არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 7

სხვადასხვაგვარი მეთოდებით ქადაგება

სხვადასხვაგვარი მეთოდებით ქადაგება

ამ თავიდან შევიტყობთ:

ღვთის ხალხი სხვადასხვაგვარ მეთოდებს იყენებს, რათა სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს

1, 2. ა) რა ხერხს მიმართა იესომ დიდძალ ხალხთან სასაუბროდ? ბ) რაში ჰბაძავენ ქრისტეს ერთგული მიმდევრები თავიანთ წინამძღოლს და რატომ?

 ზღვის პირას იესოსთან დიდძალი ხალხი იყრის თავს. იესო ნავში ჯდება და ზღვაში შედის, ნაპირისგან არც ისე შორს, რადგან იცის, რომ წყლის ზედაპირზე ხმა ძლიერდება და იქ მყოფი ხალხი მის ნათქვამს მკაფიოდ გაიგონებს (წაიკითხეთ მარკოზის 4:1, 2).

2 სამეფოს დაარსებამდე და დაარსების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში ქრისტეს ერთგული მიმდევრები თავიანთ წინამძღოლს ჰბაძავდნენ და ახალ-ახალ მეთოდებს იყენებდნენ, რათა სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე მიეტანათ. დროის სვლასთან ერთად და ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად ღვთის ხალხი თავიანთი მეფის ხელმძღვანელობით სხვადასხვა სიახლეს ნერგავს. ჩვენ გვსურს, რომ აღსასრულამდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუქადაგოთ (მათ. 24:14). ამ თავში განვიხილავთ, რა მეთოდებს ვიყენებდით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების ყურამდე სასიხარულო ცნობის მისატანად. თან დავფიქრდეთ, რაში შეგვიძლია მივბაძოთ ბიბლიის მკვლევრებს, რომლებიც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ.

ფართო მასებისთვის ქადაგება

3. რა მოხვდათ გულზე ჭეშმარიტების მტრებს?

3 გაზეთები. ძმა რასელი და მისი თანამოაზრენი სამეფოს შესახებ ცნობას „საგუშაგო კოშკის“ მეშვეობით 1879 წლიდან ავრცელებდნენ. მაგრამ 1914 წლის დადგომამდე ათი წლით ადრე ქრისტემ ისე წარმართა მოვლენები, რომ სასიხარულო ცნობას უფრო მეტი ადამიანის ყურამდე მიეღწია. ყველაფერი 1903 წელს დაიწყო, როცა პენსილვანიის პროტესტანტული ეკლესიის მსახურთა წარმომადგენელმა, დოქტორმა იტონმა, ჩარლზ ტეიზ რასელი ბიბლიურ საკითხებზე დებატებში გამოიწვია. იტონი რასელს სწერდა: „ვფიქრობ, რომ საჯარო დებატები იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს . . . საზოგადოებისთვის უაღრესად საინტერესო იქნება“. რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩათვალეს, რომ საზოგადოება ამგვარი დებატებით დაინტერესდებოდა. ამიტომ შეთანხმდნენ, რომ მათი დებატები წამყვან გაზეთ „პიტსბურგ გაზეტში“ დაიბეჭდებოდა. მათმა საგაზეთო სტატიებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. რასელის მიერ ახსნილი ბიბლიური სწავლებები იმდენად ნათელი და დამაჯერებელი იყო, რომ გაზეთის რედაქციამ რასელს ქადაგებების ყოველკვირეული გამოქვეყნება შესთავაზა. ჭეშმარიტების მტრებს ეს, რა თქმა უნდა, გულზე მოხვდათ.

1914 წლისთვის რასელის ქადაგებები 2 000-ზე მეტ გაზეთში იბეჭდებოდა

4, 5. რა თვისება გამოიჩინა რასელმა და რაში უნდა მიჰბაძონ მას კრებაში უფლებამოსილმა ძმებმა?

