არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 16

დაიკავე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე

დაიკავე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე
  • რას ამბობს ბიბლია ხატებისა და გამოსახულებების გამოყენებაზე?

  • რა თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს რელიგიურ დღესასწაულებზე?

  • როგორ შეგიძლია ტაქტიანად აუხსნა სხვებს საკუთარი შეხედულებები?

1, 2. რა კითხვა უნდა დაუსვა საკუთარ თავს ცრუ რელიგიის დატოვების შემდეგ და, შენი აზრით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

დავუშვათ გაიგე, რომ შენი სახლის მახლობლად მომწამლავი ნარჩენები იყრებოდა. ამის გამო მთელი ტერიტორია დაბინძურებულია და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა. რას გააკეთებ? უეჭველია, საცხოვრებლად სხვაგან გადახვალ, თუ ამის შესაძლებლობა გექნება. მაგრამ გადასვლის შემდეგ მაინც გაგიჩნდება ეჭვი: „უკვე ხომ არა ვარ მოწამლული?“

2 მსგავსი მდგომარეობაა შექმნილი ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ასეთი თაყვანისმცემლობა არასწორი სწავლებებითა და წეს-ჩვეულებებით არის დაბინძურებული (2 კორინთელები 6:17). ამიტომ აუცილებელია, გამოვიდეთ „დიდი ბაბილონიდან“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიიდან (გამოცხადება 18:2, 4). გადადგი უკვე ეს ნაბიჯი? ძალიან კარგია, თუ ასე მოიქეცი. მაგრამ „დიდი ბაბილონიდან“ გამოსასვლელად ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტა საკმარისი არ არის. ამის შემდეგ საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: „დღესაც ხომ არ შეიმჩნევა ჩემს ცხოვრებაში ცრუ თაყვანისმცემლობის გავლენა?“ განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ხატები და წინაპრების თაყვანისცემა

3. ა) რას ამბობს ბიბლია ხატებისა და გამოსახულებების გამოყენებაზე და რატომ შეიძლება იყოს ზოგისთვის რთული ღვთის თვალსაზრისის თანახმად მოქმედება? ბ) როგორ უნდა მოიქცე, თუ გაქვს ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ნივთები?

3 ზოგს სახლში ხატები და სალოცავი კუთხე აქვს. თუ შენც გაქვს, შესაძლოა ფიქრობ, რომ ღვთისადმი ლოცვა ამის გარეშე უცნაური ან არასწორია. ზოგიერთი ნივთი შენთვის შეიძლება ძალიან ძვირფასია. მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ როგორ უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი. ღმერთი თვითონ გვეუბნება ბიბლიის მეშვეობით, რომ ის არ იწონებს თაყვანისმცემლობაში ხატებისა და გამოსახულებების გამოყენებას (წაიკითხეთ გამოსვლის 20:4, 5; ფსალმუნი 115:4—8; ესაია 42:8; 1 იოანე 5:21). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე რომ დაიკავო, საჭიროა გაანადგურო ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი, რომელიც შენ გეკუთვნის. ამ ნივთების მიმართ ისეთივე თვალსაზრისი უნდა გქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს. ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ნივთები მისთვის „სისაძაგლეა“ (კანონი 27:15).

4. ა) საიდან ვიცით, რომ წინაპრების თაყვანისცემა ამაოა? ბ) რატომ აუკრძალა იეჰოვამ ისრაელებს სპირიტიზმის ნებისმიერ ფორმაში მონაწილეობა?

4 ბევრ ცრუ რელიგიაში გავრცელებულია წინაპართა თაყვანისცემა. ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებამდე ზოგს სწამდა, რომ გარდაცვლილები სულიერ სამყაროში განაგრძობდნენ სიცოცხლეს და მათ შეეძლოთ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა ან ზიანის მიყენება. შესაძლოა, წინაპართა სულებისთვის შენც ბევრ რამეს აკეთებდი. მაგრამ, როგორც ამ წიგნის მე-6 თავიდან გაიგე, გარდაცვლილები არსად განაგრძობენ სიცოცხლეს. ამიტომაც მათთან კავშირის დამყარება შეუძლებელია. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თითქოსდა გარდაცვლილებისგანაა, სინამდვილეში დემონებისგან მოდის. ამის გამო, ძველ ისრაელში იეჰოვას კანონით აკრძალული იყო გარდაცვლილებთან კავშირის დამყარების ყოველგვარი მცდელობა და სპირიტიზმის ნებისმიერ სხვა ფორმაში მონაწილეობა (წაიკითხეთ კანონის 18:10—12).

