არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 2

სამეფოს დაარსება ზეცაში

სამეფოს დაარსება ზეცაში

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ შეამზადა ღმერთმა თავისი ხალხი სამეფოსთვის

1, 2. რომელია მსოფლიო ისტორიაში მომხდარი უდიდესი მოვლენა და რატომ არ არის გასაკვირი, რომ ის ადამიანის თვალისთვის უხილავად მოხდა?

 რა განცდა დაგეუფლებოდათ, რომელიმე ეპოქალური მოვლენის დროს რომ გეცხოვრათ? იქნებოდით იმ მოვლენების უშუალო მოწმე, რომლებიც წინ უძღოდა ისტორიის შეცვლას? სავარაუდოდ, არა, რადგან მოვლენები, რომლებიც, მაგალითად, დრომოჭმული პოლიტიკური რეჟიმის დამხობას განაპირობებს და ისტორიის ფურცლებზე იწერება, მასებისთვის უხილავია. ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა მიიღება — სამეფო კარზე, სხდომათა დარბაზებსა თუ სამთავრობო დაწესებულებებში, მაგრამ მათი შედეგები მილიონებზე ახდენს გავლენას.

2 რომელია მსოფლიო ისტორიაში ის უდიდესი მოვლენა, რომელიც ადამიანის თვალს არ უხილავს, მაგრამ მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა? რასაკვირველია, ეს ღვთის სამეფოს, დიდი ხნის წინათ დაპირებული ზეციერი მესიანური ხელისუფლების შექმნაა, რომელიც მალე მთელ ბოროტ ქვეყნიერებას მოუღებს ბოლოს (წაიკითხეთ დანიელის 2:34, 35, 44, 45). მართალია, ხალხს საკუთარი თვალით არ უხილავს ამ სამეფოს დაარსება, მაგრამ არა იმიტომ, რომ იეჰოვამ დაუმალა მათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, პირიქით, არათუ არ დაუმალა, თავისი ერთგული ხალხი ამ მოვლენისთვის წინასწარ შეამზადა კიდეც. ვნახოთ, როგორ.

„ჩემი მაცნე . . . გამიმზადებს გზას“

3—5. ა) ვინ არის მალაქიას 3:1-ში მოხსენიებული „შეთანხმების მაცნე“? ბ) რა უნდა მომხდარიყო „შეთანხმების მაცნის“ ტაძარში მოსვლამდე?

3 იეჰოვას ძველთაგანვე ჰქონდა განზრახული თავისი ხალხის შემზადება მესიანური სამეფოსთვის. გავიხსენოთ მალაქიას 3:1: „აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს და ის გამიმზადებს გზას. უეცრად მოვა თავის ტაძარში ჭეშმარიტი უფალი, რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ“.

4 როდის მოვიდა თანამედროვე დროში იეჰოვა, „ჭეშმარიტი უფალი“, სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში თავის მსახურთა შესამოწმებლად? დავიწყოთ იმით, რომ ამ წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვა „შეთანხმების მაცნესთან“ ერთად უნდა მოსულიყო, რომელიც სხვა არავინაა, თუ არა მესიანური სამეფოს მეფე, იესო ქრისტე (ლუკ. 1:68—73). ამ ახლად დანიშნულ მმართველს უნდა შეემოწმებინა და განეწმინდა ღვთის ხალხი დედამიწაზე (1 პეტ. 4:17).

5 მაგრამ ვინ არის მალაქიას 3:1-ში პირველად ნახსენები მაცნე? ეს წინასწარმეტყველური ფიგურა ასპარეზზე მესიანური მეფის მოსვლამდე კარგა ხნით ადრე უნდა გამოსულიყო. ვინ გაუმზადებდა გზას მესიანურ მეფეს 1914 წლის დადგომამდე ათწლეულებით ადრე?

6. ვინ იყო ნაწინასწარმეტყველები მაცნე, რომელმაც ღვთის ხალხი მომავალი მოვლენებისთვის შეამზადა?

6 წინამდებარე წიგნში მიმოხილულია იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორია, რომელიც პასუხებს გაგვცემს ზემოხსენებულ კითხვებზე. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ მიმდინარეობებს შორის გამოიკვეთა გულმართალ ქრისტიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ბიბლიის მკვლევართა სახელით გახდა ცნობილი. ამ ჯგუფის ხელმძღვანელებმა, ჩარლზ რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა მართლაც რომ შეასრულეს ნაწინასწარმეტყველები მაცნის როლი — სულიერი დახმარება გაუწიეს ღვთის ხალხს და მომავალი მოვლენებისთვის შეამზადეს. ახლა განვიხილოთ, რა მხრივ შეასრულა მაცნემ თავისი როლი.

თაყვანისცემა ჭეშმარიტებით

7, 8. ა) ვინ დაიწყო მე-19 საუკუნეში სულის უკვდავების შესახებ სწავლების მხილება? ბ) სხვა რომელი სწავლებები ამხილეს ჩარლზ რასელმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ?

