეს, ვინც კარგ საქმეებს აკეთებდა? ~ შეიძლება ჩვენ ასე ვფიქრობთ, თუმცა ბევრი ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო ჭეშმარიტება იეჰოვა ღმერთსა და მის ძეზე. ამიტომ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, რადგან ასე ჰქონდათ ნასწავლი. როგორ ფიქრობ, აღადგენს იეჰოვა მათ? ~

ბიბლიაში ვკითხულობთ: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). რატომ აღდგებიან უმართლოები ანუ ისინი, ვინც სწორად არ იქცეოდა? ~ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეგოთ იეჰოვა ღმერთისა და მისი მოთხოვნების შესახებ.

შენი აზრით, როდის იქნება მკვდრეთით აღდგომა? ~ გაიხსენე, როდესაც ლაზარე მოკვდა, იესო მართას შეჰპირდა: „აღდგება შენი ძმა“. მართამ უპასუხა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:23, 24). რას გულისხმობდა მართა, როცა ამბობდა, ლაზარე „უკანასკნელ დღეს“ აღდგებაო? ~

რატომ აღადგენს ღმერთი იმ ადამიანებს, რომლებიც არ იქცეოდნენ სწორად?

სად იქნება სამოთხე, რის შესახებაც იესო ამ კაცს უყვება?

მართას გაგებული ჰქონდა იესოს დანაპირები: ‘ყველანი, ვინც სამარხებში არიან, გამოვლენ’ (იოანე 5:28, 29). ასე რომ, „უკანასკნელი დღე“ ის დროა, როცა აღდგება ყველა, ვინც ღვთის მეხსიერებაშია. ეს არ არის 24-საათიანი დღე. ის ათასი წელი გაგრძელდება. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ამ დღის განმავლობაში ‘ღმერთი გაასამართლებს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს’, მათ შორის აღდგენილებსაც (საქმეები 17:31; 2 პეტრე 3:8).

წარმოიდგინე, რა ბედნიერი დღე იქნება! ამ ათასწლიანი დღის განმავლობაში მილიონობით ადამიანი აღდგება. იმ ადგილს, სადაც ისინი იცხოვრებენ, იესო სამოთხეს უწოდებს. მოდი ვნახოთ, სად იქნება სამოთხე და როგორი იქნება ის.

წამების ძელზე გაკრული იესო, სიკვდილამდე სამი საათით ადრე, მის გვერდით გაკრულ კაცს სამოთხის შესახებ ელაპარაკა. იმ კაცს თავისი დანაშაულის გამო მიუსაჯეს სიკვდილი. მაგრამ, როცა დამნაშავემ იესო ნახა და მოისმინა, რას ამბობდნენ სხვები მის შესახებ, იესოს მიმართ რწმენა განუვითარდა. ამიტომ, დამნაშავემ უთხრა: „გამიხსენე, როცა მიხვალ შენს სამეფოში“. იესო დაჰპირდა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43).

რა უნდა წარმოვიდგინოთ, როცა სამოთხეზე ვკითხულობთ?

რა იგულისხმა იესომ ამაში? სად არის სამოთხე? ~ აბა, დაფიქრდი, სად იყო სამოთხე? ~ გახსოვს, ღმერთმა პირველ წყვილს, ადამსა და ევას, საცხოვრებლად სამოთხე მისცა. სამოთხე აქ იყო, დედამიწაზე. მას ედემის ბაღი ერქვა. იმ ბაღში ცხოველებიც იყვნენ, მაგრამ არავის ვნებდნენ. იქ გემრიელი ნაყოფის მომცემი უამრავი ხე იზრდებოდა. იქვე დიდი მდინარეც ჩამოდიოდა. სამოთხე მშვენიერი საცხოვრებელი ადგილი იყო (დაბადება 2:8—10).