4 რასელის ქადაგებების გამოქვეყნება მალე სხვა გაზეთების რედაქციებმაც მოინდომეს. „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1908 წლისთვის მისი ქადაგებები „რეგულარულად იბეჭდებოდა თერთმეტ გაზეთში“. მოგვიანებით საგამომცემლო საქმეში ჩახედულმა ძმებმა რასელს ურჩიეს, რომ თუ მთავარ სამმართველოს პიტსბურგიდან უფრო ცნობილ ქალაქში გადაიტანდა, ბიბლიურ თემებზე ქადაგებები უფრო მეტ გაზეთში დაიბეჭდებოდა. ამ რჩევისა და სხვა ფაქტორების აწონ-დაწონის შემდეგ რასელმა 1909 წელს მთავარი სამმართველო ბრუკლინში (ნიუ-იორკი) გადაიტანა. რა შედეგი გამოიღო ამან? ბრუკლინში გადასვლიდან რამდენიმე თვეში რასელის ქადაგებები უკვე 400-მდე გაზეთში ქვეყნდებოდა და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. 1914 წლისთვის, სამეფოს დაარსების წელს, რასელის ქადაგებები და სტატიები 2 000-ზე მეტ გაზეთში ოთხ ენაზე იბეჭდებოდა.

5 რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან? კარგი იქნება, თუ ყველა, ვინც ღვთის ორგანიზაციაში გარკვეულ უფლებამოსილებას ფლობს, რასელს მიჰბაძავს თავმდაბლობაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე სხვების რჩევებს გაითვალისწინებს (წაიკითხეთ იგავების 15:22).

6. როგორ იმოქმედა ორა ჰეცელზე გაზეთებში დაბეჭდილმა ჭეშმარიტებამ?

6 გაზეთებში გამოქვეყნებულმა ჭეშმარიტებამ მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა (ებრ. 4:12). 1917 წელს მონათლული ორა ჰეცელი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჭეშმარიტება ამ გზით გაიგო. აი, რა მოგვითხრო მან: „გათხოვების შემდეგ დედის სანახავად როჩესტერში (მინესოტა) ჩავედი. დედაჩემი გაზეთებიდან სტატიებს ჭრიდა. ეს სტატიები რასელის ქადაგებები აღმოჩნდა. დედამ გამიზიარა ამ სტატიებში წაკითხული აზრები“. ორა გამოეხმაურა ჭეშმარიტებას და თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში ერთგულად აუწყებდა ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ.

7. რატომ გადახედეს პასუხისმგებელმა ძმებმა სასიხარულო ცნობის გაზეთებით გავრცელების საკითხს?

7 პასუხისმგებელ ძმებს 1916 წელს სასიხარულო ცნობის გაზეთებით გავრცელების საკითხის გადახედვა მოუწიათ ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, იმ დროს მსოფლიო ომი მძვინვარებდა, რამაც საბეჭდი მასალების შოვნა გაართულა. 1916 წელს დიდ ბრიტანეთში ჩვენი საგაზეთო განყოფილება იტყობინებოდა: „ამჟამად ქადაგებები დაახლოებით 30 გაზეთშიღა იბეჭდება. ქაღალდის გაძვირების გამო ამ გაზეთების რიცხვი შეიძლება მკვეთრად შემცირდეს“. მეორეც, 1916 წლის 31 ოქტომბერს ძმა რასელი გარდაიცვალა. იმავე წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ვინაიდან ძმა რასელი აღარ არის, [გაზეთებში] ქადაგებები აღარ დაიბეჭდება“. ამ მეთოდით ქადაგება შეწყდა, სამაგიეროდ დიდი წარმატება მოიპოვა სხვა მეთოდებმა, რომელთა შორის იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“.

8. როგორ მზადდებოდა „შემოქმედების ფოტოდრამა“?

8 კადრები და სლაიდები. 1914 წელს „შემოქმედების ფოტოდრამა“ გამოვიდა. მის მომზადებას რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა სამი წელი მოანდომეს (იგავ. 21:5). ეს იყო ინოვაციური დრამა, რომელიც კადრების, ხმისა და ფერადი მინის სლაიდებისგან შედგებოდა. კადრებზე აღბეჭდილ ბიბლიურ სცენებში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. კადრებში ცხოველებიც ჩანდნენ. 1913 წლის ერთ ანგარიშში ნათქვამი იყო: „ნოესდროინდელი მოვლენების გასაცოცხლებლად ხმოვან კინოში ერთ-ერთი დიდი ზოოპარკის ბინადართა უმეტესობა გადაიღეს“. რაც შეეხება ასობით მინის სლაიდს, ისინი ლონდონელმა, ნიუ-იორკელმა, პარიზელმა და ფილადელფიელმა მხატვრებმა ხელით გააფერადეს.

