არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 4

ვინ არის იესო ქრისტე?

ვინ არის იესო ქრისტე?
  • რა განსაკუთრებული როლი დააკისრა ღმერთმა იესოს?

  • სად იყო ის დედამიწაზე მოსვლამდე?

  • როგორი პიროვნება იყო იესო?

1, 2. ა) რატომ არ ნიშნავს ვინმეს სახელის ცოდნა იმას, რომ ნამდვილად იცნობ ამ ადამიანს? ბ) რა აზრთა სხვაობაა ხალხში იესოს შესახებ?

მსოფლიოში ბევრი ცნობილი ადამიანი არსებობს. ზოგი თავის წრეში, თავის ქალაქში ან ქვეყანაშია ცნობილი. ზოგს კი სახელი მთელ მსოფლიოში აქვს განთქმული. მაგრამ ვინმეს სახელის ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად იცნობ ამ ადამიანს; შენ ხომ არაფერი იცი მისი ცხოვრების შესახებ და არც ის იცი, როგორი პიროვნებაა.

2 იესო ქრისტეზე ბევრს სმენია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ის დედამიწაზე დაახლოებით 2 000 წლის წინათ ცხოვრობდა. მაგრამ ხალხში აზრთა სხვაობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში ვინ იყო იესო. ზოგი მას უბრალოდ კარგ ადამიანად მიიჩნევს. სხვების აზრით, ის მხოლოდ წინასწარმეტყველი იყო. ბევრს კი სწამს, რომ იესო ღმერთია და მას თაყვანს უნდა სცემდნენ. სწორია ასეთი თვალსაზრისი?

3. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იესოს შესახებ ჭეშმარიტება იცოდე?

3 მნიშვნელოვანია, იესოს შესახებ ჭეშმარიტება იცოდე. რატომ? ბიბლია ამბობს: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს (იოანე 14:6). ამასთანავე, იესომ დაგვიტოვა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვეპყროთ სხვებს (იოანე 13:34, 35). ამ წიგნის პირველ თავში ჩვენ გავიგეთ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ. ახლა განვიხილოთ, რას გვასწავლის ბიბლია იესო ქრისტეს შესახებ.

აღთქმული მესია

4. რას ნიშნავს წოდებები „მესია“ და „ქრისტე“?

4 იესოს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მოვიდოდა ღვთის მიერ გამოგზავნილი მესია ანუ ქრისტე. წოდებები „მესია“ (ებრაული სიტყვა) და „ქრისტე“ (ბერძნული სიტყვა) ნიშნავს „ცხებულს“. ის, ვინც მოვიდოდა, ცხებული იქნებოდა, ანუ ღვთის მიერ განსაკუთრებული მოვალეობის შესასრულებლად დაინიშნებოდა. მოგვიანებით ამ წიგნიდან უფრო მეტს გავიგებთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მესია ღვთის განზრახვის შესრულებაში. ასევე გავიგებთ, თუ რა დახმარების მიღება შეგვიძლია იესოსგან დღესვე. იესოს დაბადებამდე, უეჭველია, ბევრს აინტერესებდა, თუ ვინ იქნებოდა მესია.

5. რაში იყვნენ იესოს მოწაფეები სრულიად დარწმუნებული?

5 პირველ საუკუნეში იესო ნაზარეთელის მოწაფეები სრულიად დარწმუნებული იყვნენ, რომ ის აღთქმული მესია იყო (იოანე 1:41). ერთ-ერთმა მოწაფემ, სიმონ პეტრემ, იესოს უთხრა: „შენ ხარ ქრისტე“ (მათე 16:16). როგორ შეეძლოთ იესოს მოწაფეებს და როგორ შეგვიძლია ჩვენ იმაში დარწმუნება, რომ იესო ნამდვილად აღთქმული მესიაა?

6. მაგალითის მეშვეობით ახსენი, თუ როგორ დაეხმარა იეჰოვა გულწრფელ ადამიანებს მესიის ამოცნობაში.

