არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 17

სამეფოს მსახურთა მომზადება

სამეფოს მსახურთა მომზადება

ამ თავიდან შევიტყობთ:

როგორ ამზადებს თეოკრატიული სკოლები სამეფოს მსახურებს სხვადასხვა დავალების შესასრულებლად

1—3. რა გააკეთა იესომ სამქადაგებლო საქმიანობის გასაფართოებლად და რა კითხვები იბადება?

 იესო ორი წლის მანძილზე ქადაგებდა გალილეაში (წაიკითხეთ მათეს 9:35—38). ის მოგზაურობდა მრავალ ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა სინაგოგებში და ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. მის გარშემო დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. „სამკალი ბევრია“, — აღნიშნა იესომ. ამიტომ მუშაც ბევრი იყო საჭირო.

2 იესომ იზრუნა სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებაზე. მან 12 მოციქული გაგზავნა, „რომ ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 9:1, 2). ალბათ, მოციქულებს აინტერესებდათ, როგორ უნდა შეესრულებინათ ქადაგების საქმე. ვიდრე გაუშვებდა, იესომ ისევე მოამზადა ისინი საქადაგებლად, როგორც მას ამზადებდა მისი ზეციერი მამა.

3 იბადება კითხვები: როგორ მოამზადა იესო მამამ? როგორ მოამზადა იესომ თავისი მოციქულები? დღესაც ამზადებს ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, თავის მიმდევრებს მსახურებისთვის? როგორ აკეთებს ამას?

„როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“

4. სად და როდის ასწავლიდა იესოს მამა?

4 იესო არ მალავდა, რომ ცოდნა მამისგან მიიღო. მსახურების დროს ის ამბობდა: „როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოან. 8:28). სად და როდის ასწავლიდა იესოს მამა? როგორც ჩანს, იეჰოვამ პირმშოს განათლება მისი შექმნისთანავე დაიწყო (კოლ. 1:15). ზეცაში ძე უთვალავი წლის მანძილზე უსმენდა და აკვირდებოდა „დიდებულ მოძღვარს“ (ეს. 30:20). შედეგად, მან უბადლო ცოდნა მიიღო თავისი მამის თვისებების, საქმეებისა და განზრახვების შესახებ.

5. რა ასწავლა მამამ ძეს დედამიწაზე მსახურების შესასრულებლად?

5 დროთა განმავლობაში იეჰოვამ ასწავლა ძეს, როგორ შეესრულებინა თავისი დავალება დედამიწაზე. ვნახოთ, როგორ არის აღწერილი ესაიას წინასწარმეტყველებაში დიდებული მოძღვრისა და მისი პირმშოს ურთიერთობა (წაიკითხეთ ესაიას 50:4, 5). მასში ნათქვამია, რომ იეჰოვა „ყოველ დილით“ აღვიძებდა თავის ძეს. ამ სიტყვების კითხვისას თვალწინ წარმოგვიდგება მასწავლებელი, რომელიც დილაადრიან აღვიძებს მოსწავლეს, რომ ასწავლოს. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია: „იეჰოვას . . . თითქოს მოსწავლესავით მიჰყავს ის სკოლაში და ასწავლის, რა და როგორ იქადაგოს“. ამ ზეციურ „სკოლაში“ იეჰოვამ ასწავლა თავის ძეს, რა უნდა ელაპარაკა (იოან. 12:49). მამამ თავისი ძე მასწავლებლადაც მოამზადა. a დედამიწაზე იესომ შესანიშნავად გამოიყენა ნასწავლი არა მხოლოდ თავისი მსახურების შესასრულებლად, არამედ მსახურებისთვის თავისი მიმდევრების მოსამზადებლადაც.

6, 7. ა) როგორ მოამზადა იესომ თავისი მოციქულები და რა მიზნით? ბ) დღეს რა მიზნით აძლევს განათლებას იესო თავის მიმდევრებს?

6 როგორ მოამზადა იესომ თავისი მოციქულები? მათეს მე-10 თავის თანახმად, მსახურების შესასრულებლად მან კონკრეტული მითითებები მისცა მათ, მაგალითად, სად ექადაგათ (მუხლები 5, 6), რა ცნობა გადაეცათ (მუხლი 7), რაში უნდა მინდობოდნენ იეჰოვას (მუხლები 9, 10), როგორ უნდა მოქცეულიყვნენ საუბრის დაწყების (მუხლები 11—13), უარის თქმისა (მუხლები 14, 15) და დევნის დროს (მუხლები 16—23). b ამ ნათელი მითითებებით იესომ ისინი პირველ საუკუნეში სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად მოამზადა.

