არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 6

ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლად

ღვთის ხალხი მზადყოფნით გამოდის საქადაგებლად

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ გამოიყვანა მეფემ მქადაგებელთა ლაშქარი

1, 2. რა დიდებული საქმიანობის შესახებ იწინასწარმეტყველა იესომ და რა მნიშვნელოვანი კითხვა წამოიჭრება?

 პოლიტიკოსები ხშირად იძლევიან დაპირებებს, მაგრამ მათი დაპირებები დაპირებებად რჩება. საუკეთესო სურვილებით განმსჭვალულ პოლიტიკოსებსაც კი ყოველთვის არ ძალუძთ თავიანთი დაპირებების შესრულება. საბედნიეროდ, მესიანური მეფე, იესო ქრისტე მუდამ თავისი სიტყვის ერთგულია.

2 იესო 1914 წელს გამეფების შემდეგ მზად იყო 1 900 წლის წინანდელი თავისივე წინასწარმეტყველების შესასრულებლად. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათ. 24:14). ამ წინასწარმეტყველების შესრულება იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის ნიშანი იქნებოდა. მაგრამ როგორ შეძლებდა ბოლო დღეებში მეფე მზადყოფნის სულისკვეთების მქონე მქადაგებელთა ლაშქრის შექმნას, იმ დროს, როცა ადამიანთა უმეტესობა მოთავისე, უსიყვარულო და უღმერთო იქნებოდა? (მათ. 24:12; 2 ტიმ. 3:1—5). ამ კითხვაზე პასუხის მიღებით ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა იყოს დაინტერესებული.

3. რაში იყო იესო დარწმუნებული და რატომ?

3 კიდევ ერთხელ შევიხსენოთ იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები: „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ“. იესოს ნათქვამში აშკარად ჩანს დამაჯერებლობა. ის დარწმუნებული იყო, რომ ბოლო დღეებში მზადყოფნის სულით ანთებული მხარდამჭერები ეყოლებოდა. რატომ? იმიტომ რომ, ამ მხრივ მამამისი აძლევდა მაგალითს (იოან. 12:45; 14:9). განკაცებამდე იესო უშუალოდ აკვირდებოდა მამას. ის ხედავდა, რომ იეჰოვა ნდობას უცხადებდა თავის თაყვანისმცემლებს, რადგან დარწმუნებული იყო მათ მზადყოფნაში. ქვემოთ მიმოვიხილავთ, რაში გამოიხატებოდა იეჰოვას ნდობა თავისი თაყვანისმცემლებისადმი.

„შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა“

4. რა საქმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა იეჰოვამ ისრაელებს, და როგორ გამოეხმაურა ხალხი ამ მოწოდებას?

4 გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა იეჰოვამ თაყვანისმცემლობის ადგილის, კარვის აგება უბრძანა მოსეს. იეჰოვამ მოსეს პირით ხალხს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ კარვის აგებისთვის. მოსემ ხალხს უთხრა: „ვისაც გული გაუწევს, ყველამ მოიტანოს იეჰოვას შესაწირავი“. როგორი იყო ხალხის გამოხმაურება? „კვლავაც მიჰქონდათ ყოველ დილით ნებაყოფლობითი შესაწირავი“. ხალხმა იმდენი შესაწირავი გაიღო, რომ მოსემ სთხოვა, მეტი აღარაფერი მიეტანათ (გამ. 35:5; 36:3, 6). ისრაელებმა ნამდვილად გაამართლეს იეჰოვას ნდობა.

5, 6. ფსალმუნის 110:1—3-ის თანახმად, რა სულისკვეთებას მოელოდნენ იეჰოვა და იესო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან ბოლო დღეებში?

5 მოელოდა იეჰოვა ასეთივე მზადყოფნის სულისკვეთებას თავისი თაყვანისმცემლებისგან ბოლო დღეებში? დიახ! იესოს შობამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე იეჰოვას შთაგონებით დავითმა დაწერა, რა მოხდებოდა მესიის მმართველობის დაწყების დროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 110:1—3). ახალგამეფებულ იესოს მტრების გარდა მომხრეთა დიდი ლაშქარიც ეყოლებოდა. ისინი იძულებით კი არ მოემსახურებოდნენ მეფეს, არამედ მზადყოფნის სულისკვეთებას გამოავლენდნენ; მათ რიგებს ახალგაზრდებიც შეემატებოდნენ. ისინი მიწაზე მოფენილი დილის ნამის წვეთებივით უთვალავნი იქნებოდნენ. a

სამეფოს ერთგული მხარდამჭერები ნამის წვეთებივით მრავალრიცხოვანნი არიან (იხ. აბზაცი 5)

6 იესომ იცოდა, რომ 110-ე ფსალმუნი მას ეხებოდა (მათ. 22:42—45). აქედან გამომდინარე, ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მისი ერთგული მიმდევრები მზადყოფნით იქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას მთელ დედამიწაზე. რას მოწმობს ისტორია? მოუყარა თავი მეფემ ასეთ მქადაგებლებს ბოლო დღეებში?