6 ღვთის წინასწარმეტყველებმა, რომლებიც იესოს დაბადებამდე ცხოვრობდნენ, მესიის შესახებ ბევრი რამ დაწერეს. ეს წინასწარმეტყველებები ხალხს მის ამოცნობაში დაეხმარებოდა. შეგვიძლია მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ ხალხმრავალ ავტოსადგურში, რკინიგზის ვაგზალზე ან აეროპორტში უნდა დახვდე ვინმეს, ვინც არასდროს გინახავს. განა დამხმარე არ იქნებოდა შენთვის, თუ მას წინასწარ აღგიწერდნენ? მსგავსად, თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით იეჰოვამ საკმაოდ დეტალურად აღგვიწერა მესიის ცხოვრება. ამ მრავალი წინასწარმეტყველების შესრულება გულწრფელ ადამიანებს დაეხმარებოდა იმის განსაზღვრაში, თუ ვინ იყო მესია.

7. რომელი ორი წინასწარმეტყველება შესრულდა იესოზე?

7 მაგალითად მოვიყვანოთ ორი წინასწარმეტყველება. პირველი: წინასწარმეტყველმა მიქამ 700 წელზე მეტი ხნით ადრე დაწერა, რომ აღთქმული მესია იუდას პატარა ქალაქ ბეთლემში დაიბადებოდა (მიქა 5:2). სად დაიბადა იესო სინამდვილეში? სწორედ ამ ქალაქში (მათე 2:1, 3—9). მეორე: დანიელის 9:25-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მრავალი საუკუნით ადრე მიუთითებდა, რომ მესია ახ. წ. 29 წელს მოვიდოდა. * ამ და სხვა წინასწარმეტყველებების შესრულება ამტკიცებს, რომ იესო აღთქმული მესია იყო.

იესო მონათვლისთანავე მესია ანუ ქრისტე გახდა

8, 9. როგორ გახდა ნათელი იესოს ნათლობისას, რომ ის მესია იყო?

8 ახ. წ. 29 წელს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ იესო მესია იყო. ეს ის წელია, როცა იესო იოანე ნათლისმცემელთან მივიდა, რათა მდინარე იორდანეში მონათლულიყო. იეჰოვა იოანეს დაჰპირდა, რომ ნიშანს მისცემდა, რაც მას მესიის ამოცნობაში დაეხმარებოდა. ეს ნიშანი იოანემ იესოს მონათვლის დროს დაინახა. ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: «როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა. და აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც მოისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“» (მათე 3:16, 17). ამის დანახვისა და მოსმენის შემდეგ იოანეს არავითარი ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ იესო ღვთის მიერ იყო გამოგზავნილი (იოანე 1:32—34). როდესაც იესოზე ღვთის სული, ანუ მოქმედი ძალა, გადავიდა, ის გახდა მესია ანუ ქრისტე — მომავალი მეფე და წინამძღოლი (ესაია 55:4).

9 ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება და უშუალოდ იეჰოვა ღმერთის დამოწმება აშკარად აჩვენებს, რომ იესო აღთქმული მესია იყო. ბიბლია პასუხს გვცემს კიდევ ორ მნიშვნელოვან კითხვაზე, რომლებიც იესო ქრისტეს უკავშირდება: სად იყო ის დედამიწაზე მოსვლამდე? როგორი პიროვნება იყო იესო?

სად იყო იესო დედამიწაზე მოსვლამდე?

10. ბიბლიის თანახმად, სად ცხოვრობდა იესო დედამიწაზე მოსვლამდე?

