არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 13

სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ

სამეფოს მქადაგებლები სასამართლოებს მიმართავენ

ამ თავიდან შევიტყობთ:

იესომ იწინასწარმეტყველა, რომ სამქადაგებლო საქმიანობის გამო მის ხალხს კანონით დაუწყებდნენ დევნას

1, 2. ა) რა ხერხს მიმართეს რელიგიურმა წინამძღოლებმა სამქადაგებლო საქმიანობის შესაჩერებლად და როგორ მოიქცნენ მოციქულები? ბ) რატომ ქადაგებდნენ მოციქულები აკრძალვის მიუხედავად?

 დგას ახ. წ. 33 წელი. სულ რამდენიმე კვირაა, რაც იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა. სატანას კარგი დრო დაუდგა მოქმედებისთვის. მისი მიზანია, მოძლიერებამდე გაანადგუროს კრება. ის დროს არ კარგავს და ისე წარმართავს მოვლენებს, რომ რელიგიური წინამძღოლები სამეფოს შესახებ ქადაგებას კრძალავენ. მიუხედავად ამისა, მოციქულები გაბედულად აგრძელებენ ქადაგებას, რის შედეგადაც უამრავი კაცი და ქალი ხდება „უფლის მორწმუნე“ (საქ. 4:18, 33; 5:14).

მოციქულებს „უხაროდათ, რომ [იესოს] სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“

2 განრისხებული მოწინააღმდეგეები ამჯერად ახალ მეთოდს მიმართავენ და ყველა მოციქულს საპატიმროში ყრიან. მაგრამ იმ ღამით იეჰოვას ანგელოზი საპყრობილის კარებს აღებს და დღის დადგომამდე მოციქულები უკვე ქადაგებენ. შემდეგ მათ კვლავ აპატიმრებენ და მიჰყავთ მმართველებთან, რომლებიც მოციქულებს ადანაშაულებენ, რომ აკრძალვის მიუხედავად ქადაგებას არ წყვეტენ. მოციქულები უშიშრად პასუხობენ: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“. ამის მოსმენაზე მმართველები გულზე სკდებიან და მოციქულების დახოცვას ლამობენ. მაგრამ სწორედ ამ კრიტიკულ დროს პატივდებული კანონის მასწავლებელი გამალიელი მმართველებს აფრთხილებს: „დაფიქრდით . . . ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ“. საოცარია, მაგრამ მმართველები ითვალისწინებენ მის რჩევას და მოციქულებს უშვებენ. როგორ იქცევიან ეს ერთგული მამაკაცები? ისინი უშიშრად და დაუღალავად ასწავლიან და აუწყებენ „სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქ. 5:17—21, 27—42; იგავ. 21:1, 30).

3, 4. ა) რომელ გამონაცად მეთოდს იყენებს სატანა ღვთის ხალხის წინააღმდეგ? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო ორ თავში?

3 ახ. წ. 33 წელს გამართული ეს სასამართლო მოსმენა იყო ოფიციალური პირების მხრიდან ქრისტიანული კრების შევიწროების პირველი შემთხვევა, თუმცა არა უკანასკნელი (საქ. 4:5—8; 16:20; 17:6, 7). ჩვენს დროში სატანა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრების მეშვეობით კვლავ უბიძგებს მთავრობის წარმომადგენლებს, აკრძალონ სამქადაგებლო საქმიანობა. მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ ღვთის ხალხს. მაგალითად, აბრალებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ამბოხებისკენ წაქეზებას და კომერციულ საქმიანობას. ჩვენი ძმები ხელსაყრელ დროს მიმართავდნენ სასამართლოებს ცრუ ბრალდებების გასაბათილებლად. რით მთავრდებოდა ეს სასამართლოები? თქვენ როგორ გეხებათ ათეულობით წლის წინ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები? განვიხილოთ რამდენიმე სასამართლო საქმე და ვნახოთ, როგორ მოემსახურა ისინი „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებას“ (ფილ. 1:7).

4 ამ თავში ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ როგორ ვიცავდით წარსულში ქადაგების უფლებას. მომდევნო ორ თავში განვიხილავთ ზოგიერთ იურიდიულ საქმეს, რომლებსაც იმიტომ მოვკიდეთ ხელი, რომ შეგვძლებოდა, არ ვყოფილიყავით ქვეყნიერების ნაწილი და სამეფოს ნორმების თანახმად გვეცხოვრა.

წესრიგის დამრღვევები თუ ღვთის სამეფოს ერთგული მხარდამჭერები?

5. რატომ აპატიმრებდნენ სამეფოს მქადაგებლებს 1930-იანი წლების მიწურულს და რის გაკეთებას გეგმავდნენ ხელმძღვანელი ძმები?