„მე მოვალე ვარ, გავაცხადო ეს ცნობა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია!“

7. რა ნაბიჯები გადადგა იესომ გამეფების შემდეგ სამქადაგებლო საქმისთვის თავის მხარდამჭერთა მოსამზადებლად?

7 გამეფებიდან მალევე იესომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა გრანდიოზული სამქადაგებლო საქმისთვის თავისი მიმდევრების მოსამზადებლად. როგორც მე-2 თავიდან გავიგეთ, 1914—1919 წლებში მან შეამოწმა და განწმინდა თავისი მიმდევრები (მალ. 3:1—4). 1919 წელსვე თავის მიმდევრებს ხელმძღვანელად გონიერი მონა დაუნიშნა (მათ. 24:45). ამ წლიდან მოყოლებული გონიერი მონა სულიერ საზრდოს ანაწილებს საკონგრესო მოხსენებებისა და ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით, რომლებშიც მუდმივად ესმება ხაზი ქრისტიანის უპირველეს მოვალეობას — ქადაგების საქმეში პირადი წვლილის შეტანას.

8—10. რა ბიძგი მისცა კონგრესებმა სამქადაგებლო საქმეს? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ კონგრესები, რომლებმაც ბიძგი მისცა სამქადაგებლო საქმეს“).

8 საკონგრესო მოხსენებები. იეჰოვას მითითებების მისაღებად მოწადინებულმა ბიბლიის მკვლევრებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოიყარეს თავი 1919 წლის 1—8 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ დიდ კონგრესზე. კონგრესის მეორე დღეს ძმა რუტერფორდმა მოხსენებით გამოსვლისას დელეგატების საყურადღებოდ აღნიშნა: „ქრისტიანების მისია დედამიწაზე . . . უფლის სამეფოს ცნობის გაცხადებაა“.

9 სამი დღის შემდეგ დადგა კონგრესის კულმინაციური მომენტი: ძმა რუტერფორდი გამოვიდა მოხსენებით „თანამშრომლებისადმი მიმართვა“, რომელიც მოგვიანებით „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სათაურით „აუწყეთ სამეფოს შესახებ!“. აი, რა ეწერა მასში: „როცა ქრისტიანი აანალიზებს თავის ცხოვრებას, ბუნებრივად ებადება კითხვა: რისთვის მოვევლინე ამ ქვეყანას? პასუხი წესით ასეთი უნდა იყოს: უფალმა წყალობა გამოავლინა ჩემდამი და თავის წარმომადგენლად დამნიშნა, რათა ქვეყნიერებისთვის შერიგების ღვთიური ცნობა მიმეტანა. ამიტომ მე მოვალე ვარ, გავაცხადო ეს ცნობა, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია!“.

10 ძმა რუტერფორდმა თავის დაუვიწყარ მოხსენებაში ახსენა, რომ უახლოეს მომავალში გამოიცემოდა ახალი ჟურნალი „ოქროს ხანა“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“), რომელიც ხალხს კაცობრიობის ერთადერთი იმედის, სამეფოს შესახებ აუწყებდა. შემდეგ რუტერფორდმა დასვა კითხვა, თუ რამდენი ისურვებდა აუდიტორიიდან ამ ჟურნალის გავრცელებას. მოგვიანებით გაკეთებულ ამ კონგრესის ანგარიშში ეწერა: „გამოხმაურება არნახული იყო. ექვსი ათასი დამსწრე ერთიანად წამოდგა ფეხზე“. b აშკარა იყო, რომ მეფეს ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერები ჰყავდა, რომლებიც მზად იყვნენ სამეფოს ცნობის საუწყებლად!

11, 12. დროის რა მონაკვეთში უნდა შესრულებულიყო იესოს წინასწარმეტყველება ქადაგებაზე 1920 წლის „საგუშაგო კოშკის“ თანახმად?

11 ბეჭდვითი სიტყვა. იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები სასიხარულო ცნობის ქადაგების აუცილებლობაზე „საგუშაგო კოშკი“ სულ უფრო დიდ აქცენტს აკეთებდა. ამას მოწმობს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გამოსული „საგუშაგო კოშკის“ ნომრები.

