არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 5

მეფე ნათელს ჰფენს სამეფოს

მეფე ნათელს ჰფენს სამეფოს

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ გაიგო ღვთის ხალხმა სამეფოს, მისი მმართველების, ქვეშევრდომებისა და მოთხოვნების შესახებ

1, 2. რატომ იყო იესო თავისი მიმდევრებისთვის გონიერი „გიდი“?

 წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ, წინ გამოცდილი გიდი მიგიძღვით და ქალაქის ლამაზ ღირსშესანიშნაობებს გათვალიერებინებთ. ეს ქალაქი თქვენთვის და თქვენთან ერთად მყოფი ტურისტებისთვის უცხოა, ამიტომ გიდის მონაყოლს გაფაციცებით უგდებთ ყურს. აღფრთოვანებული შიგადაშიგ კითხვებს სვამთ ქალაქის იმ ღირსშესანიშნაობებზე, რომლებიც ჯერ არ გინახავთ. მაგრამ თქვენს კითხვებს გიდი იქამდე არ პასუხობს, სანამ თქვენთვის საინტერესო ადგილს არ მიადგებით. გიდმა იცის, როდის რა გითხრათ, და თქვენც გხიბლავთ მისი გონივრული მიდგომა.

2 ჭეშმარიტი ქრისტიანები რაღაცით ტურისტებს ვგავართ. ჩვენ მონდომებით ვეცნობით „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე“ უმშვენიერესი ქალაქის, ღვთის სამეფოს „ღირსშესანიშნაობებს“ (ებრ. 11:10). დედამიწაზე თავისი მიმდევრებისთვის იესო „გიდი“ იყო. იგი სამეფოს შესახებ ცოდნას უღრმავებდა მათ. მაგრამ ერთიანად პასუხობდა ის მოწაფეების მიერ სამეფოზე დასმულ კითხვებს? არა. ერთხელ იესომ მათ უთხრა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“ (იოან. 16:12). როგორც ყველაზე გონიერი „გიდი“, იესო იმდენ ინფორმაციას გადასცემდა თავის მოწაფეებს, რამდენის ათვისებაც მათ იმ მომენტისთვის შეეძლოთ.

3, 4. ა) როგორ ასწავლიდა იესო სიკვდილის შემდეგ თავის ერთგულ მიმდევრებს ღვთის სამეფოს შესახებ? ბ) რა იქნება განხილული ამ თავში?

3 იოანეს 16:12-ში ჩაწერილი სიტყვები იესომ თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო ღამეს წარმოთქვა. როგორ შეძლებდა იესო სიკვდილის შემდეგ თავისი ერთგული მიმდევრებისთვის სამეფოს შესახებ სწავლებას? მან მოციქულებს უთხრა: „როცა მოვა ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ a (იოან. 16:13). აქედან გამომდინარე, წმინდა სულსაც შეგვიძლია ვუწოდოთ გიდი, რომლის საშუალებით იესო თავის მიმდევრებს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლის — აგებინებს იმდენს, რამდენიც საჭიროა, და თანაც იმ დროს, როცა საჭიროა.

4 ამ თავიდან შევიტყობთ, როგორ მიუძღვის იეჰოვას წმინდა სული გულწრფელ ქრისტიანებს და როგორ სძენს მათ ცოდნას ღვთის სამეფოს შესახებ. ჯერ განვიხილავთ, როგორ გაიგეს ბიბლიის მკვლევრებმა ღვთის სამეფოს დაარსების თარიღი, ვინ არიან სამეფოს მმართველები, მათი ქვეშევრდომები და რა იმედი აქვთ მათ. დაბოლოს, გავიგებთ, როგორ გაიღრმავეს ცოდნა ქრისტეს მიმდევრებმა სამეფოს მოთხოვნების შესახებ.

გარდამტეხი თარიღი

5, 6. ა) რა მცდარი შეხედულებები ჰქონდათ ბიბლიის მკვლევრებს სამეფოს დაარსებისა და მკის დაწყების შესახებ? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო მიუძღოდა ბიბლიის მკვლევრებს, მიუხედავად მათი მცდარი დასკვნებისა?

