არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 8

ქადაგების საშუალებები  ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს ხალხებისთვის

ქადაგების საშუალებები  ბიბლიური ლიტერატურა მსოფლიოს ხალხებისთვის

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ უზრუნველგვყოფს დღემდე იეჰოვა იმ საშუალებებით, რომლებითაც შეგვიძლია ჭეშმარიტება ყველა ერის, ტომისა და ენის ადამიანს ვასწავლოთ

1, 2. ა) რამ შეუწყო ხელი პირველ საუკუნეში სასიხარულო ცნობის გავრცელებას მთელ რომის იმპერიაში? ბ) რა ფაქტები ცხადყოფს ჩვენს დროში იეჰოვას მხარდაჭერას? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ სასიხარულო ცნობა 670-ზე მეტ ენაზე“).

 იერუსალიმში ჩასული სტუმრები ყურებს არ უჯერებდნენ — გალილეელები თავისუფლად ლაპარაკობდნენ უცხო ენებზე. ცნობამ, რომელსაც ისინი ქადაგებდნენ, ხალხის ყურადღება მიიქცია. ეს მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. უცხო ენებზე მოლაპარაკე გალილეელები იესოს მოწაფეები იყვნენ, რომლებმაც ღვთის მხარდაჭერის ნიშნად სასწაულებრივად მიიღეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკის ძღვენი (წაიკითხეთ საქმეების 2:1—8, 12, 15—17). ამგვარად, სასიხარულო ცნობა, რომელსაც მოწაფეები ქადაგებდნენ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა მოისმინეს, და საბოლოოდ, იგი მთელ რომის იმპერიაში გავრცელდა (კოლ. 1:23).

2 დღეს ღვთის მსახურები სხვადასხვა ენაზე სასწაულებრივად არ მეტყველებენ, სამაგიეროდ, სამეფოს შესახებ ცნობას 670-ზე მეტ ენაზე თარგმნიან, რაც პირველ საუკუნეში არსებულ ენებს ბევრად აღემატება (საქ. 2:9—11). ღვთის ხალხმა პუბლიკაციები იმ რაოდენობით გამოსცა და იმდენ ენაზე თარგმნა, რომ, შეიძლება ითქვას, სამეფოს შესახებ ცნობამ დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია. a უცილობელი ფაქტია, რომ იეჰოვა სამქადაგებლო საქმიანობას გამეფებული იესო ქრისტეს მეშვეობით ხელმძღვანელობს (მათ. 28:19, 20). ახლა მიმოვიხილოთ ის ზოგიერთი საშუალება, რაც ბოლო 100 წლის მანძილზე ქადაგების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს, და ვნახოთ, როგორ გვასწავლა ეტაპობრივად ჩვენმა მეფემ თითოეული ადამიანით დაინტერესება და როგორ წაგვახალისა ღვთის სიტყვის მასწავლებლობისკენ (2 ტიმ. 2:2).

მეფემ თავისი მსახურები ჭეშმარიტების თესლის დასათესად აღჭურა

3. რატომ ვიყენებთ სამქადაგებლო საქმისთვის სხვადასხვა საშუალებას?

3 იესომ „სიტყვა სამეფოს შესახებ“ თესლს შეადარა, ხოლო ადამიანის გული — ნიადაგს (მათ. 13:18, 19). როგორც მებაღე იყენებს სხვადასხვა იარაღს ნიადაგის გასაფხვიერებლად და თესლის დასათესად, ისე იეჰოვას ხალხი იყენებს არაერთ საშუალებას იმისათვის, რომ მილიონობით ადამიანის გული სამეფოს შესახებ ცნობის მისაღებად შეამზადოს. ამ საშუალებებიდან ზოგმა მხოლოდ რამდენიმე ხანი იარსება, ზოგი კი, მაგალითად, წიგნები და ჟურნალები დღემდე ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს. მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებებისგან განსხვავებით, ამ თავში განხილული ქადაგების საშუალებები ღვთის მსახურებს ხალხთან პირისპირ საუბარში დაეხმარა (საქ. 5:42; 17:2, 3).