12 რა ცნობა უნდა გაცხადებულიყო მათეს 24:14-ის თანახმად და დროის რა მონაკვეთში უნდა წარმართულიყო ქადაგების საქმე? 1920 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ სტატია სათაურით „სახარება სამეფოს შესახებ“ ამ ცნობას ასე განმარტავდა: „ეს არის ძველი სისტემის აღსასრულისა და მესიანური სამეფოს დამყარების შესახებ სასიხარულო ცნობა“. სტატიაში ისიც ეწერა, თუ როდის იქნებოდა ეს ცნობა ნაქადაგები: «ეს ცნობა უნდა გაცხადდეს დიდ მსოფლიო ომსა [პირველი მსოფლიო ომი] და „დიდ გასაჭირს“ შორის არსებულ დროის შუალედში». სტატია დასძენდა: „სწორედ ახლაა დრო . . . სასიხარულო ცნობა მთელ საქრისტიანოს ეუწყოს“.

13. რისკენ მოუწოდებდა 1921 წლის „საგუშაგო კოშკი“ ცხებულ ქრისტიანებს?

13 იძულებით შეასრულებდა ღვთის ხალხი იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველებ საქმეს? არავითარ შემთხვევაში! 1921 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკის“ სტატია სათაურით „გამაგრდი!“ ცხებულ ქრისტიანებში მზადყოფნის სულისკვეთებას აღვიძებდა. სტატია თითოეულს საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვის დასმას ურჩევდა: „განა უდიდესი პატივი და მოვალეობა არ არის ამ საქმეში მონაწილეობა?“. სტატია ასე გრძელდებოდა: „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ საქმეს ასეთი განწყობით მივუდგებით, ვიქნებით იერემიასავით, რომელსაც უფლის სიტყვა ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით აუგიზგიზდა გულში, თავი ვეღარ დაიოკა და ალაპარაკდა“ (იერ. 20:9). ამ თბილ მოწოდებებში აშკარად გამოსჭვივის იეჰოვასა და იესოს ნდობა სამეფოს ერთგულ მხარდამჭერთა მიმართ.

14, 15. როგორ უნდა გაევრცელებინათ სასიხარულო ცნობა ცხებულ ქრისტიანებს 1922 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ მოწოდების თანახმად?

14 როგორ უნდა გაევრცელებინათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სამეფოს შესახებ ცნობა? 1922 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი მოკლე, მაგრამ დამაფიქრებელი სტატია სათაურით „მსახურება მნიშვნელოვანია“ ცხებულ ქრისტიანებს მოუწოდებდა, აქტიურად გაევრცელებინათ პუბლიკაციები, ექადაგათ კარდაკარ და ხალხისთვის ზეციერი სამეფოს მოახლოება ეუწყებინათ.

15 ქრისტე 1919 წლიდან მოყოლებული ერთგულ და გონიერ მონას იყენებდა იმის მრავალჯერ გასაცხადებლად, რომ ქრისტიანის მოვალეობა დედამიწაზე სამეფოს ცნობის უწყებაა, რაც ამავე დროს უდიდესი პატივია. როგორ გამოეხმაურნენ პირველი ბიბლიის მკვლევრები სამეფო შესახებ ქადაგების მოწოდებას?

„ერთგულები მოხალისეებად წავლენ“

16. როგორ გამოეხმაურა ზოგი უხუცესი მოწოდებას, რომ ქადაგება ყველა ქრისტიანის მოვალეობა იყო?

16 მე-20 საუკუნის 20—30-იან წლებში ზოგი იმ აზრის წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ ქადაგება ყველა ცხებული ქრისტიანის მოვალეობა იყო. ამიტომ 1927 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ სტატიაში დაიწერა: „დღეს ეკლესიაში [კრებაში] ზოგიერთი, ვისაც უხუცესის მოვალეობა აკისრია . . . არც თვითონ მსახურობს და არც საძმოს მოუწოდებს მსახურებაში მონაწილეობისკენ . . . მათ სასაცილოდ არ ჰყოფნით მოწოდება, კარდაკარ აუწყონ ხალხს ცნობა ღვთის, მისი მეფისა და სამეფოს შესახებ“. სტატიაში პირდაპირ იყო ნათქვამი: „ამიერიდან ერთგულებს შენიშნული უნდა ჰყავდეთ ასეთები, უნდა გაერიდონ მათ და განუცხადონ, რომ აღარ მივანდობთ უხუცესის მოვალეობას“. c

17, 18. როგორ შეხვდა კრებების უმეტესობა მთავარი სამმართველოდან მიღებულ მითითებას, და როგორი იყო მილიონების გამოხმაურება ბოლო ასი წლის განმავლობაში?