5 ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი ქალაქი თუ შტატი 1930-იანი წლების მიწურულს აიძულებდა იეჰოვას მოწმეებს, სამქადაგებლო საქმიანობისთვის ნებართვა ან ლიცენზია აეღოთ. მაგრამ ძმები უარს ამბობდნენ ასეთი ლიცენზიების აღებაზე, რადგან ნებისმიერი ლიცენზია გაუქმებას ექვემდებარება. ძმებს მიაჩნდათ, რომ არც ერთ მთავრობას არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა იესოს მიერ ქრისტიანებისთვის მიცემული დავალება, სამეფოს შესახებ ქადაგება (მარ. 13:10). შედეგად, ასობით სამეფოს მქადაგებელი დააპატიმრეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ძმები სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავდნენ. მათი მიზანი იყო, დაემტკიცებინათ, რომ სახელმწიფო უკანონოდ ზღუდავდა მოწმეთა რელიგიურ თავისუფლებას. 1938 წელს მომხდარი შემთხვევის გამო აღიძრა ისტორიული მნიშვნელობის მქონე სასამართლო საქმე. რა მოხდა მაშინ?

6, 7. რა შეემთხვა კანტუელების ოჯახს?

6 სამშაბათ დილას, 1938 წლის 26 აპრილს, 60 წლის ნიუტონ კანტუელი, მისი ცოლი ესთერი და მათი ვაჟები — ჰენრი, რასელი და ჯესი (ხუთივე სპეციალურ პიონერად მსახურობდა), საქადაგებლად გაემგზავრნენ ქალაქ ნიუ-ჰეივენში (კონექტიკუტი). ისინი მზად იყვნენ იმისთვის, რომ იქ ერთ დღეზე მეტხანს დარჩენილიყვნენ. მანამდე ისინი რამდენჯერმე დააპატიმრეს, ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ შეიძლებოდა ამჯერადაც დაეპატიმრებინათ. თუმცა ამის გამო კანტუელების ოჯახს სამეფოს შესახებ ქადაგების სურვილი არ განელებია. ნიუ-ჰეივენში ისინი ორი ავტომობილით ჩავიდნენ. ნიუტონი ბიბლიური ლიტერატურითა და პატეფონებით დატვირთულ ოჯახის ავტომობილს მართავდა, 22 წლის ჰენრი კი — რუპორებიან ავტომობილს. როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საათში პოლიციამ ისინი გააჩერა.

7 თავიდან 18 წლის რასელი დააპატიმრეს, შემდეგ — ნიუტონი და ესთერი. 16 წლის ჯესი შორიდან უყურებდა, როგორ მიჰყავდა პოლიციას მისი მშობლები და ძმა. ჰენრი ქალაქის სხვა ნაწილში ქადაგებდა, ამიტომ ჯესი მარტო დარჩა. მიუხედავად ამისა, მან გააგრძელა პატეფონით ქადაგება. ორმა კათოლიკე მამაკაცმა ჯესის უფლება მისცა, ძმა რუტერფორდის ლექცია „მტრები“ მოესმენინებინა მათთვის. მაგრამ ლექციამ ისე განარისხა ისინი, რომ ჯესიზე დასარტყმელად გაიწიეს. ჯესიმ მშვიდად დატოვა იქაურობა. ცოტა ხანში ის პოლიციელმა გააჩერა და დააკავა. პოლიციამ, და კანტუელის გარდა, ყველას წაუყენა ბრალი, თუმცა ძმა კანტუელი და მისი ვაჟები იმავე დღეს თავდებით გაათავისუფლეს.

8. რატომ ცნო სასამართლომ ჯესი კანტუელი სხვისი სიმშვიდის დამრღვევად?

8 რამდენიმე თვის შემდეგ, 1938 წლის სექტემბერში, კანტუელების ოჯახი ნიუ-ჰეივენის საქალაქო სასამართლოს წინაშე წარდგა. ნიუტონი, რასელი და ჯესი შესაწირავების ულიცენზიოდ შეგროვებაში ცნეს დამნაშავედ. მიუხედავად იმისა, რომ მათ კონექტიკუტის უზენაეს სასამართლოს მიმართეს, ჯესი სხვისი სიმშვიდის დარღვევაშიც დაადანაშაულეს. ორი კათოლიკე მამაკაცი, რომლებმაც ლექცია მოისმინეს, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ლექცია მათთვის და მათი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ძმებმა გადაწყვიტეს, ეს განაჩენი ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაესაჩივრებინათ.