პატეფონებისა და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების საწარმო ტორონტოში (კანადა)

4, 5. როგორ იყენებდნენ ქადაგებისას პატეფონებს, მაგრამ რატომ არ იყო ეს ქადაგების საუკეთესო მეთოდი?

4 მოხსენებების აუდიოჩანაწერები. მე-20 საუკუნის 30—40-იან წლებში მაუწყებლები ბიბლიური მოხსენებების აუდიოჩანაწერებს ხალხს პატეფონებით ასმენინებდნენ. თითოეული აუდიოჩანაწერის ხანგრძლივობა ხუთ წუთზე ნაკლები იყო. ზოგ მოხსენებას მოკლე სათაური ჰქონდა, მაგალითად: „სამება“, „განსაწმენდელი“, „სამეფო“. როგორ იყენებდნენ მაუწყებლები ამ აუდიოჩანაწერებს? ძმა კლეიტონ ვუდვორთი, რომელიც 1930 წელს შეერთებულ შტატებში მოინათლა, იხსენებდა: „თან დამქონდა პატარა ჩემოდნის ტიპის პატეფონი თავისი მოსამართი ტარითა და ტონარმით (მოძრავი მუხლი). ტონარმს ფირფიტის კიდეზე ფრთხილად ვდებდი, რომ მობინადრეებს ჩანაწერი შეუფერხებლად მოესმინათ. კართან მისული ვხსნიდი პატეფონს, ტონარმს ფირფიტას ვადებდი და შემდეგ ზარს ვრეკავდი. როცა მობინადრე გამოვიდოდა, ვეუბნებოდი, მინდა მნიშვნელოვანი ცნობა მოგასმენინოთ-მეთქი“. როგორი იყო მობინადრეთა გამოხმაურება? ძმა ვუდვორთი განაგრძობს: „ხშირად ჩემს შეთავაზებას კეთილგანწყობით ხვდებოდნენ, თუმცა იყო შემთხვევები, როცა კარს ცხვირწინ მიხურავდნენ. ზოგს პატეფონების გამყიდველი ვეგონე“.

ოთხმოცდაათზე მეტი მოხსენების აუდიოჩანაწერი და მილიონზე მეტი ფირფიტა იყო დამზადებული 1940 წლისთვის

5 ოთხმოცდაათზე მეტი მოხსენების აუდიოჩანაწერი და მილიონზე მეტი ფირფიტა იყო დამზადებული 1940 წლისთვის. ჯონ ბარმა, რომელიც იმ დროს ბრიტანეთში პიონერად, ხოლო მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, აღნიშნა: „1936—1945 წლებში პატეფონი ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო. პატეფონის გარეშე მსახურება ვერ წარმომედგინა. კართან დგომისას ძმა რუტერფორდის ხმა ძალიან მამხნევებდა; ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გვერდით მედგა. თუმცა პატეფონებით ქადაგება არ იყო სწავლების საუკეთესო მეთოდი, რადგან ჭეშმარიტება მობინადრეების სულის სიღრმეს ვერ სწვდებოდა“.

6, 7. ა) რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა სამქადაგებლო ბარათებით ქადაგებას? ბ) როგორ დაგვიდო იეჰოვამ სიტყვები ბაგეზე?

6 სამქადაგებლო ბარათები. 1933 წელს მაუწყებლებმა კარდაკარ მსახურების დროს სამქადაგებლო ბარათების გამოყენება დაიწყეს. ამ ბარათის სიგრძე 12 სმ იყო, ხოლო სიგანე — 7 სმ. ის შეიცავდა მოკლე ბიბლიურ ცნობას და იმ პუბლიკაციების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც მობინადრეებს შეეძლოთ. მაუწყებელი მობინადრეს ბარათს აწვდიდა და მის წაკითხვას სთხოვდა. ლილიან კამერუდმა, რომელიც ერთ-დროს პუერტო-რიკოსა და არგენტინაში მისიონერად მსახურობდა, აღნიშნა: „სამქადაგებლო ბარათებით ქადაგებას სიხარულით შევხვდი“. ამის მიზეზს ლილიანი თავადვე გვეუბნება: „ყველას არ შეგვეძლო საინტერესო შეთავაზების გაკეთება. ბარათებმა ხალხთან მისვლას მიმაჩვია“.

