არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 3

გიყვარდეს ისინი, ვინც ღმერთს უყვარს!

გიყვარდეს ისინი, ვინც ღმერთს უყვარს!

„ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20)

1—3. ა) რა უცილობელ ჭეშმარიტებას ვიგებთ ბიბლიიდან? ბ) როგორ ავირჩიოთ მეგობრები, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ ჩვენზე?

ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს გარემო. ჩვენ ღრუბელივით ადვილად ვისრუტავთ მათ აზროვნებას, ნორმებსა და თვისებებს, ვისთანაც ახლო ურთიერთობა გვაქვს.

2 ბიბლიიდან ვიგებთ უცილობელ ჭეშმარიტებას: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). ამ იგავში უბრალო ნაცნობობაზე არ არის საუბარი. „მოსიარულედ“ ნათარგმნი სიტყვა ახლო ურთიერთობაზე მიუთითებს. * ერთ-ერთ ბიბლიურ ნაშრომში ამ მუხლთან დაკავშირებით აღნიშნულია: „როცა ვინმესთან ერთად დადიხარ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გიყვარს ეს ადამიანი და ახლო ურთიერთობა გაქვს მასთან“. ალბათ, დაეთანხმები იმას, რომ ჩვენ ვბაძავთ საყვარელ ადამიანებს. ვინაიდან ისინი ძალიან გვიყვარს, მათ შეუძლიათ დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინონ ჩვენზე.

3 ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ ისეთი მეგობრები, რომლებიც ჩვენზე კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენენ. როგორ გავაკეთოთ ეს? ჩვენ უნდა შევიყვაროთ ისინი, ვინც ღმერთს უყვარს, და ღვთის მეგობრებთან ვიმეგობროთ. დაფიქრდი: ვინ გაგიწევს საუკეთესო მეგობრობას, თუ არა ის, ვინც იეჰოვას მეგობარია და მის მოსაწონ თვისებებს ავლენს? მოდი, განვიხილოთ, როგორი ადამიანები უყვარს ღმერთს. თუ იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისს გავითვალისწინებთ, გაგვიადვილდება კარგი მეგობრების პოვნა.

ისინი, ვინც ღმერთს უყვარს

4. რატომ აქვს იეჰოვას უფლება, აირჩიოს მეგობრები და რატომ უწოდა იეჰოვამ აბრაამს თავისი მეგობარი?

4 იეჰოვა ყველას არ ირჩევს მეგობრად. ცხადია, მას აქვს ამის უფლება, რადგან სამყაროს უზენაესი უფალია და მასთან მეგობრობა უდიდესი პატივია. ვის ირჩევს ის მეგობრებად? იეჰოვა უახლოვდება მათ, ვინც ბოლომდე ენდობა მას. დაფიქრდი პატრიარქ აბრაამზე, რომელსაც ძლიერი რწმენა ჰქონდა. რა უნდა ყოფილიყო მამისთვის იმაზე დიდი გამოცდა, ვიდრე ის, რომ საკუთარი შვილი მსხვერპლად გაეღო. * მიუხედავად ამისა, აბრაამი მზად იყო, შეესრულებინა ეს თხოვნა და შეეწირა ისაკი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ „ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი“ (ებრაელები 11:17—19). აბრაამმა რწმენა და მორჩილება გამოავლინა, რისთვისაც იეჰოვამ მას თავისი მეგობარი უწოდა (ესაია 41:8; იაკობი 2:21—23).

5. როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვინც ერთგულებასა და მორჩილებას ავლენს?

5 იეჰოვა ძალიან აფასებს ერთგულებასა და მორჩილებას. ღმერთს უყვარს ისინი, ვისთვისაც მისადმი ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანია (წაიკითხეთ 2 სამუელის 22:26). როგორც ამ წიგნის პირველი თავიდან გავიგეთ, იეჰოვას მოწონებას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც სიყვარულით ემორჩილებიან მას. იგავების 3:32-ში ნათქვამია, რომ ღმერთი „მართლებთან ახლოს არის“. იეჰოვა გულთბილად იწვევს თავის „კარავში“ მათ, ვინც ერთგულად ასრულებს მის მოთხოვნებს, რათა თაყვანი სცენ მას და თავისუფლად მიმართონ ლოცვით (ფსალმუნი 15:1—5).

6. რით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იესო და რას გრძნობს იეჰოვა მათ მიმართ, ვისაც მისი ძე უყვარს?

