არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

რა არის „დიდი ბაბილონი“?

რა არის „დიდი ბაბილონი“?

„გამოცხადებაში“ გვხვდება სიტყვები და ფრაზები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ (გამოცხადება 1:1). მაგალითად, მასში მოხსენიებულია ქალი, რომელსაც შუბლზე აწერია „დიდი ბაბილონი“. როგორც წიგნ „გამოცხადებაშია“ ნათქვამი, ის ზის „ხალხებზე, ჯგუფებზე [და] ერებზე“ (გამოცხადება 17:1, 5, 15). ცხადია, ამას ვერც ერთი ქალი ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, „დიდ ბაბილონს“ გადატანითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. რა არის წარმოდგენილი ამ სიმბოლური მეძავით?

გამოცხადების 17:18-ში ამ სიმბოლურ ქალს „დიდი ქალაქი“ ეწოდება, „რომელიც იმეფებს დედამიწის მეფეებზე“. სიტყვა „ქალაქი“ მიუთითებს ადამიანთა ორგანიზებულ ჯგუფზე. ვინაიდან „დიდი ქალაქი“ „დედამიწის მეფეებს“ მართავს, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ „დიდ ბაბილონში“ მსოფლიო მასშტაბით მოქმედი ერთგვარი გავლენიანი ორგანიზაცია იგულისხმება. მას შეიძლება მსოფლიო იმპერიაც ეწოდოს. რა იმპერიაზეა საუბარი? ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიაზე. ვნახოთ, როგორ მივყავართ ამ დასკვნამდე წიგნ „გამოცხადებაში“ „დიდ ბაბილონთან“ დაკავშირებული სხვა მუხლების გამოკვლევას.

იმპერია შეიძლება იყოს პოლიტიკური, კომერციული და რელიგიური. „დიდი ბაბილონი“ აშკარად არ არის პოლიტიკური იმპერია, რადგან ბიბლიის თანახმად მასთან „მეძაობდნენ დედამიწის მეფეები“ ანუ ამ ქვეყნიერების პოლიტიკური გაერთიანებები თუ ორგანიზაციები. ეს სიმბოლური ქალი იმ გაგებით მეძაობს, რომ კავშირი აქვს პოლიტიკურ მმართველებთან. სწორედ ამის საფუძველზე ეწოდება მას „დიდი მეძავი“ (გამოცხადება 17:1, 2; იაკობი 4:4).

„დიდი ბაბილონი“ არც კომერციული იმპერიაა, რადგან „დედამიწის დიდვაჭრები“, ანუ კომერციული ორგანიზაციები, იგლოვებენ მის განადგურებას. წიგნ „გამოცხადებაში“ ნათქვამია, რომ მეფეები და დიდვაჭრები „დიდი ბაბილონისგან“ „მოშორებით იდგებიან“ (გამოცხადება 18:3, 9, 10, 15—17). აქედან გამომდინარე, „დიდი ბაბილონი“ არც პოლიტიკური იმპერიაა და არც კომერციული. ის არის რელიგიური იმპერია.

„დიდ ბაბილონთან“ დაკავშირებით ასეთ დასკვნას კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის ბიბლიური მუხლი, რომლის თანახმადაც მას სპირიტიზმის საშუალებით შეცდომაში შეჰყავს ყველა ხალხი (გამოცხადება 18:23). რამდენადაც სპირიტიზმის ნებისმიერი ფორმა რელიგიური ხასიათისაა და დემონებისგან მომდინარეობს, გასაკვირი არაა, რომ „დიდ ბაბილონს“ ბიბლია „დემონების სამკვიდროს“ უწოდებს (გამოცხადება 18:2; კანონი 18:10—12). ბიბლიაში ასევე ნათქვამია, რომ ეს იმპერია დიდ წინააღმდეგობას უწევს ჭეშმარიტ რელიგიას და დევნის „წინასწარმეტყველებსა“ და „წმინდებს“ (გამოცხადება 18:24). „დიდ ბაბილონს“ იმდენად სძულს ჭეშმარიტი რელიგია, რომ „იესოს მოწმეებს“ სასტიკად დევნის და მათი დახოცვისგანაც კი არ იკავებს თავს (გამოცხადება 17:6). დიახ, ნათელია, რომ ქალით, რომლის სახელიც „დიდი ბაბილონია“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიაა წარმოდგენილი. მასში შედის ყველა რელიგია, რომელიც უპირისპირდება იეჰოვა ღმერთს.