17 საბედნიეროდ, მთავარი სამმართველოდან მიღებულ მითითებას კრებების უმეტესობა ენთუზიაზმით შეხვდა. ისინი სამეფოს ცნობის ქადაგებას დიდ პატივად მიიჩნევდნენ. 1926 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ერთგულები მოხალისეებად წავლენ . . . რომ ხალხს ეს ცნობა ახარონ“. ღვთის ამ ერთგულმა მსახურებმა გაამართლეს ფსალმუნის 110:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები და დაამტკიცეს, რომ ისინი მესიანური მეფის ერთგული მხარდამჭერები იყვნენ.

18 გასული 100 წლის მანძილზე მილიონებმა გამოხატეს მზადყოფნა სამეფოს შესახებ ცნობის გასაცხადებლად. მომდევნო თავებიდან გავიგებთ, როგორ ქადაგებდნენ ისინი — რა მეთოდებსა და საშუალებებს იყენებდნენ — და რა ნაყოფი გამოიღო მათმა ძალისხმევამ. მანამდე კი განვიხილოთ, რატომ ქადაგებენ მილიონები ნებაყოფლობით სამეფოს შესახებ ცნობას ამ ეგოცენტრულ ქვეყნიერებაში. კარგი იქნება, თუ განხილვის პარალელურად საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას: რატომ ვქადაგებ სასიხარულო ცნობას?

„უპირველესად ეძებეთ სამეფო“

19. რატომ უნდა გავითვალისწინოთ იესოს მოწოდება: „უპირველესად ეძებეთ სამეფო“?

19 იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, უპირველესად ეძებნათ სამეფო (მათ. 6:33). რატომ უნდა გავითვალისწინოთ ეს რჩევა? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სამეფო ღვთის განზრახვების განხორციელებაში უმთავრეს როლს თამაშობს. როგორც წინა თავიდან დავინახეთ, წმინდა სული თანდათანობით ჰფენდა ნათელს ჭეშმარიტებას სამეფოს შესახებ. როდესაც ეს ძვირფასი ჭეშმარიტება ჩვენს გულს სწვდება, თავისთავად გვიჩნდება სურვილი, რომ უპირველესად სამეფო ვეძებოთ.

დამალული განძის პოვნით გახარებული კაცის მსგავსად, ქრისტიანები ხარობენ სამეფოს შესახებ ნაპოვნი ჭეშმარიტებით (იხ. აბზაცი 20)

20. დამალული განძის მაგალითით ახსენით, როგორ უნდა გამოხმაურებოდნენ იესოს მიმდევრები მოწოდებას: „უპირველესად ეძებეთ სამეფო“.

20 იესომ იცოდა, რომ მისი მიმდევრები გაითვალისწინებდნენ მის რჩევას და სამეფოს პირველ ადგილზე დააყენებდნენ. გავიხსენოთ იესოს მაგალითი დამალული განძის შესახებ (წაიკითხეთ მათეს 13:44). ერთი კაცი მინდორში პოულობს დამალულ განძს და მაშინვე ხვდება მის ფასს. რას აკეთებს ის ამის შემდეგ? „გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს“. რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? როდესაც ვპოულობთ ჭეშმარიტებას სამეფოს შესახებ და ვხვდებით მის ფასს, ჩვენ სიხარულით მივდივართ ნებისმიერ მსხვერპლზე, რათა სამეფოს საქმე პირველ ადგილზე დავაყენოთ. d

21, 22. რით ცხადყოფენ სამეფოს ერთგული მხარდამჭერები, რომ უპირველესად სამეფოს ეძებენ? მოიყვანეთ მაგალითი.

21 სამეფოს ერთგული მხარდამჭერები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ამტკიცებენ, რომ უპირველესად სამეფოს ეძებენ. ისინი თავიანთ ცხოვრებას, მათ შორის უნარსა და სახსრებს, სამეფოს საქმეს უძღვნიან. ბევრმა დიდი მსხვერპლი გაიღო, სრული დროით რომ ემსახურა. ყველა გულმოდგინე მქადაგებელმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ იეჰოვა კურთხევას არ აკლებს მათ, ვინც სამეფოს პირველ ადგილზე აყენებს. მოვიყვანოთ ამის თვალსაჩინო მაგალითი.