6 იეჰოვას უყვარს ისინი, ვისაც იესო, მისი მხოლოდშობილი ძე უყვარს. იესომ თქვა: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას. მივალთ და დავმკვიდრდებით მასთან“ (იოანე 14:23). რით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იესო? იმით, რომ ვიცავთ მის მცნებებს, ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას და ვამზადებთ მოწაფეებს (მათე 28:19, 20; იოანე 14:15, 21). იესოსადმი სიყვარულს ჩვენ იმითაც ვავლენთ, რომ ერთგულად მივყვებით მის ნაკვალევს და, მიუხედავად არასრულყოფილებისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სიტყვითა და საქმით მივბაძოთ მას (1 პეტრე 2:21). იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, თუ როგორ ცდილობენ ისინი, ვისაც უყვარს მისი ძე, იესო ქრისტე, მიჰყვნენ მის უბადლო მაგალითს.

7. რატომ არის გონივრული, ვიმეგობროთ იეჰოვას მეგობრებთან?

7 რწმენა, ერთგულება, მორჩილება, იესოსადმი სიყვარულის გამოვლენა და მისი ნაკვალევით სიარული — ეს სწორედ ის არის, რის დანახვაც იეჰოვას სურს თავის მეგობრებში. თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: „ავლენენ ჩემი მეგობრები ასეთ თვისებებს? ვმეგობრობ იეჰოვას მეგობრებთან?“. ასეთი მეგობრების არჩევა გონივრულია. მათ, ვინც ღვთისმოსაწონ თვისებებს ავითარებს და გულმოდგინედ ქადაგებს სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ, შეუძლიათ დადებითი გავლენა იქონიონ ჩვენზე და დაგვეხმარონ, ღვთისთვის მიცემული აღთქმის თანახმად ვიცხოვროთ (იხილეთ ჩარჩო „ ვინ არის კარგი მეგობარი?“).

ვისწავლოთ დავითისა და იონათანის მაგალითზე

8. რით გხიბლავს ა) ნაომისა და რუთის, ბ) სამი ახალგაზრდა ებრაელის და გ) პავლესა და ტიმოთეს მეგობრობა?

8 ბიბლია მოგვითხრობს მრავალი ადამიანის შესახებ, რომლებზეც დადებითი გავლენა მოახდინეს კარგმა მეგობრებმა. შეგიძლია წაიკითხო ნაომისა და მისი რძლის, რუთის, ასევე ბაბილონში გადასახლებული სამი ებრაელი ახალგაზრდის და პავლესა და ტიმოთეს მეგობრობის შესახებ (რუთი 1:16; დანიელი 3:17, 18; 1 კორინთელები 4:17; ფილიპელები 2:20—22). მოდი, განვიხილოთ კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი, რომელიც დავითისა და იონათანის მეგობრობას ეხება.

9, 10. რა ედო საფუძვლად იონათანისა და დავითის მეგობრობას?

9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც დავითმა დაამარცხა გოლიათი, „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი“ (1 სამუელი 18:1). ასე ჩაეყარა საფუძველი ურყევ მეგობრობას, რომელიც ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მანამდე გაგრძელდა, სანამ იოანათანი ბრძოლის ველზე არ დაიღუპა (2 სამუელი 1:26). * რაზე იყო დაფუძნებული მათი მეგობრობა?

10 დავითი და იონათანი ერთმანეთთან დააახლოვა ღვთის სიყვარულმა და მისადმი ერთგულების ძლიერმა სურვილმა. მათ სულიერი მიზნები აერთიანებდათ. ორივეს მიმზიდველი თვისებები ჰქონდა. უეჭველია, იონათანზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ის, თუ როგორ გაბედულად და თავდადებით იცავდა ახალგაზრდა დავითი იეჰოვას სახელს; დავითს კი, თავის მხრივ, გულგრილს არ დატოვებდა ის ფაქტი, რომ იონათანი, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო, მთელი გულით ერთგულობდა იეჰოვას, მის მიერ დადგენილ კანონებს და საკუთარ ინტერესებზე წინ სრულიად უანგაროდ დავითის ინტერესებს აყენებდა. ვნახოთ, რა მოხდა დავითის ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, როცა ის იონათანის მამას, ბოროტ მეფე საულს, უდაბნოში ემალებოდა. იონათანმა განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინა და „დავითთან წავიდა, . . . რათა განემტკიცებინა ის ღვთის სახელით“ (1 სამუელი 23:16). წარმოიდგინე, რას იგრძნობდა დავითი, როცა მისი ძვირფასი მეგობარი მასთან გასამხნევებლად მივიდა! *

11. რას სწავლობ იონათანისა და დავითის მაგალითიდან?

