არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 9

გაექეცი სიძვას!

გაექეცი სიძვას!

„ამიტომ ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლოსელები 3:5)

1, 2. რა სატყუარა გამოიყენა ბალაამმა, რომ ზიანი მიეყენებინა იეჰოვას ხალხისთვის?

მეთევზე თავის საყვარელ სათევზაო ადგილას მიდის. ის სასურველი თევზის დასაჭერად შესაფერის სატყუარას არჩევს და ანკესს წყალში ისვრის. ცოტა ხანში ანკესი იღუნება და მეთევზე მის ახვევას იწყებს. მას უხარია, რომ სწორი სატყუარა აირჩია.

2 ძვ. წ. 1473 წელს ბალაამი გულდასმით არჩევდა სატყუარას. მას მიზანში ჰყავდა ამოღებული ღვთის ხალხი, რომლებიც მოაბის ველზე, აღთქმული მიწის საზღვართან იყვნენ დაბანაკებული. ის იეჰოვას წინასწარმეტყველად აცხადებდა თავს, თუმცა სინამდვილეში ისრაელის დასაწყევლად დაქირავებული ხარბი ადამიანი იყო. მაგრამ საქმეში იეჰოვა ჩაერია და ბალაამმა დაწყევლის ნაცვლად, აკურთხა ისრაელი. ბალაამს გასამრჯელოს დაკარგვა არ უნდოდა, ამიტომ ფიქრობდა, რომ ხალხი თუ სერიოზულ ცოდვაში გაეხვეოდა, ღმერთი თავად დასწყევლიდა მათ. ამ მიზნის მისაღწევად ბალაამმა სატყუარად ლამაზი მოაბელი ქალები გამოიყენა (რიცხვები 22:1—7; 31:15, 16; გამოცხადება 2:14).

3. რა გაგებით გაამართლა ბალაამის ჩანაფიქრმა?

3 გაამართლა ბალაამის ჩანაფიქრმა? გარკვეულწილად, კი. ათობით ათასი ისრაელი მამაკაცი წამოეგო ანკესს და დაიწყო „გარყვნილების ჩადენა მოაბის ასულებთან“. მათ მოაბელთა ღმერთების, მათ შორის ნაყოფიერების საზიზღარი ღვთაების, ფეორის ბაალის თაყვანისცემა დაიწყეს. შედეგად, 24 000 ისრაელი აღთქმული მიწის საზღვართან განადგურდა. ეს მართლაც დიდი ტრაგედია იყო! (რიცხვები 25:1—9).

4. რატომ გაება უზნეობის მახეში ათასობით ისრაელი?

4 რატომ დაატყდათ ისრაელებს თავს ეს უბედურება? ბევრს გული გაუბოროტდა და იეჰოვა ღმერთს ჩამოშორდა, იეჰოვას, რომელმაც ისინი ეგვიპტიდან დაიხსნა, იზრუნა მათზე უდაბნოში და აღთქმულ მიწამდე მშვიდობით მიიყვანა (ებრაელები 3:12). მოციქული პავლე, რომელმაც მათი მაგალითი გაიხსენა, ქრისტიანებს წერდა: „ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა და ოცდასამი ათასი დაეცა ერთ დღეში“ (1 კორინთელები 10:8). *

5, 6. რატომ არის ჩვენთვის გამაფრთხილებელი ის, რაც მოაბის ველზე დაბანაკებულ ისრაელებს დაემართათ?

5 დღეს ღვთის ხალხი დიდებული აღთქმული მიწის ზღურბლთან დგას, ამიტომ „რიცხვებში“ ჩაწერილი ეს ისტორია მათთვის გამაფრთხილებელია (1 კორინთელები 10:11). მაგალითად, დღეს სექსზე შეშლილი ქვეყნიერება ძველ დროში მცხოვრებ მოაბელებს მოგვაგონებს, თუმცა მასშტაბები გაცილებით დიდია. გარდა ამისა, ყოველ წელს ათასობით ქრისტიანი ებმება იმავე მახეში, რომელშიც ისრაელები გაებნენ (2 კორინთელები 2:11). ზიმრის მსგავსად, რომელმაც ისრაელთა თვალწინ უსირცხვილოდ შეიყვანა მიდიანელი ქალი თავის კარავში, დღესაც ზოგი, ვისაც ღვთის ხალხთან აქვს ურთიერთობა, გამხრწნელ გავლენას ახდენს ქრისტიანული კრების წევრებზე (რიცხვები 25:6, 14; იუდა 4).