9, 10. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ კანტუელების ოჯახის საქმეზე? ბ) როგორ მოქმედებს ეს გადაწყვეტილება დღეს?

9 პირველი მოსმენა 1940 წლის 29 მარტს შედგა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჩარლზ ჰიუზმა და სასამართლოს კიდევ რვა მოსამართლემ მოუსმინეს იეჰოვას მოწმეების ადვოკატის, ძმა ჰეიდენ კოვინგტონის არგუმენტებს. a როცა კონექტიკუტის შტატის ბრალმდებელი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ იეჰოვას მოწმეები წესრიგის დამრღვევები იყვნენ, ერთ-ერთმა მოსამართლემ ჰკითხა: „მართალია, რომ იესო ქრისტეს ნაქადაგები ცნობაც არაპოპულარული იყო მის დღეებში?“. შტატის ბრალმდებელმა უპასუხა: „დიახ, და თუ სწორად მახსოვს, ბიბლიაში ისიც წერია, რა დაემართა იესოს ამ ცნობის გაცხადებისთვის“. ამ სიტყვებით მან ფაქტობრივად ყველაფერი თქვა. თავისდა უნებურად, იეჰოვას მოწმეები მან იესოს შეადარა, სახელმწიფო კი — იესოს ბრალმდებლებს. 1940 წლის 20 მაისს სასამართლომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ.

ჰეიდენ კოვინგტონი (წინ, შუაში), გლენ ჰაუ (მარცხნივ) და სხვები პროცესის მოგების შემდეგ სასამართლოს შენობიდან გამოდიან

10 რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სასამართლო გადაწყვეტილებას? ამ გადაწყვეტილებით რელიგიის თავისუფალი აღმსარებლობა კიდევ უფრო დაცული გახდა და დადგინდა, რომ არც ფედერალურ, არც შტატისა და არც ადგილობრივ მთავრობას არა აქვს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერი უფლება. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ ჯესის საქციელი „საფრთხეს არ უქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს“. ამგვარად, სასამართლო გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ იეჰოვას მოწმეები არ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება იყო ღვთის მსახურებისთვის. ეს გადაწყვეტილება დღემდე მოქმედია. ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც ადვოკატია, ამბობს: „ჩვენ დღეს აღარ გვეშინია, რომ უსამართლოდ შეგვიზღუდავენ რელიგიის თავისუფლად აღმსარებლობის უფლებას და თავისუფლად ვქადაგებთ იმედის მომცემ ცნობას ყველგან“.

მეამბოხეები თუ სიმართლის გამცხადებლები?

„ღვთის, ქრისტესა და თავისუფლების მიმართ კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“

11. რა კამპანია გამართეს კანადელმა ძმებმა და რატომ?

11 კანადაში 1940-იან წლებში იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიდნენ. ამიტომ 1946 წელს ძმებმა 16-დღიანი კამპანია გამართეს და გაავრცელეს ტრაქტატი „ღვთის, ქრისტესა და თავისუფლების მიმართ კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი მთელ კანადას არცხვენს“, რათა საჯარო გაეხადათ თაყვანისცემის თავისუფლების მიმართ ხელისუფლების უპატივცემულო დამოკიდებულება. ამ ოთხგვერდიან ტრაქტატში სააშკარაოზე იყო გამოტანილი კვებეკის პროვინციაში მცხოვრები ძმების წინააღმდეგ სამღვდელოების წაქეზებით მოწყობილი არეულობები, პოლიციელთა სიმხეცე და ბრბოს ძალადობა. ტრაქტატში ეწერა: „გრძელდება იეჰოვას მოწმეების უკანონო დაპატიმრება. . . . დიდ მონრეალში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დაახლოებით 800 საჩივარია შეტანილი“.

12. ა) რა რეაქცია ჰქონდათ მოწინააღმდეგეებს ტრაქტატის კამპანიაზე? ბ) რაში დაადანაშაულეს ძმები? (იხ. აგრეთვე სქოლიო)

12 კვებეკის პრემიერ მინისტრი მორის დიუპლესი, რომელიც კათოლიკური ეკლესიის კარდინალ ვილნევის თანამზრახველი იყო, კამპანიის საპასუხოდ იეჰოვას მოწმეებს „შეუბრალებელი ომი“ გამოუცხადა. მცირე დროში საქმეების რაოდენობა გაორმაგდა და 800-დან 1 600-მდე გაიზარდა. ერთმა პიონერმა დამ თქვა: „პოლიციელებმა იმდენჯერ დაგვიჭირეს, რომ სათვალავი აგვერია“. მოწმეები, რომლებიც ტრაქტატის გავრცელებისთვის დაიჭირეს, ამბოხებისკენ წამქეზებელი მასალის გამოცემაში დაადანაშაულეს. b

