არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 8

ღმერთს უყვარს სისუფთავისა და სიწმინდის დამცველები

ღმერთს უყვარს სისუფთავისა და სიწმინდის დამცველები

„წმინდისთვის წმინდა იქნები“ (ფსალმუნი 18:26)

1—3. ა) რატომ ზრუნავს დედა შვილის სისუფთავეზე? ბ) რატომ სურს იეჰოვას, რომ მისმა თაყვანისმცემლებმა სიწმინდე შეინარჩუნონ და რა აღგვძრავს სიწმინდის დაცვისკენ?

დედა თავის პატარა ბიჭს წასასვლელად ამზადებს. ის ზრუნავს, რომ ბავშვი დაბანილი და სუფთად ჩაცმული იყოს. დედამ იცის, რომ სისუფთავე ბავშვის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. მას ასევე ესმის, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა.

2 ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას სურს, რომ მისი მსახურები სუფთები და წმინდები ვიყოთ. მის სიტყვაში ნათქვამია: „წმინდისთვის წმინდა * იქნები“ (ფსალმუნი 18:26). იეჰოვას ვუყვარვართ და იცის, რომ სისუფთავისა და სიწმინდის დაცვა ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. ღმერთი აგრეთვე მოელის, რომ მისმა მოწმეებმა თავიანთი სიწმინდით განადიდონ ის სხვების წინაშე. მართლაც, ჩვენს სისუფთავესა და კარგ საქციელს ქება-დიდება მოაქვს იეჰოვასთვის და მისი წმინდა სახელისთვის (ეზეკიელი 36:22; წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:12).

3 ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს სიწმინდის დამცველი ადამიანები უყვარს, ამიტომ გვსურს, შევინარჩუნოთ ის. ღვთისადმი სიყვარული აღგვძრავს, ჩვენი ცხოვრებით მას დიდება მოვუტანოთ და მის სიყვარულში დავრჩეთ. განვიხილოთ, რატომ უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე, რა იგულისხმება სიწმინდეში და როგორ შეგვიძლია მისი დაცვა. ეს დაგვანახვებს, რა საკითხებში გვჭირდება გაუმჯობესება.

რატომ უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე?

4, 5. ა) რომელი მთავარი მიზეზის გამო უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე? ბ) როგორ ვლინდება იეჰოვას სიწმინდე მის ხილულ ქმნილებებში?

4 იეჰოვა თავისი მაგალითით გვასწავლის. მის სიტყვაში ნათქვამია: „მიჰბაძეთ ღმერთს“ (ეფესოელები 5:1). მთავარი მიზეზი, რის გამოც სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ, ის არის, რომ იეჰოვა ღმერთი, რომელსაც თაყვანს ვცემთ, ყოველმხრივ სუფთა, სპეტაკი და წმინდაა (წაიკითხეთ ლევიანების 11:44, 45).

5 იეჰოვას სიწმინდე, ისევე როგორც მისი სხვა თვისებები, მის ხილულ ქმნილებებში ვლინდება (რომაელები 1:20). იეჰოვამ ისე შექმნა დედამიწა, რომ ადამიანებს სუფთა გარემოში ეცხოვრათ. მან გაითვალისწინა ეკოლოგიური ციკლები, რომლებიც ჰაერსა და წყალს გაასუფთავებდა. ზოგი მიკრობი სანიტარულ ფუნქციას ასრულებს და ნარჩენებს უვნებელ ნივთიერებებად გარდაქმნის. მეცნიერები ზოგ ასეთ მიკროორგანიზმს იყენებენ ნავთობით დაბინძურებული წყლისა და სხვა დაბინძურებების გასაწმენდად, რაც ხშირად ადამიანის ეგოიზმისა და სიხარბის შედეგია. აშკარაა, რომ სისუფთავე დედამიწის შემქმნელისთვის მნიშვნელოვანია (იერემია 10:12). ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

6, 7. როგორ ენიჭებოდა მოსეს კანონში დიდი მნიშვნელობა იეჰოვას თაყვანისმცემელთა სიწმინდეს?

