არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 16

თაყვანისმცემლობისთვის ერთად შეკრება

თაყვანისმცემლობისთვის ერთად შეკრება

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ ხდებოდა კრების შეხვედრების ჩამოყალიბება და რამდენად მნიშვნელოვანია ისინი

1. როდის შეიკრიბნენ მოწაფეები ერთად, რა დახმარება მიიღეს და რატომ სჭირდებოდათ ის?

 იესოს მკვდრეთით აღდგომიდან მალევე მოწაფეები ერთმანეთის გასამხნევებლად შეიკრიბნენ და მტრის შიშით კარი ჩარაზეს. მაგრამ მათი შიში უკვალოდ გაქრა, როცა იესო გამოეცხადა და უთხრა მათ: „მიიღეთ წმინდა სული“ (წაიკითხეთ იოანეს 20:19—22). მოგვიანებით მოწაფეები კვლავ შეიკრიბნენ ერთად და მათზე იეჰოვას წმინდა სული გადმოვიდა. ეს ძალა მათ იმ სამქადაგებლო საქმის შესრულებაში დაეხმარებოდა, რომელიც წინ ელოდათ (საქ. 2:1—7).

2. ა) რისი მეშვეობით გვაძლიერებს იეჰოვა და რატომ გვჭირდება ეს ძალა? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახთან ერთად თაყვანისცემა? (იხ. სქოლიო და ჩარჩო „ ოჯახთან ერთად თაყვანისცემა“)

2 პირველ საუკუნეში მცხოვრები ძმების მსგავსად ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს (1 პეტ. 5:9). ზოგჯერ შეიძლება კაცთმოშიშება დაგვეუფლოს. ქადაგება რომ არ შევწყვიტოთ, იეჰოვას ძალა გვჭირდება (ეფეს. 6:10). ამ ძალას იეჰოვა ძირითადად შეხვედრების მეშვეობით გვაძლევს. ამჟამად კვირაში ორი შეხვედრა გვაქვს: საჯარო შეხვედრა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა და შუა კვირის შეხვედრა, რომელსაც ეწოდება „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. a გარდა ამისა, ყოველ წელს ოთხჯერ ვიკრიბებით რეგიონულ, ორ სარაიონო კონგრესსა და ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა შეხვედრაზე დასწრება? როგორ ხდებოდა ჩვენი შეხვედრების ჩამოყალიბება? რას ცხადყოფს ჩვენზე შეხვედრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება?

რატომ უნდა შევიკრიბოთ ერთად?

3, 4. რას მოითხოვს იეჰოვა თავისი ხალხისგან? მოიყვანეთ მაგალითები.

3 იეჰოვა ოდითგანვე მოითხოვდა, რომ მისი ხალხი მის თაყვანსაცემად შეკრებილიყო. მაგალითად, ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ ისრაელს კანონი მისცა, რომლის თანახმადაც ყველა ოჯახი ყოველ შაბათს უნდა შეკრებილიყო მის თაყვანსაცემად და კანონის შესასწავლად (კან. 5:12; 6:4—9). როცა ისრაელები ითვალისწინებდნენ ამ მითითებას, ოჯახები ძლიერდებოდა და მთელი ერი სულიერ სიწმინდესა და სიმტკიცეს ინარჩუნებდა. მაგრამ, როცა ერი არ იცავდა კანონს და რეგულარულად არ იკრიბებოდა იეჰოვას თაყვანსაცემად, ისინი იეჰოვას კეთილგანწყობას კარგავდნენ (ლევ. 10:11; 26:31—35; 2 მატ. 36:20, 21).