13. ვის მოუწია პირველად ამბოხებისკენ წამქეზებლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგომა და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

13 ძმა ემე ბუშესა და მის ქალიშვილებს, 18 წლის ჟიზელსა და 11 წლის ლიუსილს, 1947 წელს პირველებს მოუწიათ ამბოხებისკენ წამქეზებლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგომა. ისინი ქალაქ კვებეკის სამხრეთით თავიანთი ფერმის მახლობლად ავრცელებდნენ ტრაქტატს „კვებეკელთა ძლიერი სიძულვილი“, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ ისინი აყალ-მაყალის ამტეხები იყვნენ. ძმა ბუშე თავმდაბალი და რბილი ხასიათის კაცი იყო, რომელიც თავის მიწებს ამუშავებდა და შიგადაშიგ ცხენშებმული ურმით ქალაქში ჩადიოდა. მიუხედავად ამისა, მის ოჯახს ტრაქტატში აღწერილი შეურაცხყოფის ატანა მოუწია. მოსამართლემ, რომელიც ვერ იტანდა იეჰოვას მოწმეებს, უარი თქვა ბუშეს უდანაშაულობის დამამტკიცებელი ჩვენებების მოსმენაზე. მან მხარი დაუჭირა ბრალმდებელს იმაში, რომ ტრაქტატი მტრობას აღვივებდა, და ბუშეები დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებიდან ისე ჩანდა, თითქოს სიმართლის თქმა დანაშაული იყო! ემე და ჟიზელი ამბოხებისკენ წაქეზებაში დაადანაშაულეს და პატარა ლიუსილსაც ორი დღე საპატიმროში მოუწია ყოფნა. ძმებმა საჩივარი შეიტანეს ქვეყნის უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქმის მოსმენას დათანხმდა.

14. როგორ იქცეოდნენ კვებეკელი ძმები დევნის დროს?

14 ამასობაში კვებეკელი და-ძმები გაბედულად აგრძელებდნენ სამეფოს ცნობის გაცხადებას სასტიკი წინააღმდეგობისა და უმოწყალო თავდასხმების მიუხედავად. მათ ქადაგებას ხშირად შესანიშნავი შედეგები მოჰყვებოდა. 1946 წელს ჩატარებული კამპანიიდან ოთხი წლის შემდეგ კვებეკში მოწმეთა რიცხვი 300-დან 1000-მდე გაიზარდა. c

15, 16. ა) რა გადაწყვეტილება მიიღო კანადის უზენაესმა სასამართლომ ბუშეების საქმეზე? ბ) რა გავლენა იქონია ამ გამარჯვებამ იეჰოვას მოწმეებსა თუ სხვებზე?

15 კანადის უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლემ 1950 წლის ივნისში განიხილა ემე ბუშეს საქმე. ექვსი თვის შემდეგ, 1950 წლის 18 დეკემბერს, სასამართლომ ჩვენ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა, ძმა გლენ ჰაუმ აღნიშნა, მიზეზი ის იყო, რომ სასამართლო დაეთანხმა დაცვის არგუმენტს. დაცვის განცხადებით, „ამბოხება“ ძალადობისკენ ან მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ წაქეზებას მოიცავს, მაგრამ ტრაქტატი „არ შეიცავდა ასეთ მოწოდებებს და, შესაბამისად, წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლად გამოხატვის კანონიერ ფორმას“. ძმა ჰაუმ დასძინა: „საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ გაგვამარჯვებინა იეჰოვამ“. d

16 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ღვთის სამეფოს ბრწყინვალე გამარჯვება იყო! ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა კვებეკელი მოწმეების წინააღმდეგ აღძრული კიდევ 122 საქმე, რომლებიც ამბოხებისკენ წაქეზებას ეხებოდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილება იმასაც გულისხმობდა, რომ კანადისა და თანამეგობრობის ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ მთავრობის ქმედების მიმართ თავიანთი შეშფოთება გამოეხატათ. უფრო მეტიც, ამ გამარჯვებამ შეასუსტა იეჰოვას მოწმეების თავისუფლებების მიმართ კვებეკის ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი წინააღმდეგობა. e

ვაჭრები თუ ღვთის სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლები?

17. როგორ ცდილობს ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შეზღუდვას?