სამქადაგებლო ბარათი იტალიურ ენაზე

7 ძმა დეივიდ რუში, რომელიც 1918 წელს მოინათლა, იხსენებდა: „სამქადაგებლო ბარათები ძმებს დიდ დახმარებას უწევდა, რადგან უმრავლესობა თვლიდა, რომ სათქმელის სწორად გადაცემას ვერ ახერხებდა“. თუმცა მას თავისი უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. «ზოგჯერ, — განაგრძობს ძმა დეივიდი, — ხალხს მუნჯები ვეგონეთ, და არც არის გასაკვირი, რადგან ხმას არ ვიღებდით. სამქადაგებლო ბარათებით იეჰოვა ხალხთან პირისპირ საქადაგოდ გვამზადებდა. ცოტა ხანში მან ბაგეზე დაგვიდო თავისი სიტყვები და კართან წმინდა წერილების საშუალებით მსჯელობა გვასწავლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის 1940-იან წლებში დაარსებულ „თეოკრატიული მსახურების სკოლას“» (წაიკითხეთ იერემიას 1:6—9).

8. როგორ გვაყალიბებს ქრისტე უკეთეს მასწავლებლებად?

8 წიგნები. 1914 წლიდან დღემდე იეჰოვას ხალხმა ბიბლიურ თემაზე 100-ზე მეტი სხვადასხვა წიგნი გამოსცა, რომელთაგან ზოგი მიზნად ისახავდა მაუწყებლების დახელოვნებულ მქადაგებლებად მომზადებას. დანიელი ანა ლარსენი, რომელიც დაახლოებით 70 წელია, რაც მაუწყებელია, ამბობს: «თეოკრატიული მსახურების სკოლისა და ამ სკოლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების მეშვეობით იეჰოვამ უკეთეს მქადაგებლებად ჩამოგვაყალიბა. პირველ ასეთ წიგნს, რომელიც 1945 წელს გამოვიდა, ერქვა „თეოკრატიული სახელმძღვანელო სამეფოს მაუწყებლებისთვის“. მომდევნო წელს გამოიცა სახელმძღვანელო „ყოველი კარგი საქმისთვის მომზადებულნი“, დღეს კი ვიყენებთ 2001 წელს გამოცემულ წიგნს „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“». აშკარაა, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლისა და ამ სკოლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების საშუალებით იეჰოვამ მსახურებისთვის გამოსადეგი გაგვხადა (2 კორ. 3:5, 6). ხართ ჩაწერილი თეოკრატიული მსახურების სკოლაში? თან დაგაქვთ თეოკრატიული სკოლის სახელმძღვანელო ყოველკვირეულ შეხვედრებზე და ადევნებთ თვალს იმას, რასაც სკოლის ზედამხედველი კითხულობს? თუ ამას აკეთებთ, ქრისტე უკეთეს მასწავლებლებად გაქცევთ (2 კორ. 9:6; 2 ტიმ. 2:15).

9, 10. რა როლი შეასრულა ბიბლიის შესასწავლმა სახელმძღვანელოებმა ჭეშმარიტების თესლის თესვასა და მორწყვაში?