5 როგორც ამ წიგნის მე-2 თავიდან გავიგეთ, ბიბლიის მკვლევრები ათწლეულების მანძილზე ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანი ბიბლიური წინასწარმეტყველება 1914 წელს შესრულდებოდა. თუმცა, ამავე დროს, მათ სჯეროდათ, რომ ქრისტე უხილავად 1874 წელს მოვიდოდა, 1878 წელს ზეცაში გამეფდებოდა, ხოლო სამეფო 1914 წლის ოქტომბერში სრული ძალაუფლებით აღიჭურვებოდა. ისინი აგრეთვე ფიქრობდნენ, რომ მკა დაიწყებოდა 1874 წელს, გაგრძელდებოდა 1914 წლამდე და ზეცაში ცხებულთა შეკრებით დასრულდებოდა. ისმის კითხვა: ნიშნავს ეს მცდარი დასკვნები იმას, რომ იესო თავის ერთგულ მიმდევრებს წმინდა სულით არ მიუძღოდა? არამც და არამც!

6 კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ თავის დასაწყისში მოყვანილ მაგალითზე. თუ აღფრთოვანებული ტურისტები ნაადრევ დასკვნებს აკეთებენ და შეკითხვებსაც უდროოდ სვამენ, ნიშნავს ეს იმას, რომ მათ გიდი არ მიუძღვით? რასაკვირველია, არა! მსგავსად ამისა, ღვთის ხალხი ხანდახან იმაზე ადრე ცდილობდა გარკვეულიყო იეჰოვას განზრახვების დეტალებში, ვიდრე წმინდა სული გაუმჟღავნებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესო არ მიუძღოდა მათ. იესოს ერთგული მიმდევრები მზად იყვნენ, თავმდაბლად ეღიარებინათ თავიანთი შეცდომები და შეეცვალათ თავიანთი მოსაზრებები (იაკ. 4:6).

7. რა სულიერი სინათლე მოეფინა ღვთის ხალხს?

7 ღმერთმა 1919 წლის შემდეგ თავისი ხალხი მეტად აკურთხა და მეტი სულიერი სინათლე მოაფინა (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:11). 1925 წელს „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა ღვთის ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე სტატია „ერის დაბადება“. ამ სტატიაში მოყვანილი იყო ბიბლიური არგუმენტები იმისა, რომ მესიანური სამეფო 1914 წელს იშვა, რითაც შესრულდა „გამოცხადების“ მე-12 თავში აღწერილი წინასწარმეტყველება, კერძოდ, სიმბოლური ზეციერი ქალის მიერ ვაჟის შობა. b სტატიაში ისიც იყო ახსნილი, რომ იმდროინდელი ომიანობის წლებში იეჰოვას ხალხის დევნა და შევიწროება აშკარად იმის ნიშანი იყო, რომ სატანა ზეციდან იქნა გადმოგდებული და დიდად არის განრისხებული, „რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხ. 12:12).

8, 9. ა) რატომ წამოიწია სამეფოს თემამ წინა პლანზე? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ?

8 რატომ წამოიწია სამეფოს თემამ წინა პლანზე? 1928 წლის „საგუშაგო კოშკში“ აღინიშნა, რომ სამეფო უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გამოსასყიდის მეშვეობით ცალკეული ადამიანების ხსნა, ვინაიდან იეჰოვა სწორედ მესიანური სამეფოს მეშვეობით განწმენდს თავის სახელს, დაამტკიცებს თავის უზენაესობას და განახორციელებს ყველა თავის განზრახვას დედამიწაზე.

9 მაგრამ ვინ იმეფებდა ქრისტესთან ერთად ამ სამეფოში? ვინ იქნებოდნენ დედამიწაზე მისი ქვეშევრდომები? რა საქმეს უნდა შესჭიდებოდნენ ქრისტეს მიმდევრები?

იწყება ცხებულთა მკა

10. რა იცოდა ღვთის ხალხმა 144 000-ის შესახებ 1914 წლამდე ათწლეულებით ადრე?

10 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა 1914 წლამდე ათწლეულებით ადრე იცოდნენ, რომ ქრისტეს ერთგული 144 000 მიმდევარი ქრისტესთან ერთად იმეფებდა ზეცაში. c ბიბლიის მკვლევრებმა ისიც იცოდნენ, რომ ეს რიცხვი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაეგოთ, და რომ მისი შევსება ახ. წ. პირველი საუკუნიდან დაიწყო.

11. რა გაიგეს ქრისტეს „პატარძლის“ მომავალმა წევრებმა დედამიწაზე თავიანთი დავალების შესახებ?