7 დღეს რას აკეთებს იესო? ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, უმნიშვნელოვანეს დავალებას აძლევს თავის მიმდევრებს — იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ . . . მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). გვამზადებს ჩვენი მეფე ამ საყოველთაოდ მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად? რა თქმა უნდა. ის ზრუნავს, რომ მისმა მიმდევრებმა სათანადო განათლება მიიღონ ხალხთან საქადაგებლად და კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობის შესასრულებლად.

მომზადება სასიხარულო ცნობის საქადაგებლად

8, 9. ა) რა იყო თეოკრატიული მსახურების სკოლის უმთავრესი მიზანი? ბ) როგორ გეხმარებათ შუა კვირის შეხვედრა, მეტად დახელოვნდეთ მსახურებაში?

8 იეჰოვას ორგანიზაცია დიდი ხანია, რაც კონგრესებსა და კრების შეხვედრებს ღვთის ხალხის მსახურებისთვის მოსამზადებლად იყენებს. ამასთან, მთავარ სამმართველოში მომსახურე პასუხისმგებელი ძმების ხელმძღვანელობით 1940-იანი წლებიდან არაერთ სკოლას ჩაეყარა საფუძველი.

9 თეოკრატიული მსახურების სკოლა. როგორც წინა თავიდან გავიგეთ, ეს სკოლა 1943 წელს დაარსდა. მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა ის, რომ მოსწავლეები კრების შეხვედრებზე კარგი მოხსენებების წარმოსათქმელად მოემზადებინა? რა თქმა უნდა, არა. სკოლის უმთავრესი მიზანი იყო, ღვთის ხალხისთვის ესწავლებინა, როგორ გამოეყენებინათ მეტყველების უნარი მსახურებაში იეჰოვას განსადიდებლად (ფსალმ. 150:6). ამ სკოლის მეშვეობით და-ძმები უფრო დახელოვნებული მსახურები გახდნენ. დღეს მსგავს დასწავლებას შუა კვირის შეხვედრაზე ვიღებთ.

10, 11. ვის იწვევენ დღეს სკოლა „გალაადში“ და რა არის სკოლის სასწავლო პროგრამის მიზანი?

10 „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“. სკოლამ, რომელიც დღეს ამ სახელით არის ცნობილი, 1943 წლის 1 თებერვალს, ორშაბათ დღეს დაიწყო ფუნქციონირება. თავდაპირველად სკოლა პიონერებსა და სხვა სრული დროით მსახურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისიონერული მსახურებისთვის ამზადებდა. მაგრამ 2011 წლის ოქტომბრიდან სკოლაში სწავლის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ სპეციალურ სრული დროით მსახურებს — სპეციალურ პიონერებს, მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ ცოლებს, ბეთელელებსა და იმ მისიონერებს, რომელთაც არ გაუვლიათ ეს სკოლა.

11 რა არის სკოლა „გალაადის“ სასწავლო პროგრამის მიზანი? ერთ-ერთი გამოცდილი მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლის მიზანია, „ღვთის სიტყვის შესწავლით მოსწავლეებს რწმენა განუმტკიცოს და ისეთი თვისებების განვითარებაში დაეხმაროს, რომელთა მეშვეობითაც ისინი წარმატებით გაუმკლავდებიან მსახურების დროს წამოჭრილ სირთულეებს. სასწავლო პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი მოსწავლეებში მახარობლის საქმის შესრულების სურვილის გაძლიერებაა“ (ეფეს. 4:11).

12, 13. როგორ იმოქმედა სკოლა „გალაადმა“ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაზე? მოიყვანეთ მაგალითი.

12 როგორ იმოქმედა სკოლა „გალაადმა“ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაზე? 1943 წლიდან ეს სკოლა 8 500-ზე მეტმა და-ძმამ გაიარა და მსახურებისთვის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნა. c მისიონერები საუკეთესოდ იყენებენ ნასწავლს, გულმოდგინე მსახურების კარგ მაგალითს იძლევიან და სხვებსაც ეხმარებიან ამაში. ხშირ შემთხვევაში მისიონერები უყრიდნენ საფუძველს სამქადაგებლო საქმიანობას იქ, სადაც მაუწყებლები ცოტანი იყვნენ ან საერთოდ არ იყვნენ.

