არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 14

სკოლები პიონერებისთვის

სკოლები პიონერებისთვის

შეერთებული შტატები

სკოლა გალაადი, პატერსონი, ნიუ-იორკი

პანამა

იეჰოვას მოწმეები უკვე დიდი ხანია, რაც თეოკრატიულ განათლებას იღებენ. ისინი, ვინც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას სრული დროით ქადაგებენ, გადიან სპეციალურ დასწავლებას, რათა „ყოველმხრივ შეასრულონ“ თავიანთი მსახურება (2 ტიმოთე 4:5).

პიონერული მსახურების სკოლა. პიონერებს, რომლებმაც უკვე ერთი წელი სრული დროით იმსახურეს, შეუძლიათ ექვსდღიანი სკოლის გავლა, რომელიც მათთვის უახლოეს სამეფო დარბაზში ჩატარდება. ამ სკოლის მიზანია, დაეხმაროს პიონერებს მსახურების ნებისმიერ სფეროში უფრო დახელოვნებულნი გახდნენ, უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვას და გააგრძელონ ერთგულად მსახურება.

სამეფოს მახარობელთა სკოლა. ამ ორთვიან სკოლას გადიან გამოცდილი პიონერები, რომლებიც მზად არიან დატოვონ თავიანთი სახლები და გადავიდნენ იქ, სადაც მაუწყებლებზე მეტი საჭიროებაა. ფაქტობრივად, ისინი ამბობენ: „მე წავალ! მე გამგზავნე!“. ამგვარად ჰბაძავენ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ მქადაგებელს, იესო ქრისტეს (ესაია 6:8; იოანე 7:29). ასეთი მსახურება მოითხოვს, შეეგუონ ცხოვრების ახალ და უბრალო წესს. მათ აგრეთვე შეიძლება მოუწიოთ ახალ კულტურასთან, კლიმატთან და საკვებთან შეგუება. შესაძლოა, ახალი ენის შესწავლაც დასჭირდეთ. ეს სკოლა ეხმარება 23-დან 65 წლამდე დაუქორწინებელ და-ძმებსა თუ დაქორწინებულ წყვილებს, განივითარონ სულიერი თვისებები და უნარი, რომლებიც დაეხმარება მათ, ახალ დანიშნულებაში სრულად მოემსახურონ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას.

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“. ებრაული სიტყვა „გალაადი“ ნიშნავს „მოწმობის გროვას“. 1943 წლიდან მოყოლებული 8 000-ზე მეტი მისიონერი, რომლებმაც სკოლა „გალაადი“ გაიარეს, წარმატებით ქადაგებს „დედამიწის კიდით-კიდემდე“ (საქმეები 13:47). მაგალითად, როდესაც მისიონერები პირველად ჩავიდნენ პერუში, იქ ერთი კრებაც არ იყო, ახლა კი 1 000-ზე მეტი კრებაა. როდესაც მისიონერებმა იაპონიაში დაიწყეს მსახურება, ქვეყანაში ათი მოწმეც კი არ იყო, დღეს მათი რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. „გალაადის“ სკოლის ხუთთვიანი კურსის განმავლობაში სტუდენტები საფუძვლიანად სწავლობენ ღვთის სიტყვას. ამ სკოლის გასავლელად იწვევენ მათ, ვინც სპეციალურ პიონერებად, მისიონერებად, ბეთელელებად ან სარაიონო ზედამხედველებად მსახურობენ. სკოლის მიზანია მსოფლიო სამქადაგებლო საქმის წინ წაწევა.

  • რა არის პიონერული მსახურების სკოლის მიზანი?

  • ვის შეუძლია სამეფოს მახარობელთა სკოლის გავლა?