11 რა დავალება უნდა შეესრულებინათ ქრისტეს „პატარძლის“ მომავალ წევრებს, ვიდრე დედამიწაზე იქნებოდნენ? ისინი აცნობიერებდნენ, რამდენად დიდ ყურადღებას ამახვილებდა იესო ქადაგებაზე, რომელიც მკის პერიოდში უნდა განხორციელებულიყო (მათ. 9:37; იოან. 4:35). როგორც მე-2 თავიდან შევიტყვეთ, ადრე მათ ეგონათ, რომ მკა 40 წელს გაგრძელდებოდა და ცხებულების ზეცაში შეკრებით დაგვირგვინდებოდა. მაგრამ ვინაიდან მკა 40 წლის გასვლის შემდეგაც გაგრძელდა, საჭირო გახდა მკის ხანგრძლივობის დაზუსტება. დღეს უკვე ვიცით, რომ მკის პერიოდი, რომლის დროსაც ხორბალი ანუ ცხებული ქრისტიანები სარეველასგან ანუ ეგრეთ წოდებული ქრისტიანებისგან უნდა გამოცალკევებულიყვნენ, სინამდვილეში 1914 წელს დაიწყო, და შესაბამისად, დამდგარი იყო იმის დრო, რომ მთელი ყურადღება დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანების შეკრებაზე გადატანილიყო.

მკის დრო 1914 წელს დადგა (იხ. აბზაცი 11)

12, 13. როგორ შესრულდა ბოლო დღეებში იესოს იგავები ათ ქალწულსა და ტალანტებზე?

12 ქრისტე 1919 წლიდან თავის ერთგულ და გონიერ მონას გაუძღვა, რათა ამ უკანასკნელს სამქადაგებლო საქმიანობისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. ეს დავალება იესომ თავის მიმდევრებს ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მისცა (მათ. 28:19, 20). მან იმაზეც გაამახვილა ყურადღება, თუ რა თვისებები გამოადგებოდათ მის ცხებულ მიმდევრებს ამ დავალების შესასრულებლად. იმის საჩვენებლად, რომ ზეცაში გამართულ საქორწილო ნადიმზე დასასწრებად ცხებულებს სულიერად უნდა ეფხიზლათ, იესომ ათი ქალწულის შესახებ იგავი მოიყვანა. ამ ქორწილში „პატარძლად“ 144 000 ერთგული სულითცხებული გვევლინება (გამოცხ. 21:2). გარდა ამისა, ტალანტების შესახებ იგავის თანახმად, ცხებულები იესოს მიერ დავალებულ სამქადაგებლო საქმეს გულმოდგინედ შეასრულებდნენ (მათ. 25:1—30).

13 საუკუნეა, რაც ცხებულები გადაუდებლად და გულმოდგინედ ასრულებენ დაკისრებულ საქმეს, რისთვისაც ისინი უეჭველად დაჯილდოვდებიან. მაგრამ მხოლოდ ქრისტეს 144 000 თანამმართველთაგან დარჩენილი წევრების შეკრებით უნდა დასრულებულიყო მკა?

სამეფო კრებს თავის მიწიერ ქვეშევრდომებს

14, 15. რომელ ოთხ ჯგუფზე იყო საუბარი წიგნ „დასრულებულ საიდუმლოში“?

14 ერთგულ ქრისტიანებს ყოველთვის აინტერესებდათ, ვინ იყო გამოცხადების 7:9—14-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“. ამიტომ, ვიდრე ქრისტე მათ ამ ჯგუფის ვინაობას გაუმჟღავნებდა, გასაკვირი არ არის, რომ მათი შეხედულება საკმაოდ შორს იყო იმ ჭეშმარიტებისგან, რომელიც დღეს ვიცით და ვაფასებთ.

15 წიგნ „დასრულებულ საიდუმლოში“, რომელიც 1917 წელს გამოიცა, ნათქვამი იყო: „ორი ჯგუფი ზეციერ ხსნას დაიმკვიდრებს, ორიც — მიწიერს“. ვინ შედიოდა სხვადასხვა იმედის მქონე ამ ოთხ ჯგუფში? პირველ ჯგუფში შედიოდა 144 000, რომელიც ქრისტესთან ერთად იმეფებდა, მეორეში — „უამრავი ხალხი“. იმ დროს ეგონათ, რომ „უამრავი ხალხი“ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლს წარმოადგენდა. მცირე რწმენის გამო ისინი ღვთისადმი დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდნენ, რის გამოც ისინი ზეცაში შედარებით დაბალ მდგომარეობას დაიკავებდნენ. მესამე ჯგუფს დედამიწაზე ცხოვრების მოიმედენი შეადგენდნენ, კერძოდ ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, მაგალითად, აბრაამი, მოსე და სხვები, ხოლო მეოთხე ჯგუფში შედიოდა მთელი კაცობრიობა, რომელსაც მესამე ჯგუფი უხელმძღვანელებდა.