9. რატომ მოხმარდა ამდენი დრო და სახსრები „ფოტოდრამის“ მომზადებას?

9 რატომ მოხმარდა ამდენი დრო და სახსრები „ფოტოდრამის“ მომზადებას? 1913 წლის კონგრესებზე მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამი იყო: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარიკატურებიან და ილუსტრირებულ ამერიკულ გაზეთებს უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში; და თუ იმასაც დავამატებთ, რომ კინოსურათებს ექსპრესიულობა ახასიათებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენ, როგორც ბიბლიის პროგრესულ მქადაგებლებსა და მასწავლებლებს, მიგვაჩნია, რომ კინოსურათები და სტერეოსკოპული სლაიდები ქადაგების ეფექტური და შესაფერისი საშუალებებია“.

ზემოთ: „ფოტოდრამის“ საპროექციო ოთახი. „ფოტოდრამის“ მინის სლაიდები

10. სად და რამდენმა ადამიანმა ნახა „ფოტოდრამა“?

10 „ფოტოდრამას“ 1914 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 80 ქალაქში აჩვენებდნენ. შეერთებულ შტატებსა და კანადაში მისი ნახვის შესაძლებლობა თითქმის 8 მილიონ ადამიანს მიეცა. იმავე წელს „ფოტოდრამა“ აჩვენეს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში. პატარა ქალაქებში საჩვენებლად მომზადდა „ფოტოდრამის“ გამარტივებული ვერსია, რომელიც კინოკადრებს არ შეიცავდა. „ევრიკადრამად“ წოდებული ამ ვერსიის მომზადება უფრო იაფი იყო, ტრანსპორტირება კი — უფრო ადვილი. 1916 წლისთვის „ფოტოდრამა“ და „ევრიკადრამა“ უკვე ნათარგმნი იყო ბერძნულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, ნორვეგიულ, პოლონურ, სომხურ, ფრანგულ და შვედურ ენებზე.

1914 წელს „ფოტოდრამის“ ჩვენებისას დარბაზები გადაჭედილი იყო

11, 12. რა გავლენა მოახდინა „ფოტოდრამამ“ ერთ ახალგაზრდაზე და რაში უნდა მივბაძოთ მას?

11 ფრანგულ ენაზე ნათარგმნმა „ფოტოდრამამ“ 18 წლის შარლ რონარის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. შარლი იხსენებდა: «„ფოტოდრამა“ ჩემს მშობლიურ ქალაქ კოლმარში (ელზასი, საფრანგეთი) აჩვენეს. ამ დრამამ ჩემზე პირველივე წუთებიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი ნათლად გადმოსცემდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას».

12 შარლი მოინათლა და 1922 წელს სრული დროით მსახურება დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი დავალება საფრანგეთში „ფოტოდრამის“ ჩვენება იყო. შარლი იხსენებდა: „რამდენიმე საქმე დამევალა — ვუკრავდი ვიოლინოს, აგრეთვე პასუხისმგებელი ვიყავი საფინანსო ანგარიშებსა და ლიტერატურაზე. გარდა ამისა, პროგრამის დაწყებამდე ხალხს სიჩუმის დაცვისკენ მოვუწოდებდი. შესვენების დროს აუდიტორიას სხვებთან ერთად ლიტერატურას ვთავაზობდი. ამ მიზნით დარბაზის თითოეულ სექციაში თითო დას ან ძმას ვაყენებდით. ლიტერატურა დარბაზის შესასვლელში, მაგიდაზეც უხვად ეწყო“. 1925 წელს შარლი ბრუკლინის (ნიუ-იორკი) ბეთელში მიიწვიეს ახლად შექმნილ რადიოსადგურ დაბლიუ-ბი-ბი-არის ორკესტრის დირიჟორად. ძმა შარლის მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვის შემდეგ კარგი იქნება, თუ ვკითხავთ საკუთარ თავს: მზად ვარ, მივიღო ნებისმიერი დავალება, რაც სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას შეუწყობს ხელს? (წაიკითხეთ ესაიას 6:8).