4 საყურადღებოა იესოს მაგალითიც. მას ჩვევად ჰქონდა ყოველ შაბათს სინაგოგაში სიარული (ლუკ. 4:16). იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მისი მოწაფეები რეგულარულად იკრიბებოდნენ მიუხედავად იმისა, რომ შაბათის კანონის დაცვა აღარ ევალებოდათ (საქ. 1:6, 12—14; 2:1—4; რომ. 14:5; კოლ. 2:13, 14). ამ შეხვედრებზე პირველი საუკუნის ქრისტიანები მხოლოდ რჩევა-დარიგებებს კი არ იღებდნენ და მხნევდებოდნენ, არამედ ლოცვებით, კომენტარებითა და სიმღერებით ქების მსხვერპლს უძღვნიდნენ ღმერთს (კოლ. 3:16; ებრ. 13:15).

იესოს მოწაფეები ერთმანეთის გასაძლიერებლად და გასამხნევებლად იკრიბებოდნენ

5. რატომ ვესწრებით კრების შეხვედრებსა და კონგრესებს? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ ყოველწლიური შეხვედრები, რომლებიც ღვთის ხალხს აერთიანებს“)

5 მსგავსად, ყოველკვირეულ შეხვედრებსა და ყოველწლიურ კონგრესებზე დასწრებით მხარს ვუჭერთ ღვთის სამეფოს, წმინდა სულით ვძლიერდებით და ჩვენი რწმენით სხვებს ვამხნევებთ. რაც მთავარია, ლოცვებით, კომენტარებითა და სიმღერებით იეჰოვას ვცემთ თაყვანს. შესაძლოა ჩვენი შეხვედრები საკმაოდ განსხვავდება იმ შეხვედრებისგან, რომლებსაც ისრაელები და პირველი საუკუნის ქრისტიანები ესწრებოდნენ, მაგრამ მათ მნიშვნელობა არ დაუკარგავთ. როგორ ხდებოდა ჩვენი შეხვედრების ჩამოყალიბება?

ყოველკვირეული შეხვედრები, რომლებიც „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ წაგვახალისებს

6, 7. ა) რა არის ჩვენი შეხვედრების მიზანი? ბ) როგორ ატარებდა შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფი?

6 ჩარლზ ტეიზ რასელმა ღვთის სიტყვაში ჭეშმარიტების ძიების დაწყებისთანავე დაინახა თანამოაზრეებთან ერთად შეკრების აუცილებლობა. 1879 წელს რასელი წერდა: „სხვა პიტსბურგელებთან ერთად ჩამოვაყალიბე ბიბლიური გაკვეთილები წმინდა წერილების გამოსაკვლევად და მათ ყოველ კვირას ვატარებდით“. „სიონის საგუშაგო კოშკი“ მკითხველებს მოუწოდებდა, ერთად შეკრებილიყვნენ. 1881 წლისთვის პიტსბურგში (პენსილვანია) კვირაობით და ოთხშაბათობით ტარდებოდა შეხვედრები. როგორც 1895 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, ამ შეხვედრების მიზანი იყო, დამსწრეთ განევითარებინათ „ქრისტიანული მეგობრობა, სიყვარული და ერთობა“ და ერთმანეთი გაემხნევებინათ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25).

7 ბიბლიის მკვლევრების ჯგუფები წლების მანძილზე სხვადასხვა სიხშირით და სხვადასხვანაირად ატარებდნენ შეხვედრებს. მაგალითად, 1911 წელს „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებში არსებული ერთი ჯგუფის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი ყოველკვირა სულ მცირე ხუთჯერ იკრიბებოდნენ — ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს თითოჯერ, კვირას კი ორჯერ. 1914 წელს გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც აფრიკიდან იყო, ეწერა: „თვეში ორჯერ ვიკრიბებით. შეხვედრა პარასკევიდან კვირის ჩათვლით გრძელდება“. დროთა განმავლობაში შეხვედრებმა დღევანდელი სახე მიიღო. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული შეხვედრის განვითარების ისტორია.

8. რომელ საკითხებს ეხებოდა პირველი საჯარო მოხსენებები?