6 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე, ისაა, რომ სამყაროს უზენაესი მმართველი, იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან სიწმინდეს მოითხოვს. ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, სიწმინდე თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო. კანონში ეწერა, რომ გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარს მხოლოდ ერთხელ კი არა, ორჯერ უნდა დაებანა ტანი (ლევიანები 16:4, 23, 24). ტაძარში მომსახურე მღვდლებს იეჰოვასთვის შესაწირავის მიტანამდე ხელები და ფეხები უნდა დაებანათ (გამოსვლა 30:17—21; 2 მატიანე 4:6). კანონში მოხსენიებული იყო დაახლოებით 70 მიზეზი, თუ როდის იყო ადამიანი ფიზიკურად უწმინდური და როდის ეკრძალებოდა თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მიღება. თუ რომელიმე ისრაელი ამ კანონს უგულებელყოფდა, ის შეიძლებოდა სიკვდილითაც კი დასჯილიყო (ლევიანები 15:31). ვინც უარს იტყოდა განწმენდაზე, მათ შორის ტანის დაბანასა და ტანსაცმლის გარეცხვაზე, კრებულიდან უნდა მოკვეთილიყო (რიცხვები 19:17—20).

7 თუმცა დღეს მოსეს კანონის დაცვა არ მოგვეთხოვება, ის გვეხმარება, დავინახოთ, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ამა თუ იმ საკითხზე. კანონში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ღვთის თაყვანისმცემელთა სიწმინდეს. იეჰოვას დღესაც არ შეუცვლია თვალსაზრისი (მალაქია 3:6). ღმერთი არ მოიწონებს ჩვენს თაყვანისმცემლობას, თუ ის „წმინდა და წაუბილწველი“ არ იქნება (იაკობი 1:27). ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რას მოელის ის ჩვენგან.

სიწმინდე, რომელსაც ღმერთი მოითხოვს

8. რა და რა სიწმინდის დაცვას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან?

8 ბიბლიაში სიწმინდე მხოლოდ ფიზიკურ სისუფთავეს არ უკავშირდება. ღვთის თვალში რომ წმინდები ვიყოთ, ცხოვრების ყველა სფეროში უნდა გამოვავლინოთ სიწმინდე. იეჰოვა მოითხოვს, რომ შევინარჩუნოთ სულიერი, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური სიწმინდე. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

9, 10. რა იგულისხმება სულიერი სიწმინდის დაცვაში და რაში არ მონაწილეობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები?

9 სულიერი სიწმინდე. მარტივად რომ ვთქვათ, სულიერ სიწმინდეს ვიცავთ, თუ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ცრუ თაყვანისმცემლობით არ ვბილწავთ. ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნებულ ისრაელებს ყურად უნდა ეღოთ მოწოდება: „გამოდით, უწმინდურს ნუ მიეკარებით! . . . სუფთები იყავით“ (ესაია 52:11). ისრაელები, ძირითადად, იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღსადგენად დაბრუნდნენ სახლში. ეს თაყვანისმცემლობა წმინდა უნდა ყოფილიყო და არ უნდა წაბილწულიყო ღვთის შეურაცხმყოფელი სწავლებებითა და ბაბილონური რელიგიის წეს-ჩვეულებებით.

10 დღეს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა სიფრთხილე უნდა გამოვავლინოთ, რომ არ წავიბილწოთ ცრუ თაყვანისმცემლობით (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:21). ეს მნიშვნელოვანია, რადგან ცრუ რელიგიის გავლენა დღეს თითქმის ყველგან იგრძნობა. ბევრ ქვეყანაში უამრავი ტრადიცია და წეს-ჩვეულება უკავშირდება ცრურელიგიურ სწავლებებს, მაგალითად სულის უკვდავებას (ეკლესიასტე 9:5, 6, 10). ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იცავენ ტრადიციებს, რომლებიც ცრურელიგიურ მრწამსზეა აგებული. * ჩვენ არ ვექცევით სხვების გავლენაში და არ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ დაგვარღვევინონ წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ბიბლიის ნორმები (საქმეები 5:29).

11. რას ნიშნავს ზნეობრივი სიწმინდე, და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დაცვა?