10 ბიბლია გვასწავლის, რომ იესო დედამიწაზე მოსვლამდე ზეცაში ცხოვრობდა. მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია დაიბადებოდა ბეთლემში, მაგრამ ისიც თქვა, რომ „ძველი დროიდან“ იყო „მისი წარმოშობა“ (მიქა 5:2). იესომ თვითონვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანად დაბადებამდე ზეცაში ცხოვრობდა (წაიკითხეთ იოანეს 3:13; 6:38, 62; 17:4, 5). ზეცაში იესო სულიერი ქმნილება იყო და იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

11. როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ იესო იეჰოვას უსაყვარლესი ძეა?

11 იესო იეჰოვა ღმერთის უსაყვარლესი ძეა და არცთუ უსაფუძვლოდ. იესოს ეწოდება „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“, რადგან ის ღვთის პირველი ქმნილებაა (კოლოსელები 1:15). * იესო სხვა მიზეზის გამოც არის განსაკუთრებული ძე. ის არის „მხოლოდშობილი ძე“ (იოანე 3:16). ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ იესოა უშუალოდ ღვთის მიერ შექმნილი. ასევე მხოლოდ იესოა ის, ვისი მონაწილეობითაც ღმერთმა სხვა ყველაფერი შექმნა (კოლოსელები 1:16). გარდა ამისა, იესოს ეწოდება „სიტყვა“ (იოანე 1:14). ეს ნიშნავს იმას, რომ ის მამის სიტყვებს და მითითებებს გადასცემდა სხვა ძეებს, სულიერ ქმნილებებსა თუ ადამიანებს.

12. საიდან ვიცით, რომ იესო არ არის ღვთის თანასწორი?

12 არის იესო ღვთის თანასწორი, როგორც ეს ზოგს სწამს? ბიბლია ამას არ გვასწავლის. როგორც წინა აბზაციდან დავინახეთ, ღვთის ძე შექმნილი იყო. ამიტომ აშკარაა, რომ მას ჰქონდა დასაწყისი, იეჰოვა ღმერთს კი არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული (ფსალმუნი 90:2). ღვთის მხოლოდშობილ ძეს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ მამის თანასწორი ყოფილიყო. ბიბლიაში აშკარად არის ნათქვამი, რომ მამა ძეზე დიდია (წაიკითხეთ იოანეს 14:28; 1 კორინთელები 11:3). მხოლოდ იეჰოვაა „ყოვლისშემძლე ღმერთი“ (დაბადება 17:1). ამგვარად, არავინაა მისი თანასწორი. *

13. რატომ ეწოდება ბიბლიაში იესოს „უხილავი ღვთის ანარეკლი“?

13 იეჰოვასა და მის ძეს მილიარდობით წლის განმავლობაში — ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ცა და დედამიწა შექმნილი არ იყო — ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. უეჭველია, მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი! (იოანე 3:35; 14:31). ღვთის ძე ყოველმხრივ თავისი მამის მსგავსია. სწორედ ამიტომ ეწოდება მას ბიბლიაში „უხილავი ღვთის ანარეკლი“ (კოლოსელები 1:15). ისევე როგორც ბავშვი შეიძლება ჰგავდეს მამას ბევრ რამეში, ღვთის ზეციერ ძესაც თავისი მამის მსგავსი თვისებები აქვს.

14. როგორ დაიბადა ადამიანად იეჰოვას მხოლოდშობილი ძე?

14 იეჰოვას მხოლოდშობილმა ძემ ნებაყოფლობით დატოვა ზეცა და დედამიწაზე მოვიდა. ის ადამიანი გახდა. მაგრამ შეიძლება იფიქრო: „როგორ უნდა დაბადებულიყო სულიერი ქმნილება ადამიანად?“. ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, იეჰოვამ სასწაული მოახდინა. მან თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან ებრაელი ქალწულის, მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. იესოს მიწიერი მამა არ ჰყოლია. ამგვარად, მარიამს სრულყოფილი ვაჟი შეეძინა და მას იესო დაარქვა (ლუკა 1:30—35).

როგორი პიროვნება იყო იესო?

15. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესოს მეშვეობით უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას შესახებ?