16. როგორ გამოანათა სულიერმა სინათლემ 1923 და 1932 წლებში?

16 როგორ მიიყვანა წმინდა სულმა ქრისტეს მიმდევრები ამ საკითხის სწორ გაგებამდე? ეს მოხდა თანდათანობით, სულიერი სინათლის ეტაპობრივი გამონათებით. ჯერ კიდევ 1923 წელს „საგუშაგო კოშკში“ ყურადღება მახვილდებოდა იმ ერთ ჯგუფზე, რომელსაც არ ჰქონდა ზეციერი მოწოდება და რომელიც ქრისტეს მმართველობის დროს დედამიწაზე იცხოვრებდა. 1932 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ საუბარი იყო იონადაბზე (იეჰონადაბი), რომელიც მხარში ედგა ღვთის მიერ ისრაელის ცხებულ მეფე იეჰუს ცრუ თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბრძოლაში (2 მეფ. 10:15—17). ჟურნალში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ თანამედროვე ეპოქაში არსებობდა ჯგუფი, რომელსაც იონადაბი განასახიერებდა, და რომ იეჰოვა ამ ჯგუფს არმაგედონში გადაარჩენდა და კვლავ დედამიწაზე აცხოვრებდა.

17. ა) როგორ გამობრწყინდა სულიერი სინათლე 1935 წელს? ბ) როგორ იმოქმედა ერთგულ ქრისტიანებზე „უამრავი ხალხის“ ვინაობის გაგებამ? (იხ. ჩარჩო „ ყველამ შვებით ამოისუნთქა“).

17 სულიერი სინათლე 1935 წელს გამობრწყინდა. ვაშინგტონში ჩატარებულ კონგრესზე „უამრავი ხალხი“ გაიგივებულ იქნა მიწიერ კლასთან, იმ ცხვრებთან, რომლებიც იესომ ცხვრებისა და თხების შესახებ თავის იგავში მოიხსენია (მათ. 25:33—40). „უამრავი ხალხი“ „სხვა ცხვარს“ შორის იქნებოდა. იესომ მათზე თქვა: „ისინიც უნდა მოვიყვანო“ (იოან. 10:16). მომხსენებელმა ჯ. ფ. რუტერფორდმა აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ ყველა, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი გაქვთ!“. იქ მსხდომთა ნახევარზე მეტი ფეხზე წამოდგა. „შეხედეთ, აი უამრავი ხალხი!“ — განაცხადა რუტერფორდმა. ყველა, ვინც მიხვდა, თუ ვის რისი იმედი ჰქონდა, აღფრთოვანებული დარჩა.

18. რაზე გადაერთნენ ქრისტეს მიმდევრები და რა იყო ამის შედეგი?

18 იმ დროიდან მოყოლებული ღვთის მსახურები ქრისტეს ხელმძღვანელობით გადაერთნენ „უამრავი ხალხის“ მომავალი წევრების შეკრებაზე, რომლებიც დიდ გასაჭირს ცოცხლები და უვნებლები გადაურჩებოდნენ. თავიდან მათი შეკრება არცთუ ისე სწრაფად მიმდინარეობდა. ძმა რუტერფორდმა ერთხელ აღნიშნა: „ისეთი პირი უჩანს, უამრავი ხალხი არც ისე უამრავი იქნება“. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ იეჰოვამ სულიერი მკის საქმე დიდად აკურთხა. იესოსა და წმინდა სულის ხელმძღვანელობით ცხებულებიც და მათი თანამსახური „სხვა ცხვარიც“ იესოს წინასწარმეტყველებისამებრ „ერთი მწყემსის“ „ერთ სამწყსოდ“ იქცნენ.

ძმა რუტერფორდი ვერც კი წარმოიდგენდა უამრავი ხალხის უპრეცედენტო ზრდას (მარცხნიდან მარჯვნივ: ნეითან ნორი, ჯოზეფ რუტერფორდი და ჰეიდენ კოვინგტონი)

19. როგორ შეგვიძლია „უამრავი ხალხის“ რიცხობრივ ზრდაში ჩვენი წვლილის შეტანა?

