არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

დეკემბერში დაიბადა იესო?

დეკემბერში დაიბადა იესო?

ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როდის დაიბადა იესო. თუმცა ღვთის სიტყვიდან აშკარად ჩანს, რომ იესო დეკემბერში არ დაბადებულა.

განვიხილოთ, როგორი კლიმატური პირობები იყო წელიწადის ამ დროს ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა. ებრაული კალენდრის მიხედვით, ქისლევად წოდებულ თვეში (ნოემბერ-დეკემბერი) ცივი და წვიმიანი ამინდები იყო. ქისლევის შემდეგ დგებოდა ტებეთი (დეკემბერ-იანვარი). ამ თვეში წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა იყო; მთებში ზოგჯერ თოვდა. ვნახოთ, თუ რა ინფორმაციას გვაწვდის ბიბლია ამ ტერიტორიის კლიმატთან დაკავშირებით.

ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, ეზრა, ცხადყოფს, რომ ქისლევში მართლაც ცივი და წვიმიანი ამინდები იყო. ეზრა წერს, რომ „მეცხრე თვის [ქისლევის] მეოცე დღეს“ ხალხი იერუსალიმში შეიკრიბა. შემდეგ კი დასძენს, რომ ხალხი „კანკალებდა . . . თავსხმა წვიმის გამო“ და ამბობდა: „წვიმიანობის დროა, ამიტომ შეუძლებელია გარეთ დგომა“ (ეზრა 10:9, 13; იერემია 36:22). უეჭველია, რომ იმ მხარეში მცხოვრები მწყემსები დეკემბერში ღამით არც თვითონ დარჩებოდნენ ღია ცის ქვეშ და არც ფარას დატოვებდნენ.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ იმ ღამეს, როდესაც იესო დაიბადა, მწყემსები ღია ცის ქვეშ იყვნენ თავიანთ ფარასთან ერთად. ერთ-ერთი სახარების დამწერი ლუკა პირდაპირ ამბობს, რომ ბეთლემთან ახლოს „მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ“ (ლუკა 2:8—12). ყურადღება მიაქციე, რომ მწყემსები უბრალოდ გარეთ კი არ იყვნენ გამოსულნი დღის განმავლობაში, არამედ ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ. განა შეესაბამება ეს მონათხრობი იმ ფაქტს, რომ დეკემბერში ბეთლემში ცივი და წვიმიანი ამინდები იყო? რასაკვირველია, არა. ამგვარად, ბიბლიური მონათხრობი, რომელიც იესოს დაბადებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხება, აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ ის დეკემბერში არ დაბადებულა. *

ღვთის სიტყვაში იესოს სიკვდილის ზუსტი თარიღია ჩაწერილი, მაგრამ მის დაბადებასთან დაკავშირებით ძალიან ცოტა რამაა ნათქვამი. ეს გვახსენებს მეფე სოლომონის სიტყვებს: „კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე — დაბადების დღეს“ (ეკლესიასტე 7:1). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბიბლია დაწვრილებით აღწერს იესოს მსახურებასთან და სიკვდილთან დაკავშირებულ მოვლენებს, მისი დაბადების შესახებ კი ძალიან მცირე ინფორმაციას გვაწვდის.

როცა იესო დაიბადა, მწყემსები ღამით ველად იყვნენ თავიანთ ფარასთან ერთად

^ აბზ. 1 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“, გვერდები 131—135. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.