არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 43

ვინ არიან ჩვენი და-ძმები?

ვინ არიან ჩვენი და-ძმები?

ერთხელ დიდებულმა მასწავლებელმა ასეთი კითხვა დასვა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ (მათე 12:48). შეგიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? ~ შენ ალბათ იცი, რომ იესოს დედას მარიამი ერქვა. იცი, რა ერქვათ მის ძმებს? ~ ჰყავდა იესოს დებიც? ~

ბიბლია ამბობს, რომ იესოს ძმებს ერქვათ: „იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა“. მას დებიც ჰყავდა. რადგან იესო პირველი შვილი იყო, მისი და-ძმები მასზე უმცროსები იყვნენ (მათე 13:55, 56; ლუკა 1:34, 35).

იყვნენ იესოს ძმებიც იესოს მოწაფეები? ~ ბიბლია ამბობს, რომ თავიდან „მის ძმებს არ სწამდათ ის“ (იოანე 7:5). მოგვიანებით იაკობი და იუდა იესოს მოწაფეები გახდნენ და ბიბლიის წიგნებიც კი დაწერეს. იცი, რომელი წიგნები? ~ დიახ, იაკობისა და იუდას წერილები.

მართალია, ბიბლიაში იესოს დების სახელები მოხსენიებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ იესოს, სულ ცოტა, ორი და მაინც ჰყავდა. გახდნენ ისინი იესოს მიმდევრები? ~ არ ვიცით, რადგან ამის შესახებ ბიბლია არაფერს ამბობს. იცი, რატომ იკითხა იესომ „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ ~ მოდი გავიგოთ.

იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა. ამ დროს ვიღაცამ საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენთან საუბარი სურთ“. ეს მომენტი იესომ იმისთვის გამოიყენა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი რამ ესწავლებინა და ასეთი მოულოდნელი კითხვა დაუსვა: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ მან ხელი მოწაფეებისკენ გაიშვირა და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!“

შემდეგ განმარტა, თუ რას გულისხმობდა: „ვინც ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (მათე 12:47—50). აქედან ვიგებთ, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესოს თავის მოწაფეებთან. ის გვასწავლიდა, რომ მისი მოწაფეები მისთვის ნამდვილი და-ძმებივითა და დედებივით იყვნენ.

როგორ ახსნა იესომ, ვინ იყვნენ მისი და-ძმები?

იმ დროს იესოს ღვიძლ ძმებს — იაკობს, იოსებს, სიმონსა და იუდას — არ სჯეროდათ, რომ იესო ღვთის ძე იყო. ძმებმა ალბათ არ დაიჯერეს ის, რაც ანგელოზმა გაბრიელმა მათ დედას, მარიამს, უთხრა (ლუკა 1:30—33). შეიძლება, ისინი ცუდადაც კი ექცეოდნენ იესოს. განა ის, ვინც ასე იქცევა, შეიძლება ნამდვილ ძმად ან დად ჩაითვალოს? იცნობ ვინმეს, ვინც ცუდად ექცევა თავის ძმას ან დას? ~

ბიბლიაში მოთხრობილია ორ ძმაზე — ესავსა და იაკობზე. ესავი ისე გაბრაზდა თავის ძმაზე, რომ თქვა: „მოვკლავ მაშინ ჩემს ძმას, იაკობს“. ეს მათმა დედამ, რებეკამ, გაიგო, ძალიან შეშინდა და იაკობი შორს გაგზავნა, რათა ესავს ვერ მოეკლა ის (დაბადება 27:41—46). მრავალი წლის შემდეგ ესავი შეიცვალა და როდესაც იაკობს შეხვდა, გადაეხვია და აკოცა (დაბადება 33:4).

იაკობს 12 ვაჟი შეეძინა. უფროსებს არ უყვარდათ უმცროსი ძმა — იოსები. მათ შურდათ მისი, რადგან მამას ყველაზე მეტად იოსები უყვარდა. ამიტომ მიჰყიდეს ის მონებით მოვაჭრეებს, რომლებმაც ეგვიპტეში წაიყვანეს. შემდეგ კი მამას უთხრეს, იოსები ნადირმა მოკლაო (დაბადება 37:23—36). განა ეს საშინელი საქციელი არ იყო? ~

მოგვიანებით, იოსების ძმებმა ინანეს, რაც გააკეთეს. იოსებმაც აპატია დანაშაული. ხედავ, რამდენად ჰგავდა იოსების მდგომარეობა იესოს მდგომარეობას? ~ იესო საკუთარმა მოციქულებმა მიატოვეს გასაჭირში, პეტრემ კი საერთოდ უარყო, რომ იცნობდა მას. მიუხედავად ამისა, იოსების მსგავსად, იესომაც აპატია ყველას.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ იქიდან, რაც კაენმა აბელს გაუკეთა?