19 ღვთისმოშიშ ქრისტიანთა დიდი ნაწილი დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად იცხოვრებს და მას ხელმძღვანელობას ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი გაუწევენ. განა სასიხარულო არ არის, რომ ქრისტემ ღვთის ხალხს მომავლის ნამდვილი, ბიბლიური იმედი გაგვიცხადა?! ჩვენ წილად გვხვდა პატივი, ეს იმედი სხვებსაც ჩავუსახოთ. მოდი, ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით ყოველი ღონე ვიხმაროთ „უამრავი ხალხის“ რიცხობრივ ზრდაში ჩვენი წვლილის შესატანად, რათა იეჰოვას სახელს სულ უფრო მეტმა შეასხას ხოტბა (წაიკითხეთ ლუკას 10:2).

უამრავი ხალხის რიცხვი მუდმივად იზრდება

სამეფოს მოიმედეთ ერთგულება მოეთხოვებათ

20. რისგან შედგება სატანის ორგანიზაცია და რა მოეთხოვებათ სამეფოს მოიმედეთ?

20 რაც დრო გადიოდა, ღვთის ხალხი სულ უფრო მეტ ცოდნას იძენდა სამეფოსა და იმის შესახებ, თუ რას მოიცავდა ზეციერი ხელისუფლებისადმი ერთგულება. მაგალითად, 1922 წელს „საგუშაგო კოშკში“ ნახსენები იყო ორი მოქმედი ორგანიზაცია — ერთი იეჰოვასი და მეორე სატანის, რომელიც კომერციული, რელიგიური და პოლიტიკური სტრუქტურებისგან შედგება. ვისაც სურდა, ღვთის სამეფოს ერთგული ყოფილიყო, არ უნდა წასულიყო კომპრომისზე და ისეთი არაფერი უნდა გაეკეთებინა, რის გამოც სატანის ორგანიზაციასთან კავშირში ბრალი დაედებოდა (2 კორ. 6:17). კონკრეტულად რა მოეთხოვებოდათ მათ?

21. ა) რა გაფრთხილება მისცა გონიერმა მონამ ღვთის ხალხს დიდ ბიზნესთან კავშირის შესახებ? ბ) რა იყო ნათქვამი 1963 წლის „საგუშაგო კოშკში“ „დიდი ბაბილონის“ შესახებ?

21 გონიერი მონა სულიერი საზრდოს მეშვეობით მუდმივად ამხელდა გახრწნილებაში დიდი ბიზნესის სამყაროს და ღვთის ხალხს აფრთხილებდა, არ აჰყოლოდნენ მის მიერ გაღვივებულ გამდიდრების სურვილს (მათ. 6:24). გარდა ამისა, პუბლიკაციებში სატანის ორგანიზაციის რელიგიურ ნაწილზეც მახვილდებოდა ყურადღება. 1963 წლის „საგუშაგო კოშკში“ განმარტებული იყო, რომ „დიდი ბაბილონი“ მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროს კი არა, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიას განასახიერებდა. ამ წიგნის მე-10 თავიდან შევიტყობთ, როგორ დაეხმარა ბიბლიური ცოდნა ღვთის ხალხს მთელ მსოფლიოში „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლასა და ცრუ რელიგიური წეს-ჩვეულებებისგან გათავისუფლებაში (გამოცხ. 18:2, 4).

22. როგორ ესმოდა ღვთის ხალხს პირველი მსოფლიო ომის წლებში რომაელების 13:1?

22 რაც შეეხება სატანის ორგანიზაციის პოლიტიკურ ნაწილს, ჰქონდათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ერთაშორის კონფლიქტებსა და ომებში მონაწილეობის მიღების უფლება? პირველი მსოფლიო ომის წლებში ბიბლიის მკვლევრებმა ზოგადად იცოდნენ, რომ ქრისტეს მიმდევრებს კაცი არ უნდა მოეკლათ (მათ. 26:52). თუმცა რომაელების 13:1-ის საფუძველზე ბევრი მიიჩნევდა, რომ „უმაღლეს ხელისუფალთა“ მორჩილება ჯარში წასვლას, უნიფორმის ტარებასა და იარაღის ხელში აღებას არ გამორიცხავდა. მაგრამ, როცა საქმე მტრის მოკვლაზე მიდგებოდა, ბიბლიის მკვლევრებს ჰაერში უნდა გაესროლათ.