11 რას ვსწავლობთ იონათანისა და დავითის მაგალითიდან? უპირველესად იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრებს ერთმანეთთან სულიერი ფასეულობები აკავშირებდეს. თუ დავუახლოვდებით მას, ვინც იზიარებს ჩვენს რწმენას, ისეთივე ზნეობრივი ფასეულობები აქვს, როგორიც ჩვენ და ისევე ძლიერ სურს, ღვთის ერთგული დარჩეს, როგორც ჩვენ, საშუალება გვექნება, ერთმანეთს საკუთარი აზრები, გრძნობები და საინტერესო შემთხვევები გავუზიაროთ და ამგვარად გავამხნეოთ ერთმანეთი (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12). სულიერად მოაზროვნე მეგობრების პოვნა თანამორწმუნეებს შორის შეგვიძლია. მაგრამ ნიშნავს ეს, რომ ყველა, ვინც კრების შეხვედრებს ესწრება, კარგ მეგობრობას გაგვიწევს? ალბათ, არა.

როგორ ავირჩიოთ მეგობრები?

12, 13. ა) რატომ უნდა ავირჩიოთ გონივრულად მეგობრები ქრისტიანულ კრებაშიც კი? ბ) რა პრობლემა არსებობდა პირველ საუკუნეში და რის შესახებ აფრთხილებდა პავლე ქრისტიანებს?

12 ჩვენ გონივრულად უნდა ავირჩიოთ მეგობრები კრებაშიც კი, თუ გვინდა, რომ მათ სულიერად გაგვაძლიერონ. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. ხეზე ყველა ნაყოფი ერთდროულად არ მწიფდება; ქრისტიანულ კრებაში ზოგს მეტი დრო სჭირდება, რომ სულიერად მოწიფული გახდეს. ქრისტიანები სულიერი ზრდის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან (ებრაელები 5:12—6:3). ჩვენ გვინდა, რომ ახლებსა და სუსტებს სულიერ ზრდაში დავეხმაროთ, ამიტომ მოთმინებასა და სიყვარულს ვავლენთ მათ მიმართ (რომაელები 14:1; 15:1).

13 მაგრამ კრებაში ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რის გამოც სხვებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილის გამოჩენა გახდეს საჭირო. კრების ზოგმა წევრმა შეიძლება არასწორი საქციელი ჩაიდინოს, კრიტიკული სული გამოავლინოს ან დრტვინვა დაიწყოს. მსგავსი პრობლემები პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაშიც არსებობდა. თუმცა ქრისტიანთა უმეტესობა ერთგული იყო, ზოგი არასწორად იქცეოდა. კორინთის კრებაში ზოგი ქრისტიანი უარყოფდა გარკვეულ სწავლებებს, ამიტომ მოციქულმა პავლემ გააფრთხილა კრება: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:12, 33). პავლემ უთხრა ტიმოთეს, რომ თანამორწმუნეთა შორის შეიძლება ისეთებიც ყოფილიყვნენ, ვინც პატიოსნად არ იქცეოდა. მან ურჩია ტიმოთეს, მორიდებოდა მათთან ურთიერთობასა და მეგობრობას (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:20—22).

14. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს სიტყვებში ჩადებული პრინციპი მეგობრების არჩევასთან დაკავშირებით?

14 როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს სიტყვებში ჩადებული პრინციპი? ჩვენ უნდა მოვერიდოთ კრებაში თუ კრების გარეთ იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობას, ვისაც გამხრწნელი გავლენის მოხდენა შეუძლია (2 თესალონიკელები 3:6, 7, 14). ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ ჯანმრთელობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ღრუბელივით ვისრუტავთ მეგობრების აზროვნებასა და ჩვევებს. შეუძლებელია, ძმარში ჩადებულმა ღრუბელმა წყალი შეისრუტოს, ასევე შეუძლებელია, კარგი ავითვისოთ მათგან, ვინც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენზე (1 კორინთელები 5:6).

თანამორწმუნეებს შორის შეგიძლია კარგი მეგობრები იპოვო

15. როგორ შეგიძლია კრებაში სულიერად მოაზროვნე მეგობრების პოვნა?