6 გესმის, რომ გადატანითი მნიშვნელობით დღეს მოაბის ველზე ვართ დაბანაკებული? ხედავ ჰორიზონტზე ჯილდოს — დიდი ხნის ნანატრ ახალ ქვეყნიერებას? მაშინ, ყურად იღე მითითება, „გაექეცით სიძვას“, და ძალ-ღონეს ნუ დაიშურებ, რომ დარჩე ღვთის სიყვარულში (1 კორინთელები 6:18).

მოაბის ველი

რა არის სიძვა?

7, 8. რა არის სიძვა და რას იმკიან მისი ჩამდენნი?

7 ბიბლიაში „სიძვად“ (პორნია) ნათარგმნ ბერძნულ სიტყვაში იგულისხმება კანონიერი ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა. მასში შედის მრუშობა, პროსტიტუცია, სქესობრივი ურთიერთობა დაუქორწინებლებს შორის და ასევე ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის; ორალური და ანალური სექსი და სხვის სასქესო ორგანოებზე ზემოქმედება; სიძვაში აგრეთვე შედის სქესობრივი კავშირი ცხოველებთან. *

8 ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ისინი, ვინც სიძვას სჩადიან, ვერ დარჩებიან ქრისტიანულ კრებაში და ვერ მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს (1 კორინთელები 6:9; გამოცხადება 22:15). გარდა ამისა, ისინი დღესვე იმკიან ცუდ ნაყოფს: კარგავენ სხვების ნდობას, ელახებათ ღირსების გრძნობა, მეუღლესთან უთანხმოება მოსდით, სინდისი ქენჯნით, თავს ვერ არიდებენ არასასურველ ფეხმძიმობას, დაავადებებს და ზოგჯერ სიკვდილსაც კი (წაიკითხეთ გალატელების 6:7, 8). რამხელა უგუნურებაა, დაადგე გზას, რომელსაც ამდენი უბედურება მოაქვს! სამწუხაროდ, ბევრი არ ფიქრობს შედეგებზე, როცა პირველ მცდარ ნაბიჯს დგამს. ხშირად ეს მცდარი ნაბიჯი პორნოგრაფიით გატაცებაა.

პორნოგრაფია — პირველი ნაბიჯი

9. უწყინარია პორნოგრაფია, როგორც ზოგს მიაჩნია? ახსენი.

9 მრავალ ქვეყანაში ადამიანი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება პორნოგრაფიას — გაზეთის კიოსკებში, სიმღერებში, სატელევიზიო გადაცემებსა და ინტერნეტში. * უწყინარია ის, როგორც ზოგს მიაჩნია? სრულიადაც არა. ვინც პორნოგრაფიას უყურებს, შეიძლება მასტურბაცია ჩვევად ექცეს და „სამარცხვინო ვნებები“ აღუძრას. ამან შეიძლება ის სექსის მონა გახადოს, უკუღმართი სურვილები გაუღვიძოს, მეუღლესთან სერიოზული უთანხმოებები შეუქმნას და განქორწინებამდეც კი მიიყვანოს (რომაელები 1:24—27; ეფესოელები 4:19). * ერთმა სპეციალისტმა სექსზე დამოკიდებულება შეადარა კიბოს. მან თქვა: „მისი მეტასტაზები გამუდმებით ვრცელდება. თავისით იშვიათად ქრება და მისი განკურნება ძალიან რთულია“.

თუ ინტერნეტით ვსარგებლობთ, გონივრულია, კომპიუტერი სახლში გამოსაჩენ ადგილას გვედგას

10. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ იაკობის 1:14, 15-ში მოცემული პრინციპი? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ ზნეობრივი სიწმინდის დასაცავად ძალა ვიპოვე“.)