22 მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ეივერი და ლოვინია ბრისტოუებმა შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში წიგნების დამტარებლებად (პიონერებად) დაიწყეს მსახურება. წლების შემდეგ ლოვინია იხსენებდა: „ეივერისთან ერთად პიონერულ მსახურებაში მრავალი ბედნიერი წელი გავატარე. ბევრჯერ არც საჭმლის ფული გვქონია და არც ბენზინის. მაგრამ იეჰოვა სხვადასხვა საშუალებით გვეხმარებოდა და მისი წყალობით მსახურება არ შეგვიწყვეტია. აუცილებელი არასდროს მოგვკლებია“. ლოვინია იხსენებდა შემთხვევას, როცა ის და მისი მეუღლე პენსაკოლაში (ფლორიდა) მსახურობდნენ. მაშინ ფულიც ცოტა ჰქონდათ და საჭმელიც. ერთხელ, როცა თავიანთ საცხოვრებელ ავტომისაბმელში დაბრუნდნენ, პროდუქტით სავსე ორი დიდი ჩანთა და ბარათი დახვდათ, რომელზეც ეწერა: „სიყვარულით პენსაკოლას კრებისგან“. სრული დროით მსახურებაში გატარებული ათწლეულები ლოვინიამ ასე შეაფასა: „იეჰოვა არასდროს გვტოვებს და არც იმედს გვიმტყუნებს“.

23. რამდენად ძვირფასია თქვენთვის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება, და რა გაქვთ გადაწყვეტილი?

23 რა თქმა უნდა, განსხვავებული მდგომარეობის გამო ყველა ერთსა და იმავე რაოდენობის დროს ვერ დავუთმობთ მსახურებას. თუმცა ყველას შეგვიძლია, სულითა და გულით ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა (კოლ. 3:23). ვინაიდან ვიცით ნაპოვნი ჭეშმარიტების ფასი, ჩვენ მთელი გულით ვართ მოწადინებული, ის გავიღოთ მსახურებისთვის, რაც შეგვიძლია და ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

24. რომელია სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ამ ბოლო დღეებში?

24 საუკუნეა, რაც მეფე იესო ქრისტე მათეს 24:14-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას ასრულებს, თანაც ისე, რომ ქადაგებას არავის აიძულებს. იესოს მიმდევრებმა თავი დააღწიეს ეგოცენტრულ ქვეყნიერებას და ახლა ისინი მზადყოფნით ქადაგებენ. სასიხარულო ცნობის მთელ დედამიწაზე ქადაგება იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის ნიშანი და სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ამ ბოლო დღეებში.

a ბიბლიაში ნამი სიუხვის სიმბოლოდაა გამოყენებული (დაბ. 27:28; მიქ. 5:7).

b ბროშურაში „ვის მიენდო ღვთის საქმე?“ ნათქვამი იყო: «„ოქროს ხანა“ განკუთვნილია სამეფოს ცნობის კარდაკარ ქადაგებისთვის . . . პირდაპირ შეთავაზების გარდა, ჟურნალი „ოქროს ხანა“ უნდა დავტოვოთ თითოეულ კართან იმის მიუხედავად, იყო ის გამოწერილი თუ არა». მას შემდეგ წლების განმავლობაში ძმები იღებდნენ მითითებას, რომ ხალხისთვის „ოქროს ხანისა“ და „საგუშაგო კოშკის“ გამოწერა შეეთავაზებინათ. 1940 წლის 1 თებერვლიდან იეჰოვას ხალხმა დაიწყო ჟურნალების ფართოდ გავრცელება და გავრცელებული ჟურნალების აღრიცხვა.

c იმ დროს კრება უხუცესებს დემოკრატიული გზით ირჩევდა. ასე რომ, კრების წევრებს შეეძლოთ ხმა აღარ მიეცათ მათთვის, ვინც მსახურებას აპროტესტებდა. უხუცესთა დანიშვნის წესის ცვლილება მე-12 თავში განიხილება.

d იესომ მსგავსი მაგალითი მოიყვანა დიდვაჭარზე, რომელიც ძვირფას მარგალიტს ეძებს, და როგორც კი პოულობს, მის შესაძენად მთელ თავის საბადებელს ყიდის (მათ. 13:45, 46). ამ ორი მაგალითიდან ვიგებთ, რომ ადამიანმა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება შეიძლება სხვადასხვა გზით გაიგოს. ზოგი, ასე ვთქვათ, შემთხვევით აწყდება მას, ზოგიც — ეძებს. მთავარი ის კი არ არის, ვინ როგორ ვიპოვეთ ჭეშმარიტება, მთავარია მზადყოფნით გავიღოთ მსხვერპლი სამეფოს პირველ ადგილზე დასაყენებლად.