5. რა უნდა გააკეთო, თუ თაყვანს სცემდი ხატებს ან წინაპრებს?

5 რა უნდა გააკეთო, თუ ადრე თაყვანს სცემდი ხატებს ან წინაპრებს? წაიკითხე ბიბლიური მუხლები, რომლებშიც ჩანს ღვთის თვალსაზრისი ასეთ თაყვანისცემასთან დაკავშირებით. დაფიქრდი ამ მუხლებზე. ყოველდღიურად მიმართე ლოცვით იეჰოვას: ესაუბრე იმის შესახებ, რომ გსურს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს დადგე; აგრეთვე სთხოვე, დაგეხმაროს ისეთივე თვალსაზრისის განვითარებაში, როგორიც მას აქვს (ესაია 55:9).

პირველ საუკუნეში ქრისტიანები არ აღნიშნავდნენ შობის დღესასწაულს

6, 7. ა) რას აღნიშნავს ხალხი შობის დღესასწაულით, და ზეიმობდნენ თუ არა მას იესოს მიმდევრები პირველ საუკუნეში? ბ) რასთან იყო დაკავშირებული დაბადების დღეების აღნიშვნა იესოს პირველი მოწაფეების ცხოვრების დროს?

6 ცრუ რელიგიამ შეიძლება ფართოდ გავრცელებულ დღესასწაულებთან დაკავშირებითაც „დააბინძუროს“ ადამიანის თვალსაზრისი. მაგალითად, დავფიქრდეთ შობის დღესასწაულზე. შობის დღესასწაულით ხალხი იესო ქრისტეს დაბადებას აღნიშნავს. შობას ზეიმობენ თითქმის ყველა რელიგიაში, რომელიც ქრისტიანულად ითვლება. მაგრამ არაფერი მოწმობს იმაზე, რომ იესოს პირველი მოწაფეები შობას აღნიშნავდნენ. ერთ წიგნში, რომელიც დღესასწაულების წარმოშობას განიხილავს, ნათქვამია: „ქრისტეს დაბადებიდან ორი საუკუნის განმავლობაში არავინ იცოდა — და ცოტას თუ აინტერესებდა — მისი დაბადების თარიღი“ (Sacred Origins of Profound Things).

7 მოწაფეებს რომც სცოდნოდათ იესოს დაბადების თარიღი, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში არ აღნიშნავდნენ მას. რატომ? «ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“» ნათქვამია, რომ პირველი ქრისტიანები „დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდნენ“. ბიბლიაში მოხსენიებულია დაბადების დღის აღნიშვნის მხოლოდ ორი შემთხვევა. ორივე დაბადების დღე აღნიშნეს მმართველებმა, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ იყვნენ (დაბადება 40:20; მარკოზი 6:21). დაბადების დღეებს წარმართული ღვთაებების პატივსაცემადაც აღნიშნავდნენ. მაგალითად, 24 მაისს რომაელები ქალღმერთ დიანას დაბადებას ზეიმობდნენ, ერთი დღის შემდეგ კი — მზის ღმერთის, აპოლონის, დაბადების დღეს. ასე რომ, დაბადების დღეების აღნიშვნა წარმართულ რელიგიასთან იყო დაკავშირებული და არა — ქრისტიანულთან.

8. ახსენი, თუ რა კავშირია დაბადების დღეების აღნიშვნასა და ცრურწმენას შორის.

8 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები იესოს დაბადებას ნამდვილად არ იზეიმებდნენ. ქრისტეს მოწაფეებს ეცოდინებოდათ, რომ დაბადების დღეების აღნიშვნა ცრურწმენასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ძველად ბერძნებსა და რომაელებს სწამდათ, რომ თითოეულ ადამიანს დაბადების დღიდანვე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სული მფარველობდა. ერთ წიგნში, რომელიც დაბადების დღეების წარმოშობას ეხება, ნათქვამია: „ამ სულს მისტიკური ურთიერთობა ჰქონდა ღვთაებასთან, რომლის დაბადების დღესაც ეს ადამიანი იბადებოდა“ (The Lore of Birthdays). აშკარაა, რომ იეჰოვა ღმერთისთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი დღესასწაული, რომელიც იესოს დაბადებას ცრურწმენასთან დააკავშირებს (ესაია 65:11, 12). მაშ, რატომ აღნიშნავს შობას ხალხი?