8 საჯარო შეხვედრა. „სიონის საგუშაგო კოშკის“ პირველი ნომრის გამოქვეყნებიდან ერთ წელიწადში, 1880 წელს, ძმა რასელმა მიჰბაძა იესოს მაგალითს და სამქადაგებლო მოგზაურობა დაიწყო (ლუკ. 4:43). მოგზაურობის დროს მან ძმებს აჩვენა, როგორ უნდა ჩატარებულიყო შეხვედრა, რომელიც დღეს საჯარო შეხვედრის სახელით არის ცნობილი. ამ მოგზაურობის შესახებ „საგუშაგო კოშკში“ გაკეთდა განცხადება, რომ ძმა რასელი «საჯარო შეხვედრებზე დიდი სიამოვნებით იმსჯელებდა „ღვთის სამეფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე“». 1911 წლისთვის მრავალ ქვეყანაში ჩამოყალიბდა კრებები. მათ მოუწოდებდნენ, შესაფერისი მომხსენებლები გაეგზავნათ ახლომდებარე ტერიტორიებზე ექვსი მოხსენების წასაკითხად, რომლებშიც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა გასამართლება და გამოსასყიდი. მოხსენების შემდეგ ცხადდებოდა მომდევნო კვირის თემა და მომხსენებლის სახელი.

9. როგორ იცვლებოდა წლების მანძილზე საჯარო შეხვედრა და როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ამ ღონისძიებას?

9 „საგუშაგო კოშკში“ 1945 წელს გაკეთდა განცხადება, რომ მთელ მსოფლიოში ჩატარდებოდა საჯარო შეხვედრების კამპანია. ამ კამპანიის დროს წაიკითხებოდა რვა ბიბლიური მოხსენება, რომლებიც „აქტუალურ პრობლემებს“ ეხებოდა. ათეულობით წლის მანძილზე დანიშნული მომხსენებლები ერთგული მონის მიერ მოწოდებული თემების გარდა კითხულობდნენ მოხსენებებს, რომლებიც თავად ჰქონდათ შედგენილი. მაგრამ 1981 წელს ძმებს მითითება მიეცათ, რომ თავიანთი მოხსენებები ორგანიზაციის მიერ შედგენილ გეგმებზე დაეფუძნებინათ. b 1990 წლამდე ზოგიერთი მოხსენება ისე იყო შედგენილი, რომ აუდიტორიასაც მიეღო მონაწილეობა ან ინსცენირება დაედგა. მაგრამ იმ წელს მომხსენებლებმა მიიღეს მითითებები, რომ საჯარო შეხვედრაზე მხოლოდ მოხსენება წაკითხულიყო. კიდევ ერთი ცვლილება 2008 წლის იანვარში მოხდა — საჯარო მოხსენების ხანგრძლივობა 45 წუთიდან 30 წუთამდე შემცირდა. ცვლილებების მიუხედავად, კარგად მომზადებული საჯარო მოხსენებები კვლავაც გვიმტკიცებს ღვთის სიტყვისადმი რწმენას და ბევრ რამეს გვასწავლის ღვთის სამეფოს შესახებ (1 ტიმ. 4:13, 16). სიხარულით იწვევთ ამ მნიშვნელოვანი ბიბლიური მოხსენებების მოსასმენად ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც განმეორებით ინახულებთ?

10—12. ა) წლების მანძილზე როგორ იცვლებოდა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

10 „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა. 1922 წელს პილიგრიმები ანუ მომსახურე ძმები, რომლებიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ კრებებში მოხსენებების წასაკითხად და სამქადაგებლო საქმისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად გაგზავნა, მოუწოდებდნენ კრებებს, რეგულარულად შეკრებილიყვნენ „საგუშაგო კოშკის“ შესასწავლად. ძმებმა გაითვალისწინეს ეს რჩევა და თავიდან „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ან შუა კვირაში ატარებდნენ, ან კვირა დღეს.

„საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, განა, 1931

11 „საგუშაგო კოშკის“ 1932 წლის 15 ივნისის ნომერში ამ შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებითი მითითებები იყო მოცემული. ნიმუშად აღებული იყო ბეთელში ჩატარებული „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა და ნათქვამი იყო, რომ ამ შეხვედრას ძმა უნდა წაძღოლოდა. სამი ძმა უნდა მჯდარიყო აუდიტორიის წინაშე და რიგრიგობით უნდა წაეკითხათ აბზაცები. იმ დროს სტატიებს განსახილველი კითხვები არ ჰქონდა, ამიტომ ჩამტარებელს უნდა ეთხოვა აუდიტორიისთვის, რომ მასალის გარშემო კითხვები დაესვათ და დასმულ კითხვებზე პასუხები გაეცათ. თუ დამატებითი ახსნა-განმარტება იქნებოდა საჭირო, ჩამტარებელს „მოკლედ და კონკრეტულად“ უნდა გაეკეთებინა ეს.

12 თავიდან კრებებს შეეძლოთ თავად აერჩიათ ჟურნალი, რომლის განხილვაც უმეტესობას ენდომებოდა. მაგრამ 1933 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იყო რჩევა, რომ ყველა კრებას უახლოესი ნომერი განეხილა. 1937 წელს ძმებს მიეცათ მითითება, რომ ეს შეხვედრა კვირაობით ჩაეტარებინათ. 1942 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ ახალი მითითებების გამოქვეყნების შემდეგ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა კიდევ უფრო დაიხვეწა და დღევანდელი სახე მიიღო. ჟურნალში ეწერა, რომ სასწავლო სტატიებში თითოეული გვერდის ბოლოს დაიბეჭდებოდა განსახილველი კითხვები და რომ შეხვედრა ერთსაათიანი უნდა ყოფილიყო. ჟურნალი მოუწოდებდა ყველას, აბზაციდან მონაკვეთების წაკითხვის ნაცვლად, „საკუთარი სიტყვებით“ გაეცათ პასუხი. დღემდე „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა იმ შეხვედრად რჩება, რომლის მეშვეობითაც ერთგული მონა დროულად გვაწვდის სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ყოველთვის კარგად ვემზადები „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის? ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მივიღო მონაწილეობა განხილვაში?

13, 14. როგორ ყალიბდებოდა კრების ბიბლიის შესწავლა და რატომ მოგწონთ ეს შეხვედრა?

13 კრების ბიბლიის შესწავლა. 1890-იანი წლების დასაწყისში, როცა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ რამდენიმე ტომი უკვე გამოქვეყნებული იყო, ქალაქ ბალტიმორში (მერილენდი, აშშ) მცხოვრებმა ბიბლიის მკვლევარმა, ძმა ჰ. რანმა, ძმებს შესთავაზა, ჩამოეყალიბებინათ ბიბლიის შესასწავლი წრე სახელწოდებით „გარიჟრაჟი“. თავიდან ეს შეხვედრა, რომელიც ხშირად სახლებში ტარდებოდა, საცდელი იყო. მაგრამ 1895 წლის სექტემბრისთვის ეს შეხვედრები შეერთებული შტატების მრავალ ქალაქში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ამიტომ იმ თვის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იყო რჩევა, რომ ჭეშმარიტების ყველა შემსწავლელს ჩაეტარებინა ეს შეხვედრა. ჩამტარებელს კარგად უნდა სცოდნოდა კითხვა. მას წინადადება-წინადადება უნდა წაეკითხა ტექსტი, დამსწრეებს კი კომენტარები უნდა გაეკეთებინათ. აბზაცის განხილვის შემდეგ მას აბზაცში მოყვანილი ბიბლიური მუხლები უნდა ამოეკითხა. მთლიანი თავის განხილვის შემდეგ თითოეულ დამსწრეს მოკლედ უნდა მიმოეხილა მასალა.