10 დაფიქრდი იაკობის 1:14, 15-ზე: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“. ასე რომ, თუ არასწორი სურვილი გაგიჩნდება, დაუყოვნებლივ შეეცადე მის თავიდან ამოგდებას! მაგალითად, თუ შემთხვევით დაინახავ ეროტიკულ გამოსახულებას, მოარიდე თვალი, გამორთე კომპიუტერი ან სხვა არხზე გადართე ტელევიზორი. ყველაფერი გააკეთე, რომ უზნეო სურვილებს წინ აღუდგე, სანამ გაუკონტროლებელი გახდება და გძლევს! (წაიკითხეთ მათეს 5:29, 30).

11. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვენდობით იეჰოვას არასწორ სურვილებთან ბრძოლის დროს?

11 ის, ვინც გაცილებით უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს, მოგვიწოდებს: „ამიტომ ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლოსელები 3:5). მართალია, ამის გაკეთება ადვილი არ არის, მაგრამ გახსოვდეს, რომ ჩვენ გვყავს მოსიყვარულე და დიდსულოვანი ზეციერი მამა, რომელსაც შეგვიძლია დახმარებისთვის მივმართოთ (ფსალმუნი 68:19). ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართე მას, თუ გონებაში უწმინდური აზრები მოგდის. ლოცვაში სთხოვე „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და სხვა რამეზე გადაიტანე ყურადღება (2 კორინთელები 4:7; 1 კორინთელები 9:27; იხილეთ ჩარჩო „ როგორ დავძლიო მავნე ჩვევა?“).

12. რა იგულისხმება „გულში“, და რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მას?

12 ბრძენმა სოლომონმა დაწერა: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23). „გულში“ იგულისხმება ჩვენი შინაგანი პიროვნება, ანუ ის, თუ სინამდვილეში რას წარმოვადგენთ ღვთის თვალში. მივიღებთ თუ არა მარადიულ სიცოცხლეს, დამოკიდებულია არა იმაზე, ადამიანებს როგორი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე, არამედ იმაზე, ღმერთს რა წარმოდგენა აქვს ჩვენს „გულზე“. ეს თითქოს მარტივი ჩანს, მაგრამ საკმაოდ სერიოზული საკითხია. უღირსად რომ არ შეეხედა ქალისთვის, ერთგულმა იობმა შეთანხმება დაუდო საკუთარ თვალებს (იობი 31:1). ის მართლაც შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! ფსალმუნმომღერალიც იზიარებდა იობის თვალსაზრისს. ის ამბობდა: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37).

დინას არაგონივრული არჩევანი

13. ვინ იყო დინა, და რატომ იყო მისი არჩევანი არაგონივრული?

13 მესამე თავიდან გავიგეთ, რომ მეგობრებს შეუძლიათ დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინონ ჩვენზე (იგავები 13:20; წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:33). დაფიქრდი პატრიარქ იაკობის ქალიშვილ დინას მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ღვთისმოსაწონად ზრდიდნენ, ის არაგონივრულად მოიქცა და მეგობრებად ქანაანელი გოგოები აირჩია. მოაბელების მსგავსად, ქანაანელებიც უზნეობით იყვნენ ცნობილი (ლევიანები 18:6—25). როგორც ყველა ქანაანელი მამაკაცისთვის, ისე მამამისის სახლში „ყველაზე პატივდებული“ შექემისთვის, არაფერი იყო საძრახისი იმაში, რომ დინასთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონოდა (დაბადება 34:18, 19).

14. რა მოჰყვა შედეგად დინას არჩევანს?

14 დინას, ალბათ, შექემის გაცნობისას აზრადაც არ მოსვლია მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება. მაგრამ შექემი ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი ქანაანელი მოიქცეოდა სქესობრივი აღგზნების დროს. ბოლო წუთებში წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, რადგან შექემმა წაიყვანა ის და გააუპატიურა. მოგვიანებით შექემს შეუყვარდა დინა, მაგრამ ეს მომხდარს ვეღარ შეცვლიდა (წაიკითხეთ დაბადების 34:1—4). ამ დროს მხოლოდ დინა არ დაზარალდა. მისი არჩევანის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მისი ოჯახი შეარცხვინა და უბედურება მოუტანა ყველას (დაბადება 34:7, 25—31; გალატელები 6:7, 8).

15, 16. როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტი სიბრძნის შეძენა? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ საფიქრებელი მუხლები“.)