9 იეჰოვას ორგანიზაციამ აგრეთვე გამოსცა ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელოები, საიდანაც მაუწყებლებმა ძირითადი ბიბლიური სწავლებების უკეთ ახსნა ისწავლეს. მაგალითად, 1968 წელს გამოიცა წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“, რომლის გამოცემასაც სასურველი შედეგი მოჰყვა. 1968 წლის ნოემბრის „სამეფო მსახურებაში“ აღნიშნული იყო: «წიგნ „ჭეშმარიტებაზე“ მოთხოვნილება იმდენად გაიზარდა, რომ სექტემბერში ჩვენი საზოგადოების ბრუკლინის სტამბაში ძმებმა ღამის ცვლაშიც დაიწყეს მუშაობა». ამავე „სამეფო მსახურებაში“ ეწერა: «აგვისტოში წიგნ „ჭეშმარიტებაზე“ მზარდმა მოთხოვნილებამ მარაგში არსებულ რაოდენობას მილიონ-ნახევრით გადააჭარბა». 1982 წლისთვის ეს წიგნი 116 ენაზე იყო ნათარგმნი და მისი ტირაჟი 100 მილიონს აღემატებოდა. 14 წლის განმავლობაში, 1968—1982 წლებში, ამ წიგნის წყალობით სამეფოს მაუწყებელთა რიგებს მილიონზე მეტი ადამიანი შეემატა. b

10 ბიბლიის შესასწავლი კიდევ ერთი შესანიშნავი სახელმძღვანელო „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 2005 წელს გამოიცა. დღემდე უკვე გამოცემულია ამ წიგნის 200 მილიონი ეგზემპლარი 256 ენაზე. რა შედეგი მოჰყვა ამას? სულ რაღაც შვიდ წელიწადში, კერძოდ 2005—2012 წლებში, სასიხარულო ცნობის მაუწყებელთა რიგებს 1, 2 მილიონი ადამიანი შეემატა. ამავე პერიოდში ბიბლიის შემსწავლელთა რიცხვი 6 მილიონიდან თითქმის 9 მილიონამდე გაიზარდა. ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას, რომელსაც სამეფოს თესლის თესვასა და მორწყვას ვახმართ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7).

11, 12. აბზაცებში მითითებული მუხლების თანახმად, ვისზეა გათვლილი ჩვენი ჟურნალები?

11 ჟურნალები. თავიდან „საგუშაგო კოშკი“ უმთავრესად „მცირე სამწყსოსთვის“, „ზეციური მოწოდების მოზიარეთათვის“ იყო განკუთვნილი (ლუკ. 12:32; ებრ. 3:1). 1919 წლის 1-ლ ოქტომბერს იეჰოვას ორგანიზაციამ გამოსცა კიდევ ერთი ჟურნალი, რომელიც მიზნად ფართო მკითხველის მოზიდვას ისახავდა. ამ ჟურნალმა ბიბლიის მკვლევრებისა და ფართო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოც მრავალი წლის განმავლობაში მისი ტირაჟი „საგუშაგო კოშკის“ ტირაჟს ბევრად აღემატებოდა. თავდაპირველად მას „ოქროს ხანა“ ეწოდებოდა, 1937 წელს „ნუგეში“ ეწოდა, 1946 წლიდან კი მას „გამოიღვიძეთ!“ ჰქვია.

12 „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის“ სტილი თუ ფორმატი ათწლეულების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა მისი მიზანი — ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და ბიბლიისადმი რწმენის ჩანერგვა — უცვლელი რჩებოდა. დღესდღეობით გამოდის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო და ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი გამოცემები. სასწავლო გამოცემის მკითხველები არიან „შინაურები“ — „მცირე სამწყსო“ და „სხვა ცხვარი“ c (მათ. 24:45; იოან. 10:16). ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი გამოცემა ძირითადად მათთვისაა, ვისაც სწამს ღმერთი და აფასებს ბიბლიას, მაგრამ ჭეშმარიტება არ იცის (საქ. 13:16), „გამოიღვიძეთ!“ კი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ბიბლიისა და ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას შესახებ მწირი ცოდნა აქვს (საქ. 17:22, 23).