15 თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რასაც იესო დედამიწაზე ყოფნისას ამბობდა და აკეთებდა, უკეთესად გავეცნობით მას. უფრო მეტიც, იესოს მეშვეობით უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვას შესახებ. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესო მამის სრულყოფილი ანარეკლია. ამიტომაც უთხრა მან თავის ერთ-ერთ მოწაფეს: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). ბიბლიის ოთხი წიგნი, რომლებიც „მათეს“, „მარკოზის“, „ლუკას“ და „იოანეს“ სახარებებადაა ცნობილი, მოგვითხრობს იესო ქრისტეს ცხოვრების, მსახურებისა და თვისებების შესახებ.

16. ძირითადად, რას ქადაგებდა იესო და საიდან მომდინარეობდა მისი სწავლება?

16 იესო ცნობილი იყო როგორც „მოძღვარი“ (იოანე 1:38; 13:13). რას ქადაგებდა ის? ძირითადად, იესო ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“. ის ხალხს ასწავლიდა ღვთის სამეფოზე, ანუ ზეციერ ხელისუფლებაზე, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს და მორჩილ ადამიანებს მარადიულ კურთხევებს მოუტანს (მათე 4:23). ვისგან მომდინარეობდა ეს სწავლება? იესომ თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“, ანუ იეჰოვა ღმერთის (იოანე 7:16). იესომ იცოდა, რომ ზეციერ მამას სურდა, ხალხს მოესმინა სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ. მე-8 თავში უფრო მეტს გავიგებთ, თუ რა არის ღვთის სამეფო და რას გააკეთებს ის.

17. სად ქადაგებდა იესო და რატომ არ იშურებდა ძალ-ღონეს სხვების სასწავლებლად?

17 სად ქადაგებდა იესო? ყველგან, სადაც ხალხი იყო — ქალაქებში, სოფლებში, მოედნებზე და სახლებში. იესო არ ფიქრობდა, რომ ხალხი უნდა მისულიყო მასთან. ის მათთან თვითონ მიდიოდა (მარკოზი 6:56; ლუკა 19:5, 6). რატომ არ იშურებდა იესო ძალ-ღონესა და დროს ქადაგებისა და სწავლებისთვის? იმიტომ რომ ამას ღმერთი მოელოდა მისგან. იესო ყოველთვის მამის ნებას ასრულებდა (იოანე 8:28, 29). მაგრამ ის სხვა მიზეზის გამოც ქადაგებდა. იესოს ებრალებოდა ხალხი (წაიკითხეთ მათეს 9:35, 36). ხალხს ყურადღებას არ აქცევდნენ რელიგიური წინამძღოლები, რომლებსაც მათთვის ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ ჭეშმარიტება უნდა ესწავლებინათ. იესომ იცოდა, თუ რამდენად ესაჭიროებოდა ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენა.

18. იესოს რომელი თვისებებია შენთვის მიმზიდველი?

18 იესო თბილი, მოსიყვარულე და კეთილი იყო და ხალხს სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. იესოსთან ბავშვებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ თავს (მარკოზი 10:13—16). იესო იყო მიუკერძოებელი. მას სძულდა უპატიოსნობა და უსამართლობა (მათე 21:12, 13). მართალია, იესოს დღეებში ქალებს სათანადოდ არ აფასებდნენ და მათ უფლებებს ზღუდავდნენ, მაგრამ იესო პატივისცემით ეპყრობოდა მათ (იოანე 4:9, 27). იესო თავმდაბალი იყო. ერთხელ მან თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, რაც, ჩვეულებრივ, მოსამსახურის მოვალეობად ითვლებოდა.

იესო ხალხს ყველგან უქადაგებდა

19. რომელი შემთხვევიდან ჩანს, რომ იესო ზრუნავდა ხალხზე?