7 ამა თუ იმ ბიბლიური საკითხის გამოკვლევისას ბიბლიის მკვლევრები ღმერთს ლოცვით სთხოვდნენ ხელმძღვანელობას; მას შემდეგ, რაც საერთო აზრამდე მივიდოდნენ, თავს უყრიდნენ გამოკვლეულ ბიბლიურ სწავლებებს და აქვეყნებდნენ. ქრისტიანული სამყარო საუკუნეების მანძილზე სულიერი სიბნელით იყო მოცული; მის მრავალ სწავლებას წარმართული ფესვები ჰქონდა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სწავლება სულის უკვდავების შესახებ. თუმცაღა მე-19 საუკუნეში გამოჩნდა ბიბლიის რამდენიმე გულწრფელი მკვლევარი, რომლებმაც გულდასმით გამოიკვლიეს ეს სწავლება და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იგი ღვთის სიტყვიდან არ მომდინარეობდა. ჰენრი გრუ, ჯორჯ სტეტსონი და ჯორჯ სტორზი სიტყვითა თუ კალმით გაბედულად გმობდნენ ამ სწავლებას და სატანის სიცრუეს ააშკარავებდნენ. a მათმა მოღვაწეობამ, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია ჩარლზ რასელსა და მის თანამოაზრეებზე.

8 ბიბლიის მკვლევართა ამ მცირერიცხოვანმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სულის უკვდავებასთან დაკავშირებული სხვა სწავლებებიც დამაბნეველი და მცდარი იყო. ასეთი იყო მაგალითად, სწავლება იმის შესახებ, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის და რომ ღმერთი ბოროტთა სულებს მარადიულ ცეცხლში ტანჯავს. რასელი და მისი უახლოესი გარემოცვა ამ სიცრუეს თამამად ამხელდნენ სტატიებში, წიგნებში, ტრაქტატებში, ბუკლეტებსა თუ საგაზეთო ქადაგებებში.

9. როგორ გამოააშკარავა „სიონის საგუშაგო კოშკმა“ სამების დოგმატის მცდარობა?

9 ბიბლიის მკვლევრებმა საყოველთაოდ აღიარებული სამების დოგმატის მცდარობაც გამოააშკარავეს. ჟურნალ „სიონის საგუშაგო კოშკში“ (1887 წლის გამოცემა) ეწერა: „ბიბლიიდან ცალსახად ჩანს, რომ იეჰოვა და ჩვენი უფალი იესო ერთარსნი არ არიან. ერთი მამაა და მეორე — ძე“. სტატია აგრეთვე დასძენდა: „[გასაოცარია,] როგორ მოიპოვა საყოველთაო აღიარება სამერთიანი ღმერთის შესახებ სწავლებამ, რომ სამი ღმერთი ერთია და ამავდროულად, ერთი ღმერთი — სამი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ღრმად ეძინა ეკლესიას, როცა მტერი მას სიცრუის მარწუხებში აქცევდა“.

10. რას იუწყებოდა „საგუშაგო კოშკი“ 1914 წლის შესახებ?

10 ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“ დიდ ყურადღებას ამახვილებდა ქრისტეს მოსვლასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებზე, რაზეც ჟურნალის სახელწოდებაც მოწმობს. ერთგულმა ცხებულმა ქრისტიანებმა, რომლებიც ამ ჟურნალისთვის სტატიებს წერდნენ, დაინახეს, რომ დანიელის წინასწარმეტყველება „შვიდ დროზე“ მესიანური სამეფოს დაარსების თარიღის დადგენის საშუალებას იძლეოდა. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ისინი წერდნენ, რომ „შვიდი დრო“ 1914 წელს დასრულდებოდა (დან. 4:25; ლუკ. 21:24). მართალია, მაშინ ჩვენს ძმებს ბოლომდე არ ესმოდათ ამ კონკრეტული თარიღის მნიშვნელობა, მაგრამ რაც ესმოდათ, იმას ყველგან აუწყებდნენ, რისი შედეგები დღესაც სახეზეა.

11, 12. ა) ვის დამსახურებად თვლიდა რასელი ბიბლიური სწავლებების აღმოჩენას? ბ) რა შედეგები მოჰყვა იმ ძალისხმევას, რომელიც რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა გასწიეს ათწლეულების განმავლობაში 1914 წლამდე?

11 არც რასელი და არც მისი მეგობრები ბიბლიური სწავლებების აღმოჩენასა და გაგებას საკუთარ თავს არ მიაწერდნენ. რასელი ამას თავის წინამორბედთა დამსახურებად თვლიდა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის იეჰოვა ღმერთს მადლობდა იმისათვის, რომ თავის ხალხს საჭირო დროს საჭირო ცოდნას აძლევდა. ცხადი იყო, რომ იეჰოვა დაეხმარა რასელსა და მის თანამოაზრეებს, რათა ჭეშმარიტება სიცრუისგან განერჩიათ. დროის სვლასთან ერთად ისინი სულ უფრო ემიჯნებოდნენ ქრისტიანულ სამყაროს.

ძმა რასელი და მისი უახლოესი გარემოცვა ბიბლიური ჭეშმარიტების დამცველები იყვნენ

12 იმ ძალისხმევას, რომელიც ღვთის ერთგულმა მსახურებმა 1914 წლამდე ათწლეულების განმავლობაში ჭეშმარიტი სწავლებების დაცვას მოახმარეს, საოცარი შედეგები მოჰყვა. 1917 წლის 1 ნოემბრის ჟურნალში „საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“ აღნიშნული იყო: „მილიონობით ადამიანი გათავისუფლდა ჯოჯოხეთისა და სხვა ცრუ სწავლებებით გამოწვეული შიშისგან . . . ჭეშმარიტების ტალღა, რომელიც ორმოც წელზე მეტი ხნის წინათ დაიძრა, განუხრელად მატულობს და კვლავაც მოიმატებს, სანამ მთელ დედამიწას არ დაფარავს. ჭეშმარიტების მტრებმა შეიძლება სცადონ ამ ტალღის შეკავება, მაგრამ მთელ დედამიწაზე მის გავრცელებას ხელს ვერაფერი შეუშლის“.

13, 14. ა) როგორ მოუმზადა „მაცნემ“ გზა მესიანური სამეფოს მეფეს? ბ) ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია საუკუნეზე მეტი ხნის წინათ მოღვაწე ჩვენი ძმებისგან?

13 მოდი, დავფიქრდეთ: იქნებოდა ხალხი მზად ქრისტეს მოსვლისთვის, თუკი იესოს თავისი მამისგან, იეჰოვასგან ვერ განასხვავებდნენ? რა თქმა უნდა, არა! არც იმ შემთხვევაში იქნებოდნენ მზად, თუ იფიქრებდნენ, რომ უკვდავება განურჩევლად ყველას ხვედრია და არა ძვირფასი ძღვენი, რომელიც მხოლოდ ქრისტეს ერთგული მიმდევრების მცირე ნაწილს ეძლევა; არც მაშინ, თუ ეგონებოდათ, რომ ღმერთი მარადიულად ტანჯავს ხალხს ჯოჯოხეთში, საიდანაც ხსნა არ არის. როგორც ვხედავთ, „მაცნემ“ ნამდვილად მოუმზადა გზა მესიანური სამეფოს მეფეს.

14 ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია საუკუნეზე მეტი ხნის წინათ მოღვაწე ჩვენი ძმებისგან? ჩვენც მათსავით უნდა დავეწაფოთ ღვთის სიტყვას — ვიკითხოთ და შევისწავლოთ ის (იოან. 17:3). დაე, ამ მომხვეჭელ, სულიერად მოშიებულ ქვეყნიერებაში სულიერი მადა გავიძლიეროთ! (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:15).

„გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“!

15. რა დასკვნამდე მივიდნენ ბიბლიის მკვლევრები დროთა განმავლობაში? (იხ. აგრეთვე სქოლიო).

15 ბიბლიის მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ აუცილებელი იყო ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. „საგუშაგო კოშკის“ 1879 წლის გამოცემაში ნახსენები იყო „ბაბილონური ეკლესია“. რას გულისხმობდა ეს ტერმინი — რომის პაპის ინსტიტუტსა და კათოლიკურ ეკლესიას? საუკუნეების მანძილზე პროტესტანტულ მიმდინარეობებს მიაჩნდათ, რომ „ბაბილონი“ კათოლიკური ეკლესიის პირველსახე იყო. მაგრამ რაც შეეხება ბიბლიის მკვლევრებს, დროთა განმავლობაში ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თანამედროვე „ბაბილონში“ ქრისტიანული სამყაროს ყველა ეკლესია შედიოდა, ვინაიდან ყველა მათგანი ზემოხსენებულ სიცრუეს ასწავლიდა. b ჩვენს პუბლიკაციებში თანდათანობით იკვეთებოდა ის აზრი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ბაბილონური ეკლესიების გულწრფელი მრევლი.

16, 17. ა) რისკენ მოუწოდებდა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ III ტომი და „საგუშაგო კოშკი“ ხალხს? ბ) რატომ არ გაისმოდა თავიდან ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტის მოწოდება მკაფიოდ? (იხ. სქოლიო).

16 „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ III ტომში, რომელიც 1891 წელს გამოიცა, ღვთის მიერ თანამედროვე ბაბილონის უარყოფის საკითხი განიხილებოდა. მასში აღნიშნული იყო: „მთელი სისტემა [ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები] უარყოფილია“. წიგნში აგრეთვე ნათქვამი იყო: „ვინც არ იზიარებს მის ცრუ სწავლებებს და ვისაც არ მოსწონს მისი საქმეები, უნდა გამოეყოს მას“.

17 ათას ცხრაასი წლის იანვრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია მათ შესახებ, ვინც ჯერ კიდევ ქრისტიანული ეკლესიების მრევლში ირიცხებოდა და თავს ასე იმართლებდა: „მე მთლიანად ვიზიარებ ჭეშმარიტებას და სხვა შეხვედრებს იშვიათად ვესწრები“. სტატიაში დასმული იყო შემდეგი კითხვა: „რამდენად მართებულია სანახევროდ ვიყოთ ბაბილონში? ითხოვს . . . და იწონებს ღმერთი ამას? ცხადია, არა! ის, ვინც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას შეუერთდა და ოფიციალურად გახდა მისი წევრი, ვალდებულია ერთგულად დაიცვას მისი წევრობის პირობები, ვიდრე . . . საჯაროდ არ იტყვის უარს ამ მიმდინარეობის წევრობაზე“. დროის სვლასთან ერთად ეს მოწოდება სულ უფრო მკაფიოდ გაისმოდა. c იეჰოვას მსახურებს ცრუ რელიგიასთან ყოველგვარი კავშირი უნდა გაეწყვიტათ.

18. რატომ იყო სავალდებულო „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლა?

18 არაერთხელ რომ არ გაჟღერებულიყო გაფრთხილება „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლის შესახებ, მზად დახვდებოდა ახალგამეფებულ ქრისტეს ცხებულ მსახურთა ჯგუფი დედამიწაზე? რასაკვირველია არა, რადგან იეჰოვას თაყვანისცემა „სულითა და ჭეშმარიტებით“ მხოლოდ იმ ქრისტიანებს შეუძლიათ, ვისაც საერთო არაფერი აქვთ ბაბილონთან (იოან. 4:24). გვაქვს ჩვენც მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ ცრუ რელიგიისგან შორს დავიჭიროთ თავი? მოდი, ყოველთვის დავემორჩილოთ მოწოდებას: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“! (წაიკითხეთ გამოცხადების 18:4).

შეხვედრები ღვთის თაყვანსაცემად

19, 20. რა შინაარსის მოწოდებები დაიბეჭდა „საგუშაგო კოშკში“ ერთად შეკრებასთან დაკავშირებით?

19 ბიბლიის მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ თანამორწმუნეები ღვთის თაყვანსაცემად ერთად უნდა შეკრებილიყვნენ. ჭეშმარიტ ქრისტიანთათვის მხოლოდ ცრუ რელიგიის მიტოვება არ კმარა. ისინი წმინდა თაყვანისმცემლობაშიც უნდა იყვნენ ჩაბმულნი. „საგუშაგო კოშკი“ მკითხველს იმთავითვე მოუწოდებდა ღვთის თაყვანსაცემად ერთად შეკრებისკენ. მაგალითად, 1880 წლის ივლისის ნომერში ძმა რასელმა თავისი სამქადაგებლო მოგზაურობის შედეგების მიმოხილვისას აღნიშნა, თუ რაოდენ გამამხნევებელი იყო ერთად შეკრება. მან მკითხველებს მოუწოდა, თავიანთი სულიერი მიღწევების შესახებ საფოსტო ბარათებით ეცნობებინათ ჟურნალის რედაქციისთვის, რაც მოგვიანებით ჟურნალში გამოქვეყნდებოდა. ამის მიზანი იქვე იყო ახსნილი: „დაე, ყველამ გაიგოს . . . რომ უფალი კურთხევას არ გაკლებთ და ძვირფასი რწმენის თანამოზიარეებთან ერთად იკრიბებით!“.

ჩარლზ რასელი ბიბლიის მკვლევრების ჯგუფთან ერთად კოპენჰაგენში (დანია, 1909 წელი)

20 ათას რვაას ოთხმოცდაორ წელს „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „შევიკრიბოთ!“. ის ქრისტიანებს ერთად შეკრებისკენ მოუწოდებდა „ერთმანეთის აღსაშენებლად, გასამხნევებლად და განსამტკიცებლად“. სტატიაში ეწერა: „არა აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ვინმე თქვენ შორის ნიჭიერი ან განათლებული. თან იქონიეთ ბიბლიები, ფურცელი და ფანქარი; გამოიყენეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა დამხმარე საშუალება, მაგალითად, ბიბლიის სიმფონია . . . შეარჩიეთ თემა, სთხოვეთ ღმერთს სულის ხელმძღვანელობა, რომ ჩასწვდეთ მას; შემდეგ წაიკითხეთ, იფიქრეთ, შეადარეთ ერთმანეთს მუხლები და უეჭველად მიხვალთ ჭეშმარიტებამდე“.

21. შეხვედრების ჩატარებისა და კრების წევრების გამხნევების რა მაგალითს იძლეოდა ალეგანის კრება?

21 ბიბლიის მკვლევართა მთავარი სამმართველო მაშინ ალეგანიში (პენსილვანია, აშშ) მდებარეობდა. იქ მომსახურე ძმები ებრაელების 10:24, 25-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილი რჩევისამებრ იკრიბებოდნენ და ამ მხრივ სხვებს შესანიშნავ მაგალითს აძლევდნენ. აი, რა დაწერა მოხუცებულმა ძმა ჩარლზ კაპენმა, რომელიც ბავშვობაში იმდროინდელ შეხვედრებს ესწრებოდა: «დღემდე მახსოვს ის ბიბლიური მუხლი, რომელიც იმ შენობის კედელზე ეწერა, სადაც ვიკრიბებოდით. „ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ“. ეს მუხლი ღრმად ჩამებეჭდა გონებაში — იეჰოვას ხალხი არ იყო დაყოფილი სასულიერო და საერო კლასებად» (მათ. 23:8). ძმა ჩარლზმა ისიც აღნიშნა, რომ ეს შეხვედრები მას სულიერად ამდიდრებდა და აღაშენებდა. მას ახსოვდა, პირადად როგორ ამხნევებდა ძმა რასელი კრების თითოეულ წევრს.