13. რით არის გამორჩეული ჩვენი ჟურნალები? (განიხილეთ დიაგრამა „ პუბლიკაციები სარეკორდო ტირაჟით“).

13 ყოველთვიურად 2014 წლიდან 44 მილიონზე მეტი „გამოიღვიძეთ!“ და დაახლოებით 46 მილიონი „საგუშაგო კოშკი“ გამოდის. „გამოიღვიძეთ!“ ითარგმნება დაახლოებით 100 ენაზე, „საგუშაგო კოშკი“ კი 200-ზე მეტ ენაზე. თარგმანების რაოდენობითა და ტირაჟით ამ ჟურნალებს მთელ მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ჩვენ ეს შთამბეჭდავი მონაცემები არ გვიკვირს, რადგან ჩვენი ჟურნალები შეიცავს იმ ცნობას, რომელიც იესოს წინასწარმეტყველების თანახმად მთელ მსოფლიოში იქნებოდა ნაქადაგები (მათ. 24:14).

14. რას აკეთებდა ღვთის ხალხი გულმოდგინედ და რატომ?

14 ბიბლია. 1896 წელს ძმა რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა თავიანთ საგამომცემლო კორპორაციას სახელი შეუცვალეს და მის სახელწოდებას სიტყვა „ბიბლია“ დაამატეს. იგი «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“» სახელით გახდა ცნობილი. ეს ცვლილება მართებული იყო, ვინაიდან ბიბლია ყოველთვის იყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების უმთავრესი საშუალება (ლუკ. 24:27). იურიდიული კორპორაციის სახელწოდების შესაბამისად, ღვთის ხალხი გულმოდგინედ ავრცელებდა ბიბლიებს და ხალხს მისი კითხვისკენ მოუწოდებდა. მაგალითად, 1926 წელს ჩვენს სტამბაში დავბეჭდეთ „ემფატიკ დიაგლოტი“, ბენჯამინ უილსონის მიერ შესრულებული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმანი. 1942 წელს ჩვენ დავიწყეთ „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ ბეჭდვა. სულ დაიბეჭდა და გავრცელდა 700 000 ეგზემპლარი. ორი წლის შემდეგ დავბეჭდეთ „ამერიკული სტანდარტული თარგმანი“, რომელშიც იეჰოვას სახელი 6 823 ადგილას გვხვდება. 1950 წლისთვის ამ ბიბლიის 250 000-ზე მეტი ეგზემპლარი იყო გავრცელებული.

15, 16. ა) რატომ მოგწონთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“? (განიხილეთ ჩარჩო „ ბიბლია სულ უფრო მეტ ენაზე“). ბ) რა შემთხვევაში დაგველაპარაკება იეჰოვა ჩვენი გულის ენაზე?

15 „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 1950 წელს გამოიცა, ხოლო ებრაული და ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ერთ წიგნად 1961 წელს გამოვიდა. ეს თარგმანი, რომელშიც ღვთის სახელი ებრაული დედნის მიხედვით ყველგან არის აღდგენილი, იეჰოვას განადიდებს. ღვთის სახელი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიცაა შენარჩუნებული და 237-ჯერ გვხვდება. ტექსტი ზუსტი და ადვილი წასაკითხი რომ ყოფილიყო, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რამდენჯერმე გადამუშავდა. უახლესი გადამუშავებული ვერსია 2013 წელს გამოიცა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 121 ენაზეა გამოცემული 201 000 000-იანი ტირაჟით.

16 რას ამბობენ ისინი, ვინც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მშობლიურ ენაზე წაიკითხა? ერთი ნეპალელი კაცი აღნიშნავს: „უმრავლესობისთვის ბიბლიის ძველი ნეპალური თარგმანი მოძველებული ენის გამო რთული გასაგები იყო. ახლა ბიბლიას გაცილებით ადვილად ვიგებთ, რადგან თანამედროვე ენითაა დაწერილი“. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ ერთ ქალს ცრემლები წასკდა, როცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სანგო ენაზე კითხვა დაიწყო. მან თქვა: „ეს ჩემი გულის ენაა“. თუ ყოველდღიურად ვიკითხავთ ღვთის სიტყვას, იეჰოვა ჩვენც დაგველაპარაკება ჩვენი გულის ენაზე (ფსალმ. 1:2; მათ. 22:36, 37).