13, 14. როგორ გახდა რადიო სასიხარულო ცნობის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება? (იხ. აგრეთვე ჩარჩოები „ დაბლიუ-ბი-ბი-არის გადაცემები“ და „ დაუვიწყარი კონგრესი“).

13 რადიო: მე-20 საუკუნის 20-იან წლებში „ფოტოდრამამ“ უკანა პლანზე გადაინაცვლა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების ეფექტიან საშუალებად რადიო იქცა. 1922 წლის 16 აპრილს ფილადელფიის (პენსილვანია) „მეტროპოლიტენ-ოპერიდან“ რადიოთი გადაიცემოდა ძმა რუტერფორდის ისტორიული მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ის დაახლოებით 50 000-მა კაცმა მოისმინა. საკონგრესო პროგრამა რადიოთი პირველად 1923 წელს გადაიცა. პასუხისმგებელმა ძმებმა გადაწყვიტეს, რომ გონივრული იქნებოდა, თუ მხოლოდ კომერციული რადიოსადგურებით არ ისარგებლებდნენ და საკუთარ რადიოსადგურს გახსნიდნენ. თავიანთი რადიოსადგური ბიბლიის მკვლევრებმა სტატენის კუნძულზე (ნიუ-იორკი) დააარსეს და რეგისტრაციაში დაბლიუ-ბი-ბი-არის სახელით გაატარეს. პირველი რადიოგადაცემა ეთერში 1924 წლის 24 თებერვალს გავიდა.

1922 წელს დაახლოებით 50 000-მა კაცმა რადიოთი მოისმინა მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“

14 საკუთარი რადიოსადგურის შექმნის მიზანი 1924 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ იყო ახსნილი: „მიგვაჩნია, რომ რადიო ყველაზე იაფი და ეფექტიანი საშუალებაა, რაც კი აქამდე გამოგვიყენებია ჭეშმარიტების გასავრცელებლად“. ჟურნალი დასძენდა: „თუ უფალი დაინახავს ჭეშმარიტების გასავრცელებლად სხვა რადიოსადგურების დაფუძნების აუცილებლობას, ამისათვის საჭირო სახსრებითაც უზრუნველგვყოფს“ (ფსალმ. 127:1). 1926 წლისთვის იეჰოვას ხალხი უკვე ექვს რადიოსადგურს ფლობდა. ორი მათგანი იყო შეერთებულ შტატებში, დაბლიუ-ბი-ბი-არი — ნიუ-იორკში, ვორდი კი — ჩიკაგოს მახლობლად, დანარჩენი ოთხი — კანადაში, კერძოდ, ალბერტაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, ონტარიოსა და სასკაჩევანში.

15, 16. ა) როგორ შეხვდა სამღვდელოება კანადაში რადიოგადაცემებით ქადაგებას? ბ) რა მხრივ იყო რადიოქადაგებები და კარდაკარ მსახურება ეფექტიანი?

15 ფართო მასებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების რადიოთი ქადაგება ქრისტიანულ სამღვდელოებას არ გამოჰპარვია. ალბერტ ჰოფმანი, რომელმაც იცოდა, როგორ მუშაობდა სასკაჩევანის (კანადა) რადიოსადგური, იხსენებდა: „რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტი ადამიანი იგებდა ბიბლიის მკვლევრების შესახებ [ასე იწოდებოდნენ იეჰოვას მოწმეები]. რადიოთი ქადაგების საქმე შესანიშნავად მიდიოდა, ვიდრე 1928 წელს სამღვდელოების ზეწოლით ადგილობრივი ხელისუფლება კანადაში ბიბლიის მკვლევრების ყველა რადიოსადგურს ლიცენზიას ჩამოართმევდა“.