15 არ ვიცით, ისწავლა თუ არა დინამ ჭკუა ამ შემთხვევიდან, მაგრამ თუ ისწავლა, ეს მწარე გამოცდილების ფასად დაუჯდებოდა. თუმცა აუცილებელი არ არის, რომ იეჰოვას მოყვარულმა და მორჩილმა ადამიანებმა თავიანთ შეცდომებზე ისწავლონ. ისინი ითვალისწინებენ ღვთის რჩევებს და ბრძენებთან სიარულს არჩევენ (იგავები 13:20ა). ამგვარად ისინი სწვდებიან ყოველივე იმას, რაც კარგია და თავიდან იცილებენ ზედმეტ პრობლემებსა და სატკივარს (იგავები 2:6—9; ფსალმუნი 1:1—3).

16 ღვთისგან მომდინარე სიბრძნის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც ამის ძლიერი სურვილი აქვს, ვინც გამუდმებით ლოცულობს ამისთვის; აგრეთვე რეგულარულად იკვლევს ღვთის სიტყვას და ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებს (მათე 24:45; იაკობი 1:5). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავმდაბლობაც, რომელსაც იმ შემთხვევაში განვივითარებთ, თუ ბიბლიის რჩევებს გავითვალისწინებთ (2 მეფეები 22:18, 19). მაგალითად, ქრისტიანმა შეიძლება აღიაროს, რომ გული ვერაგი და უმართავია (იერემია 17:9). მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, გამოავლენს თავმდაბლობას და მიიღებს სიყვარულით მიცემულ კონკრეტულ რჩევასა და დახმარებას?

17. აღწერე, რა სიტუაცია შეიძლება წარმოიქმნას ოჯახში და როგორ შეიძლება მამამ დაარიგოს ქალიშვილი.

17 წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია: მამა ქალიშვილს ნებას არ აძლევს, რომ ახალგაზრდა ქრისტიან მამაკაცთან ერთად მარტო წავიდეს. „მამიკო, რა, არ მენდობი?! — ეუბნება ქალიშვილი მამას. — ცუდს არაფერს გავაკეთებთ!“. მას შეიძლება უყვარს იეჰოვა და ცუდს არაფერს გეგმავს, მაგრამ დადის ის ღვთის სიბრძნით? გაურბის სიძვას თუ უგუნურად ენდობა საკუთარ გულს? (იგავები 28:26). დაფიქრდი, კიდევ რა პრინციპები დაეხმარებოდა მამა-შვილს ამ საკითხზე მსჯელობისას (იხილეთ იგავების 22:3; მათეს 6:13; 26:41).

იოსები გაექცა სიძვას

18, 19. რა ცდუნების წინაშე აღმოჩნდა იოსები და როგორ მოიქცა ის?

18 წარმოსადეგი ახალგაზრდა, რომელსაც ღმერთი უყვარდა და სიძვას გაექცა, იყო დინას ნახევარძმა იოსები (დაბადება 30:20—24). ჯერ კიდევ პატარა იოსებმა საკუთარი თვალით ნახა, თუ რა მოჰყვა დინას უგუნურ საქციელს. უეჭველია, მას ახსოვდა ეს შემთხვევა. ამასთანავე, იოსებს სურდა, ღვთის სიყვარულში დარჩენილიყო. სწორედ ამან განაპირობა, რომ მოგვიანებით იოსები გაურბოდა თავისი ეგვიპტელი ბატონის ცოლს, რომელიც ყოველდღე ცდილობდა მის შეცდენას. ცხადია, იოსებს, რომელიც მონა იყო, სამსახურის მიტოვება არ შეეძლო. საჭირო იყო სიბრძნისა და გაბედულების გამოვლენა. მან არაერთხელ გამოავლინა ეს თვისებები, როცა ფოტიფარის ცოლს უარს ეუბნებოდა, და ბოლოს გაექცა კიდეც (წაიკითხეთ დაბადების 39:7—12).