17 ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას მსახურები დღესაც არ ვაჭრობენ ღვთის სიტყვით (წაიკითხეთ 2 კორინთელების 2:17). მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა კვლავ ცდილობს კომერციული საქმიანობის მარეგულირებელი კანონებით სამქადაგებლო საქმიანობის შეზღუდვას. განვიხილოთ ორი სასამართლო საქმე, რომელთა დროსაც უნდა დადგენილიყო, იეჰოვას მოწმეები ვაჭრები იყვნენ თუ რელიგიური მსახურები.

18, 19. როგორ ცდილობდა დანიის მთავრობა სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას?

18 დანიაში 1932 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც ბეჭდვითი გამოცემების ულიცენზიოდ გაყიდვა უკანონო იყო. თუმცა ჩვენმა ძმებმა უარი თქვეს ლიცენზიის აღებაზე. მეორე დღეს ხუთი მაუწყებელი ქადაგებდა დედაქალაქ კოპენჰაგენიდან დასავლეთით დაახლოებით 30 კმ-ში მდებარე ქალაქ როსკილეში. დღის ბოლოს ერთ-ერთი მაუწყებელი, აუგუსტ ლემანი, ჯგუფთან ერთად არ დაბრუნდა. ის საქონლის ულიცენზიოდ გაყიდვის ბრალდებით დააპატიმრეს.

19 აუგუსტ ლემანი 1932 წლის 19 დეკემბერს წარდგა სასამართლოს წინაშე. მან დაადასტურა, რომ ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა, თუმცა ვაჭრობის ბრალდება უარყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მისი პოზიცია და დაადგინა: „ბრალდებულს . . . საკუთარი თავის რჩენა არ უჭირს. ამ საქმიანობიდან მას არც არანაირი შემოსავალი ჰქონია და არც მისი მიღება ჰქონია მიზნად. პირიქით, ამ საქმიანობის გამო ის ფინანსურად დაზარალდა“. სასამართლომ მოწმეების მხარე დაიკავა და დაადგინა, რომ ლემანის საქმიანობას „პროფესიული საქმიანობის კვალიფიკაცია ვერ მიენიჭებოდა“. მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხის მტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება ჰქონდათ გადაწყვეტილი (ფსალმ. 94:20). პროკურორმა საქმე უზენაეს სასამართლომდე მიიყვანა. როგორ მოიქცნენ ძმები?

20. რა გადაწყვეტილება მიიღო დანიის უზენაესმა სასამართლომ და როგორ შეხვდნენ ამას ჩვენი და-ძმები?

20 უზენაეს სასამართლოში საქმის მოსმენამდე რამდენიმე დღით ადრე დანიელი იეჰოვას მოწმეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაებნენ სამქადაგებლო საქმიანობაში. 1933 წლის 3 ოქტომბერს, სამშაბათს, უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება. სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აუგუსტ ლემანს კანონი არ დაურღვევია. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მოწმეებს თავისუფლად შეეძლოთ ქადაგების გაგრძელება. ამ იურიდიული გამარჯვებისთვის იეჰოვასადმი მადლიერების გამოსახატავად და-ძმებმა კიდევ უფრო გაააქტიურეს სამქადაგებლო საქმიანობა. ამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობა აღარ ერევა დანიელი ძმების საქმიანობაში და ისინი თავისუფლად ქადაგებენ.

გაბედული მოწმეები დანიაში, 1930-იანი წლები

21, 22. რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძმა მერდოკის საქმეზე?

21 შეერთებულ შტატებში 1940 წლის 25 თებერვალს, კვირას, პიტსბურგის მახლობლად ქალაქ ჯენეტში (პენსილვანია) ქადაგების დროს დააპატიმრეს პიონერი რობერტ მერდოკი და კიდევ შვიდი მოწმე, რადგან ლიტერატურის გასავრცელებლად ლიცენზია არ შეიძინეს. ძმებმა საქმე აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც მის განხილვას დათანხმდა.

22 მოწმეების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 1943 წლის 3 მაისს გამოაცხადა. სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია ლიცენზიის ყიდვის მოთხოვნა, რადგან ამით „ფედერალური კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობა ფასიანი“ ხდებოდა. სასამართლომ გააუქმა ქალაქის დადგენილება და ის „პრესისა და რელიგიის თავისუფლად გაცხადების შეზღუდვად“ მიიჩნია. მოსამართლე უილიამ დაგლასმა მოსამართლეთა უმრავლესობის შეხედულების გაცხადებისას აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა „ქადაგებაზე მეტს ნიშნავს. ამაში რელიგიური ლიტერატურის გავრცელებაზე მეტიც იგულისხმება. ის ორივეს მოიცავს“. მან დასძინა: „რელიგიური საქმიანობის ამ ფორმას ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია . . . როგორც ეკლესიებში თაყვანისცემასა და კათედრიდან ქადაგებას“.