იყო კიდევ ორი ძმა — კაენი და აბელი. მათი ცხოვრებიდანაც შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ. ღმერთმა დაინახა კაენის გული, რომ არ უყვარდა თავისი ძმა. ამიტომ ურჩია, შეცვლილიყო. კაენს რომ ღმერთი ჰყვარებოდა, მის რჩევას ყურად იღებდა; მაგრამ მას არ უყვარდა ღმერთი. ერთხელაც კაენმა აბელს უთხრა: ‘გავიდეთ ველად’. აბელი წაჰყვა და როცა ველად იყვნენ, კაენმა მოკლა ის (დაბადება 4:2—8).

ბიბლია გვეუბნება, რომ აქედან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვისწავლოთ. იცი, რა? ~ მასში ნათქვამია: „დასაწყისიდანვე მოგისმენიათ, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ არა კაენის მსგავსად, რომელიც ბოროტისგან იყო“. ასე რომ, და-ძმებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ. ისინი კაენს არ უნდა დაემსგავსონ (1 იოანე 3:11, 12).

რატომ არ უნდა ვიყოთ კაენის მსგავსი? ~ როგორც ბიბლია ამბობს, მისი საქმეები ბოროტისგან — სატანა ეშმაკისგან იყო. რადგან კაენი ეშმაკივით მზაკვრულად მოიქცა, შეიძლება ითქვას, რომ ეშმაკი მისი მამა იყო.

ხვდები ახლა, რატომ არის მნიშვნელოვანი გიყვარდეს შენი და-ძმები? ~ ისინი თუ არ გიყვარს, ვის შვილებს მიჰბაძავ? ~ ეშმაკის შვილებს. შენ ხომ არ გინდა, ეშმაკის შვილი იყო? ~ მაშ, როგორ შეგიძლია დაამტკიცო, რომ გინდა ღმერთის შვილი იყო? ~ შენი და-ძმების სიყვარულით.

რა არის სიყვარული? ~ ეს არის ღრმა გრძნობა, რომელიც სხვებისთვის სიკეთეს გვაკეთებინებს. თუ სხვების მიმართ თბილი გრძნობები გვექნება და კარგად მოვექცევით მათ, ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ისინი. მაგრამ ვინ არიან ჩვენი და-ძმები, რომლებიც უნდა გვიყვარდეს? ~ გახსოვს, იესომ გვასწავლა, რომ ისინი დიდი ქრისტიანული ოჯახის წევრები არიან.

როგორ აჩვენებ, რომ გიყვარს შენი ძმა?

რამდენად მნიშვნელოვანია, გვიყვარდეს ჩვენი ქრისტიანი და-ძმები? ~ ბიბლია ამბობს: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა [ან და], რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოანე 4:20). მაშასადამე, არ შეიძლება, რომ ქრისტიანული ოჯახიდან მხოლოდ რამდენიმე გვიყვარდეს. ჩვენ ყველა უნდა გვიყვარდეს. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამას თქვენ შორის არსებული სიყვარულით გაიგებს ყველა“ (იოანე 13:35). გიყვარს ყველა ძმა და და? ~ გახსოვდეს, თუ არ გიყვარს, ვერც ღმერთს შეიყვარებ.

როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი და-ძმები? ~ თუ გვიყვარს ისინი, მათთან შეხვედრასა და საუბარს არ მოვერიდებით; ყველასთან გულთბილი დამოკიდებულება გვექნება; ყოველთვის სიკეთეს გავუკეთებთ მათ და მზად ვიქნებით, ვუწილადოთ, რაც გვაქვს; თუ გასაჭირში აღმოჩნდებიან, დავეხმარებით, რადგან ჩვენ ნამდვილად ერთი დიდი ოჯახი ვართ.

თუ ნამდვილად გვიყვარს ჩვენი და-ძმები, რას დავამტკიცებთ ამით? ~ იმას, რომ იესოს, დიდებული მასწავლებლის, მოწაფეები ვართ. განა ჩვენც სწორედ ეს არ გვინდა? ~

მოდი გადავშალოთ ბიბლია და წავიკითხოთ გალატელების 6:10 და 1 იოანეს 4:8, 21. ამ მუხლებში ნაჩვენებია, რომ და-ძმებისადმი სიყვარულის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია.