არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 3

იეჰოვა ამჟღავნებს თავის განზრახვას

იეჰოვა ამჟღავნებს თავის განზრახვას

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ უმჟღავნებდა იეჰოვა თანდათანობით თავის განზრახვას თავის მოშიშებს

1, 2. როგორ უმჟღავნებდა იეჰოვა თავის განზრახვას მიწიერ შვილებს?

 მოსიყვარულე მშობლები, როცა ბავშვებთან სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ, მათი ათვისების უნარს ითვალისწინებენ და მათ ზედმეტი ინფორმაციით არ ტვირთავენ. მშობლები შვილებს ამა თუ იმ საკითხის მხოლოდ იმ დეტალებს უხსნიან, რომელთა გაგებაც მათ არ გაუჭირდებათ.

2 იეჰოვაც, ყველას მშობელი, თანდათანობით უმჟღავნებდა თავის განზრახვას მიწიერ შვილებს და ამისთვის შესაფერის დროს არჩევდა. მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ, საუკუნეების განმავლობაში როგორ უმჟღავნებდა იეჰოვა თავის მსახურებს ჭეშმარიტებას სამეფოს შესახებ.

რატომ გახდა სამეფო საჭირო?

3, 4. წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა კაცობრიობის ისტორიის განვითარება? ახსენით.

3 თავიდან იეჰოვას მესიანური სამეფოს შექმნა არ ჰქონია განზრახული. რატომ? ღმერთს წინასწარ არ განუსაზღვრავს, როგორ განვითარდებოდა კაცობრიობის ისტორია. იეჰოვამ ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა. მან ადამსა და ევას თავისი განზრახვა შემდეგნაირად აუწყა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბ. 1:28). ამასთანავე, იეჰოვა მათგან ითხოვდა, რომ დამორჩილებოდნენ მის მიერ დადგენილ სიკეთისა და ბოროტების განმსაზღვრელ ნორმებს (დაბ. 2:16, 17). ადამსა და ევას შეეძლოთ ღვთის ერთგულები დარჩენილიყვნენ. ისინი და მათი შთამომავლები ასე რომ მოქცეულიყვნენ, ღვთის განზრახვის შესასრულებლად საჭირო აღარ იქნებოდა ღვთის სამეფო, რომელსაც ქრისტე მართავს, და დღეს დედამიწა იეჰოვას თაყვანისმცემელი სრულყოფილი ადამიანებით იქნებოდა დასახლებული.

4 სატანის, ადამისა და ევას ურჩობის გამო იეჰოვას ხელი არ აუღია თავის განზრახვაზე, რომლის თანახმადაც მთელ დედამიწაზე სრულყოფილ ადამიანებს უნდა ეცხოვრათ. მის განსახორციელებლად იეჰოვამ სხვა გზა აირჩია. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მატარებელი, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ლიანდაგით ჩადის დანიშნულების ადგილამდე და თუ დაბრკოლებას შეხვდა, შეიძლება რელსებიდან გადავარდეს. იეჰოვას განზრახვა კი ასე არ არის. მას ვერავითარი ძალა ვერ ჩაშლის (წაიკითხეთ ესაიას 55:11). თუ გზად დაბრკოლება შეხვდება, იეჰოვა სხვა გზას გამონახავს a (გამ. 3:14, 15). როცა საჭიროდ თვლის, ის უმხელს თავის ერთგულ მსახურებს, რომელ გზას ირჩევს თავისი განზრახვის განსახორციელებლად.

5. რა გადაწყვიტა იეჰოვამ ედემში მომხდარი ურჩობის საპასუხოდ?

5 ედემში მომხდარი ურჩობის საპასუხოდ იეჰოვამ სამეფოს შექმნა გადაწყვიტა (მათ. 25:34). ამ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში მან იმის გამჟღავნება დაიწყო, თუ რისი საშუალებით დაუბრუნებდა ადამიანებს დაკარგულ სრულყოფილებას და აღმოფხვრიდა იმ საზიანო შედეგებს, რაც სატანის მიერ ძალაუფლების მიტაცების ამაო მცდელობას მოჰყვებოდა (დაბ. 3:14—19). თუმცა სამეფოს შესახებ იეჰოვას ყველა დეტალი ერთბაშად არ გაუმჟღავნებია.

იეჰოვა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების გამჟღავნებას იწყებს

6. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ, მაგრამ რა არ გაუმჟღავნებია მაშინვე?

6 თავის პირველ წინასწარმეტყველებაში იეჰოვამ თქვა, რომ გამოჩნდებოდა „შთამომავალი“, რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავდა (წაიკითხეთ დაბადების 3:15). b მაგრამ იეჰოვას მაშინვე არ გაუმჟღავნებია ამ შთამომავლისა და გველის შთამომავლის ვინაობა. უფრო მეტიც, მან ამ წინასწარმეტყველებას ნაწილობრივ მხოლოდ 2 000 წლის შემდეგ მოჰფინა ნათელი. c

7. რატომ აირჩია იეჰოვამ აბრაამი და რა მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ ამას?

7 მოგვიანებით იეჰოვამ აღთქმული შთამომავლის წინაპრად თავისი მორჩილი მსახური, აბრაამი აირჩია (დაბ. 22:18), რასაც ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ — იეჰოვა თავის განზრახვას მხოლოდ მათ უმჟღავნებს, ვისაც მისადმი კრძალვა და შიში აქვს (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:14).

8, 9. რა გაუმჟღავნა იეჰოვამ აბრაამსა და იაკობს აღთქმული შთამომავლის შესახებ?

8 იეჰოვამ პირველად თავის მეგობარ აბრაამს გაუმჟღავნა ანგელოზის მეშვეობით, რომ აღთქმული შთამომავალი ადამიანი იქნებოდა (დაბ. 22:15—17; იაკ. 2:23). მაგრამ როგორ გაუჭეჭყავდა იგი გველს თავს? ან გველი ვიღა იყო? ამ კითხვებს პასუხი მოგვიანებით გაეცემოდა.

9 იეჰოვას გადაწყვეტილებით აღთქმული შთამომავლის კიდევ ერთი წინაპარი, აბრაამის შვილიშვილი, ღვთისმოშიში იაკობი უნდა გამხდარიყო (დაბ. 28:13—22). სწორედ მისი მეშვეობით გაამჟღავნა იეჰოვამ, რომ შთამომავალი იაკობის ვაჟის, იუდას საგვარტომოდან მოვიდოდა. იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას შთამომავალს მიეცემოდა კვერთხი, სამეფო ძალაუფლების ნიშანი და მას დაემორჩილებოდნენ ხალხები (დაბ. 49:1, 10). ამგვარად, იეჰოვამ პირველად გაამხილა ის, რომ აღთქმული შთამომავალი მეფე გახდებოდა.

10, 11. რატომ გაუმხილა იეჰოვამ თავისი განზრახვა დავითსა და დანიელს?

10 იუდას დროიდან დაახლოებით 650 წლის შემდეგ იეჰოვამ თავისი განზრახვის შესახებ უფრო მეტი რამ გაუმჟღავნა იუდას შთამომავალს, მეფე დავითს, რომელსაც მან „გულით სასურველი კაცი“ უწოდა (1 სამ. 13:14; 17:12; საქ. 13:22). ვინაიდან დავითი ღვთისმოშიში კაცი იყო, იეჰოვამ მასაც დაუდო შეთანხმება და აღუთქვა, რომ მისი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (2 სამ. 7:8, 12—16).

11 გავიდა კიდევ ხუთასი წელი და იეჰოვამ ამჯერად წინასწარმეტყველ დანიელს დააწერინა აღთქმული შთამომავლის, მესიის ანუ ცხებულის დედამიწაზე მოვლინების თარიღი (დან. 9:25). იეჰოვა დანიელს „ძალიან ძვირფას“ ადამიანად თვლიდა, რადგან ეს უკანასკნელი დიდ პატივს მიაგებდა და გამუდმებით ემსახურებოდა ღმერთს (დან. 6:16; 9:22, 23).

12. რა მითითება მიიღო დანიელმა და რატომ?

12 მართალია, იეჰოვამ დანიელსა და სხვა ერთგულ წინასწარმეტყველებს მესიის შესახებ ბიბლიაში მრავალი დეტალი ჩააწერინა, მაგრამ მაშინ ჯერ არ იყო დამდგარი იმის დრო, რომ ისინი ბოლომდე ჩასწვდომოდნენ იმას, რაც ღვთის შთაგონებით თავად დაწერეს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ღვთის სამეფოს დაარსების შესახებ ხილვა ნახა, დანიელმა მიიღო მითითება, რომ იეჰოვას მიერ დანიშნულ დრომდე წინასწარმეტყველებისთვის ბეჭედი დაედო, რადგან ჭეშმარიტი ცოდნა მომავალში გამრავლდებოდა (დან. 12:4).

მესიანური სამეფოს შესახებ დეტალები იეჰოვამ თავის ერთგულ მსახურებს დააწერინა. ერთ-ერთი მათგანი დანიელი იყო

იესო ნათელს ჰფენს ღვთის განზრახვას

13. ა) ვინ იყო აღთქმული შთამომავალი? ბ) როგორ მოჰფინა იესომ ნათელი დაბადების 3:15-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას?

13 იეჰოვამ დაადასტურა, რომ აღთქმული შთამომავალი, დავითის მემკვიდრე და მომავალი მეფე იესო იყო (ლუკ. 1:30—33; 3:21, 22). იესოს მსახურება მზის ამობრწყინებას ჰგავდა, რადგან ღვთის განზრახვას სწორედ იესომ მოჰფინა ნათელი (მათ. 4:13—17), მაგალითად, გამოააშკარავა დაბადების 3:14, 15-ში მოხსენიებული გველის ვინაობა; მან ეშმაკზე თქვა, რომ ის „თავიდანვე კაცისმკვლელი“ და „სიცრუის მამა“ იყო (იოან. 8:44). გარდა ამისა, იესომ იოანეს ხილვაში აჩვენა „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ d (წაიკითხეთ გამოცხადების 1:1; 12:9). იესომ იოანეს ისიც აჩვენა, რომ ის, როგორც აღთქმული შთამომავალი, ედემის ბაღში წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას შეასრულებდა და ბოლოს მოუღებდა სატანას (გამოცხ. 20:7—10).

14—16. ყოველთვის ბოლომდე სწვდებოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები იესოს ნათქვამის მნიშვნელობას? ახსენით.

14 როგორც ამ წიგნის პირველ თავში აღვნიშნეთ, იესო ხშირად საუბრობდა სამეფოს შესახებ. თუმცა მოწაფეების დასმულ კითხვებს ყოველთვის დეტალურად არ პასუხობდა. ის კი არადა, სამეფოს შესახებ მისი ზოგიერთი გამონათქვამის მნიშვნელობას იესოს მიმდევრები მხოლოდ საუკუნეების შემდეგ ჩასწვდნენ. ვნახოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

15 ახ. წ. 33 წელს იესომ გარკვევით თქვა, რომ ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, თავის თანამმართველებს დედამიწიდან ზეცაში სულიერ ქმნილებებად წაიყვანდა. მაგრამ მისი მოწაფეები მაშინვე ვერ მიუხვდნენ ნათქვამს (დან. 7:18; იოან. 14:2—5). იმავე წელს იესომ მაგალითების მეშვეობით ახსნა, რომ სამეფო მისი ზეცად ამაღლებიდან კარგა ხნის შემდეგ დაარსდებოდა (მათ. 25:14, 19; ლუკ. 19:11, 12). მოწაფეები ვერც ამჯერად ჩასწვდნენ მის ნათქვამს, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ მოგვიანებით მკვდრეთით აღმდგარ იესოს ჰკითხეს: „ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“. თუმცა იმ დროს მას მოწაფეებისთვის დამატებითი დეტალები აღარ აუხსნია (საქ. 1:6, 7). იესო იმასაც ამბობდა, რომ გამოჩნდებოდა „სხვა ცხვარი“, რომელიც მის მომავალ თანამმართველთა „მცირე სამწყსოს“ ნაწილი არ იქნებოდა (იოან. 10:16; ლუკ. 12:32). ამ ორი ჯგუფის ზუსტი ვინაობა ქრისტეს მიმდევრებმა მხოლოდ სამეფოს დაარსებიდან კარგა ხნის შემდეგ დაადგინეს.

16 იესოს კიდევ ბევრი რამის თქმა შეეძლო თავისი მოწაფეებისთვის, მაგრამ იცოდა, რომ ისინი ყველაფერს ერთბაშად ვერ ჩასწვდებოდნენ (იოან. 16:12). მართალია, სამეფოს შესახებ ბევრი რამ პირველ საუკუნეში გამჟღავნდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო მოსული იმის დრო, რომ სამეფოს შესახებ ცოდნა გამრავლებულიყო.

ჭეშმარიტი ცოდნა უკანასკნელ დროს მრავლდება

17. რა მოგვეთხოვება, თუ გვინდა, ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას სამეფოს შესახებ, მაგრამ კიდევ რა არის საჭირო?

17 იეჰოვამ დანიელს აღუთქვა, რომ „უკანასკნელ დროს“ ბევრი დაიწყებდა ძიებას და ღვთის განზრახვების შესახებ „ჭეშმარიტი ცოდნა“ გამრავლდებოდა (დან. 12:4). ამ ცოდნის მისაღებად ძალისხმევაა საჭირო. ერთ-ერთ ნაშრომში ახსნილია, რომ ძიებად ნათარგმნი ებრაული ზმნა გამოხატავს წიგნის საგულდაგულოდ, გულდასმით კვლევის აზრს. მაგრამ რაგინდ გულდასმით ვიკვლიოთ ბიბლია, სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას იეჰოვას დახმარების გარეშე ვერ ჩავწვდებით (წაიკითხეთ მათეს 13:11).

18. რაში გამოჩნდა ღვთისმოშიშთა რწმენა და თავმდაბლობა?

18 როგორც 1914 წლამდე, ისე უკანასკნელ დროს იეჰოვა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას თანდათანობით უმჟღავნებს თავის ხალხს. მე-4 და მე-5 თავებიდან გავიგებთ, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში ღვთის ხალხს რამდენჯერმე მოუწია ამა თუ იმ ბიბლიური საკითხის ახლებურად ახსნა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვა მათ მხარს არ უჭერს? სრულებითაც არა. იგი აფასებს იმ თვისებებს, რომლებსაც მისი მოშიში მსახურები ავლენენ, კერძოდ, რწმენასა და თავმდაბლობას (ებრ. 11:6; იაკ. 4:6). იეჰოვას მსახურებს სწამთ, რომ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ყველა დაპირება შესრულდება. ისინი მზად არიან, თავმდაბლად აღიარონ, რომ ერთ დროს სწორად არ ესმოდათ, როგორ შესრულდებოდა ღვთის განზრახვები. მათი თავმდაბლობის მაჩვენებელია ის, რაც 1925 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ დაიწერა: „ვიცით, რომ უფალი თავის სიტყვებს თვითონვე განუმარტავს თავის ხალხს თავის დროზე, თანაც ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ“.

„უფალი თავის სიტყვებს თვითონვე განუმარტავს თავის ხალხს თავის დროზე, თანაც ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ“

19. რას უმხელს იეჰოვა თავის ხალხს და რატომ?

19 როცა სამეფო დაარსდა, 1914 წელს, ღვთის ხალხს ბოლომდე არ ესმოდა, როგორ შესრულდებოდა წინასწარმეტყველებები სამეფოს შესახებ (1 კორ. 13:9, 10, 12). ისინი ისე მოუთმენლად ელოდნენ ღვთის განზრახვების შესრულებას, რომ ზოგჯერ მცდარ დასკვნებს აკეთებდნენ. წლებმა დაამტკიცა ზემოხსენებულ „საგუშაგო კოშკში“ ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ყველაზე გონივრული მიდგომა, როგორც ჩანს, ის იქნება, თუ წინასწარმეტყველებების გაგებას მათი შესრულების შემდეგ ან შესრულების პროცესში შევეცდებით“. უკანასკნელი დრო იწურება. მრავალი წინასწარმეტყველება უკვე შესრულდა და მრავალიც შესრულების პროცესშია. ვინაიდან ღვთის ხალხი მზად არის, თავმდაბლად შეიცვალოს შეხედულებები, იეჰოვა მათ თავისი განზრახვის შესახებ სულ უფრო მეტ დეტალს უმხელს. აშკარაა, რომ ჭეშმარიტი ცოდნა მრავლდება.

ახლებური შეხედულებები — ღვთის ხალხის გამოცდა

20, 21. როგორ გამოეხმაურნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ახლებურ შეხედულებებს?