23. რამდენად მნიშვნელოვანია 1943 წელს მოპოვებული იურიდიული გამარჯვებები?

23 უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ღვთის ხალხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იურიდიული გამარჯვება იყო. ამით დადასტურდა, რომ ჩვენ ქრისტიანი მსახურები ვართ და არა ვაჭრები. 1943 წლის ამ ღირშესანიშნავ დღეს იეჰოვას მოწმეებმა უზენაეს სასამართლოში 13 საქმიდან 12 მოიგეს, მათ შორის „მერდოკის“ საქმე. ამ სასამართლო გადაწყვეტილებებმა პრეცედენტი შეუქმნა ბოლო დროს გამართულ სასამართლო საქმეებს, რომელთა მეშვეობითაც მოწინააღმდეგეებმა კვლავაც ეჭვქვეშ დააყენეს ჩვენი უფლება — ვიქადაგოთ სამეფოს ცნობა საჯაროდ და კარდაკარ.

„ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“

24. როგორ ვიქცევით, როცა მთავრობები ქადაგებას გვიკრძალავენ?

24 ჩვენ, იეჰოვას მსახურები, დიდად ვაფასებთ მთავრობების მიერ მონიჭებულ კანონიერ უფლებას, თავისუფლად ვიქადაგოთ სამეფოს ცნობა. თუმცა, როცა სამქადაგებლო საქმიანობას კრძალავენ, ჩვენ უბრალოდ ვცვლით ქადაგების მეთოდებს და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. მოციქულების მსგავსად, ჩვენც „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქ. 5:29; მათ. 28:19, 20). ამასთან, აკრძალვების მოსახსნელად სასამართლოებს მივმართავთ. განვიხილოთ ორი მაგალითი.

25, 26. რა უძღოდა ნიკარაგუაში უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

25 ნიკარაგუაში 1952 წლის 19 ნოემბერს მისიონერი დონოვან მენსტერმანი, რომელიც ფილიალის მსახურიც იყო, დედაქალაქ მანაგუაში საიმიგრაციო სამსახურში დაიბარეს. სამსახურის უფროსმა, არნოლდო გარსიამ უთხრა დონოვანს, რომ ნიკარაგუაში იეჰოვას მოწმეებს „ეკრძალებოდათ თავიანთი სწავლებების ქადაგება და რელიგიური საქმიანობა“. მისი სიტყვების თანახმად, მიზეზი ის იყო, რომ იეჰოვას მოწმეებს არ გააჩნდათ მთავრობის ნებართვა თავიანთი მსახურების შესასრულებლად და მათ კომუნისტობაში ადანაშაულებდნენ. ვინ იდგა ამ ბრალდებების მიღმა? კათოლიკე მღვდლები.

ნიკარაგუელი ძმები აკრძალვის დროს

26 ძმა მენსტერმანმა დაუყოვნებლივ მიმართა რელიგიის სამინისტროს და პრეზიდენტ ანასტასიო სომოსა გარსიას, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ ძმებმა თავიანთი მეთოდები შეცვალეს. მათ სამეფო დარბაზი დალუქეს, პატარ-პატარა ჯგუფებად დაიწყეს შეკრება და ქუჩაში ქადაგება შეწყვიტეს, თუმცა სამეფოს ცნობას მაინც ქადაგებდნენ. ამასთან, აკრძალვის გაუქმების მიზნით მათ პეტიციით მიმართეს ნიკარაგუის უზენაეს სასამართლოს. გაზეთები იუწყებოდა აკრძალვის შესახებ და ავრცელებდა პეტიციის შინაარსს. უზენაესმა სასამართლომ თანხმობა განაცხადა საქმის მოსმენაზე. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ? 1953 წლის 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა ერთსულოვანი გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. სასამართლომ დაადგინა, რომ აკრძალვით ილახებოდა სიტყვის, სინდისისა და რწმენის გაცხადების კონსტიტუციური უფლება. აგრეთვე ბრძანა, რომ ნიკარაგუის მთავრობასა და იეჰოვას მოწმეებს შორის აღდგენილიყო პირვანდელი ურთიერთობა.

27. რატომ გააოგნა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნიკარაგუის მოსახლეობა და რას ფიქრობდნენ ძმები ამ გამარჯვებაზე?

27 ნიკარაგუელები გააოგნა იმან, რომ უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების მხარე დაიკავა. მანამდე სამღვდელოების გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ სასამართლო ერიდებოდა მათთან კონფლიქტს. ხელისუფლების წარმომადგენლების ძალაუფლებაც იმდენად ძლიერი იყო, რომ სასამართლო თითქმის არასდროს ეწინააღმდეგებოდა მათ გადაწყვეტილებებს. ძმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი გამარჯვების მიზეზი ზეციერი მეფის მფარველობა და შეუჩერებელი ქადაგება იყო (საქ. 1:8).