19 შეძლებდა იოსები უმწიკვლობის შენარჩუნებას, ამ ქალზე ფიქრი რომ დაეწყო ან სექსზე ეოცნება? საეჭვოა. იოსები უწმინდური ფიქრებით არ კვებავდა გონებას; ის აფასებდა იეჰოვასთან ურთიერთობას, რაც კარგად გამოჩნდა მის მიერ ფოტიფარის ცოლისთვის ნათქვამი სიტყვებიდან: „ჩემს ბატონს . . . შენ გარდა არაფერი დაუკავებია ჩემთვის, რადგან მისი ცოლი ხარ. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბადება 39:8, 9).

20. როგორ წარმართა იეჰოვამ მოვლენები იოსების სასარგებლოდ?

20 როგორ გაუხარდებოდა იეჰოვას იმის დანახვა, რომ ახალგაზრდა იოსები, რომელიც ოჯახიდან შორს იყო, ყოველდღე ინარჩუნებდა უმწიკვლობას! (იგავები 27:11). მოგვიანებით იეჰოვამ ისე წარმართა მოვლენები, რომ იოსები არა მარტო გაათავისუფლეს ციხიდან, არამედ ეგვიპტეში მეორე კაცად და საკვების გამნაწილებლად დანიშნეს (დაბადება 41:39—49). მართლაც რომ უტყუარია ფსალმუნის 97:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება. ის იცავს თავის ერთგულთა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ“!

21. როგორ გამოავლინა ერთმა ახალგაზრდა აფრიკელმა ძმამ სიმტკიცე?

21 დღესაც ღვთის მრავალმა მსახურმა შეიძულა „ის, რაც ცუდია“ და შეიყვარა „ის, რაც კარგია“ (ამოსი 5:15). ერთი აფრიკელი ძმა, რომელსაც თანაკლასელმა გოგონამ მათემატიკის გამოცდაზე დახმარების სანაცვლოდ სექსი შესთავაზა, ამბობს: „არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი უარი. არ დავთმე ჩემი უმწიკვლობა, რის წყალობითაც პირადი ღირსების გრძნობა და საკუთარი თავისადმი პატივისცემა შევინარჩუნე“. ცოდვამ შეიძლება დროებით მოგიტანოს სიამოვნება, მაგრამ ასეთ წამიერ სიამოვნებას ხშირად დიდი ტკივილი მოჰყვება (ებრაელები 11:25). უფრო მეტიც, ეს სიამოვნება მართლაც წამიერია და ახლოსაც ვერ მოვა იმ მარადიულ ბედნიერებასთან, რომელიც იეჰოვასადმი მორჩილებას მოაქვს (იგავები 10:22).

მიიღე დახმარება წყალობის ღმერთისგან

22, 23. ა) რატომ არ არის ქრისტიანი უიმედო მდგომარეობაში, თუ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა? ბ) რა დახმარების მიღება შეუძლია შემცოდველს?

22 ჩვენ ყველანი არასრულყოფილები ვართ, ამიტომ დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ჩავკლათ საკუთარ თავში ხორციელი სურვილები და ღვთის მოსაწონად ვიცხოვროთ (რომაელები 7:21—25). იეჰოვას კარგად ესმის ეს და „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14). ხდება ისეც, რომ ქრისტიანი სერიოზულ ცოდვას სჩადის. უიმედოა მისი მდგომარეობა? არავითარ შემთხვევაში! მიუხედავად იმისა, რომ შემცოდველმა შეიძლება მეფე დავითის მსგავსად, მწარე შედეგები მოიმკას, ღმერთი მზად არის პატიებისთვის, თუ შემცოდველი ინანიებს და გულწრფელად აღიარებს ცოდვებს (ფსალმუნი 86:5; იაკობი 5:16; წაიკითხეთ იგავების 28:13).

23 მოსიყვარულე ღვთის წყალობით, ქრისტიანულ კრებას ჰყავს „ძღვენი ადამიანთა სახით“, ანუ სულიერად მოწიფული მწყემსები, რომელთაც გამოცდილებაც აქვთ და სხვების დახმარების სურვილიც (ეფესოელები 4:8, 12; იაკობი 5:14, 15). მათი მიზანია, დაეხმარონ შემცოდველს, აღადგინოს ღმერთთან ურთიერთობა და შეიძინოს გული, რათა აღარ ჩაიდინოს ცოდვა (იგავები 15:32).

შეიძინე გული

24, 25. ა) როგორ ცხადყო იგავების 7:6—23-ში მოხსენიებულმა ახალგაზრდამ, რომ „გული აკლდა“? ბ) როგორ შეგვიძლია „გულის შეძენა“?