14 ამ შეხვედრის სახელწოდება არაერთხელ შეიცვალა. ერთ დროს მას „ბიბლიის შესწავლის ბერეულ წრეს“ უწოდებდნენ. ამ სახელს საფუძვლად დაედო ჩანაწერი პირველ საუკუნეში მცხოვრები ბერეელების შესახებ, რომლებიც გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს (საქ. 17:11). დროთა განმავლობაში ეს შეხვედრა კრების წიგნის შესწავლის სახელით გახდა ცნობილი, დღეს კი კრების ბიბლიის შესწავლა ეწოდება. ეს შეხვედრა სამეფო დარბაზში ტარდება მთელი კრებისთვის და არა საკუთარ სახლებში პატარა ჯგუფებისთვის. წლების მანძილზე ამ შეხვედრაზე განიხილებოდა სხვადასხვა წიგნი, ბროშურა და „საგუშაგო კოშკის“ სტატიებიც კი. დამსწრეებს თავიდანვე მოუწოდებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ მასში. ამ შეხვედრის წყალობით კრების წევრთა ბიბლიურმა ცოდნამ საგრძნობლად იმატა. რეგულარულად ემზადებით კრების ბიბლიის შესწავლისთვის და შეძლებისდაგვარად მონაწილეობთ მასში?

15. რა იყო თეოკრატიული მსახურების სკოლის მიზანი?

15 თეოკრატიული მსახურების სკოლა. „1942 წლის 16 თებერვალს, ორშაბათ საღამოს, ბრუკლინის ბეთელის ოჯახის ყველა ძმას მოუწოდებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში, რომელიც მოგვიანებით თეოკრატიული მსახურების სკოლის სახელით გახდა ცნობილი“, — იხსენებდა კერი ბარბერი, რომელიც იმ დროს ნიუ-იორკში, მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობდა. ძმა ბარბერმა, რომელიც წლების შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, თქვა, რომ ამ სკოლის დაფუძნება „ჩვენს დროში . . . იეჰოვას ხელმძღვანელობის ნათელი მტკიცება იყო“. სწავლების ეს კურსი დაეხმარა ძმებს, დახვეწილიყვნენ როგორც მასწავლებლები და მქადაგებლები. ამიტომ ძმების გადაწყვეტილებით 1943 წლიდან მსოფლიოს ყველა კრებისთვის თანდათანობით ხელმისაწვდომი გახდა ბროშურა „თეოკრატიული მსახურების კურსი“. როგორც 1943 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, თეოკრატიული მსახურების სკოლის მიზანი ის იყო, რომ ღვთის ხალხს „უკეთ მოემზადებინა საკუთარი თავი სამეფოს ცნობის გასაცხადებლად“ (2 ტიმ. 2:15).

16, 17. მხოლოდ ორატორულ ხელოვნებას ვეუფლებოდით თეოკრატიული მსახურების სკოლაში? ახსენით.

16 თავიდან დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ბევრს ტანჯვის ფასად უჯდებოდა. კლეიტონ ვუდვორთი, რომლის მამაც ძმა რუტერფორდთან და სხვა ძმებთან ერთად 1918 წელს უსამართლოდ იყო დაპატიმრებული, იხსენებდა, თუ რას გრძნობდა, როცა პირველად 1943 წელს სკოლაში გამოვიდა დავალებით. მან თქვა: „მოხსენებით გამოსვლა ძალიან მიჭირდა. ენა მებმოდა, პირი საშინლად მიშრებოდა და ხმა ხან მიბოხდებოდა, ხან მიწვრილდებოდა“. დროთა განმავლობაში ძმა ვუდვორთი დახელოვნებული მომხსენებელი გახდა და ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით დიდი აუდიტორიის წინაშე. თუმცა სკოლამ მას ორატორულ ხელოვნებაზე მეტი ასწავლა და თავმდაბლობისა და იეჰოვაზე მინდობის აუცილებლობა დაანახვა. მან თქვა: „მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი მომხსენებლი არ არის. მაგრამ, თუ ის კარგად მოემზადება და სრულად მიენდობა იეჰოვას, მსმენელი სიამოვნებით მოუსმენს და რაღაც ახალს ისწავლის“.

