არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 16

მესიის გამოჩენა

მესიის გამოჩენა

იეჰოვა ხალხს უმჟღავნებს, რომ იესო ნაზარეთელი აღთქმული მესიაა.

როგორ დაეხმარა იეჰოვა ხალხს მესიის ვინაობის დადგენაში? ებრაული წერილების დაწერიდან დაახლოებით ოთხი საუკუნე გავიდა. გალილეის ჩრდილოეთით, ქალაქ ნაზარეთში ახალგაზრდა ქალწულ მარიამს უცნაური სტუმარი ეწვია. მას ანგელოზი, სახელად გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა, რომ ღვთის მოქმედი ძალით, წმინდა სულით, ვაჟი ჩაესახებოდა. ის იქნებოდა აღთქმული მეფე, რომელიც მარადიულად იმეფებდა. ბავშვი ღვთის ძე იქნებოდა, რადგან ღმერთი მის სიცოცხლეს ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანდა.

მარიამი მორჩილად დაჰყვა ღვთის ნებას. ის დანიშნული იყო დურგალ იოსებზე. იოსებმა მარიამი ცოლად მას შემდეგ მოიყვანა, რაც ანგელოზისგან მისი ფეხმძიმობის მიზეზი გაიგო. წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო (მიქა 5:2). ეს პატარა ქალაქი ნაზარეთიდან დაახლოებით 140 კილომეტრით იყო დაშორებული.

რომის მმართველმა მოსახლეობის აღწერა ბრძანა. ყველა თავის მშობლიურ ქალაქში უნდა აღწერილიყო. როგორც ჩანს, იოსებიცა და მარიამიც ბეთლემში იყვნენ დაბადებული. ამიტომ იოსებმა ფეხმძიმე ცოლი იქ წაიყვანა (ლუკა 2:3). მარიამმა ცხოველების სადგომში იმშობიარა და ახალშობილი ბაგაში ჩააწვინა. მწყემსებს, რომლებიც იქვე ახლოს ცხვარს მწყემსავდნენ, ანგელოზები გამოეცხადნენ და აღთქმული მესიის, ქრისტეს დაბადება ამცნეს.

მოგვიანებით სხვებმაც დაადასტურეს, რომ იესო აღთქმული მესია იყო. ესაიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ მესიას წინამორბედი ეყოლებოდა, რომელიც მას გზას მოუმზადებდა (ესაია 40:3). ის იოანე ნათლისმცემელი იყო. როდესაც მან თავისკენ მიმავალი იესო დაინახა, თქვა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“. იოანეს ზოგი მოწაფე მაშინვე იესოს გაჰყვა. ერთმა ისიც თქვა: „მესია ვიპოვეთ“ (იოანე 1:29, 36, 41).

თვით ღმერთმაც დაადასტურა, რომ იესო მესია იყო. როცა იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა, ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა. მან იესო წმინდა სულით სცხო და თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:16, 17). როგორც იქნა, აღთქმული მესია გამოჩნდა!

როდის მოხდა ეს? ახ. წ. 29 წელს ანუ ზუსტად იმ დროს, როცა დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები 483 წელი გასრულდა. უამრავიდან ეს მხოლოდ რამდენიმე მტკიცებაა იმისა, რომ იესო არის მესია ანუ ქრისტე. რა უნდა გაეკეთებინა იესოს დედამიწაზე?

მათე, თავები 1—3; მარკოზი, თავი 1; ლუკა, თავი 2; იოანე, თავი 1