28, 29. მოულოდნელად როგორ შეიცვალა ვითარება ზაირში 1980-იანი წლების შუა ხანებში?

28 ზაირში (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) 1980-იანი წლების შუა ხანებში დაახლოებით 35 000 იეჰოვას მოწმე იყო. სამეფოს მზარდი საქმიანობის მხარდასაჭერად იქ ახალი ფილიალის მშენებლობა დაიწყო. 1985 წლის დეკემბერში დედაქალაქ კინშასაში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა, რომელზე დასასწრებადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 32 000 დელეგატი ჩავიდა. მაგრამ ამის შემდეგ მდგომარეობა მალევე შეიცვალა. რა მოხდა?

29 ამ პერიოდში ზაირში მსახურობდა კვებეკელი მისიონერი მარსელ ფილტო, რომელიც დიუპლესის რეჟიმის დროს იდევნებოდა. ის იხსენებს: „1986 წლის 12 მარტს პასუხისმგებელმა ძმებმა მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მოწმეების ასოციაცია ზაირში უკანონო იყო“. აკრძალვის განკარგულებას ხელს აწერდა ქვეყნის პრეზიდენტი მობუტუ სესე სეკო.

30. რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა ფილიალის კომიტეტი და რა გადაწყვეტილება მიიღეს მათ?

30 მეორე დღეს ეროვნული რადიოს ეთერში გავრცელდა განცხადება: „[ზაირში] იეჰოვას მოწმეების სახელს ამიერიდან აღარავინ გაიგონებს“. ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვა დევნა. სამეფო დარბაზებს ანადგურებდნენ, ძმებს ძარცვავდნენ, აპატიმრებდნენ და სცემდნენ. ბავშვებსაც კი არ ინდობდნენ და ციხეში სვამდნენ. 1988 წლის 12 ოქტომბერს ხელისუფლებამ მიისაკუთრა ორგანიზაციის ქონება და სამოქალაქო თავდაცვის რაზმმა ფილიალის ტერიტორია დაიკავა. პასუხისმგებელმა ძმებმა პრეზიდენტ მობუტუს მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ამ დროს ფილიალის კომიტეტი სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე იდგა — მიემართათ უზენაესი სასამართლოსთვის თუ მოეცადათ. მისიონერი ტიმოთი ჰოუმზი, რომელიც იმ დროს ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად მსახურობდა, იხსენებს: „იეჰოვას სიბრძნესა და ხელმძღვანელობას ვთხოვდით“. ლოცვისა და მსჯელობის შემდეგ კომიტეტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჯერ არ იყო იურიდიული ზომების მიღების დრო. ნაცვლად ამისა, მათ მთელი ყურადღება საძმოზე ზრუნვასა და ქადაგების გაგრძელების შესაძლებლობების ძიებაზე გადაიტანეს.

„სასამართლო პროცესის დროს ვხედავდით, როგორ ცვლიდა იეჰოვა მდგომარეობას“

31, 32. რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ზაირის უზენაესმა სასამართლომ და როგორ იმოქმედა ამან ჩვენს ძმებზე?

31 გავიდა რამდენიმე წელი. მოწმეებზე ზეწოლა შესუსტდა და ქვეყანაში უფრო მეტად დაიწყეს ადამიანის უფლებების დაცვა. ფილიალის კომიტეტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დადგა დრო, ჩვენი საქმიანობის აკრძალვა ზაირის უზენაეს სასამართლოში გაესაჩივრებინათ. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლო დათანხმდა საქმის მოსმენას. 1993 წლის 8 იანვარს, პრეზიდენტის გამოცემული აკრძალვიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგ, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოწმეების წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედება და აკრძალვა მოხსნა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა ეს! მოსამართლეებმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმეს! ძმა ჰოუმზი ამბობს: „სასამართლო პროცესის დროს ვხედავდით, როგორ ცვლიდა იეჰოვა მდგომარეობას“ (დან. 2:21). ამ გამარჯვებამ ძმებს რწმენა განუმტკიცა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ზეციერი მეფე, იესო, ხელმძღვანელობდა თავის ხალხს, რათა სცოდნოდათ, როდის და როგორ ემოქმედათ.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოწმეები ხარობენ თაყვანისცემის თავისუფლებით

32 აკრძალვის მოხსნის შემდეგ ფილიალს მისიონერების ჩაყვანის, ახალი ფილიალის აშენებისა და ქვეყანაში ბიბლიური ლიტერატურის შეტანის უფლება მისცეს. f მთელ მსოფლიოში ღვთის მსახურები ხარობენ, როცა ხედავენ, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავისი ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე (ეს. 52:10).