11 ზნეობრივი სიწმინდე. ზნეობრივი სიწმინდის დაცვა ნიშნავს, რომ მოვერიდოთ ნებისმიერი სახის სექსუალურ უზნეობას (წაიკითხეთ ეფესოელების 5:5). ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც ამ წიგნის მომდევნო თავიდან გავიგებთ, ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, უნდა გავექცეთ სიძვას. ისინი, ვინც უზნეობას სჩადიან და არ ინანიებენ, „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (1 კორინთელები 6:9, 10, 18). ასეთი ადამიანები ღვთის თვალში ბინძურები არიან. თუ ისინი ზნეობრივად უწმინდურები დარჩებიან, მათი ხვედრი მეორე სიკვდილი იქნება (გამოცხადება 21:8).

12, 13. როგორ მივყავართ ფიქრებს მოქმედებამდე და როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ გონებრივი სიწმინდე?

12 გონებრივი სიწმინდე. ფიქრებს მოქმედებამდე მივყავართ. თუ არასწორი ფიქრები გამუდმებით გვიტრიალებს გულსა და გონებაში, დიდია იმის ალბათობა, რომ ადრე თუ გვიან უწმინდურებას ჩავიდენთ (მათე 5:28; 15:18—20). მაგრამ, გონებას თუ სუფთა, წმინდა აზრებით ვკვებავთ, შევძლებთ წმინდად მოქცევას (წაიკითხეთ ფილიპელების 4:8). როგორ შევინარჩუნოთ გონებრივი სიწმინდე? ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ გართობას, რომელიც აზროვნებას წაგვიბილწავს. * ამასთანავე, ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლა დაგვეხმარება, რომ გონება წმინდა აზრებით ვკვებოთ (ფსალმუნი 19:8, 9).

13 ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, აუცილებელია, შევინარჩუნოთ სულიერი, ზნეობრივი და გონებრივი სიწმინდე. ეს საკითხები დეტალურად არის განხილული ამ წიგნის სხვა თავებში. ახლა კი უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ფიზიკურ სიწმინდეზე.

როგორ დავიცვათ ფიზიკური სიწმინდე?

14. რატომ არ არის ფიზიკური სიწმინდის დაცვა მხოლოდ პირადი საკითხი?

14 ფიზიკურ სიწმინდეში იგულისხმება როგორც პირადი ჰიგიენის დაცვა, ისე ჩვენი ქონების მოვლა და ყველაფრის სუფთად შენახვა. არის ფიზიკური სიწმინდის დაცვა მხოლოდ პირადი საკითხი? იეჰოვას თაყვანისმცემლები ასე არ ფიქრობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იეჰოვასთვის ფიზიკური სიწმინდე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ მის სახელს ვატარებთ. დაფიქრდი პირველ აბზაცში მოყვანილ მაგალითზე. თუ ბავშვი ყოველთვის დაუბანელი და მოუწესრიგებელი დადის, ალბათ, გაფიქრებინებს, რომ მშობლებიც ასეთები ჰყავს. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი გარეგნობით ან ცხოვრების წესით შეურაცხვყოთ ჩვენი ზეციერი მამა და გავაუფასუროთ ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას, არამედ ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ“ (2 კორინთელები 6:3, 4). როგორ შეგვიძლია დავიცვათ ფიზიკური სიწმინდე?

15, 16. რას გულისხმობს პირადი ჰიგიენის დაცვა და როგორი უნდა იყოს ჩვენი ტანსაცმელი?

15 პირადი ჰიგიენა და გარეგნობა. თუმცა კულტურა და საცხოვრებელი პირობები სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება განსხვავებული იყოს, საპონი და წყალი ყველგან იშოვება, რომ ჩვენც და ჩვენი ბავშვებიც სუფთები ვიყოთ. პირად ჰიგიენაში შედის საპნითა და წყლით ხელების დაბანა ჭამამდე, საჭმლის მომზადებამდე, საპირფარეშოს გამოყენებისა და ბავშვის ჩაბანის ან საფენების გამოცვლის შემდეგ. ხელების საპნითა და წყლით დაბანას შეუძლია თავიდან აგვარიდოს დაავადებები და სიცოცხლეც კი შეგვინარჩუნოს. ის ხელს უშლის საშიში ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელებას და გვიცავს დიარეის გამომწვევი დაავადებებისგან. იქ, სადაც კანალიზაცია არ არის, კარგი იქნებოდა, განავალი მიწაში ჩაფლულიყო, როგორც ამას ძველად ისრაელში აკეთებდნენ (კანონი 23:12, 13).