16 მართალია კანადაში ჩვენი რადიოსადგურები დაიხურა, მაგრამ ბიბლიური მოხსენებები კომერციული რადიოსადგურებით კვლავაც გადაიცემოდა (მათ. 10:23). რადიომსმენელების მოსაზიდად „საგუშაგო კოშკსა“ და „ოქროს ხანაში“ (ამჟამად „გამოიღვიძეთ!“) იმ კომერციული რადიოსადგურების სია იბეჭდებოდა, რომლებითაც ბიბლიური ჭეშმარიტება გადაიცემოდა. ადგილობრივი რადიოთი მოხსენებების მოსასმენად მაუწყებლები ამ სიას კარდაკარ მსახურების დროს ხალხს აჩვენებდნენ. რა ნაყოფი გამოიღო ამან? 1931 წლის იანვრის „ბიულეტენში“ ეწერა: „რადიომ ჩვენს ძმებს კარდაკარ მსახურების დიდი სტიმული მისცა. მრავალი შეტყობინება მივიღეთ იმის შესახებ, რომ ბევრმა, ვისაც რადიოთი ჰქონდა მოსმენილი ძმა რუტერფორდის მოხსენებები, სიამოვნებით აიღო მათთვის შეთავაზებული წიგნები“. „ბიულეტენში“ რადიომაუწყებლობა და კარდაკარ მსახურება უფლის ორგანიზაციაში საჯაროდ ქადაგების ორ ყველაზე ქმედით მეთოდად იყო დასახელებული.

17, 18. შექმნილი ვითარების მიუხედავად, რა როლს ასრულებდა რადიო სასიხარულო ცნობის გავრცელებაში?

17 მე-20 საუკუნის 30-იან წლებში კომერციული რადიოსადგურებით სარგებლობის გამო იმატა ჩვენი მტრების უკმაყოფილებამ. იეჰოვას ხალხმა გაითვალისწინა არსებული ვითარება და 1937 წლის მეორე ნახევარში შეწყვიტა კომერციული რადიოსადგურებით მაუწყებლობა და ძირითადი ყურადღება კარდაკარ მსახურებაზე გადაიტანა. a მიუხედავად ამისა, ზოგიერთ შორეულ თუ პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყნებში სამეფოს შესახებ ცნობა რადიოთი კვლავაც აქტიურად ვრცელდებოდა. მაგალითად, 1951—1991 წლებში დასავლეთ ბერლინში (გერმანია) რადიოთი რეგულარულად გადაიცემოდა ბიბლიური მოხსენებები. ასე რომ, იმდროინდელ აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებთაც შეეძლოთ სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენა. 1961 წლიდან დაწყებული 30 წელზე მეტხანს სურინამის (სამხრეთი ამერიკა) ეროვნული რადიო ყოველკვირეულად უშვებდა ეთერში 15-წუთიან ბიბლიურ გადაცემას. 1969—1977 წლებში ორგანიზაციამ ჩაწერა 350-ზე მეტი რადიოგადაცემა სახელწოდებით „მთელი წმინდა წერილი სასარგებლოა“. ამ გადაცემას ამერიკის 48 შტატში 291 რადიოსადგური უშვებდა ეთერში. 1996 წელს სამოას დედაქალაქ აპიაში რადიოთი ყოველკვირეულად გადიოდა გადაცემა „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“.

18 მე-20 საუკუნის ბოლოსთვის რადიო წამყვან როლს აღარ თამაშობდა სასიხარულო ცნობის გავრცელებაში, სამაგიეროდ გამოჩნდა ახალი ტექნოლოგიური სიახლე, რომელმაც სასიხარულო ცნობის არნახული მასშტაბით გავრცელება გახადა შესაძლებელი.

19, 20. რატომ შექმნა იეჰოვას ხალხმა ვებ-გვერდი jw.org და რამდენად შედეგიანი გამოდგა ის? (იხ. აგრეთვე ჩარჩო  JW.ORG).