ამიტომ, როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ დამნაშავეზე, რომელიც სამოთხეში აღდგება, უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი დედამიწა, რომელიც ლამაზ საცხოვრებელ ადგილად გადაიქცევა. იესოც იქნება სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იმ ყოფილი დამნაშავის გვერდით? ~ არა. იცი, რატომ? ~

იესო ზეცაში იქნება და სამოთხეზე იქიდან იმეფებს. იესო იმ გაგებით იქნება იმ კაცთან, რომ მკვდრეთით აღადგენს მას და იზრუნებს მასზე. საინტერესოა, რატომ დართავს იესო ყოფილ დამნაშავეს სამოთხეში ცხოვრების ნებას? ~ მოდი გავიგოთ.

იცოდა დამნაშავემ ღვთის განზრახვა, სანამ იესოს დაელაპარაკებოდა? ~ არა, არ იცოდა. ის ცუდ საქმეებს აკეთებდა, რადგან არასდროს უსწავლია ჭეშმარიტება ღმერთზე. ღვთის განზრახვების შესახებ ის სამოთხეში გაიგებს. ამის შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა, ღვთის ნების შესრულებით დაამტკიცოს, რომ ნამდვილად უყვარს ღმერთი.

დედამიწაზე იცხოვრებს ყველა აღდგენილი? ~ არა. იცი, რატომ? ~ იმიტომ, რომ ზოგი იესოსთან ზეცაში საცხოვრებლად იქნება აღდგენილი. ისინი იესოსთან ერთად იმეფებენ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. მოდი ვნახოთ, საიდან ვიცით, რომ ასე იქნება.

სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის მოციქულებს უთხრა: ‘მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია. ახლა მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ’. შემდეგ იესო მათ დაჰპირდა: „კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“ (იოანე 14:2, 3).

სად წავიდა იესო აღდგომის შემდეგ? ~ დიახ, ისევ ზეცაში, თავის მამასთან (იოანე 17:4, 5). ასე რომ, იესო თავის მოციქულებსა და სხვა მიმდევრებს დაჰპირდა, რომ მათ ზეცაში საცხოვრებლად აღადგენს. რას გააკეთებენ ისინი იესოსთან? ~ ბიბლია ამბობს, რომ მისი მოწაფეები, რომლებსაც წილი აქვთ „პირველ აღდგომაში“, იცხოვრებენ ზეცაში და „მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 5:10; 20:6; 2 ტიმოთე 2:12).

რამდენი მიიღებს მონაწილეობას „პირველ აღდგომაში“ და რამდენი იმეფებს იესოსთან ერთად? ~ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32). „მცირე სამწყსოს“ რიცხვი განსაზღვრულია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დედამიწიდან ზეცაში „ას ორმოცდაოთხი ათასი“ ადამიანი იქნება აყვანილი (გამოცხადება 14:1, 3).

სად იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილები და რას გააკეთებენ ისინი?

რამდენი იცხოვრებს დედამიწაზე სამოთხეში? ~ ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ღმერთმა ედემის ბაღში ადამსა და ევას უთხრა, რომ შვილები გაეჩინათ და დედამიწა აევსოთ. მათ ვერ შეასრულეს ეს დავალება. მაგრამ ღმერთი შეასრულებს თავის განზრახვას და მთელ დედამიწაზე კარგი ადამიანები იცხოვრებენ (დაბადება 1:28; ესაია 45:18; 55:11).

წარმოიდგინე, რა დიდებული იქნება სამოთხეში ცხოვრება! მთელი დედამიწა ლამაზ ბაღად გადაიქცევა. ის სავსე იქნება ფრინველებითა და ცხოველებით, ლამაზი ხეებითა და ნაირ-ნაირი ყვავილებით. ავად არავინ გახდება და არც არავინ მოკვდება. ყველა ერთმანეთის მეგობარი იქნება. თუ გვინდა, რომ სამოთხეში მარადიულად ვიცხოვროთ, ამისათვის დღესვე უნდა დავიწყოთ მზადება.

დედამიწასთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვაზე წავიკითხოთ: იგავების 2:21, 22; ეკლესიასტეს 1:4; ესაიას 2:4; 11:6—9; 35:5, 6 და 65:21—24.