ქადაგების საშუალებებისა და პრაქტიკული მომზადებისთვის მადლიერნი

17. როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ აფასებთ ქადაგების საშუალებებსა და პრაქტიკულ მომზადებას, და თუ აფასებთ, რა შედეგი მოჰყვება ამას?

17 აფასებთ ქადაგების იმ საშუალებებსა და პრაქტიკულ მომზადებას, რითაც მეფე იესო ქრისტე უზრუნველგყოფთ? კითხულობთ ღვთის ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ლიტერატურას და იყენებთ მას სხვების დასახმარებლად? თუ ასეა, მაშინ თქვენც გაიზიარებთ ერთი ჩვენი დის, ოპალ ბეტლერის (მოინათლა 1914 წლის 4 ოქტომბერს) აზრს: „წლების მანძილზე მე და ჩემი ქმარი [ედუარდი] პატეფონებითა და სამქადაგებლო ბარათებით ვქადაგებდით. წიგნების, ბუკლეტებისა და ჟურნალების მეშვეობით კარდაკარ ვამოწმებდით. ვმონაწილეობდით კამპანიებში, ვაწყობდით სამქადაგებლო მსვლელობებს და ვავრცელებდით ტრაქტატებს. მოგვიანებით ვისწავლეთ განმეორებითი მონახულებების გაკეთება და დაინტერესებულთა ოჯახებში ბიბლიის შესწავლების ჩატარება. დაკავებულები და ბედნიერები ვიყავით“. იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი მიმდევრები „თესვითა“ და „მკით“ იქნებოდნენ დაკავებული და ერთად გაიხარებდნენ. ოპალის ცხოვრების მსგავსად, დღეს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაც ადასტურებს იესოს სიტყვების ჭეშმარიტებას (წაიკითხეთ იოანეს 4:35, 36).

18. რა პატივი გვხვდა წილად?

18 მათ, ვინ ჯერ არ ემსახურება მეფეს, ღვთის ხალხი შეიძლება „უსწავლელი და უბრალო ადამიანები“ ჰგონიათ (საქ. 4:13). მაგრამ ამ „უბრალო“ ხალხს მათმა მეფემ იმხელა ძალა მისცა, რომ მათ მიერ გამოშვებულ პუბლიკაციებს თარგმანების რაოდენობითა და ტირაჟით მთელ მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. უფრო მეტიც, მეფემ მოგვამზადა და აღგვძრა საიმისოდ, რომ ამ საშუალებების გამოყენებით სასიხარულო ცნობა ყველა ერს გავუცხადოთ. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, ვითანამშრომლოთ ქრისტესთან და მონაწილეობა მივიღოთ ჭეშმარიტების თესლის თესვასა და მოწაფეების მომზადებაში.

a მარტო ბოლო ათი წლის მანძილზე იეჰოვას ხალხმა 20 მილიარდზე მეტი ბიბლიური პუბლიკაცია გამოსცა. გარდა ამისა, ჩვენი ვებ-გვერდი jw.org ხელმისაწვდომია 2,7 მილიარდზე მეტი ინტერნეტ-მომხმარებლისთვის.

b ზოგიერთი სახელმძღვანელო, რომლებიც მაუწყებლებს ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებაში დაეხმარა, იყო: „ღვთის ქნარი“ (1921 წ.), „დაე, მართალი იყოს ღმერთი“ (1946 წ.), „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (1982 წ.) და „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (1995 წ.).

c „შინაურების“ ახლებური გაგება ახსნილია სტატიის „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა“ მეცამეტე აბზაცში. ეს სტატია დაიბეჭდა 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“.