15 საბედნიეროდ, თანამორწმუნეებს შორის კარგი მეგობრების პოვნა რთული არ არის (ფსალმუნი 133:1). როგორ შეგიძლია კრებაში სულიერად მოაზროვნე მეგობრები იპოვო? თუ ღვთისმოსაწონ თვისებებსა და ჩვევებს განივითარებ, ისეთი ადამიანები დაგიახლოვდებიან, ვინც შენ მსგავსად ცდილობს, ღვთის ნების თანახმად იცხოვროს. ამასთანავე, ახალი მეგობრების შეძენაში ინიციატივისა და სხვებისადმი ინტერესის გამოვლენა დაგეხმარება (იხილეთ ჩარჩო „ როგორ შევიძინე კარგი მეგობრები“). დაუახლოვდი მათ, ვინც ისეთ თვისებებს ავლენს, რომლებიც გინდა, რომ თავად გქონდეს. ყურად იღე ბიბლიის რჩევა და გაფართოვდი; დაუმეგობრდი სხვადასხვა რასის, ეროვნებისა და კულტურის თანამორწმუნეებს (2 კორინთელები 6:13; წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:17). ნუ შემოიფარგლები მხოლოდ თანატოლებით. გახსოვდეს, რომ იონათანი დავითზე გაცილებით უფროსი იყო. უფროსი ასაკის და-ძმებთან მეგობრობის შედეგად, სიბრძნესა და გამოცდილებას შეიძენ.

როდესაც თავს იჩენს სირთულეები

16, 17. რატომ არ უნდა ჩამოვშორდეთ კრებას, თუ თანამორწმუნე გულს გვტკენს?

16 კრებაში სხვადასხვა ხასიათის და წარმომავლობის ადამიანები არიან, ამიტომ დროდადრო პრობლემები წამოიჭრება. რომელიმე ქრისტიანმა შეიძლება ისეთი რამ თქვას ან გააკეთოს, რომ გული გვატკინოს (იგავები 12:18). სხვადასხვა ხასიათის, გაუგებრობის ან განსხვავებული აზრის გამო ზოგჯერ პრობლემები იჩენს თავს. დავბრკოლდებით ამის გამო და ჩამოვშორდებით კრებას? რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქცევით, თუ ნამდვილად გვიყვარს იეჰოვა და ისინი, ვინც მას უყვარს.

17 იეჰოვა ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის წყაროა, ამიტომ ჩვენს სიყვარულსა და ერთგულებას იმსახურებს (გამოცხადება 4:11). ჩვენს ერთგულებას ქრისტიანული კრებაც იმსახურებს, რომელიც მან აირჩია (ებრაელები 13:17). ასე რომ, თუ თანამორწმუნე გვაწყენინებს ან იმედს გაგვიცრუებს, პროტესტის ნიშნად ჩვენ კრებას არ ჩამოვშორდებით. ამაში ხომ იეჰოვა არ არის დამნაშავე?! იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, არასდროს შევაქციოთ ზურგი მას და მის ხალხს (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:165).

18. ა) როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მშვიდობას კრებაში? ბ) რა კურთხევებს მივიღებთ, თუ სხვებს ვაპატიებთ, როცა ამის საფუძველი არსებობს?

18 თანამორწმუნეთა სიყვარული გვიბიძგებს, რომ კრებაში მშვიდობას შევუწყოთ ხელი. იეჰოვა არ მოელის სრულყოფილებას მათგან, ვინც უყვარს; ამას არც ჩვენ უნდა მოველოდეთ. სიყვარული გვეხმარება, ყურადღება არ მივაქციოთ უმნიშვნელო შეცდომებს, რადგან გვახსოვს, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ და დროდადრო ვცდებით (იგავები 17:9; 1 პეტრე 4:8). სიყვარული აღგვძრავს, „მთელი გულით“ ვაპატიოთ ერთმანეთს (კოლოსელები 3:13). თუმცა ამ რჩევის გათვალისწინება ყოველთვის ადვილი არ არის. თუ უარყოფით ემოციებს უფლებას მივცემთ, გვძლიოს, შეიძლება გულში წყენა ჩავიტოვოთ და ვიფიქროთ, რომ ასე მწყენინებელს ჭკუას ვასწავლით. სინამდვილეში კი ამით საკუთარ თავს ვავნებთ. თუ სხვებს ვაპატიებთ შეცდომებს, როცა ამის საფუძველი არსებობს, დიდ კურთხევებს მივიღებთ (ლუკა 17:3, 4). ჩვენ დაგვეუფლება შინაგანი სიმშვიდე, კრებაში მშვიდობას შევუწყობთ ხელს და, რაც მთავარია, იეჰოვასთან კარგ ურთიერთობას შევინარჩუნებთ (მათე 6:14, 15; რომაელები 14:19).

როდის უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა?

19. რა შემთხვევებში ხდება საჭირო, რომ კრების ამა თუ იმ წევრთან ურთიერთობა შევწყვიტოთ?

