არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 2

დაკარგული სამოთხე

დაკარგული სამოთხე

ურჩი ანგელოზი ადამსა და ევას აქეზებს, რომ განუდგნენ ღმერთს. ამის გამო ყველა ადამიანი ცოდვისა და სიკვდილის მონა ხდება.

ადამიანების შექმნამდე დიდი ხნით ადრე, ღმერთმა უხილავი სულიერი ქმნილებები, ანგელოზები შექმნა. ედემის ბაღში ერთი ურჩი ანგელოზი, რომელიც მოგვიანებით სატანა ეშმაკის სახელით გახდა ცნობილი, მზაკვრულად შეეცადა ევას მოტყუებას. მას სურდა, ევას ღვთის კანონი დაერღვია და აკრძალული ხის ნაყოფი ეჭამა.

ეს ანგელოზი ევას გველის პირით ელაპარაკა. მისი სიტყვებიდან ისე გამოდიოდა, რომ ღმერთი ადამიანებს რაღაც კარგს უმალავდა. ბოროტი ანგელოზი არწმუნებდა ევას, რომ ის და მისი ქმარი არ მოკვდებოდნენ, თუ აკრძალულ ნაყოფს შეჭამდნენ. ფაქტობრივად, სატანამ ღმერთი მატყუარა გამოიყვანა. მაცდურის მტკიცებით, ადამიანები სრულ თავისუფლებას მიაღწევდნენ და თვალიც ბევრ რამეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში აეხილებოდათ, თუ ღმერთს არ დაემორჩილებოდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი იყო — პირველი ტყუილი, რომელიც ოდესმე თქმულა. სინამდვილეში, სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ღვთის უზენაესობის საკითხი, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ღმერთს მმართველობის უფლება, იყო თუ არა ის სამართლიანი მმართველი და იყო თუ არა დაინტერესებული თავისი მიწიერი ქმნილებების კეთილდღეობით.

ევამ დაიჯერა სატანის ტყუილი. აკრძალული ნაყოფი მისთვის უფრო და უფრო სასურველი გახდა და ბოლოს შეჭამა კიდეც. მოგვიანებით იმ ხის ნაყოფი ქმარსაც შესთავაზა და აკრძალული ხილი მანაც შეჭამა. ამგვარად, ორივემ შესცოდა. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საქციელი სინამდვილეში ღვთის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. ადამმა და ევამ შეგნებულად დაარღვიეს ღვთის კანონი და ამგვარად უარყვეს შემოქმედი, რომელმაც მათ ყველაფერი მისცა, მათ შორის სრულყოფილი სიცოცხლე.

შთამომავალი „თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15)

ღმერთმა პასუხი აგებინა ურჩ ქმნილებებს. მან იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა აღთქმული შთამომავალი, მხსნელი, რომელიც გაანადგურებდა სატანას, იგივე გველს. ღმერთმა მაშინვე არ გაანადგურა ურჩი ცოლ-ქმარი და ამგვარად მათი ჯერ არშობილი შთამომავლობა შეიწყალა. ღმერთმა მათ შვილებს მომავლის იმედი ჩაუსახა, რადგან ის, ვისაც ღმერთი გამოგზავნიდა, გააუქმებდა იმ სავალალო შედეგებს, რაც ედემში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. ბიბლიაში თანდათანობით ეფინებოდა ნათელი იმას, თუ ვინ იქნებოდა დაპირებული მხსნელი და როგორ შესრულდებოდა ღვთის წინასწარმეტყველება.

ღმერთმა ადამი და ევა გააძევა სამოთხის ბაღიდან. ედემის გარეთ დარჩენილ ადამიანებს ოფლითა და ჯაფით მოუწევდათ ლუკმაპურის შოვნა. მოგვიანებით ადამსა და ევას პირველი ვაჟი, კაენი შეეძინათ. მათ სხვა შვილებიც გაუჩნდათ, მათ შორის აბელი და შეთი. შეთი ნოეს წინაპარი გახდა.

დაბადება, თავები 3—5; გამოცხადება 12:9