19 იესო ზრუნავდა ხალხზე. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანდა, როდესაც ღვთის წმინდა სულის მეშვეობით ის სასწაულებს ახდენდა ხალხის განსაკურნავად (მათე 14:14). მაგალითად, ერთხელ იესოსთან კეთრით დაავადებული მამაკაცი მივიდა და უთხრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იესომ გულთან ახლოს მიიტანა ამ კაცის ტკივილი და ტანჯვა. თანაგრძნობით აღძრულმა ხელი გაუწოდა მას, შეეხო და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“. დაავადებული მამაკაცი განიკურნა! (მარკოზი 1:40—42). შეგიძლია წარმოიდგინო, რას იგრძნობდა ეს კაცი?

ბოლომდე ერთგული

20, 21. როგორ დაგვიტოვა იესომ ღვთისადმი ერთგულებისა და მორჩილების შესანიშნავი მაგალითი?

20 იესომ ღვთისადმი ერთგულებისა და მორჩილების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, ის თავისი ზეციერი მამის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებდა. იესო მტკიცედ უწევდა წინააღმდეგობას სატანას, როცა ეს უკანასკნელი მის შეცდენას ცდილობდა, და არასდროს ნებდებოდა (მათე 4:1—11). ერთხელ იესოს ნათესავებმა, რომლებიც იმ დროს მის მიმართ რწმენას არ ავლენდნენ, ისიც კი თქვეს, რომ „ჭკუაზე შეიშალაო“ (მარკოზი 3:21). მაგრამ იესო არ ექცეოდა მათი გავლენის ქვეშ და ღვთის საქმის კეთებას განაგრძობდა. შეურაცხყოფის მიუხედავად, იესო თავშეკავებას ავლენდა და არასდროს ცდილობდა მოწინააღმდეგეთათვის სამაგიეროს გადახდას (1 პეტრე 2:21—23).

21 იესო ერთგული დარჩა სიკვდილამდე — მტრების ხელით წამებით სიკვდილამდე (წაიკითხეთ ფილიპელების 2:8). დაფიქრდი, რა გადაიტანა მან დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ დღეს: ის დააპატიმრეს, ცრუმოწმეებმა ცილი დასწამეს, უპატიოსნო მოსამართლეებმა მსჯავრი დასდეს, ხალხმა მასხრად აიგდო და ჯარისკაცებმა აწამეს. უკანასკნელი ამოსუნთქვისას, როდესაც ძელზე იყო გაკრული, იესომ თქვა: „შესრულდა!“ (იოანე 19:30). სიკვდილიდან მესამე დღეს ზეციერმა მამამ იესო აღადგინა როგორც სულიერი ქმნილება (1 პეტრე 3:18). რამდენიმე კვირაში ის ზეცას დაუბრუნდა და „ღვთის მარჯვნივ დაჯდა“. ამის შემდეგ იესო ელოდებოდა გამეფებას და ძალაუფლების მიღებას (ებრაელები 10:12, 13).

22. რა არის იმის შედეგი, რომ იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩა?

22 რა არის იმის შედეგი, რომ იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩა? ამის წყალობით ჩვენ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვეცა, როგორც ეს იეჰოვას თავიდანვე ჰქონდა განზრახული. მომდევნო თავში განხილული იქნება, თუ როგორ გახდა ეს იესოს სიკვდილით შესაძლებელი.

^ აბზ. 7 მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ შესრულდა იესოზე დანიელის წინასწარმეტყველება, იხილეთ დანართი „როგორ არის დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლა?“.

^ აბზ. 11 ვინაიდან იეჰოვა შემოქმედია, მას ეწოდება მამა (ესაია 64:8). რამდენადაც იესო ღმერთმა შექმნა, მას ეწოდება ღვთის ძე. ამავე მიზეზების გამო სხვა სულიერი ქმნილებები და თვით ადამიც კი ღვთის შვილებად იწოდებიან (იობი 1:6; ლუკა 3:38).

^ აბზ. 12 დამატებითი მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, რომ იესო ღვთის თანასწორი არ არის, იხილეთ დანართში „ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ“.