24 ბიბლიაში საუბარია მათზე, ვისაც „გული აკლია“ და ვინც „გულს იძენს“ (იგავები 7:7, სქოლიო). თუ ადამიანს „გული აკლია“, შესაძლოა მან გამჭრიახობა და განსჯის უნარი ვერ გამოავლინოს, რადგან სულიერად სუსტი და ღვთის მსახურებაში გამოუცდელია. იგავების 7:6—23-ში აღწერილი ახალგაზრდა კაცის მსგავსად, მან შეიძლება ადვილად ჩაიდინოს სერიოზული ცოდვა. ის კი, ვინც „გულს იძენს“, ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლისა და ლოცვის დახმარებით იკვლევს შინაგან ადამიანს. არასრულყოფილების მიუხედავად, ის ცდილობს, ღვთის ნებას შეუსაბამოს თავისი აზრები, სურვილები, გრძნობები და მიზნები. ამგვარად, „მას თავისი სული უყვარს“ ანუ სიკეთეს უკეთებს საკუთარ თავს და „ყოველივე კარგს პოვებს“ (იგავები 19:8).

25 ჰკითხე საკუთარ თავს: „დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის ნორმები სამართლიანია? მტკიცედ მწამს, რომ მათი დაცვა უსაზღვრო ბედნიერებას მომიტანს?“ (ფსალმუნი 19:7—10; ესაია 48:17, 18). მცირედი ეჭვიც თუ გეპარება ამაში, უმალვე მიიღე ზომები. დაფიქრდი, რა შედეგები მოჰყვება ღვთის კანონების უგულებელყოფას. თუ ცხოვრობ ჭეშმარიტების თანახმად და კვებავ გონებას ჯანსაღი ფიქრებით — იმით, რაც ჭეშმარიტია, მართალია, წმინდაა, სიყვარულის ღირსია, ზნეობრივი და საქებარია — იგემებ და ნახავ, რომ კარგია იეჰოვა! (ფსალმუნი 34:8; ფილიპელები 4:8, 9). თუ ასე მოიქცევი, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ უფრო მეტად შეგიყვარდება ღმერთი და ის, რაც მას უყვარს, და შეგძულდება ის, რაც მას სძულს. იოსები სრულყოფილი არ იყო, მაგრამ მან შეძლო გაქცეოდა სიძვას; იოსებმა შესაძლებლობა მისცა იეჰოვას, წლების მანძილზე სწორედ მას ჩამოეყალიბებინა იგი და მორჩილი გული მიეცა მისთვის. დაე, შენს შემთხვევაშიც ასე იყოს! (ესაია 64:8).

26. რომელ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ მომდევნო თავებში?

26 ჩვენმა შემოქმედმა სასქესო ორგანოები გასართობად კი არა, გასამრავლებლად და ქორწინებაში განსაკუთრებული სიახლოვისთვის მოგვცა (იგავები 5:18). მომდევნო ორ თავში განხილული იქნება, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ქორწინებაზე.

^ აბზ. 4 „რიცხვებში“ მოხსენიებულ დახოცილთა რიცხვში, როგორც ჩანს, შედიოდა მსაჯულების ხელით დახოცილი „ხალხის ყველა თავკაცი“, სავარაუდოდ 1 000 მამაკაცი, და იეჰოვას ხელით დახოცილები (რიცხვები 25:4, 5).

^ აბზ. 7 იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 2006 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, სადაც განხილულია, რა იგულისხმება უწმინდურებასა და თავაშვებულობაში (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

^ აბზ. 9 აქ მოხსენიებულ პორნოგრაფიაში იგულისხმება სურათები, ტექსტები, აუდიო ან ვიდეოჩანაწერები, რომელთა მიზანიც ადამიანის აღგზნებაა. პორნოგრაფიად ითვლება ისეთი სურათები, სადაც ნაჩვენებია ეროტიკულ პოზაში გადაღებული ადამიანი და ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის ამაზრზენი სქესობრივი აქტი.

^ აბზ. 9 მასტურბაციის შესახებ იხილეთ დანართი „დასძლიე მასტურბაციის ჩვევა!“.