16 ტანსაცმელიც რეგულარულად უნდა გავირეცხოთ. აუცილებელი არ არის, რომ ქრისტიანს ძვირფასი და ბოლო მოდის ტანსაცმელი ეცვას, მაგრამ აუცილებელია ის სუფთა, მოწესრიგებული და მოკრძალებული იყოს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:9, 10). სადაც უნდა ვიყოთ, ყოველთვის გვსურს, ჩვენი გარეგნობით შევამკოთ „ჩვენი მხსნელის, ღვთის სწავლება“ (ტიტე 2:10).

17. რატომ უნდა გვქონდეს სუფთად და კარგ მდგომარეობაში სახლი, ეზო თუ სხვა ქონება?

17 სახლი, ეზო და სხვა ქონება. შესაძლოა მდიდრული სახლი არა გვაქვს, მაგრამ ის შეძლებისდაგვარად სუფთა და კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. თუ კრების შეხვედრებზე და სამქადაგებლო მსახურებაში მანქანით დავდივართ, უნდა ვეცადოთ, რომ მანქანა შიგნიდან და გარედან სუფთა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუფთა სახლი და ეზო ჩვენი ღვთის შესახებ მოწმობს. ჩვენ ხომ ხალხს ვასწავლით, რომ იეჰოვა წმინდა ღმერთია, რომელიც მოსპობს დედამიწის მომსპობთ და თავისი სამეფოს მეშვეობით მალე დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (გამოცხადება 11:18; ლუკა 23:43). რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, დავანახვოთ სხვებს, რომ უკვე დღესვე ვცდილობთ, სისუფთავის დასაცავად ისეთი ჩვევები გამოვიმუშაოთ, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში გამოგვადგება.

ფიზიკურ სიწმინდეში იგულისხმება როგორც პირადი ჰიგიენის დაცვა, ისე ჩვენი ნივთების სუფთად შენახვა

18. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ ჩვენს სამეფო დარბაზს?

18 თაყვანისცემის ადგილი. ღვთის სიყვარული აღგვძრავს, დავაფასოთ ჩვენი სამეფო დარბაზი, სადაც თაყვანს ვცემთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას. ჩვენ გვინდა, რომ თაყვანისცემის ადგილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვოს დაინტერესებულებზე, რომლებიც შეხვედრებს ესწრებიან. სამეფო დარბაზი ყოველთვის ლამაზად და სუფთად რომ გამოიყურებოდეს, საჭიროა მისი რეგულარულად დასუფთავება და შეკეთება. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სამეფო დარბაზს, თუ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის კარგ მდგომარეობაში იყოს. ჩვენთვის დიდი პატივია თაყვანისმცემლობის ადგილის დასუფთავება და შეკეთება (2 მატიანე 34:10). იმავეს თქმა შეიძლება საკონგრესო დარბაზებსა და სხვა ადგილებზე, სადაც კონგრესების დროს ვიკრიბებით.

განვიწმინდოთ ბილწი ჩვევებისა და საქმეებისგან

19. რას უნდა მოვერიდოთ ფიზიკური სიწმინდის შესანარჩუნებლად და როგორ გვეხმარება ამ მხრივ ბიბლია?

19 ფიზიკური სიწმინდის შესანარჩუნებლად საჭიროა, მოვერიდოთ ბილწ ჩვევებს, მაგალითად სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული მედიკამენტების ბოროტად გამოყენებას. ბიბლია არ აკონკრეტებს დღეს გავრცელებულ ყველა ბინძურ და საზიზღარ ჩვევასა თუ საქმეს, მაგრამ მასში მოცემულია პრინციპები, რომლებიც გვანახვებს, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამა თუ იმ საკითხზე. იეჰოვას თვალსაზრისის ცოდნა და მისდამი სიყვარული აღგვძრავს, მის მოსაწონად მოვიქცეთ. განვიხილოთ ხუთი პრინციპი ბიბლიიდან.

20, 21. როგორი ჩვევებისგან სურს იეჰოვას, რომ გავთავისუფლდეთ და რა საფუძველი გვაქვს ამისთვის?