13 მაგალითად, იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ორგანიზებული ქადაგება შეწყდა და 1949 წლის აგვისტოსთვის იქ მხოლოდ ათამდე მაუწყებელი ქადაგებდა. მაგრამ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში „გალაადის“ 13 კურსდამთავრებული ჩავიდა და აქტიურ ქადაგებას შეუდგა. მათ სხვა მისიონერებიც შეუერთდნენ. თავიდან ისინი დიდ ქალაქებში ქადაგებდნენ, შემდეგ სხვა ქალაქებშიც გადავიდნენ. მისიონერები მთელი გულით მოუწოდებდნენ თავიანთ შემსწავლელებსა და სხვებს პიონერული მსახურებისკენ. მათმა გულმოდგინებამ უხვი ნაყოფი გამოიღო. ამჟამად იაპონიაში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვმა 216 000-ს გადააჭარბა, რომელთაგან თითქმის 40 პროცენტი პიონერად მსახურობს. d

14. რას ცხადყოფს თეოკრატიული სკოლების არსებობა? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ სამეფოს მსახურთა მოსამზადებელი სკოლები“)

14 სხვა თეოკრატიული სკოლები. პიონერული მსახურების სკოლამ, ბიბლიურმა სკოლამ ქრისტიანი წყვილებისთვის და ბიბლიურმა სკოლამ დაუქორწინებელი ძმებისთვის დიდი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა სულიერ ზრდაში და დიდი დახმარება გაუწია კურსდამთავრებულებს, რომ ენთუზიაზმით გაძღოლოდნენ მახარობლის საქმეს. e თეოკრატიული სკოლების არსებობა ცხადყოფს, რომ ჩვენი მეფე ყოველმხრივ უზრუნველყოფს თავის მიმდევრებს მათზე დაკისრებული მსახურების შესასრულებლად (2 ტიმ. 4:5).

ძმების მომზადება განსაკუთრებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად

15. რაში ჰბაძავენ პასუხისმგებელი ძმები იესოს?

15 გავიხსენოთ ესაიას წინასწარმეტყველება, სადაც ნათქვამია, რომ იესოს ღმერთი ასწავლიდა. ამ „ზეციურ სკოლაში“ ძემ ისწავლა, როგორი სიტყვით ეპასუხა დაღლილისთვის (ეს. 50:4). მან გაითვალისწინა ნასწავლი და დედამიწაზე მსახურებისას მისი საუბარი გამომაცოცხლებელი იყო „მძიმედ მშრომელთა და ტვირთმძიმეთათვის“ (მათ. 11:28—30). მსგავსად, პასუხისმგებელი ძმები ჰბაძავენ იესოს და ცდილობენ და-ძმების გამოცოცხლებას. არაერთი სკოლა დაარსდა იმ მიზნით, რომ მათ და-ძმების უკეთ მომსახურებაში დაეხმაროს.

16, 17. რა არის სამეფო მსახურების სკოლის მიზანი? (იხ. აგრეთვე სქოლიო)

16 სამეფო მსახურების სკოლა. ამ სკოლის პირველმა კლასმა სწავლა 1959 წლის 9 მარტს დაიწყო საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი). სკოლის ერთთვიან კურსზე მიწვეულები იყვნენ მიმომსვლელი ზედამხედველები და კრების მსახურები. მოგვიანებით სასწავლო პროგრამა სხვა ენებზეც ითარგმნა და ძმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიეცათ ამ კურსის გავლის შესაძლებლობა. f

ძმა ლოიდ ბერი სამეფო მსახურების სკოლას ატარებს, იაპონია, 1970

17 სამეფო მსახურების სკოლის მიზანზე 1962 წლის წელიწდეულში ნათქვამი იყო: „დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველა ძალიან დაკავებულია, იეჰოვას მოწმეთა კრების ზედამხედველი იმდენად ორგანიზებული უნდა იყოს, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოს მთელ კრებას და მათთვის კურთხევა იყოს. ამასთან, კრების საქმეების გამო არ უნდა უგულებელყოს ოჯახური პასუხისმგებლობები და საღად უნდა იაზროვნოს. მთელ მსოფლიოში კრების მსახურებს სამეფო მსახურების სკოლაში განათლების მიღების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ, რათა ზუსტად შეასრულონ ის მოვალეობები, რომელთაც ბიბლია აკისრებს ზედამხედველებს“ (1 ტიმ. 3:1—7; ტიტ. 1:5—9).

