არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 41

ბავშვებს შეუძლიათ ღმერთი გაახარონ

ბავშვებს შეუძლიათ ღმერთი გაახარონ

შენი აზრით, ყველაზე მეტად რომელმა ბავშვმა გაახარა იეჰოვა? ~ მისმა შვილმა, იესომ. მოდი გავიგოთ, რას აკეთებდა ის, რომ მამა გაეხარებინა.

იესოს მშობლები სამი დღის სავალზე ცხოვრობდნენ იერუსალიმიდან, სადაც იეჰოვას ლამაზი ტაძარი იყო. იესო ამ ტაძარს ‘მამის სახლს’ უწოდებდა და ოჯახთან ერთად ყოველ წელს მიდიოდა იქ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად.

ერთხელ, როდესაც იესო 12 წლის იყო, მისი მშობლები დღესასწაულიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ღამის გასათევად როცა გაჩერდნენ, შენიშნეს, რომ იესო არც ნათესავებთან იყო და არც მეგობრებთან. ამიტომ, მარიამი და იოსები მაშინვე იერუსალიმში დაბრუნდნენ მის მოსაძებნად. როგორ ფიქრობ, სად იქნებოდა იესო? ~

მათ იესო ტაძარში იპოვეს. ის მასწავლებლებს უსმენდა, კითხვებს უსვამდა და თავადაც პასუხობდა მათ კითხვებს. ისინი გაოცებულები იყვნენ იესოს შესანიშნავი პასუხებით. გესმის ახლა, რატომ გაახარა იესომ ღვთის გული? ~

რასაკვირველია, მარიამმა და იოსებმა ბოლოს და ბოლოს იპოვეს იესო და შვებით ამოისუნთქეს. მაგრამ იესო არ ნერვიულობდა. მან იცოდა, რომ ტაძარზე უკეთესი და უსაფრთხო ადგილი არ არსებობდა. ამიტომ, მშობლებს უთხრა: „ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ იესომ იცოდა, რომ ტაძარი ღვთის სახლი იყო და უყვარდა იქ ყოფნა.

ბოლოს მარიამმა და იოსებმა 12 წლის იესო ნაზარეთში წაიყვანეს. როგორ ფიქრობ, ემორჩილებოდა იესო მშობლებს? ~ ბიბლია ამბობს, რომ ის „კვლავაც ემორჩილებოდა“ მათ. შენი აზრით, რას ნიშნავს ეს? ~ იმას, რომ იესო მშობლებს უჯერებდა. დიახ, ის იმას აკეთებდა, რასაც მშობლები ეუბნებოდნენ, თუნდაც ეს ჭიდან წყლის ამოღება ყოფილიყო ან სხვა რამ (ლუკა 2:41—52).

როგორ გაახარა პატარა იესომ ღმერთი?

დაფიქრდი: იესო სრულყოფილი იყო, მაგრამ მაინც ემორჩილებოდა თავის არასრულყოფილ მშობლებს. უხაროდა ეს იეჰოვას? ~ დიახ, რადგან ღვთის სიტყვა ბავშვებს ეუბნება: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“ (ეფესოელები 6:1). შენც გაახარებ ღმერთს, თუ იესოს მსგავსად მშობლებს დაუჯერებ.

ღმერთს კიდევ იმით გაახარებ, თუ სხვებსაც მოუყვები მის შესახებ. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს ბავშვების საქმე არ არის. ერთხელ ხალხი ცდილობდა, გაეჩუმებინათ პატარა ბიჭები, რომლებიც ღმერთს განადიდებდნენ, მაგრამ იესომ ხალხს უთხრა: ‘ნუთუ ბიბლიაში არასოდეს წაგიკითხავთ: ღმერთი ბავშვებს აალაპარაკებს თავის საქებრად?’ (მათე 21:16). ამიტომ, თუ გულით გვინდა ამის გაკეთება, შევძლებთ, რომ ყველას ვუთხრათ, რა დიდებული ღმერთია იეჰოვა. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას გავახარებთ.

საიდან მივიღოთ ღვთის შესახებ ცოდნა, რომ შემდეგ სხვებს მოვუყვეთ? ~ ბიბლიის საშინაო შესწავლიდან. უფრო მეტს კი იქ ვიგებთ, სადაც ღვთის ხალხი იკრიბება მისი სიტყვის შესასწავლად. როგორ გავიგოთ, ვინ არის ღვთის ხალხი? ~

დააკვირდი, რას აკეთებენ ისინი, როცა ერთად იკრიბებიან? ნამდვილად იმას ასწავლიან, რაც ბიბლიაში წერია? კითხულობენ ბიბლიას და განიხილავენ მას? განა ბიბლიის კითხვისას არ ვიგებთ, რას გვეუბნება ღმერთი? ~ ქრისტიანულ შეხვედრებზე ხომ იმისთვის დავდივართ, რომ ღმერთს მოვუსმინოთ? ~ მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ გეუბნებიან, რომ არ უნდა იცხოვრო ისე, როგორც ბიბლია გვასწავლის? იტყოდი ასეთ ადამიანებზე, რომ ისინი ღვთის ხალხი არიან? ~