22. როგორ გამოეხმაურა ღვთისმოსავი ხალხი ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების მოწოდებას და ჩვენ რას ვსწავლობთ მათგან?

22 ალეგანის კრებას სხვებმაც მიჰბაძეს. ისინი გამოეხმაურნენ შეკრებისკენ მოწოდებას და კრებები სხვა შტატებშიც ჩამოყალიბდა, მაგალითად, ოჰაიოსა და მიჩიგანში, ხოლო მოგვიანებით მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ. მოდი, დავფიქრდეთ: იქნებოდა ღვთისმოსავი ხალხი მზად ქრისტეს მოსვლისთვის, თუ ბიბლიური მითითებისამებრ არ შეიკრიბებოდნენ ღვთის თაყვანსაცემად? ცხადია, არა. მათ მსგავსად ჩვენც რეგულარულად უნდა დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და ამგვარად, ხელიდან არ გავუშვათ ერთად თაყვანისცემისა და ერთმანეთის გამხნევების შესაძლებლობა.

გულმოდგინედ ქადაგება

23. რაზე გაუმახვილა „საგუშაგო კოშკმა“ ყურადღება ყველა ცხებულ ქრისტიანს?

23 ბიბლიის მკვლევრები მიიჩნევდნენ, რომ ჭეშმარიტება ყველა ცხებულ ქრისტიანს უნდა ექადაგა. 1885 წლის ივნისის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხებულთა ჯგუფის თითოეული წევრი იმისთვის არის ცხებული, რომ იქადაგოს (ეს. 61:1) და იმსახუროს“. 1888 წლის დეკემბრის ნომერში შემდეგი მოწოდება დაიწერა: „ჩვენი მისია ნათელია . . . თუ ჩვენ მას უგულებელვყოფთ და თავის გამართლებას შევეცდებით, აღმოვჩნდებით ზარმაცი მსახურები და უღირსები იმ დიდებული მდგომარეობისთვის, რომლისკენაც მოწოდებულნი ვართ“.

24, 25. ა) სამქადაგებლო მოწოდებების გარდა, კიდევ რას აკეთებდნენ რასელი და მისი თანამოაზრენი? ბ) როგორ აღწერა ერთმა ძმამ წიგნების დამტარებლად მსახურება?

24 ძმა რასელი და მისი თანამოაზრენი სამქადაგებლო მოწოდებებით არ შემოიფარგლებოდნენ. მათ აგრეთვე დაიწყეს ტრაქტატების გამოცემა სახელწოდებით „ბიბლიის შემსწავლელთა ტრაქტატები“, რომელსაც მოგვიანებით „ძველი თეოლოგიური ტრაქტატის კვარტალური გამოცემა“ ეწოდა. ამ ტრაქტატებს „საგუშაგო კოშკის“ მკითხველები ხალხში უფასოდ ავრცელებდნენ.

უპრიანია, ვკითხოთ ჩვენს თავს: რა ადგილი უკავია ქადაგებას ჩემს ცხოვრებაში?

25 სრული დროით მსახურებს წიგნების დამტარებლები ეწოდებოდათ. ზემოხსენებული ჩარლზ კაპენიც ერთ-ერთი მათგანი იყო. ის იხსენებდა: «პენსილვანიაში ჩემი ტერიტორია რომ დამემუშავებინა, შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მიერ გამოცემულ რუკებს ვიყენებდი. მათზე დატანებული იყო ყველა გზა, რაც თითოეული ოლქის ყველა კუთხე-კუნჭულში ფეხით მისვლის საშუალებას მაძლევდა. წიგნ „საღვთო წერილის გამოკვლევის“ შეკვეთების შესაგროვებლად სოფელ-სოფელ ზოგჯერ სამი დღე დავდიოდი და შემდეგ შეკვეთილი წიგნების დასარიგებლად ცხენშებმულ ოთხთვალას ვქირაობდი. ღამეს ხშირად ფერმერების ოჯახში ვათევდი. მაშინ ავტომობილები იშვიათობა იყო».

წიგნების დამტარებელი. ოთხთვალაზე გამოსახულია „საუკუნეების სქემა“

26. ა) რატომ უნდა ყოფილიყო ღვთის ხალხი სამქადაგებლო საქმეში ჩაბმული, ქრისტეს მოსვლას მომზადებული რომ დახვედროდა? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

26 ქადაგება იმ დროს დიდ გაბედულებასა და ენთუზიაზმს მოითხოვდა. იქნებოდნენ მზად ჭეშმარიტი ქრისტიანები ქრისტეს გამეფების დროისთვის, გააზრებული რომ არ ჰქონდათ ქადაგების მნიშვნელობა? რასაკვირველია, არა. ქადაგება ხომ ქრისტეს მოსვლის ყველაზე გამორჩეული ნიშანი უნდა ყოფილიყო (მათ. 24:14). ღვთის ხალხი კარგად უნდა მომზადებულიყო, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმე მათ ცხოვრებაში უმთავრესი გამხდარიყო. უპრიანია, ვკითხოთ ჩვენს თავს: რა ადგილი უკავია ქადაგებას ჩემს ცხოვრებაში? მზად ვარ, გავიღო მსხვერპლი და ღვთისადმი მსახურებაში ბოლომდე დავიხარჯო?