17 დებისთვის თეოკრატიული მსახურების სკოლაში ჩაწერა 1959 წლიდან გახდა შესაძლებელი. და ედნა ბაუერი იხსენებს კონგრესზე გაკეთებულ განცხადებას: „მახსოვს, რამხელა სიხარული გამოიწვია ამის მოსმენამ დებში. ახლა მათ მეტის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ“. წლების მანძილზე მრავალმა და-ძმამ გამოიყენა შესაძლებლობა და ჩაეწერა თეოკრატიული მსახურების სკოლაში, რათა იეჰოვას მიერ განსწავლულიყო. დღეს მსგავს დასწავლებას ვიღებთ შუა კვირის შეხვედრაზე (წაიკითხეთ ესაიას 54:13).

18, 19. ა) დღეს როგორ ვიღებთ პრაქტიკულ რჩევებს მსახურების შესასრულებლად? ბ) რატომ ვმღერით ჩვენს შეხვედრებზე? (იხ. ჩარჩო „ ჭეშმარიტების მღერა“)

18 სამსახურებრივი შეხვედრა. სამქადაგებლო საქმისთვის ორგანიზების გასაწევად შეხვედრები ჯერ კიდევ 1919 წელს ტარდებოდა. იმ დროს ამ შეხვედრებს მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ლიტერატურის გავრცელებაში. 1923 წლიდან მსახურების შეხვედრა თვეში ერთხელ ტარდებოდა და ჯგუფის ან კრების ყველა წევრი უნდა დასწრებოდა მას. 1928 წელს კრებებს მოუწოდებდნენ, ყოველკვირეულად ჩაეტარებინათ მსახურების შეხვედრა, 1935 წელს კი „საგუშაგო კოშკში“ მოცემული იყო რჩევა, რომ სამსახურებრივი შეხვედრის დროს გამოეყენებინათ ინფორმაცია „ხელმძღვანელიდან“ (მოგვიანებით ეწოდა „ინფორმატორი“, შემდეგ კი — „ჩვენი სამეფო მსახურება“). მალე ეს შეხვედრა ყველა კრებაში რეგულარულად ტარდებოდა.

19 დღეს შუა კვირის შეხვედრაზე კვლავაც ვიღებთ პრაქტიკულ რჩევებს სამქადაგებლო საქმიანობის შესასრულებლად (მათ. 10:5—13). თუ მაუწყებელი ხარ და იღებ ამ შეხვედრის პროგრამას სავარჯიშოებით, იკვლევ მას და ითვალისწინებ მსახურების დროს მასში ჩაწერილ რჩევებს?

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა

ახ. წ. პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანებს ყოველ წელს უნდა აღენიშნათ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო (იხ. აბზაცი 20)

20—22. ა) რატომ აღვნიშნავთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს? ბ) რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის ყოველწლიურად გახსენების საღამოზე დასწრებას?

20 იესოს მიმდევრებს მითითება მიეცათ, რომ იესოს მოსვლამდე მისი სიკვდილის გახსენების საღამო აღენიშნათ. პასექის მსგავსად გახსენების საღამო წელიწადში ერთხელ ტარდება (1 კორ. 11:23—26). ყოველწლიურად ამ შეხვედრაზე მილიონობით ადამიანი იკრიბება. ეს შეხვედრა ცხებულ ქრისტიანებს ახსენებს, რომ მათ ღვთის სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეებად ყოფნის პატივი აქვთ (რომ. 8:17), სხვა ცხვარს კი ღვთის სამეფოს მეფისადმი ღრმა პატივისცემასა და ერთგულებას უღვივებს (იოან. 10:16).