შობის დღესასწაულის წარმოშობა

9. რატომ დაიწყეს იესოს დაბადების დღის აღნიშვნა 25 დეკემბერს?

9 დედამიწაზე იესოს ცხოვრებიდან რამდენიმე ასწლეულის გასვლის შემდეგ დაიწყო ხალხმა 25 დეკემბერს მისი დაბადების დღის აღნიშვნა. მაგრამ ეს არ ყოფილა იესო ქრისტეს დაბადების თარიღი. იესო, როგორც ჩანს, ოქტომბერში დაიბადა. * მაშ, რატომ იქნა არჩეული 25 დეკემბერი? ზოგს, ვინც ქრისტიანად თვლიდა თავს, როგორც ჩანს, «სურდა, რომ ეს თარიღი დამთხვეოდა წარმართულ რომაულ დღესასწაულს, რომლითაც აღინიშნებოდა „უძლეველი მზის დაბადების დღე“» («ახალი ენციკლოპედია „ბრიტანიკა“»). ზამთარში, როდესაც მზე თითქოსდა ძალას კარგავდა, წარმართები დღესასწაულს მართავდნენ, რათა სითბოსა და სინათლის ეს წყარო, ასე ვთქვათ, შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულიყო. ასე რომ, როგორც წარმართებს მიაჩნდათ, მზე დაბრუნებას 25 დეკემბერს იწყებდა. რელიგიურმა წინამძღოლებმა ეს დღესასწაული წარმართების მოსაქცევად გამოიყენეს და „ქრისტიანულად“ აქციეს. *

10. რატომ არ აღნიშნავდა ზოგი შობას ძველად?

10 სიახლეს არ წარმოადგენს ის აზრი, რომ შობის დღესასწაული წარმართობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ მიზეზის გამო მე-17 საუკუნის განმავლობაში ინგლისში და ამერიკის ზოგ კოლონიაში შობის აღნიშვნა აკრძალული იყო. აჯარიმებდნენ მათაც კი, ვინც შობის დღეს სამუშაოზე არ გავიდოდა. მაგრამ მალე ძველმა წეს-ჩვეულებებმა პოპულარობა დაიბრუნა და მათ ახლებიც დაემატა. შობა კვლავ იქცა დიდ დღესასწაულად და მრავალ ქვეყანაში დღემდე ფართოდ არის გავრცელებული. ვინაიდან შობას ცრუ რელიგიასთან აქვს კავშირი, მას არ აღნიშნავენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომელთაც სურთ ღვთის მოსაწონად მოიქცნენ. აგრეთვე ისინი არ აღნიშნავენ წარმართულ თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სხვა დღესასწაულებს. *

ნამდვილად აქვს მნიშვნელობა დასაბამს?

11. რატომ აღნიშნავს ზოგი დღესასწაულებს, მაგრამ ჩვენთვის რა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი?

11 ბევრი არ უარყოფს, რომ ზოგი დღესასწაული, მათ შორის შობა, დასაბამს წარმართული თაყვანისმცემლობიდან იღებს. მაგრამ, მათი აზრით, არაფერია ცუდი ასეთი დღესასწაულების აღნიშვნაში, რადგან ამ დროს თითქმის არავინ ფიქრობს ცრუ თაყვანისმცემლობაზე. გარდა ამისა, ასეთი დღესასწაულები ოჯახის წევრებს ერთად შეკრების შესაძლებლობას აძლევს. თუ შენც ასე ფიქრობ, მაშინ, ალბათ, ოჯახის — და არა ცრუ რელიგიის — სიყვარულის გამო გიჭირს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეზე დადგომა. დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვას სურს კარგი ურთიერთობა გქონდეს ოჯახის წევრებთან. ოჯახურ ცხოვრებას ხომ სწორედ მან მისცა დასაბამი (ეფესოელები 3:14, 15). ოჯახის წევრებთან ურთიერთობა შეგიძლია სხვაგვარად განამტკიცო — ისე, როგორც ღვთისთვის იქნება მოსაწონი. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, თუ რა უნდა იყოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: „ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10).

აიღებ და შეჭამ ტალახში ჩაგდებულ კანფეტს?

12. მაგალითის დახმარებით ახსენი, თუ რატომ უნდა მოვერიდოთ წეს-ჩვეულებებსა და დღესასწაულებს, რომლებიც წარმართობიდან იღებს სათავეს.