ღვთის სამეფო დაარსდა!

27, 28. რა ნახა მოციქულმა იოანემ ხილვაში და რა განწყობით შეხვდნენ სატანა და მისი დემონები სამეფოს დაარსებას?

27 როგორც იქნა, დადგა ნანატრი 1914 წელი. როგორც ამ თავის დასაწყისში ვახსენეთ, დედამიწაზე არავინ ყოფილა ზეცაში მომხდარი დიდებული მოვლენების თვითმხილველი. თუმცა მოციქულმა იოანემ ეს მოვლენები სიმბოლური შინაარსის ხილვაში ნახა. წარმოიდგინეთ, იოანე დიდი ზეციერი ნიშნის მოწმე ხდება! ღვთის „ცოლი“ — სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ღვთის ორგანიზაცია — ორსულადაა და შობს ვაჟს. მალე ამ სიმბოლურმა ბავშვმა „ყველა ხალხი რკინის კვერთხით“ უნდა დამწყემსოს. იგი დაბადებისთანავე „ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან“. ციდან დიდი ხმა გაისმა: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება“ (გამოცხ. 12:1, 5, 10).

28 უდავოა, რომ იოანემ ხილვაში მესიანური სამეფოს შექმნა ნახა. ეს გრანდიოზული მოვლენა იყო, თუმცა არა ყველასთვის სასიხარულო. ღვთის ერთგული ანგელოზები სატანას და მის დემონებს მიქაელის, იგივე ქრისტეს მეთაურობით შეებრძოლნენ. რით დამთავრდა ეს ბრძოლა? წიგნ „გამოცხადებაში“ ვკითხულობთ: „გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი“ (გამოცხ. 12:7, 9).

ბიბლიის მკვლევრებმა ცხადად დაინახეს 1914 წელს ზეცაში ქრისტეს უხილავად გამეფების ნიშანი

29, 30. მესიანური სამეფოს დაარსების შემდეგ როგორ შეიცვალა მდგომარეობა დედამიწაზე და ზეცაში?

29 ბიბლიის მკვლევრები 1914 წლამდე კარგა ხნით ადრე ამბობდნენ, რომ კაცობრიობას ძნელბედობის ჟამი ამ წელს დაუდგებოდა, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი პროგნოზი ასე ზუსტად გამართლდებოდა. იოანეს ხილვის თანახმად, ამ დროიდან მოყოლებული სატანას კაცობრიობაზე უფრო დიდი ზემოქმედება უნდა მოეხდინა: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხ. 12:12). 1914 წელს პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა და ქრისტეს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის ნიშანი გლობალური მასშტაბით გახდა შესამჩნევი. დაიწყო ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეების“ ათვლა (2 ტიმ. 3:1).

30 ამასობაში ზეცა ხარობდა, რადგან სატანა და მისი დემონები ზეციდან სამუდამოდ იქნენ გაძევებულნი. იოანე წერს: „ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ!“ (გამოცხ. 12:12). ახლა, როცა ზეცა განიწმინდა და იესო გამეფდა, მესიანური სამეფო მზად იყო დედამიწაზე ღვთის ხალხის დასახმარებლად. რას მოიმოქმედებდა ეს სამეფო? როგორც ამ თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, ქრისტეს, როგორც „შეთანხმების მაცნეს“, პირველ რიგში, ღვთის ხალხი უნდა განეწმინდა. როგორ მოხდებოდა ეს?

გამოცდის ჟამი

31. რა იწინასწარმეტყველა მალაქიამ განწმენდის პერიოდთან დაკავშირებით და რით დაიწყო ამ წინასწარმეტყველების შესრულება? (იხ. აგრეთვე სქოლიო).

31 მალაქიამ იწინასწარმეტყველა, რომ განწმენდის პროცესი იოლი არ იქნებოდა. მან დაწერა: „ვინ გადაიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოჩენას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივით და მრეცხავთა ნაცარტუტივით იქნება ის“ (მალ. 3:2). ეს წინასწარმეტყველება ზედმიწევნით გამართლდა. 1914 წლიდან მოყოლებული ღვთის ხალხი მთელ რიგ განსაცდელებს შეხვდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ბიბლიის მკვლევრების სასტიკი დევნა და დაპატიმრება დაიწყო. d

32. რა პრობლემებმა იჩინა თავი ორგანიზაციის შიგნით 1916 წელს?

32 პრობლემებმა ორგანიზაციის შიგნითაც იჩინა თავი. 1916 წელს 64 წლის ასაკში ძმა რასელი გარდაიცვალა, რამაც ღვთის ხალხს თავზარი დასცა. მისმა სიკვდილმა გამოააშკარავა, რომ ეს კაცი გაიდეალებული ჰყავდათ. თავად ძმა რასელს არასდროს ჰქონია ამგვარი ამბიცია, მაგრამ ზოგისთვის ის სათაყვანებელი პიროვნება გახდა. ბევრი თვლიდა, რომ მისი სიკვდილით ჭეშმარიტების გამჟღავნება დასრულდებოდა. ზოგი ყოველგვარი წინსვლის წინააღმდეგაც კი გამოდიოდა. ასეთი განწყობის გამო თავი იჩინა განდგომილებამ და ორგანიზაციაში განხეთქილება ჩამოვარდა.