20 „საყვარელნო, რადგან ეს დანაპირები გვაქვს, განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). იეჰოვას სურს, თავიდან მოვიშოროთ ისეთი ჩვევები, რომლებიც ბილწავს სხეულს და ვნებს სულს, ანუ გონების აღმძვრელ ძალას ხორციელისკენ უბიძგებს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთ მავნე ჩვევებს, რაც საზიანოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

21 ბიბლიაში მოყვანილია საფუძვლიანი მიზეზი, თუ რატომ უნდა „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს“. 2 კორინთელების 7:1 იწყება სიტყვებით: „რადგან ეს დანაპირები გვაქვს“. რომელ დანაპირებზეა საუბარი? კონტექსტიდან ვიგებთ, რას გვპირდება იეჰოვა: „მე მიგიღებთ თქვენ. მე ვიქნები თქვენი მამა“ (2 კორინთელები 6:17, 18). წარმოიდგინე: იეჰოვა გპირდება, რომ იზრუნებს შენზე და შვილივით ეყვარები. მაგრამ ამ დაპირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ მოერიდები „ხორცისა და სულის“ წაბილწვას. რამხელა უგუნურება იქნებოდა, ცუდი ჩვევის გამო დაგეკარგა იეჰოვასთან ესოდენ ძვირფასი ურთიერთობა!

22—25. ბიბლიის რომელი პრინციპები გვეხმარება, მოვერიდოთ უწმინდურ ჩვევებსა და საქმეებს?

22 „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). იესომ თქვა, რომ ეს უდიდესი მცნებაა (მათე 22:38). იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს ასეთ სიყვარულს! თუ გვიყვარს ის მთელი გულით, სულითა და გონებით, მოვერიდებით ისეთ საქმეებს, რომლებიც სიცოცხლეს მოგვისწრაფებს ან ღვთისგან ბოძებულ აზროვნების უნარს დაგვიბინდავს.

23 [იეჰოვა] აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“ (საქმეები 17:24, 25). სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია. ჩვენ გვიყვარს ღმერთი, ამიტომ გვსურს დავაფასოთ ეს ძღვენი. ჩვენ გავურბივართ ისეთ ჩვევებსა და საქმეებს, რომლებიც ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას, რადგან გვესმის, რომ ამგვარად სიცოცხლის ძღვენს არაფრად ჩავაგდებდით (ფსალმუნი 36:9).

24 „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). უწმინდური ჩვევებითა და საქმეებით ადამიანი არა მარტო საკუთარ თავს ვნებს, არამედ გარშემომყოფთაც. მაგალითად, სიგარეტის კვამლი პასიური მწეველებისთვისაც მავნებელია. ვინც გარშემომყოფთ ვნებს, ის არღვევს ღვთის მცნებას, რომლის თანახმადაც, უნდა უყვარდეს მოყვასი. ის აგრეთვე ცრუობს, რომ უყვარს ღმერთი (1 იოანე 4:20, 21).

25 „დაემორჩილონ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს, როგორც მმართველებს“ (ტიტე 3:1). მრავალ ქვეყანაში ზოგი ნარკოტიკული ნივთიერების ქონა და გამოყენება კანონით აკრძალულია. ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, არ ვინახავთ და არ ვიყენებთ ასეთ აკრძალულ ნივთიერებებს (რომაელები 13:1).

26. ა) რის გაკეთება გვმართებს, რომ ღვთის სიყვარულში დავრჩეთ? ბ) რატომ არის საუკეთესო, თუ ღვთის თვალში წმინდები დავრჩებით?

26 ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, სიწმინდე უნდა დავიცვათ არა მარტო ერთ ან ორ საკითხში, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში. ცუდი ჩვევებისა და საქმეების მიტოვება და მათგან თავის შეკავება შეიძლება ადვილი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია. * ამგვარად მართლაც საუკეთესო გზას ავირჩევთ ცხოვრებაში, რადგან იეჰოვა ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლის (წაიკითხეთ ესაიას 48:17). და რაც მთავარია, თუ სიწმინდეს შევინარჩუნებთ, კმაყოფილების გრძნობა დაგვეუფლება, რადგან ამით განვადიდებთ ღმერთს, რომელიც გვიყვარს, და მის სიყვარულში დავრჩებით.

^ აბზ. 2 „წმინდად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვაში ზოგჯერ ფიზიკური სისუფთავე იგულისხმება, მაგრამ ხშირად ის ზნეობრივ ან სულიერ სიწმინდეზე მიუთითებს.

^ აბზ. 67 სახელი შეცვლილია.