19 ზოგჯერ გვთხოვენ, ურთიერთობა შევწყვიტოთ მასთან, ვინც ერთ დროს კრების წევრი იყო. ასე მაშინ ხდება, როცა ქრისტიანი არ ინანიებს ცოდვას და კრებიდან ირიცხება; რწმენას უარყოფს და ცრუ სწავლებას ავრცელებს ან აღარ სურს, იეჰოვას მოწმე იყოს. ღვთის სიტყვა პირდაპირ მოგვიწოდებს, აღარ ვიქონიოთ ურთიერთობა ასეთებთან (წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:11—13; 2 იოანე 9—11). * თუ ასეთი ადამიანი ჩვენი მეგობარი ან ნათესავია, შეიძლება ადვილი არ იყოს, მოვერიდოთ მასთან ურთიერთობას. ვიქნებით ასეთ შემთხვევაში მტკიცენი და ვუერთგულებთ იეჰოვას და მის სამართლიან კანონებს? გახსოვდეს, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს ერთგულებასა და მორჩილებას.

20, 21. ა) როგორ ვლინდება სიყვარული, როცა კრებიდან ვინმე ირიცხება? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, გონივრულად ავირჩიოთ მეგობრები?

20 სინამდვილეში, როცა კრებიდან ვინმე ირიცხება, ამით იეჰოვას სიყვარული ვლინდება. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? როდესაც მოუნანიებელი შემცოდველი ირიცხება, ამ დროს იეჰოვას წმინდა სახელისადმი და მისი ნორმებისადმი სიყვარული და პატივისცემა ვლინდება (1 პეტრე 1:15, 16). გარიცხვა კრების უსაფრთხოებას ემსახურება. ის იცავს ერთგულ ქრისტიანებს განზრახ შემცოდველის ცუდი გავლენისგან და საშუალებას აძლევს მათ, კვლავ განაგრძონ მსახურება და დარწმუნებული იყვნენ, რომ კრება საიმედო თავშესაფარია ამ ბოროტ ქვეყნიერებაში (1 კორინთელები 5:7; ებრაელები 12:15, 16). როცა შემცოდველი ასე მკაცრად ისჯება, ამით მის მიმართ სიყვარული ვლინდება. ამან შეიძლება უბიძგოს შემცოდველს, გონს მოეგოს და საჭირო ნაბიჯები გადადგას იეჰოვასთან დასაბრუნებლად (ებრაელები 12:11).

21 აშკარაა, რომ მეგობრები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გონივრულად ავირჩიოთ ისინი. თუ ვიმეგობრებთ იეჰოვას მეგობრებთან და შევიყვარებთ მათ, ვინც იეჰოვას უყვარს, ჩვენ საუკეთესო ადამიანების გარემოცვაში ვიქნებით. ის, რასაც მათგან ვისწავლით, დაგვეხმარება, იეჰოვასთვის მიცემული აღთქმის თანახმად ვიცხოვროთ.

^ აბზ. 2 ებრაული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში „საქმის დაჭერად“ ითარგმნა, სხვა კონტექსტებში ნათარგმნია „გვერდით ყოფნად“ და „მეგობრობად“ (მსაჯულები 14:20; იგავები 22:24).

^ აბზ. 4 როდესაც იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ თავისი შვილი შეეწირა, ამგვარად თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ თავად მხოლოდშობილ ძეს გაიღებდა მსხვერპლად (იოანე 3:16). თუმცა აბრაამის შემთხვევაში იეჰოვამ შეაჩერა ის და ისაკის ნაცვლად, ვერძი მისცა შესაწირავად (დაბადება 22:1, 2, 9—13).

^ აბზ. 9 დავითი ახალგაზრდა, „ჯერ კიდევ ყმაწვილი“ იყო, როცა გოლიათი მოკლა. როცა იონათანი დაიღუპა, ის დაახლოებით 30 წლის იყო (1 სამუელი 17:33; 31:2; 2 სამუელი 5:4). იონათანი, რომელიც დაახლოებით 60 წლის მოკვდა, როგორც ჩანს, დავითზე 30 წლით უფროსი იყო.

^ აბზ. 10 1 სამუელის 23:17-ში ჩაწერილია, თუ რა უთხრა იონათანმა დავითს გასამხნევებლად: 1) მოუწოდა, არ შეშინებოდა; 2) დაარწმუნა, რომ საულის მცდელობა უშედეგო იქნებოდა; 3) შეახსენა, რომ ღვთის დაპირებისამებრ მეფე გახდებოდა; 4) აღუთქვა, რომ მისი ერთგული იქნებოდა; 5) უთხრა, რომ საულმაც კი იცოდა დავითისადმი მისი ერთგულების შესახებ.

^ აბზ. 19 მეტი ინფორმაციისთვის, თუ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს გარიცხულებისა და კრების უარმყოფელების მიმართ, იხილეთ დანართი „როგორ მოვექცეთ გარიცხულს?“.