12 შეიძლება ფიქრობ, რომ დღესასწაულები ახლა სულ სხვაგვარად და სულ სხვა მიზნით აღინიშნება. მაგრამ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის მნიშვნელობა, თუ საიდან იღებს სათავეს დღესასწაული? დიახ! მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, ხედავ, რომ ტალახში კანფეტი გდია? აიღებ მას და შეჭამ? რა თქმა უნდა, არა! ამას არ გააკეთებ, რადგან კანფეტი ჭუჭყიანია. ამ კანფეტის მსგავსად, დღესასწაულები შეიძლება მიმზიდველია, მაგრამ ისინი „სიბინძურიდან“ არის აღებული. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს რომ დავდგეთ, უნდა ვიზიარებდეთ წინასწარმეტყველ ესაიას თვალსაზრისს. მან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს უთხრა: „უწმინდურს ნუ მიეკარებით!“ (ესაია 52:11).

გონიერება სხვებთან ურთიერთობისას

13. რა სირთულეების წინაშე შეიძლება დადგე დღესასწაულებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო?

13 დღესასწაულებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შეიძლება სირთულეების წინაშე დადგე. მაგალითად, თანამშრომლებს შეიძლება არ ესმოდეთ, თუ მათთან ერთად რატომ არ იღებ მონაწილეობას დღესასწაულების აღნიშვნაში. რას გააკეთებ, თუ შობის დღესასწაულზე ვინმე საჩუქარს გაჩუქებს? არასწორი იქნება მისი მიღება? როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი მეუღლე არ იზიარებს შენს რწმენას? დღესასწაულების აღნიშვნის ნაცვლად, რის გაკეთება შეგიძლია შენი ბავშვების დასახმარებლად, რათა მათ თავი ისე არ იგრძნონ, რომ რაღაც აკლიათ?

14, 15. როგორ შეგიძლია მოიქცე, თუ დღესასწაულს გილოცავენ ან ვინმე საჩუქარს გაძლევს?

14 საჭიროა გონიერების გამოვლენა, რომ განვსაზღვროთ, როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. თუ დღესასწაულს შემთხვევით შემხვედრი გილოცავს და სიკეთესა და ბედნიერებას გისურვებს, შეგიძლია უბრალოდ მადლობა გადაუხადო. მაგრამ დავუშვათ, რომ ასეთი სიტუაცია თანამშრომელთან ან ნაცნობთან გექმნება. ამ დროს შეიძლება უფრო მეტის თქმა ამჯობინო. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოავლინე ტაქტიანობა. ბიბლია გვირჩევს: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლოსელები 4:6). მოერიდე სხვების მიმართ უპატივცემულობის გამოვლენას. თავაზიანად აუხსენი მათ შენი პოზიცია. ნათლად დაანახვე, რომ საჩუქრების ჩუქების და ერთად შეკრების წინააღმდეგი არ ხარ, მაგრამ ამის გაკეთებას სხვა დროს ამჯობინებ.

15 როგორ შეგიძლია მოიქცე, როცა ვინმეს შენთვის საჩუქრის ჩუქება სურს? ამ დროს გასათვალისწინებელია კონკრეტული სიტუაცია. მან, ვინც საჩუქარს გაძლევს, შეიძლება გითხრას: „ვიცი, რომ ამ დღესასწაულს არ აღნიშნავ. მაგრამ მაინც მინდა, რომ ეს გაჩუქო“. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გადაწყვიტო, რომ საჩუქარს მიიღებ და ეს დღესასწაულში მონაწილეობა არ იქნება. თუ საჩუქარს გჩუქნის ის, ვისთვისაც უცნობია შენი მრწამსი, შეგიძლია მოიხსენიო, რომ ამ დღესასწაულს არ აღნიშნავ. ეს დაანახვებს მას, თუ შენ რატომ არ ჩუქნი რამეს ამ დღესასწაულზე, მაშინ როცა მისგან იღებ საჩუქარს. მეორე მხრივ, გონივრული იქნებოდა საჩუქარზე უარის თქმა, თუ ამით იმის დამტკიცება სურთ, რომ შენი რწმენის ერთგული არა ხარ ან საჩუქრის მიღების სურვილით დათმობაზე წახვალ.

როგორ მოვიქცეთ ოჯახის წევრებთან?