19 ინტერნეტი. 2013 წლის მონაცემებით ინტერნეტით 2,7 მილიარდზე მეტი ადამიანი, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი სარგებლობს. სტატისტიკური გამოთვლების თანახმად, დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანი შედის ინტერნეტში სმარტფონებით, პლანშეტური კომპიუტერებითა თუ სხვა მოწყობილობებით. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში დღითი დღე იზრდება. განსაკუთრებით მატულობს მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი აფრიკის ქვეყნებში, სადაც მისით 90 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ინფორმაციის მიღების გზები რადიკალურად შეცვალა.

20 ინტერნეტს 1997 წლიდან იეჰოვას ხალხიც იყენებს. 2013 წელს შეიქმნა ვებ-გვერდი jw.org, რომელიც 300-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამ ვებ-გვერდიდან ბიბლიური ინფორმაციის ჩამოტვირთვა 520-ზე მეტ ენაზეა შესაძლებელი. ყოველდღიურად ვებ-გვერდს 750 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. თუ არ ჩავთვლით ვიდეომასალას, ყოველთვიურად 3 მილიონი წიგნის, 4 მილიონი ჟურნალისა და 22 მილიონი აუდიოფაილის ჩამოტვირთვა ხდება.

21. რას ცხადყოფს სინას შემთხვევა?

21 ჩვენი ვებ-გვერდი სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია. მაგალითად, 2013 წლის დასაწყისში ერთმა მამაკაცმა, სახელად სინამ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ვებ-გვერდი ნახა, შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში დარეკა და ბიბლიურ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია ითხოვა. რით იყო ეს ზარი განსაკუთრებული? სინა მუსლიმანია და ცხოვრობს იმ ქვეყნის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში, რომელშიც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მკაცრად იზღუდება. ძმებმა შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ იეჰოვას მოწმეს სთხოვეს, სინასთვის ინტერნეტვიდეოკავშირით კვირაში ორჯერ ჩაეტარებინა ბიბლიის შესწავლა.

პირისპირ ქადაგება

22, 23. ა) ჩაანაცვლა თუ არა ფართო მასებისთვის ქადაგების მეთოდებმა კარდაკარ მსახურება? ბ) როგორ აკურთხა მეფემ ჩვენი ძალისხმევა?

22 ფართო მასებისთვის სასიხარულო ცნობის გადაცემის ზემოთ განხილული არც ერთი მეთოდი, იქნება ეს გაზეთები, „ფოტოდრამა“, რადიოგადაცემები თუ ვებ-გვერდი, მიზნად არ ისახავდა კარდაკარ მსახურების ჩანაცვლებას. მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას ხალხი იესოს ნაკვალევს მიჰყვება. იესო მხოლოდ ერთად შეკრებილ დიდძალ ხალხს კი არ უქადაგებდა, არამედ ცალკეულ ადამიანებსაც (ლუკ. 19:1—5). მან თავის მოწაფეებსაც ამისკენ მოუწოდა და ისიც უთხრა, რა უნდა ექადაგათ (წაიკითხეთ ლუკას 10:1, 8—11). როგორც მე-6 თავში იყო განხილული, პასუხისმგებელი ძმები იეჰოვას თითოეულ მსახურს ყოველთვის იმისკენ მოუწოდებდნენ, რომ ადამიანებთან პირისპირ ესაუბრათ (საქ. 5:42; 20:20).

23 დღეს, სამეფოს დაარსებიდან ასი წლის შემდეგ, დაახლოებით 8 მილიონი მაუწყებელი აქტიურად უზიარებს სხვებს ცნობას ღვთის განზრახვების შესახებ. როგორც ვხედავთ, ჩვენმა მეფემ აკურთხა ის საშუალებები, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას ემსახურება. შემდეგი თავიდან გავიგებთ, რა გააკეთა მეფემ საიმისოდ, რომ სასიხარულო ცნობა ყველა ერს, ტომსა და ენას გაეგო (გამოცხ. 14:6).

a 1957 წელს პასუხისმგებელი ძმების გადაწყვეტილებით ნიუ-იორკში ჩვენი ბოლო რადიოსადგური დაბლიუ-ბი- ბი-არი დაიხურა.