არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 10

როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

1. მხოლოდ ერთი რელიგიაა ჭეშმარიტი?

„უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს“ (მათე 7:15)

იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია არსებობს. ის არის გზა, რომელსაც ადამიანი მარადიული სიცოცხლისკენ მიჰყავს. ამ გზის შესახებ იესომ თქვა: „ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:14). ღმერთი მხოლოდ იმ რელიგიას იწონებს, რომლის სწავლებებიც მის ჭეშმარიტ სიტყვაზე, ბიბლიაზეა დაფუძნებული. ღვთის ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს ერთი მრწამსი აქვს. წაიკითხეთ იოანეს 4:23, 24; 14:6; ეფესოელების 4:5.

უყურეთ ვიდეორგოლს „იწონებს ღმერთი ყველანაირ თაყვანისცემას?“

2. რა თქვა იესომ ცრუ ქრისტიანებზე?

„ისინი ყველას წინაშე აღიარებენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას“ (ტიტე 1:16)

იესომ თქვა, რომ ცრუწინასწარმეტყველები გახრწნიდნენ ქრისტიანობას. ისინი, ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები გეგონებათ. მრავალი რელიგიის მიმდევარი თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მაგრამ რთული არ არის ამ ხალხის რეალური სახის დანახვა. როგორ? ჭეშმარიტი ქრისტიანი თავისი თვისებებითა და საქმეებით ამოიცნობა. წაიკითხეთ მათეს 7:13—23.

3. როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები?

განვიხილოთ ხუთი ნიშანი:

  • ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევენ. ისინი ცდილობენ, ბიბლიური პრინციპების თანახმად იცხოვრონ. სწორედ ამით განსხვავდება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სხვა რელიგიებისგან, რომლებიც ადამიანთა სწავლებებზეა დაფუძნებული (მათე 15:7—9). ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები რასაც ქადაგებენ, იმის თანახმად იქცევიან. წაიკითხეთ იოანეს 17:17; 2 ტიმოთეს 3:16, 17.

  • ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები განადიდებენ ღვთის სახელს, იეჰოვას. იესო განადიდებდა ღვთის სახელს იმით, რომ ადამიანებთან საუბრისას დაუფარავად იყენებდა მას. ის ხალხს ღვთის შესახებ ესაუბრებოდა და ასწავლიდა, ელოცათ ღვთის სახელის განწმენდაზე (მათე 6:9). რომელი რელიგიის მიმდევრები აუწყებენ ღვთის სახელს თქვენს ქვეყანაში? წაიკითხეთ იოანეს 17:26; რომაელების 10:13, 14.

  • ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებენ. ღმერთმა იესო დედამიწაზე იმისთვის გამოგზავნა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ექადაგა. ღვთის სამეფო არის კაცობრიობის ერთადერთი იმედი. იესო სიკვდილის ბოლო წუთამდე ამ სამეფოს შესახებ საუბრობდა (ლუკა 4:43; 8:1; 23:42, 43). მან თქვა, რომ მისი მიმდევრებიც ამავე საქმეს გააგრძელებდნენ. თუ ვინმე მოდის თქვენთან და ღვთის სამეფოზე გესაუბრებათ, როგორ ფიქრობთ, რომელი რელიგიის მიმდევარია? წაიკითხეთ მათეს 24:14.

  • იესოს მიმდევრები ამ ბოროტი ქვეყნიერების ნაწილი არ არიან. ისინი არც პოლიტიკაში ერევიან და არც ეთნიკურ კონფლიქტებში იღებენ მონაწილეობას (იოანე 17:16; 18:36). გარდა ამისა, ისინი შორს დგანან ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი მავნე და არასწორი საქმეებისა და აზროვნებისგან. წაიკითხეთ იაკობის 4:4.

  • ნამდვილ ქრისტიანებს განსაკუთრებულად უყვართ ერთმანეთი. ღვთის სიტყვიდან ისინი სწავლობენ, რომ ყველა ეროვნების ადამიანს სცენ პატივი. ცრუ რელიგია ხშირად აქტიურად უჭერს მხარს ერებს შორის გაჩაღებულ ომებს; ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები კი არ ერევიან ომებში (მიქა 4:1—3). ნამდვილი ქრისტიანები უანგაროდ იყენებენ თავიანთ დროსა და სახსრებს სხვების დასახმარებლად თუ გასამხნევებლად. წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35; 1 იოანეს 4:20.

4. შეგიძლიათ ამოიცნოთ ჭეშმარიტი რელიგია?

როგორ ფიქრობთ, რომელი რელიგია აფუძნებს თავის სწავლებებს მთლიანად ბიბლიაზე, რომელი რელიგია განადიდებს ღვთის სახელს და აცხადებს, რომ კაცობრიობის ერთადერთი იმედი ღვთის სამეფოა? რომელი რელიგიის მიმდევრები ავლენენ ერთმანეთის მიმართ ნამდვილ სიყვარულს და უარს ამბობენ ომებში მონაწილეობაზე? წაიკითხეთ 1 იოანეს 3:10—12.