33. როგორ აღმოჩნდა გამტყუნებული მოლოდინი ღვთის ხალხის გამოცდა?

33 ღვთის ხალხის კიდევ ერთი გამოცდა გამტყუნებული მოლოდინი აღმოჩნდა. მართალია, „საგუშაგო კოშკში“ მართებულად იყო აღნიშნული, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დრო 1914 წელს იწურებოდა, მაგრამ ძმებს ჯერ კიდევ არ ესმოდათ, რა მოხდებოდა იმ წელს (ლუკ. 21:24). მათ ეგონათ, რომ ქრისტე 1914 წელს ცხებულ პატარძლის კლასს ზეცაში აიტაცებდა, რათა მასთან ერთად ემეფათ, მაგრამ მათი იმედი არ გამართლდა. მოგვიანებით, 1917 წლის დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ აღინიშნა, რომ 40-წლიანი მკის პერიოდი 1918 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პირიქით, სამქადაგებლო საქმიანობა ამ წლიდან უფრო ინტენსიურად გაგრძელდა. მოგვიანებით „საგუშაგო კოშკში“ გამოითქვა მოსაზრება, რომ მკა დასრულებული იყო, მაგრამ მკის დროს დაბნეული თავთავების აკრეფა გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, გულგატეხილობის გამო ბევრმა შეწყვიტა იეჰოვასადმი მსახურება.

34. რა უმძიმესი გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ ძმები 1918 წელს და რატომ იმედოვნებდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება, რომ ბიბლიის მკვლევრებს ბოლო მოეღებოდათ?

34 უმძიმესი გამოცდის წინაშე ძმები 1918 წელს აღმოჩნდნენ, როცა ჯოზეფ რუტერფორდი, რომელიც რასელის სიკვდილის შემდეგ ღვთის ხალხს ხელმძღვანელობდა, და მასთან ერთად შვიდი პასუხისმგებელი ძმა დააპატიმრეს. მათ უსამართლოდ მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა ატლანტის (ჯორჯია, აშშ) ფედერალურ ციხეში. ღვთის ხალხის საქმიანობა გარკვეული ხნით შეჩერდა. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამღვდელოება იმედოვნებდა, რომ რადგან ბიბლიის მკვლევართა „ლიდერები“ დააპატიმრეს, ბრუკლინში მათი მთავარი სამმართველო დახურეს და ამერიკასა და ევროპაში სამქადაგებლო საქმიანობა შეაჩერეს, ბიბლიის მკვლევრებს ბოლო მოეღებოდათ და ისინი „საფრთხეს“ აღარავის შეუქმნიდნენ (გამოცხ. 11:3, 7—10). რა მწარედ ცდებოდა სამღვდელოება!

აღორძინების ხანა

35. რატომ დაუშვა იესომ თავისი ხალხის გამოცდა და რა გააკეთა მათ დასახმარებლად?

35 ჭეშმარიტების მტრებმა არც კი იცოდნენ, რომ თავისი ხალხის გამოცდა იესომ დაუშვა, და ეს იმიტომ, რომ იეჰოვა მაშინ „ვერცხლის გამომდნობელივითა და გამწმენდელივით“ იჯდა (მალ. 3:3). იეჰოვა და მისი ძე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერთგულ ძმებს „ცეცხლოვანი“ გამოცდა განწმენდდა, გამობრძმედდა და მეფის მსახურებისთვის უფრო გამოსადეგს გახდიდა. 1919 წლის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ ღვთის სულმა მოიმოქმედა ის, რაც მისი ხალხის მტრებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ერთგულ ძმებს აღორძინების ხანა დაუდგათ (გამოცხ. 11:11). იმ დროს ქრისტემ, როგორც ჩანს, ბოლო დღეების ნიშნის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება შეასრულა. მან დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, ცხებული ძმების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც მის ხალხს უხელმძღვანელებდა და სულიერ საზრდოს დროულად მისცემდა (მათ. 24:45—47).

36. საიდან გამოჩნდა, რომ ღვთის ხალხს სულიერი აღორძინების ხანა დაუდგა?

36 ძმა რუტერფორდი და მისი მეგობრები ციხიდან 1919 წლის 26 მარტს გაათავისუფლეს. ამავე წლის სექტემბრისთვის დაინიშნა კონგრესი. დაიგეგმა „საგუშაგო კოშკთან“ ერთად კიდევ ერთი ჟურნალის, „ოქროს ხანის“ გამოცემა, რომელიც გავრცელებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. e ამავე წელს გამოვიდა „ბიულეტენის“ პირველი ნომერი, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც პროგრამა სავარჯიშოებით შეხვედრისთვის „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. „ბიულეტენი“ იმთავითვე ახალისებდა მაუწყებლებს სამქადაგებლო მსახურებისკენ. შედეგად, 1919 წლიდან კარდაკარ მსახურება სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენდა.

37. 1919 წლის შემდეგ რაში გამოიჩინა ზოგიერთმა ორგულობა?