18. რა სარგებლობა მოაქვს სამეფო მსახურების სკოლას ღვთის ხალხისთვის?

18 სამეფო მსახურების სკოლამ ღვთის ხალხს მთლიანობაში მოუტანა სარგებლობა. როდესაც უხუცესები და მომსახურეები ცხოვრებაში იყენებენ სკოლაში ნასწავლს, ისინი იესოსავით გამომაცოცხლებელნი არიან და-ძმებისთვის. განა არ ემადლიერებით მზრუნველ უხუცესებსა და მომსახურეებს თბილი სიტყვებისთვის, მომსმენი ყურისთვის და გამამხნევებელი მონახულებებისთვის?! (1 თეს. 5:11). ასეთი ძმები კრებებისთვის ნამდვილ კურთხევას წარმოადგენენ!

19. სხვა რომელ სკოლებს ზედამხედველობს სასწავლო კომიტეტი და რა არის ამ სკოლების მიზანი?

19 სხვა თეოკრატიული სკოლები. ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტი ზედამხედველობს სხვა სკოლებსაც, რომლებშიც ორგანიზაციაში სხვადასხვა პასუხისმგებლობების მქონე ძმები სწავლობენ. ეს სკოლები იმ მიზნით დაარსდა, რომ ასეთ ძმებს — კრების უხუცესებს, მიმომსვლელ ზედამხედველებსა და ფილიალის კომიტეტის წევრებს — მათზე დაკისრებული უამრავი პასუხისმგებლობის უკეთ შესრულებაში დაეხმაროს. ბიბლიაზე დაფუძნებული ეს სასწავლო პროგრამები ძმებს სულიერობის შენარჩუნებისკენ და იეჰოვას მიერ მიბარებულ ძვირფას ცხვართან ურთიერთობისას ბიბლიური პრინციპების გამოყენებისკენ აღძრავს (1 პეტ. 5:1—3).

მსახურებაში დახელოვნების სკოლის პირველი კლასი, მალავი, 2007

20. რატომ შეეძლო იესოს იმის თქმა, რომ „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“ და რა გაქვთ გადაწყვეტილი?

20 აშკარაა, რომ ღვთის სამეფოს მეფე ზრუნავს თავისი მიმდევრების მრავალმხრივ მომზადებაზე. ცოდნა ზემოდან მოდის: იეჰოვამ ასწავლა ძეს, ძე კი თავის მიმდევრებს ასწავლის. სწორედ ამიტომ შეეძლო იესოს ეთქვა, რომ „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“ (იოან. 6:45; ეს. 54:13). მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, სრულად მივიღოთ განათლება ჩვენი მეფის მიერ უზრუნველყოფილი სასწავლო პროგრამებიდან. გვახსოვდეს, რომ ამ განათლების მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ სულიერი სიმტკიცე და ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება.

a საიდან ვიცით, რომ ძეს მამამ ასწავლა, თუ როგორ ესწავლებინა სხვებისთვის? გაიხსენეთ, რომ იესო სწავლებისას მრავლად იყენებდა მაგალითებს, რითაც შესრულდა მის დაბადებამდე საუკუნეებით ადრე ჩაწერილი წინასწარმეტყველება (ფსალმ. 78:2; მათ. 13:34, 35). აშკარაა, ამ წინასწარმეტყველების ავტორმა, იეჰოვამ, წინასწარ განსაზღვრა, რომ მისი ძე მაგალითებისა და იგავების მეშვეობით ასწავლიდა (2 ტიმ. 3:16, 17).

b თვეების შემდეგ იესომ სამოცდაათი აირჩია, ორ-ორი გაგზავნა საქადაგებლად და დარიგებებიც მისცა (ლუკ. 10:1—16).

c სკოლა „გალაადის“ კურსი ზოგმა ორჯერ გაიარა.

d დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ რა შედეგი მოჰყვა მთელ მსოფლიოში „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერების მსახურებას, იხ. წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, თავი 23.

e ეს ორი ბიბლიური სკოლა შეცვალა სამეფოს მახარობელთა სკოლამ.

f ამჟამად უხუცესებს შეუძლიათ დაესწრონ სამეფო მსახურების სკოლას, რომელიც სხვადასხვა ხანგრძლივობით რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება. 1984 წლიდან ამ სკოლაში განათლებას მომსახურე ძმებიც იღებენ.