23, 24. როგორ ესმოდა ღვთის ხალხს მეორე მსოფლიო ომის წლებში რომაელების 13:1, და რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი წმინდა სულის ხელმძღვანელობით?

23 მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებული იყო, როცა 1939 წელს გამოიცა „საგუშაგო კოშკი“, რომელშიც სიღრმისეულად განიხილებოდა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხი. ჟურნალში გასაგებად იყო ახსნილი, რომ ქრისტიანები არ უნდა ყოფილიყვნენ სატანის ქვეყნიერების ნაწილი და მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ომებსა და ერთაშორის კონფლიქტებში. ეს მართლაც რომ დროული მითითება იყო! ამ მითითებამ დაიცვა ქრისტეს მიმდევრები იმ საშინელი სისხლის ღვრისგან, რაშიც ომში მონაწილე ხალხებმა გაისვარეს ხელი. გარდა ამისა, 1929 წელს ჩვენს პუბლიკაციებში აიხსნა, რომ რომაელების 13:1-ში ნახსენები „უმაღლესი ხელისუფალნი“ იყვნენ არა ქვეყნიური მმართველები, არამედ იეჰოვა და იესო. როგორც ვხედავთ, ეს საკითხი ჯერ კიდევ სწორ ახსნას საჭიროებდა.

24 წმინდა სულის ხელმძღვანელობით ამ საკითხს საბოლოოდ ნათელი 1962 წელს მოეფინა. „საგუშაგო კოშკის“ 15 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ნომრებში დაიბეჭდა სტატიები, რომლებშიც სწორად იყო ახსნილი რომაელების 13:1—7 . როგორც იქნა, ღვთის ხალხი ჩასწვდა იესოს სიტყვების არსს: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (ლუკ. 20:25). ამ სიტყვებით იესომ დაგვანახვა შეფარდებითი მორჩილების პრინციპი. დღეს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უკვე ვიცით, რომ „უმაღლესი ხელისუფალნი“ არიან მიწიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც ქრისტიანები უნდა დაემორჩილონ, თუმცა მათდამი მორჩილება შედარებითია. როცა მათი მოთხოვნები იეჰოვა ღმერთის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, ღვთის ხალხი იესოს მოციქულების მსგავსად ამბობს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქ. 5:29). მე-13 და მე-14 თავებში დაწვრილებით განვიხილავთ, როგორ გამოიყენა ღვთის ხალხმა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის პრინციპი.

ჩვენთვის უდიდესი პატივია მარადიული სიცოცხლის იმედის გაზიარება

25. რატომ აფასებთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

25 მაშასადამე, რა გავიგეთ ქრისტეს მიმდევრებმა გასულ საუკუნეში სამეფოს შესახებ? ჩვენ გავიგეთ ზეცაში სამეფოს დაარსების თარიღი და სამეფოს რაობა, აგრეთვე ის, რომ ღვთის ერთგულ მსახურთაგან ზოგს ზეცაში ცხოვრების იმედი აქვს, ზოგს კი — დედამიწაზე. ვიცით ისიც, თუ როგორ ერთგულებას ითხოვს ღვთის სამეფო, და რომ ხელისუფლებისადმი ჩვენი მორჩილება შეფარდებითია. დაფიქრდით: გეცოდინებოდათ ეს ყველაფერი, იესო ქრისტეს რომ არ ეხელმძღვანელა, გაეგებინებინა და ესწავლებინა ჭეშმარიტება დედამიწაზე თავისი ერთგული მონისთვის? რა დიდი კურთხევაა, რომ ქრისტე წმინდა სულის მეშვეობით გვხელმძღვანელობს!

a ერთი ნაშრომის თანახმად, ამ მუხლში „გაძღოლად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა გზის ჩვენებას ნიშნავს.

b მანამდე მიიჩნევდნენ, რომ ეს ხილვა ეხებოდა წარმართულ რომსა და კათოლიკურ რომს შორის ომს.

c 1880 წლის ივნისის „სიონის საგუშაგო კოშკში“ გამოთქმული ვარაუდის თანახმად, 144 000-ს შეადგენდნენ ის ებრაელები, რომლებიც ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე 1914 წლამდე მოექცეოდნენ. თუმცა მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთ სტატიაში ახალი გაგება დაიბეჭდა. იგი უფრო ახლოს დგას დღევანდელ გაგებასთან.