37 სამქადაგებლო მსახურების საშუალებით ქრისტეს მსახურთა განწმენდა გაგრძელდა. ამაყებმა და ქედმაღლებმა უარი თქვეს ქადაგებაზე, რადგან ეს საქმე თავმდაბლობას მოითხოვდა. ამის გამო ისინი ჩამოშორდნენ ერთგულ ქრისტიანებს. 1919 წლის შემდეგ ზოგიერთი ისე გაბოროტდა, რომ იეჰოვას ერთგულ მსახურთა წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო და მათ მდევნელებსაც კი აუბა მხარი.

38. რაში გვარწმუნებს ქრისტეს მიმდევართა წარმატება და არაერთი გამარჯვება?

38 წინააღმდეგობების მიუხედავად ქრისტეს მიმდევრების სულიერი აღორძინება არ შეჩერებულა. ამ დროიდან მოყოლებული ყოველი მათი წარმატება და გამარჯვება დასტურია იმისა, რომ ღვთის სამეფო მმართველობს! მხოლოდ ღვთის აქტიურმა მხარდაჭერამ და კურთხევამ, რომელსაც ის თავისი ძისა და მესიანური სამეფოს მეშვეობით იძლევა, შეაძლებინა არასრულყოფილ ადამიანთა ჯგუფს, ერთიმეორის მიყოლებით მოეპოვებინა გამარჯვება სატანასა და მის ბოროტ ქვეყნიერებაზე (წაიკითხეთ ესაიას 54:17).

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეში ძმა რუტერფორდი კონგრესზე ამაღელვებელ მოხსენებას კითხულობს

39, 40. ა) რომელია ამ წიგნის ზოგიერთი თავისებურება? ბ) რაში დაგეხმარებათ ეს წიგნი?

39 მომდევნო თავებში განვიხილავთ, ზეცაში დაარსებიდან დღემდე რას მიაღწია ღვთის სამეფომ დედამიწაზე. წინამდებარე წიგნის თითოეულ ნაწილში მიმოვიხილავთ, რა კეთდებოდა დედამიწაზე ღვთის სამეფოს საქმისთვის. ყოველი თავის ბოლოს გასამეორებელი კითხვები თითოეულ ჩვენგანს დაეხმარება იმის დანახვაში, თუ რამდენად რეალურია ღვთის სამეფო ჩვენთვის. ბოლო თავებში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა მოხდება, როცა უახლოეს მომავალში ღვთის სამეფო ბოროტთა გასანადგურებლად და დედამიწაზე სამოთხის დასამყარებლად მოვა. რაში დაგეხმარებათ ეს წიგნი?

40 სატანას სურს, რომ ღვთის სამეფოსადმი თქვენს რწმენას ძირი გამოუთხაროს, იეჰოვას კი სურს, რწმენა გაგიძლიეროთ, რაც დაგიცავთ და განგამტკიცებთ (ეფეს. 6:16). ამიტომ, მოგიწოდებთ, გულმოდგინედ შეისწავლოთ ეს წიგნი. შიგადაშიგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რეალურია ღვთის სამეფო ჩემთვის? თუ ეს სამეფო დღესვე რეალურია თქვენთვის, მეტია ალბათობა იმისა, რომ თქვენ მისი ერთგული და აქტიური მხარდამჭერი იქნებით მაშინაც, როცა ყველა დაინახავს, რომ ღვთის სამეფო რეალურია და მმართველობს!

a დამატებითი ინფორმაცია გრუს, სტეტსონისა და სტორზის შესახებ იხილეთ წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 45, 46.

b ბიბლიის მკვლევრები აუცილებლობად თვლიდნენ იმ რელიგიური ორგანიზაციებისგან გამოყოფას, რომლებიც ქვეყნიერებასთან მეგობრობდნენ, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში თანამორწმუნეების გარდა ქრისტიან ძმებად სხვა რწმენის ადამიანებსაც მიიჩნევდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ სწამდათ გამოსასყიდის და ღვთისადმი მიძღვნილნი იყვნენ.

c ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავიდან ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტის მოწოდება მკაფიოდ არ გაისმოდა, ის იყო, რომ ამ მოთხოვნას, ძირითადად, ქრისტეს მცირე სამწყსოს, 144 000-ის წევრები უყენებდნენ თავიანთ თავს. მე-5 თავიდან გავიგებთ, რომ 1935 წლამდე გამოცხადების 7:9, 10-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრავალრიცხოვანი მრევლი ეგონათ; როგორც ფიქრობდნენ, ეს „უამრავი ხალხი“ მეორეხარისხოვანი ზეციერი კლასი იქნებოდა, რადგან ქრისტეს ბოლომდე დაუჭერდა მხარს.

d 1920 წლის სექტემბრის „ოქროს ხანის“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) სპეციალურ ნომერში დაიბეჭდა ომიანობის დროს გერმანიაში, კანადაში, ინგლისსა და შეერთებულ შტატებში მომხდარი დევნის ფაქტები, რომელთაგან ზოგი დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. პირველ მსოფლიო ომამდე ათწლეულებით ადრე მსგავსი დევნა იშვიათობა იყო.

e წლების განმავლობაში „საგუშაგო კოშკი“, ძირითადად, მცირე სამწყსოსთვის იყო განკუთვნილი.