კიდევ ერთ რამეზე უნდა დავფიქრდეთ. ბიბლია ამბობს, რომ ღვთის ხალხი იქნებოდა ‘ხალხი მისი სახელისთვის’ (საქმეები 15:14). რადგან ღვთის სახელი იეჰოვაა, შეგვიძლია ვკითხოთ ხალხს: არის მათი ღმერთი იეჰოვა? პასუხი თუ უარყოფითი იქნება, იცოდე, რომ ისინი არ არიან მისი ხალხი. ღვთის ხალხი ღვთის სამეფოს შესახებაც უნდა ესაუბრებოდეს სხვებს და ღვთის მცნებების დაცვით უნდა აჩვენებდეს, რომ უყვარს ღმერთი (1 იოანე 5:3).

თუ იცნობ ხალხს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, შეუერთდი მათ თაყვანისმცემლობაში. შეხვედრებზე ყურადღებით იყავი და დასმულ შეკითხვებს პასუხები გაეცი. სწორედ ასე იქცეოდა იესო ღვთის სახლში ყოფნისას. თუ იესოს მიჰბაძავ, შენც გაახარებ ღმერთს.

შეგიძლია, ბიბლიაში მოხსენიებული სხვა ბავშვებიც გაიხსენო, რომლებმაც ღმერთი გაახარეს? ~ ტიმოთემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მამამისს არ სწამდა იეჰოვა ღმერთი, დედასა და ბებიას — ევნიკესა და ლოისს — სწამდათ. ტიმოთე უსმენდა მათ და იეჰოვას შესახებ სწავლობდა.

რისი გაკეთება უნდოდა ტიმოთეს მიუხედავად იმისა, რომ მამამისი არ იყო მორწმუნე?

როცა ტიმოთე გაიზარდა, მოციქული პავლე იმ ქალაქს ესტუმრა, სადაც ის ცხოვრობდა. პავლემ შეამჩნია, როგორ ძალიან უნდოდა ტიმოთეს, იეჰოვასთვის ემსახურა. ამიტომ, ტიმოთეს შესთავაზა, თან წაჰყოლოდა, რათა ღვთისთვის უფრო მეტი გაეკეთებინა. ყველგან, სადაც კი მიდიოდნენ, ისინი ხალხს ღვთის სამეფოსა და იესოს შესახებ ესაუბრებოდნენ (საქმეები 16:1—5; 2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15).

ნუთუ მხოლოდ ბიჭები ახარებდნენ იეჰოვას გულს? ~ არა. განვიხილოთ იმ ისრაელი გოგონას მაგალითი, რომელმაც იეჰოვა გაახარა. მაშინ სირია და ისრაელი ერთმანეთს მტრობდნენ. ერთხელ სირიელებმა ისრაელი დაიპყრეს და პატარა გოგონა ტყვედ წაიყვანეს. ის ნაამანის (ნაყამანი), სირიის მხედართმთავრის, სახლში გაგზავნეს, რათა მის ცოლს მომსახურებოდა.

ნაამანი კეთრით იყო დაავადებული. ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო მისი განკურნება. პატარა გოგონას, რომელიც ისრაელიდან იყო, სჯეროდა, რომ წინასწარმეტყველს, ღვთის განსაკუთრებულ მსახურს, შეეძლო ნაამანის განკურნება. ცხადია, ნაამანი და მისი მეუღლე იეჰოვას არ სცემდნენ თაყვანს. უნდა ეთქვა პატარა გოგონას, რაც იცოდა? შენ რას იზამდი? ~

რით გაახარა ამ ისრაელმა გოგონამ ღმერთი?

პატარა გოგონამ თქვა: ‘ნაამანი რომ იეჰოვას წინასწარმეტყველთან წასულიყო ისრაელში, განიკურნებოდა კეთრისგან’. ნაამანმა მოუსმინა გოგონას და წავიდა იეჰოვას წინასწარმეტყველთან. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც წინასწარმეტყველმა უთხრა და განიკურნა. ამის შემდეგ ის ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი გახდა (4 მეფეთა 5:1—15).

გინდა იმ პატარა გოგონას მსგავსად ვინმეს დაეხმარო, გაიგოს იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ? ~ ვის შეგიძლია დაეხმარო? ~ რა თქმა უნდა, ზოგიერთი შეიძლება არ ფიქრობს, რომ დახმარება სჭირდება. თუმცა შენ შეგიძლია იმ კარგი საქმეების შესახებ ესაუბრო, რასაც იეჰოვა აკეთებს. მათ შეიძლება მოგისმინონ კიდეც. დარწმუნებული იყავი, ეს ღმერთს გაახარებს.

ახალგაზრდებმა სიხარულით რომ ემსახურონ ღმერთს, გამამხნევებელი იქნება შემდეგი მუხლების წაკითხვა: ფსალმუნების 121:1; 148:12, 13; ეკლესიასტეს 12:1; 1 ტიმოთეს 4:12 და ებრაელების 10:23—25.