„იეჰოვაა ჩემი შემწე“

33. რა ვისწავლეთ ამ რამდენიმე სასამართლო საქმის განხილვიდან?

33 ამ ზოგიერთი იურიდიული საქმის განხილვა ადასტურებს, რომ იესო ასრულებს თავის დანაპირებს: „მე დაგიდებთ ბაგეზე სიბრძნეს, რომელსაც თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც ვერ შეეწინააღმდეგებიან და ვერ შეედავებიან“ (წაიკითხეთ ლუკას 21:12—15). აშკარაა, რომ დროდადრო იეჰოვა თავისი ხალხის დასაცავად აღძრავდა თანამედროვე გამალიელებს ანუ გაბედულ მოსამართლეებსა და ადვოკატებს უბიძგებდა, სამართლის მხარე დაეკავებინათ. იეჰოვამ არაერთხელ დაუკარგა ძალა მოწინააღმდეგეების იარაღს (წაიკითხეთ ესაიას 54:17). ღვთის საქმეს წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს.

34. რატომ არის ჩვენი იურიდიული გამარჯვებები განსაკუთრებით აღსანიშნავი და რას ადასტურებს ისინი? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ სამეფოს შესახებ ქადაგების სასარგებლოდ მაღალი ინსტანციის სასამართლოებში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებები“)

34 რატომ არის ჩვენი იურიდიული გამარჯვებები განსაკუთრებით აღსანიშნავი? იეჰოვას მოწმეები არც გამოჩენილები ვართ და არც გავლენიანები. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებსა თუ პოლიტიკურ კამპანიებში და არც პოლიტიკოსების ლობირებას ვცდილობთ. უფრო მეტიც, ისინი, ვისაც მაღალი ინსტანციის სასამართლოების წინაშე მოუწია წარდგომა, ძირითადად, „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანები იყვნენ (საქ. 4:13). ასე რომ, ადამიანური თვალსაზრისით სასამართლოები მოტივირებულები არ უნდა იყვნენ, რომ ძლიერი და გავლენიანი რელიგიური თუ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის არასასურველი გადაწყვეტილებები მიიღონ და ჩვენ დაგვიცვან. მიუხედავად ამისა, სასამართლოებს არაერთხელ მიუღიათ გადაწყვეტილებები ჩვენ სასარგებლოდ. ჩვენი იურიდიული გამარჯვებები ადასტურებს, რომ „ღვთის წინაშე [დავდივართ] ქრისტესთან ერთად“ (2 კორ. 2:17). მოციქული პავლეს მსგავსად ჩვენც ვაცხადებთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ებრ. 13:6).

a ეს საქმე, „კანტუელი კონექტიკუტის შტატის წინააღმდეგ“, პირველი იყო იმ 43 საქმეს შორის, რომლებიც ძმა ჰეიდენ კოვინგტონმა ძმების უფლებების დასაცავად აშშ-ის უზენაეს სასამართლოს წარუდგინა. ძმა კოვინგტონი 1978 წელს გარდაიცვალა. მისი ქვრივი დოროთი ერთგულად მსახურობდა სიცოცხლის ბოლომდე. 2015 წელს ის 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

b ბრალდება ეფუძნებოდა 1606 წელს მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ ადამიანის დამნაშავედ ცნობა, თუ მათი აზრით, მისი სიტყვები, თუნდაც სიმართლე, შუღლს აღვივებდა.

c კვებეკში 1950 წელს 164 სრული დროით მსახური იყო. მათ შორის იყო „გალაადის“ 63 კურსდამთავრებული, რომლებიც მოსალოდნელი წინააღმდეგობის მიუხედავად მზადყოფნით ჩავიდნენ იქ.

d ძმა გლენ ჰაუ იყო გაბედული და პროფესიონალი ადვოკატი, რომელიც 1943—2003 წლებში კანადასა თუ მის ფარგლებს გარეთ იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულ ასობით სასამართლო პროცესში მონაწილეობდა.

e ამ საქმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. სტატია „ბრძოლა თქვენი კი არ არის, არამედ ღვთის!“ 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 18—24.

f სამოქალაქო თავდაცვის რაზმმა საბოლოოდ დატოვა ფილიალის ტერიტორია, თუმცა ახალი ფილიალი სხვა ადგილას აშენდა.