16. როგორ შეგიძლია ოჯახში ტაქტიანობის გამოვლენა დღესასწაულებთან დაკავშირებით?

16 როგორ უნდა მოიქცე, თუ ოჯახის წევრები არ იზიარებენ შენს რწმენას? ისევ და ისევ, იყავი ტაქტიანი. კამათის საგანი არ უნდა გახდეს ყოველი წეს-ჩვეულება და დღესასწაული, რომელსაც შენი ოჯახის წევრები აღნიშნავენ. მათ აქვთ უფლება, ჰქონდეთ საკუთარი შეხედულებები. ამიტომ პატივი ეცი მათ შეხედულებებს, ისევე როგორც მათგან მოელი შენი შეხედულებების პატივისცემას (წაიკითხეთ მათეს 7:12). მოერიდე ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც დღესასწაულის მონაწილე გახდებოდი. და მაინც, გამოავლინე გონიერება, როცა შენგან ისეთი რამის გაკეთებას მოელიან, რაც უშუალოდ დღესასწაულის აღნიშვნასთან არ არის დაკავშირებული. ცხადია, ყოველთვის ისე უნდა მოიქცე, რომ შემდეგ სინდისმა არ შეგაწუხოს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:18, 19).

17. რის გაკეთება შეგიძლია შენი ბავშვებისთვის, რათა მათ თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ იმის გამო, რომ სხვებივით არ აღნიშნავენ დღესასწაულებს?

17 რის გაკეთება შეგიძლია შვილების დასახმარებლად, რათა მათ თავი ისე არ იგრძნონ, რომ რაღაც აკლიათ, თუ თქვენი ოჯახი არაბიბლიურ დღესასწაულებს არ აღნიშნავს? დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას აკეთებ მათთვის სხვა დღეებში. ზოგი მშობელი გეგმავს, რომ სხვა დროს აჩუქოს შვილებს საჩუქრები. ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი შვილებისთვის შენი დრო და ყურადღება იქნება.

იყავი ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი!

ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობას ბედნიერება მოაქვს

18. როგორ დაგეხმარება ქრისტიანული შეხვედრები, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს დადგე?

18 ღვთისმოსაწონად რომ იცხოვრო, აუცილებელია, უარყო ცრუ თაყვანისმცემლობა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე დაიკავო. ამისათვის, სხვა ყველაფერთან ერთად, უნდა გაითვალისწინო ბიბლიის შემდეგი სიტყვები: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელები 10:24, 25). ქრისტიანული შეხვედრები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ისე ვცეთ ღმერთს თაყვანი, როგორც მას სურს (ფსალმუნები 22:22; 122:1). გარდა ამისა, ასეთ შეხვედრებზე ერთგულ ქრისტიანებთან ურთიერთობა ჩვენთვის გამამხნევებელია (რომაელები 1:12).

19. რატომაა მნიშვნელოვანი, რომ სხვებს ესაუბრო იმის შესახებ, რაც ბიბლიიდან გაიგე?

19 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს დგომა იმასაც მოიცავს, რომ სხვებს ესაუბრო იმის შესახებ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის შედეგად გაიგე. დღევანდელ მსოფლიოში არსებული ბოროტების გამო ბევრი მართლაც რომ ოხრავს და კვნესის. შესაძლოა, შენც იცნობ ასეთ ადამიანებს. ესაუბრე მათ შესანიშნავ მომავალზე, რომელსაც ბიბლია გვპირდება. თუ გექნება ურთიერთობა ჭეშმარიტ ქრისტიანებთან და სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას გაუზიარებ, თანდათანობით გაგიქრება ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული დღესასწაულების აღნიშვნის ყოველგვარი სურვილი. დარწმუნებული იყავი, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა დიდ ბედნიერებასა და მრავალ კურთხევას მოგიტანს (მალაქია 3:10).

^ აბზ. 9 სატურნალიებმაც იქონია გავლენა იმაზე, რომ არჩევანი 25 დეკემბერზე შეჩერდა. ეს დღესასწაული ნათესებისა და მოსავლის რომაული ღმერთის პატივსაცემად 17—24 დეკემბერს იმართებოდა. სატურნალიების დროს რომაელები ლხინს მართავდნენ, ერთობოდნენ და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ.

^ აბზ. 10 იხილეთ დანართი „უნდა ავღნიშნავდეთ დღესასწაულებს?“, სადაც განხილულია, რა დამოკიდებულება აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სხვა დღესასწაულების მიმართ.