20 როცა იეჰოვა ჭეშმარიტებას ახლებურად გვანახვებს, მაშინ ვლინდება, როგორია ჩვენი გული ანუ გვყოფნის თუ არა რწმენა და თავმდაბლობა საიმისოდ, რომ ამ ცვლილებებს სწორი განწყობით შევხვდეთ. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებიც მსგავსი გამოცდის წინაშე დადგნენ. წარმოიდგინეთ, რომ იმ პერიოდში მცხოვრები ერთ-ერთი ებრაელი ქრისტიანი ხართ. თქვენ აფასებთ მოსეს კანონს და გეამაყებათ, რომ ისრაელი ერის შვილი ხართ. მაგრამ მოციქულ პავლესგან იღებთ ღვთის შთაგონებით დაწერილ წერილებს, რომლებშიც ნათქვამია, რომ მოსეს კანონის დაცვა აღარ არის სავალდებულო და რომ იეჰოვამ ისრაელი, როგორც ერი, უარყო და მის ნაცვლად ებრაელებისა და უცხოტომელებისგან სულიერი ისრაელი ჩამოაყალიბა (რომ. 10:12; 11:17—24; გალ. 6:15, 16; კოლ. 2:13, 14). როგორი რეაქცია გექნებოდათ?

21 თავმდაბალი ქრისტიანები დადებითად გამოეხმაურნენ პავლეს ღვთივშთაგონებულ სიტყვებს, რისთვისაც იეჰოვამ აკურთხა ისინი (საქ. 13:48). თუმცა ზოგს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ამ სიახლეზე; ისინი არ თმობდნენ ძველ შეხედულებებს (გალ. 5:7—12). თუ ისინი თვალსაზრისს არ შეიცვლიდნენ, ხელიდან გაუშვებდნენ ქრისტესთან ერთად მმართველობის შესაძლებლობას (2 პეტ. 2:1).

22. როგორ იმოქმედა თქვენზე ღვთის განზრახვასთან დაკავშირებულმა სიახლეებმა?

22 ბოლო ათწლეულებში იეჰოვამ სამეფოსთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი ახლებურად დაგვანახვა. მაგალითად, ჩვენ გავიგეთ, თუ როდის იქნებიან გამოცალკევებულნი ცხვრები თხებისგან ანუ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები მათგან, ვინც სასიხარულო ცნობას არ ისმენს. გავიგეთ ისიც, როდის შეივსება ცხებულთა სრული რიცხვი — 144 000, რას ნიშნავს იესოს მაგალითები სამეფოზე და როდის აღდგებიან ზეციერი ცხოვრებისთვის დედამიწაზე დარჩენილი ბოლო ცხებულები. e როგორ გამოეხმაურეთ ამ სიახლეებს? განგიმტკიცდათ რწმენა? გარწმუნებთ ეს სიახლეები იმაში, რომ იეჰოვა კვლავაც ჰმატებს ცოდნას თავის თავმდაბალ მსახურებს? თუ ასეა, მაშინ ამ წიგნის მომდევნო თავების შესწავლის შემდეგ უფრო მეტად დარწმუნდებით იმაში, რომ იეჰოვა თავის განზრახვას თანდათანობით უმჟღავნებს თავის მოშიშებს.

a ღვთის სახელი იეჰოვა ნაწარმოებია ებრაული ზმნიდან „აქცევინებს“. ამ სახელით იეჰოვა თავისი განზრახვების შემსრულებლად გვევლინება (იხ. ჩარჩო „ღვთის სახელის მნიშვნელობა“, თავი 4).

b ებრაული სიტყვა ზერა, რომელიც დაბადების 3:15-ში შთამომავლობად არის ნათარგმნი, დგას მხოლობით რიცხვში და შეიძლება შთამომავლადაც ითარგმნოს.

c დღეს ეს შეიძლება ძალიან დიდ დროდ მოგვეჩვენოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს ადამიანები გაცილებით დიდხანს ცოცხლობდნენ. ადამიდან აბრაამამდე მხოლოდ ოთხი თაობა იყო. ადამი ნოეს მამას, ლამექს მოესწრო, ლამექი — ნოეს ვაჟს, სემს, ხოლო სემი — აბრაამს (დაბ. 5:5, 31; 9:29; 11:10, 11; 25:7).

d ებრაულ წერილებში ეშმაკის აღსანიშნავად „სატანა“ 18-ჯერ გამოიყენება, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი — 30-ზე მეტჯერ. ებრაულ წერილებში უფრო დიდი აქცენტი მესიაზე კეთდება და არა სატანაზე. როცა მესია მოვიდა, მან ბოლომდე გამოააშკარავა სატანის ნამდვილი სახე, რაც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც აისახა.

e დამატებითი ინფორმაცია შეცვლილი შეხედულებების შესახებ იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: br-10, გვ. 27—32; 2008 წლის 15 იანვარი, გვ. 20—24; 2008 წლის 15 ივლისი, გვ. 17—21; 2013 წლის 15 ივლისი, გვ. 9—14.