21 ძმა რასელსა და მის თანამოაზრეებს ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა. მათ იცოდნენ, რომ ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა აღენიშნათ. „საგუშაგო კოშკის“ 1880 წლის აპრილის გამოცემაში ნათქვამია: „უკვე წლებია, რაც აქ პიტსბურგში მრავალი ჩვენგანი . . . პასექს [გახსენების საღამოს] აღნიშნავს და უფლის სხეულისა და სისხლის სიმბოლოებს იღებს“. მალევე გახსენების საღამოს პერიოდში კონგრესების ჩატარება დაიწყეს. ასეთი ღონისძიების ჩატარების პირველი მონაცემები 1889 წელს დაფიქსირდა. ამ შეხვედრას 225 ადამიანი დაესწრო და 22 მოინათლა.

22 დღეს გახსენების საღამო კონგრესის პროგრამის ნაწილი აღარ არის. ჩვენს სამეზობლოში მცხოვრებ ყველა ადამიანს ვეპატიჟებით ამ შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივ სამეფო დარბაზში ან დაქირავებულ შენობაში ვატარებთ. 2013 წელს 19 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს. მართლაც დიდი პატივია, რომ არა მარტო დავესწროთ ამ შეხვედრას, არამედ სხვებსაც მოვუწოდოთ ჩვენთან ერთად აღნიშნონ ეს წმინდა საღამო! ცდილობ, ყოველწლიურად სიხარულითა და ენთუზიაზმით მოიწვიო გახსენების საღამოზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი?

რას ცხადყოფს ჩვენი დამოკიდებულება

23. რა დამოკიდებულება გაქვთ ერთად შეკრების მიმართ?

23 იეჰოვას ერთგული მსახურები ერთად შეკრების შესახებ ბიბლიურ მითითებას დამამძიმებლად არ მიიჩნევენ (ებრ. 10:24, 25; 1 იოან. 5:3). მაგალითად, მეფე დავითს უყვარდა იეჰოვას სახლში თაყვანსაცემად მისვლა (ფსალმ. 27:4). მას განსაკუთრებით სიამოვნებდა ღვთის მოყვარულებთან ერთად მისვლა ღვთის სახლში (ფსალმ. 35:18). რის თქმა შეიძლება იესოზე? მას სიყმაწვილეშიც კი ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ზეციერი მამის თაყვანისცემის სახლში ყოფილიყო (ლუკ. 2:41—49).

ერთად შეკრების სურვილი ცხადყოფს, რამდენად რეალურია ღვთის სამეფო თითოეული ჩვენგანისთვის

24. რისი საშუალება გვეძლევა შეხვედრებზე?

24 კრების შეხვედრებზე დასწრებით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და გვინდა თანაქრისტიანების გამხნევება. აგრეთვე გამოვხატავთ სურვილს, ვიცოდეთ, როგორ ვიცხოვროთ როგორც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებმა, რასაც ძირითადად კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე ვსწავლობთ. გარდა ამისა, კრების შეხვედრები გვხვეწს და გვაძლიერებს იმ მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად, რაც ღვთის სამეფოს მეშვეობით სრულდება დღეს — ხალხის მომზადება მეფე იესო ქრისტეს მოწაფეებად (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20). ეჭვგარეშეა, ერთად შეკრების სურვილი ცხადყოფს, რამდენად რეალურია ღვთის სამეფო თითოეული ჩვენგანისთვის. მოდი ყოველთვის დავაფასოთ ჩვენი შეხვედრები!

a ყოველკვირეული კრების შეხვედრების გარდა, სასურველია, თითოეულმა ოჯახმა ან ცალკეულმა ქრისტიანმა დრო გამოყოს ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის ან პირადი შესწავლისთვის.

b 2013 წელს ძმებისთვის 180-ზე მეტი საჯარო მოხსენების გეგმა იყო ხელმისაწვდომი.